განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003290238
საქმე #1-1206/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ--–--------ის
ბრალდებულის _ გ----–---- შ---
ადვოკატის _ ე---–------------ის
თარჯიმნის - ი-----------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075130619001 საქმე:
ბრალდებულ გ----–---- შ---ს მიმართ
მამის სახელი: ხ------
დაბადებული: 0--------- წელს
მოქალაქეობა: ჩ-------
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ჩ-------------------–------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქ. ბათუმში, შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში „მ-----------“ მარკის ავტომანქანის, თურქული სახელმწიფო სანომრე ნიშნით 3--------, მართვისას გ----–---- შ---მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 29-ე, პუნქტი 2-ე, ქვეპუნქტი „ა“-ს და საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების 3.24-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა „შ-----------------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით S--------, რომელსაც მართავდა მ------- მ-------ე, რის შედეგადაც „შ-----------------“ მარკის ავტომანქანა ინერციით შეეჯახა „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F------, რომელსაც მართავდა ზ------ ბ-----ე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა „შ-----------------“ მგზავრმა ე-–--- ს---------მ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. მოწმე ზ------ ბ-----ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 ივნისის ღამით ქ. ბათუმში, შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში "ოპელის" მარკის ავტომანქანით იდგა შუქნიშანთან, რომელზეც ენთო წითელი მაშუქი და ერთმანეთის მიყოლებით რიგში მდგარი მაქნანები ელოდნენ მოძრაობის დაწყების ნებადამრთველი მაშუქის ანთებას. მოულოდნელად "მ-----------" მარკის ავტომქანა გამოვარდა დიდი სიჩქარით და დაეჯახა "შკოდას", ეს უკანასკნელი კი შეეჯახა მისი მართვის ქვეშ არსებულ "ოპელს". დაზიანდა ავტომანქანა, ასევე დაზიანება მიიღო თავადაც, დასჭირდა მკურნალობა.
3. მოწმე მ------- მ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 13 ივნისს, შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანთან გაჩერებულ მის ავტომანქანას შეეჯახა დიდი სისწრაფით მომავალი "მერსედესი", რის გამოც დარტყმის შედეგად ინერციით შეეჯახა "ოპელის" მარკის ავტომანქანას. დაზიანდა თვითონაც და ავტომანქანაც, სხეულის დაზიანება მიიღო მის ავტომანქანაში მჯდარმა ე-–--- ს---------მ.
4. ბრალდებულმა გ----–---- შ---მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა მოწმეების - ზ------ ბ-----ის და მ------- მ-------ის ჩვენებებისა, რომლებიც ბრალდების მხარემ მიიჩნია სადავო მტკიცებულებებად, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენების გარდა, სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----–---- შ---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
7. დაზარალებულ ე-–--- ს---------ს, მოწმე ევგენი სავენკოვის ჩვენებებით, 2019 წლის 13 ივნისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტო-ცხრილით; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის არ საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №161/ა დასკვნით, რომლის თანახმად, მძღოლ გ----–---- შ---ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 29-ე, პუნქტი 2-ე, ქვეპუნქტი „ა“-ს და საგზაო მოძრაობის წესის დანართის საგზაო ამკრძალავი ნიშნების - 3,24-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 5 ივლისის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ს/ტ-165 დასკვნით, რომლის მიხედვით, წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 22 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N005086219 დასკვნით, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ე-–--- ს---------, 2019 წლის 12 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე ქ. ბათუმის რეფერალურ- კლინიკურ საავადმყოფოში 2019 წლის 12 ივნისიდან, 2019 წლის 18 ივნისამდე, დიაგნოზი - ტრავმული შოკი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ბოქვენის ძვლის მოტეხილობა, საჯდომი ძვლის მოტეხილობა, პოლიტრავმა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
8. ”საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას.
9. საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ - კრძალავს მოძრაობას ნიშაზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).
10. სწორედ აღნიშნული ნორმების უგულვებელყოფას გ----–---- შ---ს მიერ მოჰყვა ავტოსატრანსპორო შემთხვევა, რომლის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ე-–--- ს---------მ.
11. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
12. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
13. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
14. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ----–---- შ---ს ბრალდების დადასტურება.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
18. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
19. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
20. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
21. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
23. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ----–---- შ---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
24. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ----–---- შ---მ ავტომანქანის მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც ე-–--- ს---------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
25. გ----–---- შ---ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ არის სახეზე.
26. გ----–---- შ---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
28. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
29. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
30. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
31. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
32. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
33. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----–---- შ---ს, რომელიც არ არის ნასამართლევი, აღიარებს დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯების ნაწილი (იხ. გადახდის ქვითრები), ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული - უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ----–---- შ---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - „შ-----------------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით S-------- და ავტომანქანა „ოპელ ომეგა“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F------, რომლებიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ეზოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო „მ-----------“ მარკის მიკროავტობუსი, თურქული სახელმწიფო სანომრე ნიშნით 3--------, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს - დარჩეს მის კანონიერ მფლობელობაში/საკუთრებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ----–---- ხ------ს ძე შ--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთმტკიცებები - „შ-----------------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით S-------- და ავტომანქანა „ოპელ ომეგა“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F------, რომლებიც განთავსებულია საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ეზოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გაფაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო „მ-----------“ მარკის მიკროავტობუსი, თურქული სახელმწიფო სანომრე ნიშნით 3--------, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს - დარჩეს მის კანონიერ მფლობელობაში/საკუთრებაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი