გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2019
საქმის ნომერი
051310019003057368
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 051310019003057368

საქმე №3/4-19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.12.2019 წელი ქ. დედოფლისწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - მარიამ ბა--შვილი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - თეა ბენაშვილი;

მოპასუხე - მა-- მე-----–---–ი

დავის საგანი: - ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის 200 ლარის უკან დაბრუნება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მა-- მე-----–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 200 (ორასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით მა-- მე-----–---–ის ოჯახი ცნობილი იქნა სოციალურად დაუცველ ოჯახად, აღნიშნული ოჯახის წევრად დაფიქსირებულია ლა–---------- და ოჯახის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 36220, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს საარსებო შემწეობის მიღებას 250 ლარის ოდენობით. სოციალური მომსახურების სააგენტოს 17.09.2018 წლის კორესპონდენციის მიხედვით, ოჯახის წევრი - ლა–---------- მუშაობდა შპს ,,ARCON” -ში ხოლო ოჯახს აღნიშნულის გამო გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2018 წლის აგვისტოს თვის საარსებო შემწეობა 250 ლარი ოჯახს აქვს აღებული ზედმეტად. 12.11.2018 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებას განცხადებით მიმართა მა-- მე-----–---–მა აღიარა რომ დასაბრუნებელი ჰქონდა თანხა , მოითხოვა თანხის გადანაწილება და მოახდინა 50 ლარის გადახდა, მაგრამ ვალდებულება აღარ შეუსრულებია. შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მა-- მე-----–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა 12.11.2018 წლის განცხადების თანახმად აღიარა ზედმეტად აღებული თანხის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მა-- მე-----–---–ის ოჯახი ყოველთვიურად იღებდა საარსებო შემწეობის თანხას 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 17.10.2016 წლის გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ;

 

3.1.2. ლა–----------მ დაიწყო მუშაობა შპს ,,ARCON” -ში. აღნიშნულის შესახებ არც მა-- მე-----–---–ს და არც ლა–----------ს არ უცნობებია სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის, რის გამოც მა-- მე-----–---–ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი 17.09.2018 წ N04/49738.

 

3.1.3. მა-- მე-----–---–ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა 2018 წლის აგვისტოს თვეში საარსებო შემწეობის თანხა 250 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი 17.09.2018 წ N04/49738.

 

3.1.4. მა-- მე-----–---–ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ 18.09.2018წ. 04-10-06/878, 31.10.2018 წლის N04-10-06/1029 წერილებით ეცნობათ ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის, 250 ლარის უკან დაბრუნების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება განმარტება;

- 18.09.2018წ. 04-10-06/878, 31.10.2018 წლის N04-10-06/1029 წერილები;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში, შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრების შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

დადგენილია, რომ მა-- მე-----–---–მა და ლა–----------მ არ შეატყობინეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის შემოსავლის გაჩენის შესახებ და ზედმეტად მიიღეს 2018 წლის აგვისტოს თვეში საარსებო შემწეობის თანხა 250ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 976-ემუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო 2018 წლის აგვისტოს თვეში ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხა 250 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრი ლა–---------- დასაქმებული იყო შპს ,,ARCON” -ში და გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი ხელფასის სახით.

 

6.1.2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება მა-- მე-----–---–ის ოჯახის მხრიდან არ მომხდარა, რის გამოც მას ზედმეტად ჩაერიცხა 250 ლარი, საიდანაც მხოლოდ 50 ლარი დააბრუნა.

 

6.1.3. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც მოპასუხის ოჯახს არ უცნობებია სააგენტოსთვის მათი ოჯახის წევრის მიერ შემოსავლის გაჩენის შესახებ. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად),ვინაიდან ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია გაუქმებული ქონდა.

 

6.1.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბენეფიციარის მა-- მე-----–---–ის ოჯახის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.1.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

6.1.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 976-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 250 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ამასთან მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არ ყოფილა შესაგებელი წარმოდგენილი, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა-- მე-----–---–ს უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მა-- მე-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეს - მა-- მე-----–---–ს (პ/ნ 08001011333) დაეკისროს მის მიერ ზედმეტად აღებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი სოციალური დახმარების, 200 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ. N2) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე