გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
330210116001209636
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N-/112-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე /შეგებებული სარჩელით მოპასუხე - შპს „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენლები - მ---- პ-------–---–-, შ--–-- დ----------

მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - შპს „ჭ----–------ო“

წარმომადგენლები - რ----- მ----------, რ----- მ----–---–-

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა, იძულებითი კონტრაჰირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ჭ----–------ო“-ს შპს „ჯ---------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 27832.07 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,ჯ---------------------------------ი” წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციებს ანხორცილებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა” და სემეკის 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული N0-- წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.

 

კომპანიის მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია ე.წ. ,,გოგირდის აბანოები”, სულ ხუთი ობიექტი, რომელთა შორისაც არის შპს ,,ჭ----–------ო” აბონენტის ნომრით N7--------. მას სასმელი წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული აქვს წყლის მრიცხველი და მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით, საკანალიზაციო მომსახურების ტარიფის გათვალისწინებით. გარდა ამისა, იგი მოიხმარს არტეზიული ჭის წყალს ,,გოგირდის წყალს”, რომლის გადინება ხორციელდება კომპანიის კუთვნილი საკანალიზაციო ქსელით. ვინაიდან, გოგირდის წყალს მწყობრიდან გამოჰყავს მრიცხველი, შეუძლებელი იყო არტეზიული ჭიდან მოპოვებული და მოხმარებული გოგირდის წყლის მრიცხველით აღრიცხვა, რის გამოც, 2015 წლის მარტამდე გოგირდის აბანოებს და, მათ შორის, შპს ,,ჭ----–------ოს” არტეზიული ჭიდან მოპოვებულ და მოხმარებულ გოგირდის წყალზე გადასახადი ერიცხებოდა გარკვეული ნორმით. გოგირდის აბანოების ადგილზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ისინი რეალურად მოიხმარდნენ იმაზე მეტი რაოდენობის გოგირდის წყალს, ვიდრე მათ ერიცხებოდათ. კერძოდ, ლიცენზიანტ ორგანიზაციას დამონატაჟებული აქვს მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს ჭიდან მოპოვებული გოგირდის წყლის საერთო რაოდენობას. კომპანიის წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ მრიცხველზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ერთი დღის განმავლობაში არტეზიული ჭიდან ხორციელდება 996 კუბური მეტრი გოგირდის წყლის მოპოვება და ერთი და იგივე დიამეტრის მილების საშუალებით ამოტუმბული გოგირდის წყლის ხუთივე ობიექტზე და მათ შორის შპს ,,ჭ----–------ოსთვის” მიწოდება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ტექნოლოგიურად შეუძლებელია გოგირდის წყლის ამოტუმბვის პროცესის შეჩერება და ობიექტზე 24 საათის განმავლობაში ხორციელდება ჭიდან მოპოვებული წყლის ამოქაჩვა, აბანოებში მოხმარება და საკანალიზაციო ქსელში გატარება. შესაბამისად, დაკვირვების შედეგად მიღებული დღიური ხარჯიდან მოხდა თითოეულ ობიექტზე თვიური ხარჯის დარიცხვა. კერძოდ, 2015 წლის მარტის თვიდან შპს ,,ჭ----–------ოს’’ მიერ არტეზიული ჭიდან მოხმარებული წყლის ყოველთვიურმა რაოდენობამ შეადგინა 4980 კუბური მეტრი, ხოლო მისი საკანალიზაციო ქსელში გატარების ღირებულებამ კი შეადგინა 4207.50 ლარი.

 

2015 წლის მარტის შემდეგ საკანალიზაციო ქსელით მომსახურების დარიცხვა სადავოდ გახადეს ,,გოგირდის აბანოებმა”, მათ შორის, შპს ,,ჭ----–------ომ”, რის გამოც, აბონენტზე დაგროვდა საკანალიზაციო ქსელით მომსახურების დავალიანება, რამაც 2015 წლის მარტიდან 01 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა - 27832.07 ლარი და რომლის დაკისრებასაც ამჯამად ითხოვს მოსარჩელე მხარე (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს ,,ჭ----–------ო’’-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ჯ---------------------------------ი“ არის ქ.თბილისის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ფარგლებში სასმელი წყლის განაწილებისა და ასევე წყალარინების ლიცენზიანტი და მას აქვს დადგენილი სემეკის მიერ დადგენილება Nო17-ის საფუძველზე წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი. „ზედა ზღვარის“ პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მომსახურების ტარიფის შეთანხმება ხელშემკვრელ მხარესთან - მომხმარებელთან/აბონენტთან, მაგრამ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ლიცენზიანტი იყენებს დომინირებულ მდგომარეობას, იმას, რომ არ არსებობს ალტერნატივა და უწესებს მომხმარებელს/აბონენტს მომსახურების ღირებულებად მაქსიმალურ ზღვრად დადგენილ ფასს.

 

განაწილების ლიცენზიატის შპს „ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში გოგირდის თერმული წყლების აბანოები აბონენტად არიან აღრიცხული ორი ათეული წელიწადია, კერძოდ, შპს „ჯ---------------------------------ი“ განაწილების ლიცენზიანტია უკვე 1999 წლიდან და ეს უკანასკნელი შპს „ჭ----–------ოს“ და მის წინამორბედებს ქ.თბილისში, ა--------უჩა N- მისამართზე მდებარე გოგირდის თერმული წყლების აბანოებს უწევდა საკანალიზაციო ქსელით სარგებლობის მომსახურებას, განაწილების ლიცენზიატისათვის ცნობილი იყო, რომ აბანოები გოგირდის წყლით მომარაგების მიზნით იყენებდნენ ქ.თბილისის თერმული წყლების ცენტრალური უბნის გეოთერმული საბადოს ჭაბურღილებს, ასევე განაწილების ლიცენზიატისათვის ცნობილი იყო, რომ საბადოების დაკეტვა ფიზიკურად შეუძლებელია თუ არ განხორციელდება საბადოს ლიკვიდაცია (აგრესიული გოგირდის წყალი ხასიათდება თვისებით - წარმოქმნას წნევა საბადოზე ჭაბურღილზე და მისი დაკეტვა გამოიწვევს ჭაბურღილის მწყობრიდან გამოსვლას - ჩანგრევას/წყლის დაკარგვას და სხვა), შესაბამისად, გ-----------–--–--ის მოპოვება ხდება თვითდენით (წნევიანი ჭაბურღილი) და მრიცხველის დამონტაჟება შეუძლებელია საბადოზე, აღნიშნულის გამო ქ.თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების განაწილების ყველა ლიცენზიატი ატარებდა ე.წ. „ქრონომეტრაჟს“ და ადგენდა თითოეული აბანოს მიერ ჭაბურღილიდან მიღებული წყლის რაოდენობას და წყალარინების/საკანალიზაციო ქსელის მომსახურებისათვის ერიცხებოდა 1 მ3 გოგირდის წყალის საკანალიზაციო/წყალარინების ჩაღვრაზე 10 თეთრი, რაც აბანოების პროფილის გათვალისწინებით თვეში შეადგენდა 500-900 ლარს. ხოლო მოსარჩელეს მითითებული აქვს გარკვეული ნორმით დარიცხვის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რადგან წლებია განაწილების ლიცენზიატს სადაოდ არ გაუხდია ტარიფის შესახებ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რადგან მისთვიც ცნობილი იყო, რომ განაწილების ლიცენზიატი და აბონენტი შეთანხმებულები იყვნენ დაღვრის გადასახადის ტარიფზე.

 

შპს ,,ჭ----–------ო’’ მოიხმარდა და მოიხმარს თერმული წყლის რაოდენობას უცვლელად ორი საუკუნეა და არასდროს არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ შემცირებული ოდენობის ან/და გაზრდილი ოდენობის წყლის ჩადინება ხდებოდა განაწილების ლიცენზიატის საკანალიზაციო ქსელში, განაწილების ლიცენზიატთან მუდმივად იყო შეთანხმებული, რომ „ჭ----–------ო“ და სხვა აბანოები გადაიხდიდნენ გ-----------–--–--ის საკანალიზაციო/წყალარინების ქსელში ჩადინებისათვის 10 თეთრს ყოველ 1 კუბურ მეტრ წყალზე. აღნიშნული ტარიფით ხდებოდა წყალარინების/საკანალიზაციო ქსელის მომსახურების მიწოდება შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ უკვე ათი წელიწადია და არცერთხელ ყოფილა დავის საგანი აღნიშნული გარემოება, შესაბამისად, მოსარჩელე შეგნებულად უთითებს ჩადინებული წყლის რეალური ოდენობის გაზრდაზე, რათა თავი აარიდოს იმ ფაქტს, რომ მხარეთა კონკლედენტური მოქმედებით დადგენილი იქნა ზემოთხსენებული ტარიფი, ამას ადასტურებს ის გარემოებას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2010 წლის 17 აგვისტოს Nო17 დადგენილების პირველი მუხლის, მეორე პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის, „გ.ბ“ დანაწესის შესაბამისად, შპს „ჯ---------------------------------ს“ განესაზღვრა კომერციული ობიექტებისათვის წყალარინების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფად 0.716 ლარი 1მ3 წყლის დაღვრაზე, რასაც ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ დაუდგინა განაწილების ლიცენზიატს წყალარინებისა და წყალმომარაგების ტარიფის მაქსიმალური ზღვარი, ხოლო მინიმალური ზღვარი დატოვა მხარეთა მოლაპარაკებისათვის განკუთვნილ არეალში, რითიც მისცა საშუალება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს/აბონენტს მიეღწიათ შეთანხნებას ტარიფის შესახებ, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეული იქნა და ტარიფად განისაზღვრა 2015 წლის მარტამდე 0.10 ლარი 1მ3 დაღვრილ წყალზე. ხოლო 2015 წლის მარტის თვიდან ხელშემკვრელმა მხარემ - განაწილების ლიცენზიატმა - შპს „ჯ---------------------------------მა“ გაურკვეველი მოტივებით განიზრახა მხარეთა შორის მყარად შეთანხმებული ტარიფების ცალმხრივად გადახედვა და გაზრდა მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობამდე, ისე, რომ წერილობით არ შეუტყობინებია ხელშემკვრელი მხარისათვის, რაც თავისთავად მიგვანიშნებს იმისაკენ, რომ განაწილების ლიცენზიატი როგორც არაკეთილსინდისიერი კონტრაგენტი ბოროტად იყენებს მის დომინირებულ მდგომარეობას, იმ გარემოებას, რომ ბაზარზე არ არსებობს სხვა ალტერნატიული მომსახურების მომწოდებელი (განაწილების ლიცენზიის დაყოფა ტერიტორიული პრინციპით შპს „ჯ---------------------------------ს“ ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ქ.თბილისის ტერიტორიაზე მხოლოდ მან განახორციელოს წყალმომარაგება (სასმელი წყლის მიწოდება და საკანალიზაციო მომსახურების მიწოდება)) და ყველა კვალიფიციურ დაწესებულებას, მაგალითად, როგორიცაა გოგირდის გეოთერმული წყლების ისტორიული აბანო უძვირებს წყალარინების/საკანალიზაციო ქსელით სარგებლობის მომსახურების ღირებულებას, ამასთან არ ადგენს რა ტარიფს განსაზღვრავს საკანალიზაციო/წყალარინების მომსახურების ღირებულებად და არ აცნობებს აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს აბონენტს, იმ მოტივით თითქოსდა მისთვის უცნობი იყო გოგირდის გეოთერმული საბადოდან მიწოდებული და მოხმარებული წყლის ოდენობის შესახებ.

 

მოპასუხისთვის განაწილების ლიცენზიატის გადაწყვეტილება ოფიციალურად და არაოფიციალურად ცნობილი გახდა მხოლოდ შესაბამისი წყლის გადასახადის ქვითრის მიღების შემდეგ, შესაბამისად, აბონენტებმა/მომხმარებლებმა მოითხოვა შეხვედრა და საკითხის გარკვევა განაწილების ლიცენზიატთან, რათა დაედგინა მხარეებს შორის შეთანხმებული ტარიფის ცალმხრივად ცვლილების მიზეზები, საფუძვლები და მოტივები, მაგრამ შეხვედრა არ შედგა განაწილების ლიცენზიატის მიზეზით და შპს ,,ჭ----–------ო’’ და სხვა მომხმარებლები/აბონენტები იძულებული გახდნენ დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისათვის, რადგან თვალსაჩინოა, რომ საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს და ქალაქ თბილისის სავიზიტო ბარათის ისტორიული გოგირდის გეოთერმული წყლების აბანოების ფუნქციონირება, თვით აბანოთუბანში, რადგან თითოეული აბანოს მიერ გადასახდელი წყალის დაღვრის ღირებულება განაწილების ლიცენზიატის თვითნებური ქმედების შედეგად დღეში განისაზღვრა მინიმუმ 150, ხოლო მაქსიმუმ 500 ლარით, რაც მნიშვნელოვნად სცილდება წყლის დაღვრის ღირებულების გონივრულ და მხარეთა შორის ათწლეულების მანძილზე შეთანხმებულ ტარიფს (1 მ3 დაღვრის ღირებულებას, რომელიც შეადგენდა 10 თეთრს), ასევე გოგირდის გეოთერმული წყლების აბანოს ყოველდღიურ შემოსავალს და შეუძლებელს ხდის დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით, ცალმხრივად და უკანონოდ დარიცხული გადასახადის გადახდის შესაძლებლობას. ასევე თვალსაჩინოა, რომ შპს „ჭ----–------ო“ პირნათლად და დადგენილ ვადაში ყოველთვიურად უკვე რვა წელიწადია იხდიდა და დღესაც იხდის განაწილების ლიცენზიატსა და აბონენტს შორის შეთანხმებულ ტარიფს წყლის დაღვრაზე.

 

შპს ,,ჭ----–------ო’’ 2008 წლიდან უწყვეტად სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის წყალმომარაგების მომსახურებით აბონენტის N7---------ს სახით და პირნათლად იხდიდა განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებულ ტარიფს გ-----------–--–--ის საკანალიზაციო ქსელში ჩადინებაზე, ასევე სასმელი წყლის მიწოდებისა და საკანალიაციო ქსელში ჩადინების ღირებულებას, თვალსაჩინოა, რომ საკანალიზაციო ქსელში გოგირდის გეოთერმული წყლები ჩაედინება თბილისში საკანალიზაციო ქსელის შექმნის დღიდან, უწყვეტად, რადგან ისტორიულ აბანოთუბანში თბილისის დაარსების დღიდან უწყვეტად მოედინება გოგირდის გეოთერმული წყალი, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის და რადგან გარეგანი მოხმარებისათვის აუცილებელი წყალი უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და გამდინარე ყველასათვის ცნობილია, რომ ხდება წყლის დიდი ოდენობით გამოყენება (მოპოვება და გამოყენება აბანოს პროფილით მომუშავე დაწესებულებების მიერ და ჩადინება შესაბამის საკანალიზაციო/წყალარინების ქსელში). აბანო, საცურაო აუზი და სხვა დაწესებულებები არ შეიძლება მოექცნენ განაწილების ლიცენზიატისათვის დადგენილი მაქსიმალური ზღვრული ტარიფის არეალში და მათთვის უნდა განიზაღვროს ტარიფის არეალის ფარგლებში ტარიფის გონივრული ოდენობა, რაც ათწლეულებია განისაზღვრებოდა 10 თეთრით 1მ3-ზე.

 

სემეკის ორგანიზებით განაწილების ლიცენზიატსა და აბონენტებს შორის შემდგარ შეხვედრაზე გაჟღერებული იქნა პოზიცია, რომ წყალარინების/საკანალიზაციო ქსელის მომსახურების ღირებულებად განსაზღვრულიყო განაწილების ლიცენზიატსა და აბონენტს შორის ადრე შეთანხმებული გონივრული) ოდენობის ტარიფის 10 თეთრის 1 მ3-ზე გადახედვა და დადგენილიყო ახალი გონივრული ოდენობა, რაზეც შედგებოდა წინასწარი საგადასახადო შეთანხმება, რათა განაწილების ლიცენზიატი არ დაბეგრილიყო ტარიფის არეალის ზედა ზღვრიდან (აღნიშნული შესაძლებელია საგადასახადო კოდექსის საფუძველზე და ღირს 10 000 ლარი, რომელსაც იხდიდა აბონენტი) და ამის შესახებ დადებულიყო ხელშეკრულება და ხელშეკრულება ყოფილიყო კონფინდენციალური. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს Nო17 დადგენილება პირდაპირ განსაზღვრავს წყალმომარაგების ტარიფის ზედა ზღვარს და განაწილების ლიცენზიატს და აბონენტს აძლევს შესაძლებლობას მოილაპარაკონ ან/და სადაო გახადონ ტარიფის ოდენობა, სხვაგვარად აზრს კარგავს ზედა ზღვრის დაწესება დადგენილებით, რადგან თუ ზედა ზღვარზე მხარეების მოლაპარაკება შეუძლებელია საერთოდ არ ჩაიწერებოდა ტარიფის ზედა ზღვარი და განისაზღვრებოდა კონკრეტული ტარიფი, კონკრეტული ციფრის სახით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, რადგან კონტრაჰენტს, როგორც განაწილების ლიცენზიატს, უკავია დომინირებული მდგომარეობა და აბონენტს შპს ,,ჭ----–-------ს’’ აკისრებს იმ ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულებას ცალმხრივად და დაუსაბუთებლად, რომ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის დაიდოს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო თავის მხრივ შპს ,,ჭ----–------ო’’, როგორ აბონენტი პირნათლად იხდიდა ადრე შეთანხმებულ ტარიფს და განაწილების ლიცენზიატს აცნობებს, რომ ტარიფის შესახებ უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა არ დაიხუროს ისტორიული აბანოთუბანის ისტორიული ჭ----–------ო (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

|

2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.1. შპს „ჯ---------------------------------ს“ აეკრძალოს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და მოხდეს მისი იძულებითი კონტრაჰირება შპს ,,ჭ----–-------სთან’’ სამართლიანი პირობებით, კერძოდ, დაევალოს შპს ,,ჭ----–-------სთან’’ წყალარინების მომსახურეობა განახორციელოს 2015 წლის მარტის თვემდე არსებული და ორმხივად შეთანხმებული პირობით - აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 623,70 ლარის, ხოლო აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 22 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს,, ჭ----–------ო’’ წარმოადგენს აბანოთუბანში არსებულ გოგირდის წყლის ისტორიულ აბანოს, რომელიც შპს „ჯ---------------------------------ს“ წყალარინების მომსახურებით საგებლობს მრავალი ათეული წელი. შპს „ჯ---------------------------------ს“ ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში არის ერთადერთი კომპანია და უკავია დომინირებული მდგომარეობა. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულების საფუძველზე, მრავალი წლის განმავლობაში მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ს“ წყალარინების გადასახადს გოგირდის თერმულ წყალზე ყოველთვიურად უხდიდა 623,7 ლარს +22 ლარს. 2015 წლის მარტის თვიდან შპს „ჯ---------------------------------მა“ ბაზარზე არსებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაიწყო და უმიზეზეოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცალმხრივად განახორციელა წყალარინების შეთანხმებული მომსახურების ღირებულების გაზრდა. მხარეთა შორის 2015 წლის მარტის თვემდე არსებული წყალარინების მომსახურებაზე შეთანხმება ფაქტობრივად წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულებას და მეორე მხარეს უფლება არ ჰქონდა ცალმხრივად შეეცვალა პირობები, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაოები, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრუება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე და საზღაურზე შეთანხმება.

 

2015 წლის მარტის თვემდე მხარეთა შორის იყო მიღწეული შეთანხმება, რომ თერმულ წყალზე წყალარინების საფასური შეადგენდა თვეში ჯამში 645,7 ლარს და ხდებოდა უმრიცხველოდ დარიცხვა. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და ამ შემთხვევაში კომპანია შპს „ჯ---------------------------------ი“ არის დომინირებულ მდგომარეობაში, მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება და მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. სუსტ მხარეს დომინანტის მხრიდან დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვას უარი ხელშეკრულების დადგენაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი თანახმად კი ხელშეკრულების პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით. შპს „ჯ---------------------------------ი“ 2015 წლის მარტის თვიდან უსაფუძვლოდ გადასახადის ცალმხრივად რამდენიმეჯერ გაზრდით ბოროტად გამოიყენა ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ გადაიხდის მეორე მხარის მიერ ცალმხრივად გაზრდილ გადასახადს და იძულებული იქნება საერთოდ შეწყვიტოს ფუნქციონირება. ამასთანავე, არ არსებობს იგივე მომსახურების მიღების სხვა ალტერნატიული გზა.

 

იმისთვის, რომ სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების წინაპირობა, კუმულატიურად უნდა არსებობდეს შედეგი გარემოებები: ერთ-ერთ მხარეს დომინირებული მდგომარეობა უნდა ეკავოს ბაზარზე, ხელშეკრულების მხარისთვის შეთავაზებული უნდა იყოს არათანაბარი პირობები და არათანაბარი პირობების შეთავაზება უნდა იყოს უსაფუძვლოდ. განახილველ შემთხვევაში სახეზეა სამივე გარემოება ერთობლივად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გოგირდის წყლის წიაღის საბადოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ხდება გოგირდის წყლის გადაკეტვა, რაც უწყვეტ რეჟიმში საკანალიზაციო სისტემით სარგებლობას აიძულებს მოპასუხეს. სწორედ ამიტომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს იძულებით კონტრაჰირებას შპს „ჯ---------------------------------თან“ იმ პირობებით, რა პირობებიც მოქმედებთა მათ შორის 2015 წლის მარტის თვემდე ორივე მრიცხველთან მიმართებაში (იხ. შეგებებული სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შეგებებული მოპასუხის პოზიცია:

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ი’’-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თერმული წყლის გადაკეტვა შეუძლებელია. თერმული წყლის გადაკეტვა შეუძლებელი კი არ არის, არამედ მისი მუდმივად დინება აუცილებელია იმისთვის, რომ შპს ,,ჭ----–------ომ’’ გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც აბანოს პროფილის დაწესებულებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ან ვერ გაიწმინდება აუზები და ყველა კლიენტს ერთი და იგივე წყალში მოუწევს ბანაობა, რაც წარმოუდგენელია, ან საჭირო იქნება აუზის დაცლა ყოველი კლიენტის მომსახურების შემდეგ და მისი ხელახლა ავსება ახალი კლიენტის მისაღებად, რაც, ასევე წარმოუდგენელია. შესაბამისად, აბანო ვეღარ მოემსახურება ყველა მსურველს. წყლის მუდმივი დინება იმიტომ არის საჭირო, რომ გამდინარე წყლით გაიწმინდოს აუზები და აბანომ შეძლოს ახალი კლიენტის მიღება აუზის დაუცლელად. ამასთან, აბანოები განიცდიან თერმული წყლის ნაკლებობას, რის გამოც ზოგიერთ აბანოს, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესაც, სპეციალური ავზები აქვთ მოწყობილი წყლის მარაგის შესაქმნელად.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ჯ---------------------------------ი’’ არ წარმოადგენს ქ.თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში დომინირებულ მდგომარეობაში მყოფ ერთადერთ კომპანიას. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, თითქოს მხარეთა შორის 2015 წლამდე არსებობდა რაიმე შეთანხმება და ამ შეთანხმების შესაბამისად მოსარჩელე უხდიდა კომპანიას 623,70 ლარს და 22 ლარს. ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება იმაზე, თითქოს კომპანიამ ცალმხრივად შეცვალა წყალარინების მომსახურების ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური, რადგან არავითარი შეთანხმება წყალარინების ტარიფთან დაკავშირებით მხარეთა შორის არ ყოფილა. წყალარინების ტარიფი დადგენილი იყო და არის საქართველოს ენეგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, იგი შეადგენდა 0,90 ლარს. სხვა შეთანხმება მხარეთა შორის რომ არ ყოფილა დასტურდება თვით შეგებებულ სარჩელზე დართული ქვითრებით, სადაც მითითებულია კანალიზაციის ტარიფი 0,90 ლარი/მ3.

 

ტარიფები თავიდანვე განსაზღვრული იყო არა მარტო შპს ,,ჭ----–-------სთან’’ მიმართებაში, არამედ ყველა აბონენტის მიმართ, იგი დადგენილია სემეკის მიერ და ყველასთვის ერთი და იგივეა, არ არსებობს აქედან გამონაკლისი. აღსაღნიშნავია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ი’’ შპს ,,ჭ----–-------ს’’ წყალარინების საფასურს არიცხავდა უმრიცხველოდ, გარკვეულ მოცულობაზე, რადგან ვერ ხდებოდა მის მიერ მოხმარებული და წყალარინების ქსელში გატარებული თერმული წყლის ზუსტი მოცულობის დადგენა, ამჟამად კი ითხოვენ წყალარინების საფასურს წყალარინების ქსელში გატარებული თერმული წყლის უკვე დადგენილ მოცულობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგებებული სარჩელი როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი კი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად (იხ. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ი“ წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას. მას ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა და თავის ფუნქციებს ახორცილებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა” და სემეკის 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული №0-- წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 14-16)

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზია N0-- (ტ. 1, ს.ფ.18)

- შპს „ჯ---------------------------------ის“ წყალმომარაგების სალიცენზიო პირობები (ტ. 1, ს.ფ. 19-26)

 

3.2. მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

 

შპს „ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია შპს ,,ჭ----–------ო” აბონენტის ნომრით N7--------.

 

შპს „ჭ----–------ო“ ფუნქციონირებს აბანოს პროფილით.

 

მოსარჩელე მოპასუხეს აწვდის სასმელ წყალს, რომელიც ცალკე მრიცხველით აღირიცხება ანონენტის N7--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურეობრივი წერილი (ტ. 1, ს.ფ. 27-28)

- 2015 წლის 24 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 36-37)

- 2014 წლის 27 აგვისტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 38-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს მოხმარებული წყლის ტარიფი ეკისრებოდა 2015 წლის მარტის თვემდე გარკვეული ნორმით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 623,70 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურებრივი წერილი (ტ.1, ს.ფ. 27-28)

- ქვითრები (ტ.2, ს/ფ/ 42-92)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.4. უდავო გარემოებაა, რომ დღეის მგომარეობითაც მოპასუხე იხდის ყოველთვიურად 623,70 ლარს მოსარჩელის სასარგებლოდ, სწორედ იგივე ტარიფი, რა ტარიფიც იყო განსაზღვრული 2015 წლის მარტამდე ყოველთვიურად გადასახდელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქვითრები (ტ.1, ს.ფ. 63-67)

- საგადასახადო დავალებები (ტ.1, ს.ფ. 68-81)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.5. მოპასუხე შპს ,,ჭ----–------ო” აბონენტის ნომრით N7--------, სასმელი წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული აქვს წყლის მრიცხველი და მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით, საკანალიზაციო მომსახურების ტარიფის გათვალისწინებით.

 

ამასთან, მოპასუხე ასევე მოიხმარს არტეზიული ჭის წყალს ,,გოგირდის წყალს”, რომლის გადინება ხორციელდება კომპანიის კუთვნილი საკანალიზაციო ქსელით. ვინაიდან, გოგირდის წყალს მწყობრიდან გამოჰყავს მრიცხველი, შეუძლებელი იყო არტეზიული ჭიდან მოპოვებული და მოხმარებული გოგირდის წყლის მრიცხველით აღრიცხვა, რის გამოც, 2015 წლის მარტამდე გოგირდის აბანოებს და, მათ შორის, შპს ,,ჭ----–------ოს” არტეზიული ჭიდან მოპოვებულ და მოხმარებულ გოგირდის წყალზე გადასახადი ერიცხებოდა გარკვეული ნორმით.

 

მხარეთა შორის წყალარინებით სარგებლობის გადახდას მოპასუხე ახორციელებდა უმრიცხველო დარიცხვის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურებრივი წერილი (ტ.1, ს.ფ. 27-28)

- ქვითრები (ტ.1, ს.ფ. 63-67)

- ქვითრები (ტ.2, ს.ფ. 93-139)

- ქვითრები (ტ.2, ს.ფ. 167-185)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.6. 2015 წლის მარტის თვიდან მოსარჩელის მიერ შეიცვალა გოგირდის წყლის საკანალიზაციო ქსელით მომსახურების საფასური, რამაც ყოველთვიურად შეადგინა 4207,50 ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია განაცხადა მოპასუხე მხარემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურებრივი წერილი (ტ.1, ს.ფ. 27-28)

- წერილები (ტ.1, ს.ფ. 29-30)

- სამსახურებრივი ბარათი (ტ.1, ს.ფ. 31)

- წერილები (ტ.1, ს.ფ. 32-34)

- წერილები (ტ.1, ს.ფ. 91-96)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.7. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე მოიხმარს არტეზიული ჭის წყალს „გოგორდის წყალს“, რომელიც მართლია არ მიეწოდება მოსარჩელის მიერ, თუმცა იყენებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ წყალარინების ქსელს, სადაც გადის აბანოს მიერ მოხმარებული წყალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურებრივი წერილი (ტ.1, ს.ფ. 27-28)

- წყალარინების სისტემის სქემა (ტ.1, ს.ფ. 209)

- შპს „ჭ----–------ოს“ წყალარინების გარე ქსელის პროექტი (ტ.2, ს.ფ. 237-249)

- წერილები (ტ.1, ს.ფ. 32; 35)

 

3.8. 2007 წლის 13 დეკემბრის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, შპს „ჭ----–-------ზე“ გაიცა თერმული წყლის (გოგირდის წყლის) მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომელიც საქარველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 ივლისის N1------- ბრძანების საფუძველზე მთლიანად საკუთრებაში გადაეცა შპს „გ-----------–--–--ს“.

 

თერმული წყლის მოპოვება განისაზღვრა 1450 მ3/დღდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 13 დეკემბრის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 103-105)

- 2008 წლის 25 ივლისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 106)

- 2010 წლის 20 იანვრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 107-108)

- 2011 წლის 22 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციუი) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „გ-----------–--–--თან“ დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 109-110)

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის #2------ წერილი (ტ.1, ს.ფ. 112).

 

3.9. თერმული წყლების ლიცენზიანტს წარმოადგენს შპს „გ-----------–--–--ი“, რომელსაც დამონტაჟებული აქვს სპეციალური მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს ჭიდან მოპოვებული გოგირდის წყლის საერთო რაოდენობას, რაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 996 კუბურ მეტრს, რომელიც მილების საშუალებით მიეწოდება გოგირდის აბანოებს, მათ შორის შპს „ჭ----–-------ს“ ერთი მილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 13 დეკემბრის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 103-105)

- 2008 წლის 25 ივლისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 106)

- 2010 წლის 20 იანვრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 107-108)

- 2011 წლის 22 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციუი) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „გ-----------–--–--თან“ დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 109-110)

- წერილები (ტ.1, ს.ფ. 27-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.7. შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ და შპს ,,ჭ----–-------ს’’ შორის გაფორმებული ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულების მიხედვით 2015 წლის მარტის თვემდე შპს ,,ჭ----–------ო’’ გოგირდის თერმულ წყალზე იხდიდა უმრიცხველო დარიცხვის წესით ფიქსირებულ გადასახადს აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 623,70 ლარის ოდენობით და აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 22 ლარის ოდენობით ჩვენების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დარიცხვის ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 63-67)

- გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ტ 1, ს.ფ. 68-81)

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორება წყალარინების მომსახურებისათვის აბანოს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოებდა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, თუმცა მათ შორის შეთანხმებული უმრიცხველო დარიცხვის გათვალისწინებით.

 

4.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ზუსტად მოხმარებული გ-----------–--–--ის რაოდენობა და ასევე მოხმარებული ოდენობიდან თუ რა ნაწილი ჩაედინება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წყალარინებით.

 

მართლია საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 03 მაისის წერილი N------- (ტ.1, ს.ფ. 112), სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულია, რომ შპს „გ-----------–--–--ზე“ გაცემული ლიცენზიის (N1-----) შესაბამისად, მოსაპოვებელი თერმული წყლის მოცულობა წარმოადგენს არაუმეტეს 1450 მ3/დღღ. თუმცა აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული სხვა მტკიცებლებებით არ დასტურდება, ამასთან მოცემულ შემთხვევაში საუბარია მოსაპოვებელ და არა მოხმარებულ თერმულ წყლებზე, საიდანაც შესაძლებელია სრულად ან მისი ნაწილი ჩაედინებოდეს ან არ ჩაედინებოდეს მოსარჩელის წყალარინებში.

 

ასევე უნდა აღინიშნოს მოხსენებითი ბარათი (ტ.1, ს.ფ. 119), სადაც შპს „ჯ---------------------------------ის“ დირექტორის სახელზე ამავე საწარმოს წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსის წერილით დასტურდება, რომ სწორედ აბონენტების წარმომადგენლებთან გასაუბრების და არა სხვა მტკიცებულებით იქნა დადასტურებული, თუ რა ოდენობის წყალს აწვდიდა ლიცენზიანტი ორგალნიზაცია აბანოებს დღიურად, კერძოდ, 1100 (მ3) „გოგირდის წყალს“.

 

ამდენად, მითითებული წერილით, ასევე მოხსენებითი ბარათით, საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, არ დგინდება მოპასუხის მიერ დღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული გოგირდის წყლის როდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ---------------------------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილბაზე, ხოლო შპს „ჭ----–------ოს“ შეგებებული სარჩელი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 325-ე, 629-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

განსახილველ საქმეში, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს საკანალიზაციო ქსელით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების ღირებულების დაკისრება, ხოლო შეგებებულ სარჩელში - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა, იძულებითი კონტრაჰირება (ხელშეკრულების დადება).

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში არ გააჩნია დისკრეცია იმსჯელოს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის სამართლიანობაზე და, მით უფრო, შეცვალოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრულ იქნა წყალმომარაგების ზღვრული (ზედა) ტარიფი, რაც სასამართლოს მოსაზრებით ნიშნავს, რომ წყლის მიმწოდებელ კომპანიას დადგენილი ტარიფის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს მომხმარებლისათვის იმაზე ნაკლები ტარიფი, ვიდრე ზედა ზღვარია. აღნიშნულის მიუხედავად შპს „ჯ---------------------------------ის“ მოსაზრებით შპს „ჭ----–------ოს“ შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არ ისარგებლოს პრივილეგიებით სხვა კომერციულ და არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით. მან გადასახადი უნდა გადაიხადოს იმავე ოდენობით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, შესაბამისად მას არ გააჩნია ნება და ვერ ხედავს იმ უთანასწორობას, რის აღმოფხვრასაც მოითხოვს შპს „ჭ----–------ო“ იძულებითი კონტრაჰირების საშუალებით.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, როგორც ასეთი, გულისხმობს ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, რა დროსაც არ არის გამორიცხული, რომ ეკონომიკურად ძლიერმა მხარემ, კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ჯ---------------------------------მა“, ისარგებლოს შპს „ჭ----–------ოს“ მასზე დამოკიდებულობით და შესთავაზოს, უფრო ზუსტად კი, წაუყენოს ხელშეკრულების ისეთი პირობები, რომლებზეც თანხმობა გამოწვეული იქნებოდა მხოლოდ სუსტი მხარის გამოუვალი მდგომარეობით, რაც ამ შემთხვევაში შპს „ჭ----–------ომ“ სადავო გახადა. სწორედ აღნიშნულმა პრობლემამ დააყენა დღის წესრიგში სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის აუცილებლობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის შეზღუდვის გარეშე.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არ აქვს არჩევანის საშუალება არა მხოლოდ სუბიექტთან დაკავშირებით ანუ აირჩიოს ან არ აირჩიოს მოსარჩელე მასთან სახელშეკრულებო ურთიერობაში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე არ აქვს საშუალება, რომ მის მიერ მოხმარებული წყალი სხვა საშუალებებით იქნეს ჩაღვრილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ მოხმარებული გოგირდის წყლის ნაწილს, აბანოს ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ახდენს ლეღვთახევში ჩაღვრას, მაგრამ არა სრული ოდენობით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული წყლის ნაწილი ჩაედინება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წყალარინებში, ამასთან, დაუდგენელია რა ნაწილზეა ამ შემთხვევაში საუბარი, სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრული და სამართლიანი იქნება, თუკი მხარეები კონკრეტულ, განსაზღვრულ ოდენობაზე შეთანხმდებიან და მოხდება აღნიშნულ სახელშეკრულებო პიროებით მათი შებოჭვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, თუკი ზუსტად იქნებოდა ცნობილი, თუ რა რაოდენობის გოგირდის წყალი შედის შპს „ჭ----–-------ში“ ამ უკანასკნელის საქმიანობის წარმართვის მიზნით, უპირატესობა ენიჭება იმას, თუ მათგან რა ნაწილი ჩაედინება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ წყალარინებში. მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე ის მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია, რომ მოპასუხეს წყლის დასაღვრელად სხვა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წყალარინებით რომ უნდა მოახდინოს სარგებლობა, მიუხედავად მისი სურვილისა. მართალია საქმეზე წარმოდგენილია აბანოს წყალარინებსი სისტემა, თუმცა იგი მხოლოდ მათ მდებარეობას განსაზღვრავს და არა იმ გარემოებას, რომ აბანოს შენობის, მისი დაქსელვისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით აბანოში შემავალი და მისგან გამომავალი წყალი ემთხვევა ერთმანეთს და აუცილებლად უნდა გავიდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ წყალარინებში.

 

ამდენად, მხოლოდ იმისი ცოდნა, თუ რა ოდენობის გოგირდის წყალი შედის აბანოში, იმ სადავო გარემოების დასადგენას, თუ რა ოდენობის წყალი ჩაიღვარა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ წყალარინების ქსელში, საკმარისი არ არის და ვერ ადასტურებს საქმეში არსებულ აღნიშნულ სადავო გარემოებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქმედებაზე (მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე) არ არის დამოკიდებული გოგირდის წყლის რაოდნეობის გაზრდა ან შემცირება, ასევე გადაკეტვა, რადგან აღნიშნული ბუნებრივი პროცესია და რეალურად ბუნებრივად არსებული წყალი სწორედ აბანოს გავლით ჩაედინება მოსარჩელის წყალარინებში. ამდენად, აბანო გარკვეულწილად გამტარ საშუალებადაც კი შესაძლებელია მივიჩნიოთ.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ, ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში.

 

ამავე კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად კი, თუ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოებისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

ზემოაღნიშნულისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით სწორედ სასამართლო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური ლეგიტიმაცია ჩაერიოს ამ კონკრეტულ ურთიერთობაში და მხარეებს განუსაზღვროს სამართლიანი და თანასწორი პირობები.

 

დადგენილია, რომ შპს „ჯ---------------------------------სა“ და შპს „ჭ----–------ოს“ შორის ნარდობის (განსახილველ შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულება) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს, რომლის საფუძველზეც, შპს „ჭ----–------ო“ 2010 წლიდან მოიხმარს შპს „ჯ---------------------------------ის“ წყალარინების სისტემას. 2015 წლის მარტამდე შპს „ჭ----–------ოს“ არტეზიული ჭიდან მოპოვებულ გოგირდის წყალზე ხდებოდა უმრიცხველო, გარკვეული ნორმით დარიცხვა, რის გამოც, შპს „ჭ----–------ო“ 2015 წლის მარტამდე და მის მერეც ყოველთვიურად წყალარინების საფასურის გადახდას ახდენდა უმრიცხველო დარიცხვით.

 

2015 წლის მარტიდან შპს „ჯ---------------------------------ის“ მხრიდან განხორციელდა შპს „ჭ----–------ოს“ მიერ მოპოვებული და შპს „ჯ---------------------------------ის“ წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი გოგირდის წყლის რაოდენობის გაანგარიშების მიხედვით მომსახურების გადასახადის დაანგარიშება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრის შესაბამისად.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა უფლების დაცვა შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო მოქმედების თავისუფლებაში, არამედ იძულებაშიც. მთავარია, ეს უკანასკნელი ემსახურებოდეს ამ იძულების ადრესატის ინტერესებს. იძულებითი კონტრაჰირების გააქტიურება განსაკუთრებით მაშინაა აუცილებელი, როდესაც ეკონომიკურ სფეროში თვითრეგულირების მექანიზმი აღარ ფუნქციონირებს, ან როდესაც ძლიერი მხარის ნების არ არსებობისას სუსტი მხარე შეთანხმების მიუღწევლობის გამო, არათანაბარ პირობებში ექცევა და სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებს. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მხარეთა უფლება მოვალეობები უნდა განიმარტოს თითოეული მათგანის კერძო ავტონომიის ფარგლებში. თუმცა ისეთ შემთხვევებში, როცა ერთ-ერთი მხარე ფლობს აშკარა უპირატესობას მეორესთან მიმართებაში, რაც ძირითადად საბაზრო ძალაუფლებაში ვლინდება, სუსტი მხარის ინტერესები პრიორიტეტული ხდება და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ექცევა, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.

 

იმისათვის, რომ სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების წინაპირობა, კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: ა. ერთ-ერთ მხარეს დომინირებული მდგომარეობა უნდა ეკავოს ბაზარზე; ბ. ხელშეკრულების მხარისათვის შეთავაზებული უნდა იყოს არათანაბარი პირობები; გ. არათანაბარი პირობების შეთავაზება უნდა იყოს უსაფუძვლო. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევის მექანიზმს. კონტრაჰირების იძულება მიზნად ისახავს იმ პირთა დაცვას, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე საწარმოების ზეგავლენით. „სახელშეკრულებო უპირატესობის“ მქონე მხარეს ეკისრება ვალდებულება, კონტრაჰენტს თანაბარი პირობები შესთავაზოს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, უკავია თუ არა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე შპს „ჯ---------------------------------ს“. დასახელებულ კითხვას დადებითი პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან, იგი წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ ერთადერთ კომპანიას და მხარეს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში არა აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს კონტრაჰენტი.

 

აღნიშნულის შემდგომ, სასამართლომ უნდა შეაფასოს შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობები არის თუ არა უსაფუძვლოდ არათანაბარი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელში) მომხმარებლისათვის განსაზღვრა ერთიანი ტარიფი და მიუთითა, რომ შპს „ჭ----–------ო“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და მისი შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არ ისარგებლოს პრივილეგიებით სხვა კომერციულ და არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით. მან გადასახადი უნდა გადაიხადოს იმავე ოდენობით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ჯ---------------------------------ის“ მოსაზრებას, რომ მას მომხმარებლებთან თანაბარი მიდგომა გააჩნია. რადგან უდავო გარემოებაა ის, რომ შპს „ჭ----–------ოს“ საქმიანობის სპეციფიკისა (აბანოს საქმიანობა) და მის მიერ მოხმარებული თერმული (გოგირდის) წყლის თვისებების გათვალისწინებით არა აქვს შესაძლებლობა გადაკეტოს მიწოდებული წყლის ნაკადი და მხოლოდ მოხმარების პირობებში გამოყენებული წყალი ჩაუშვას მოსარჩელის წყალარინების სისტემაში.

 

შპს „ჭ----–------ო“ უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ჯ---------------------------------ი“ მოახდენს თანხის დარიცხვას წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის ოდენობით, ის ვერ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. შესაბამისად, ის ვერ შეძლებს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც, შესაძლებელია მსჯელობა მასზე იყო თუ არა პირის საკუთრებაში ჩარევისას მისდამი მოპყრობა გაუმართლებლად განსხვავებული იმავე სიტუაციაში მყოფი სხვა პირების მოპყრობისაგან და პირიქით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო უთანასწორობისას სწორედ მან უნდა უზრუნველყოს „სახელშეკრულებო სამართლიანობის“ დამყარება. აგრეთვე, დაიცვას ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარე, მოსთხოვოს მეორე მხარეს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინება და „აიძულოს“ ორივე მათგანი, თანამშრომლობასა და გულისხმიერებაზე დააფუძნონ სახელშეკრულებო ურთიერთობები. სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევის მიზნით კონტრაჰენტებმა პატივი უნდა სცენ ძირითად უფლებებს და არ დაუშვან სახელშეკრულებო დებულებებით მათი დარღვევა.

 

შპს „ჭ----–------ო“ სხვა მომხმარებლებთან შედარებით განსხვავებულ სუბიექტს წარმოადგენს, რადგან, „აბანოს“ სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება წყლის გადაკეტვა, რაც მის უწყვეტ რეჟიმში საკანალიზაციო სისტემაში ჩაღვრას გულისხმობს. ამასთან, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ წყლის გადაკეტვა არ არის დამოკიდებული მხარეთა სურვილსა და შესაძლებლობაზე. დასახელებულ გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

მოდავე მხარეები წარმოადგენენ რა მეწარმე სუბიექტებს, მათი საქმიანობა ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც თავისთავად, მართლზომიერია. შესაბამისად, შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ შეგებებული სარჩელის ავტორისათვის სემეკის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფის ფარგლებში განსაზღვრული საფასური, მოიცავს როგორც ხარჯს, ასევე მოგებას.

 

მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელში) ვერ დაადასტურა, თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგება მას შპს „ჭ----–------ოსთან“ განსხვავებულ რეჟიმში ყოფნისას და რა ოდენობით დააზარალებს მას ერთ კონკრეტულ განსხვავებულ სუბიექტთან დარიცხვის წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი წესი. მომსახურების გადასახადის დარიცხვის წესი ამოვარდნილია კერძო სამართლებრივი სივრციდან და წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ კომპონენტს, რომელიც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და არ შეესაბამება სამართლიანობის მოთხოვნებს. უდავოა, რომ მხარეები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში და შეფასების ყველა ტესტის გათვალისწინებით, დგინდება, რომ დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის პრინციპები.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს იმ პირობებით, რაც განსაზღვრული იყო მათ შორის 2015 წლის მარტამდე სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, თუმცა უმრიცხველო დარიცხვით. აბონენტის ბარათით ირკვევა და სადავო არც არის, რომ შპს „ჭ----–------ო“ 2015 წლის მარტამდე ახორციელებდა გადახდას უმრიცხველო დარიცხვის გზით ყოველთვიურად 623,70 ლარის ოდნეობით. დასახელებული ფაქტი გულისხმობს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით მხარეთათვის დადგენილი მართლწესრიგის ფარგლებში შპს „ჭ----–------ოს“ არ უნდა დაეკისროს წყალარინების საფასურის გადახდა იმ პერიოდისათვის, რაც მოთხოვნილია სარჩელით. ხოლო ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ უნდა დაევალოს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ფარგლებში, შპს „ჭ----–------ოს“ მიმართ წყალარინების საფასურის უმრიცხველო დარიცხვის განხორციელება, 2015 წლის მარტამდე არსებული სახელშეკრულებო პირობების (თვეში 623.70 ლარი) შესაბამისად.

 

ამდენად, სწორედ იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არის აბანო, რომელიც მოიხმარს ბუნებრივად მომდინარე გოგირდის წყალს და მისი ოდენობა არ არის არცერთ მხარეზე დამოკიდებული, ამასთან, ქ.თბილისში მსგავსი ობიექტი სულ რამდენიმეა, რომლებთანაც მოსარჩელეს იგივე სახელშეკრულებო პირობები აკავშირებდა, შესაბამისად, მათგან განსხვავებული და ასევე სხვა აბონენტებისაგან განსხვავებული პირობებში მოპასუხეზე ყოველთვიური თანხის დაკისრება უსაფუძვლოა და არ უნდა განხორციელდეს. უფრო მეტიც, პრაქტიკულად მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ის ახალი პირობა, რომელმაც გავლენა იქონია 2015 წლის მარტის თვიდან მხარეთა შორის სრულიად ახალ სახელშეკრულებო პირობების შეთავაზებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეები იმავე პირობებით უნდა დარჩნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რა პირობებიც არსებობდა 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდზე.

 

რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მეორე მოთხოვნას აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 22 ლარის ოდენობით მოსარჩელესთან იძულებითი კონტრაჰირებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მითითებული აბონენტის ნომერზე შპს „ჭ----–-------ს“ მოსარჩელისგან მიეწოდება წყალი, რომელსაც აღრიცხავს მრიცხველი და ყოველთვიურად, სწორედ მრიცხველის ჩვენების შესაბამისად ხდება მოხმარებული სასმელი წყლის მიხედვით ვალდებულების შესრულება - გადასახადის გადახდა. აღნიშნულ ნაწილში შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 834,96 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ამასთან, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 41-42).

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 620 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 187) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო შპს „ჯ---------------------------------ს“ შპს „ჭ----–------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 569,30 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სარჩელი შპს „ჭ----–------ოს“ მიმართ 27832.07 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ჭ----–------ოს“ შეგებებული სარჩელი შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ იძულებითი კონტრაჰირების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. შპს „ჯ---------------------------------ს“ აეკრძალოს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და მოხდეს მისი იძულებითი კონტრაჰირება შპს ,,ჭ----–-------სთან’’ სამართლიანი პირობებით, კერძოდ, დაევალოს შპს ,,ჭ----–-------სთან’’ წყალარინების მომსახურეობა განახორციელოს 2015 წლის მარტის თვემდე არსებული და ორმხივად შეთანხმებული პირობით - აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 623,70 ლარის ოდენობით.

 

2.2. არდ დაკმაყოფილდეს შგებებული სარჩელით მოსარჩელის შპს „ჭ----–------ოს“ მოთხოვნა იძულებითი კონტრაჰირების თაობაზე აბონენტის ნომერზე N7-------- - თვეში 22 ლარის ოდენობით დარიცხვასთან დაკავშირებით.

 

3. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 834,96 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან დაუბრუნდეს 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 620 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ჯ---------------------------------ს“ შპს „ჭ----–------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 569,30 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე