განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
010100119003323470
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003323470

საქმე №1-1344/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ პ------–-–--–--ის

ბრალდებულის - გ------- ბ-----ის

ადვოკატის - მ-----–-------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172301019001 საქმე:

 

ბრალდებულ გ------- ბ-----ის მიმართ

მამის სახელი: შ------

დაბადებული: 3--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–--------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 29 ოქტომბერს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში და ფეხის მუცელში დარტყმებით, ასევე მაკრატელის მარცხენა ხელზე დარტყმით დიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ნ----- კ----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. სასამართლოს წინაშე ბრალდებულმა გ------- ბ-----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :

 

5. დაზარალებულ ნ----- კ----ის ჩვენება, მოწმეების - გ--–----------ის, ა---------–------------ის ჩვენებები, 2019 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული მაკრატლის ამოღების ოქმი; 2019 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული ნ----- კ----ის ვიზუალური დათვალიერების ოქმი; 2019 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი N021945 შემაკავებელი ორდერი, რომელიც გაიცა მოძალადე გ------- ბ-----ის მიმართ, მსხვერპლის - ნ----- კ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 29 ნოემბრის სასამართლო-სამედიციო ექსპერტიზის N008332119 დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნ----- კ----ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი მარცხენა წინამხრის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

7. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული გ------- ბ-----ე და დაზარალებული ნ----- კ----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ბ-----ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ბ-----ემ, 2019 წლის 29 ოქტომბერს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ნ----- კ----ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. გ------- ბ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

23. გ------- ბ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, შერიგება დაზარალებულთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

25. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

26. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

28. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

29. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

30. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, შერიგება დაზარალებულთან.

 

31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

32. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.

 

33. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 1 წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ბ-----ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს - სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა 1 წელი და 6 თვე.

 

34. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ბ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ყადაღის საკითხის გადაწყვეტა :

 

35. სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა - ა------------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ------–-----------–----–----------------–-------- (ზ--------------–-------------------------------------------–----------------------------------------------------------) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 2019 წლის 30 ოქტომბერს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მაკრატელი, რაც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გ------- შ------ს ძე ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - ა------------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ------–-----------–----–----------------–-------- (ზ--------------–-------------------------------------------–----------------------------------------------------------) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცება - 2019 წლის 30 ოქტომბერს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მაკრატელი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი