გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 051310019003028356
საქმე №3/3-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.12.2019 წელი ქ. დედოფლისწყარო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - მარიამ ბაიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - თე------–---–ი;
მოპასუხე - ვა-–-------------ი
დავის საგანი: - ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ვა-–-------------ს დაეკისროს გარდაცვლილი - თი-----------ის პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) - 200 (ორასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
2019 წლის 1 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე თი-----------ის 2018 წლის 31 დეკემბერს გარდაცვალების შესახებ. ასევე ვა-–-------------ის მიერ თი-----------ის კუთვნილი პენსიის 200 ლარის უკანონოდ აღების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მცდელობის მიუხედავად ვა-–-------------მა ნებაყოფლობით არ დააბრუნა უკანონოდ აღებული პენსიის თანხა, რომლის ოდენობამ შეადგინა 200 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ვა-–-------------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თი-----------ი გარდაცვალა 2018 წლის 31 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი 29.01.2019წ;
3.1.2. თი-----------ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2019 წლის 1 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების 01.02.2019 წლის გადაწყვეტილება.
3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებისთვის 2019 წლის 26 თებერვლის №04/9874 წერილით, ცნობილი გახდა თი-----------ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი პენსიის 200 ლარის ვა-–-------------ის მიერ აღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 26.02.2019 N04/9874 წერილი ;
- გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრი.
3.1.4. ვა-–-------------ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ ორჯერ ეცნობა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის 200 ლარის უკან დაბრუნების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 27.02.2019წ. N 04-10-06/170 და 27.03.2019წ. N 04-10-06/248 შეტყობინებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ვა-–-------------მა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და მან ზედმეტად აიღო თი-----------ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი პენსია 200 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი, მე-17 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვა-–-------------მა უკანონოდ მიიღო მეუღლის თი-----------ის სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) თანხა 200 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან თი-----------ი გარდაიცვალა 31.12.2018 წელს.
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება: პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დადგენილია, რომ თი-----------ი გარდაიცვალა 2018 წლის 31 დეკემბერს და აღნიშნულ მოქალაქეს 2019 წლის 01 თებერვლიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) მიღება. ხოლო 2019 წლის იანვრის თვის ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 200 ლარი უკანონოდ აიღო თი-----------ის მეუღლემ ვა-–-------------მა.
6.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ თი-----------ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 200 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ვა-–-------------ს უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
7.1.1. შესაბამისად, ვა-–-------------ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2.მოპასუხე - ვა-–-------------ს (პირადი №1----------) დაეკისროს გარდაცვლილი - თი-----------ის პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და მის მიერ უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 200 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ. N2) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე