გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/8961-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ზ---- გ---------
მოპასუხე - შპს ,,ჯ--------- ს-----–’’
წარმომადგენელი - გ------- ჟ-------–---–-
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 23 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ზ---- გ--------- (შემდგომში მოსარჩელე) 2015 წლიდან დასაქმებული იყო შპს ,,ჯ--------- ს-----–’’-ის (შემდგომში მოპასუხე) ფინანსურ დირექტორად. 2016 წლის 04 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა წერილობით შრომითი ხელშეკრულება უვადოდ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წელს მოულოდნელად გათავისუფლდა სამსახურიდან მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში მუშაობის დაწყების დღიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთანავე, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის მოპასუხეს მის მიმართ ასანაზღაურებელი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ანაზღაურება ჯამში 23 000 ლარის ოდენობით.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული იყო არა უვადოდ, არამედ 1 წლის ვადით. მოსარჩელე 2015 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე იყო საზოგადოების ფინანსური დირექტორი და რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად, მოსარჩელეზე როგორც საწარმოს რეგისტრირებულ დირექტორზე, ვრცელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი და არა საქართველოს შრომის კოდექსი.
შესაგებელში ასევე მითითებულია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა მისივე განცხადებით პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე. ამასთანავე, კომპანიას მის მიმართ არ გააჩნია დავალიანება, ვინაიდან მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული 2017 წლის 14 ივნისის ჩათვლით ანაზღაურება. შესაბამისად, გაურკვეველია როგორც მოთხოვნილი დავალიანების სამართლებრივი საფუძველი, ასევე მისი ოდენობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2015 წლის 08 აპრილიდან 2018 წლის 13 აგვისტომდე დანიშნული იყო მოპასუხე კომპანიის ფინანსურ დირექტორად და კომპანიის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირად რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.19-20);
- ამონაწერი (ს.ფ.16-18);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ.24-60);
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.220-223);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე 2018 წლის 13 აგვისტოს გათავისუფლდა მოპასუხე კომპანიაში დაკავებული ფინანსური დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.211-212);
- ახსნა-განმარტება.
3.2.2.მოსარჩელეს მოპასუხისგან მიღებული აქვს სახელფასო ანაზღაურება 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდისათვის სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ.24-60);
- ახსნა-განმარტება.
3.2.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის მაისიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მოპასუხე ფაქტობრივად არ აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დეკლარაციები (ს.ფ.179-210);
- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 408-ე, 411-ე მუხლები; მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე კომპანიისაგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველესად აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სპეციფიკაზე.
უდავოა, რომ მოსარჩელე 2015 წლის 08 აპრილიდან 2018 წლის 13 აგვისტომდე იყო მოპასუხე კომპანიის ფინანსური დირექტორი და კომპანიის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირად რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
უპირველესად გასათვალისწინებელია საქართველოს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი განმარტება (იხ. სუსგ, საქმე #1634-1533-2012), რომლის თანახმადაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებულია კაპიტალური საზოგადოებების მმართველობის ორგანოების ფორმირების წესი, რომელზეც არ ვრცელდება შრომის კოდექსის მოთხოვნები, საზოგადოების დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები არ წარმოდგენს შრომის ხელშეკრულებით მოსაწესრიგებელ საკითხებს. საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე (იხ. მაგ. სუსგ 3/კ259-01).
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით, მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ, სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ).
სასამართლო მიუთითებს, რომ პარტნიორთა მიერ დირექტორის დანიშვნა განსხვავდება შრომის სამართალში არსებული ისეთი ურთიერთობისაგან, როგორიცაა: „სამუშაოზე მიღება“, „სამუშაოზე აყვანა“ ან სხვაგვარი დაქირავება. დირექტორის დანიშვნით არ ხდება მისი „მუშაკად დაქირავება“, არამედ დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობა სრულდება, როგორც მისი გამოწვევით - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტით. ეს კი იმავე ორგანოს კომპეტენციაა, ვინც იგი თანამდებობაზე დანიშნა. სწორედ ზემოთ მითითებული პირობების დაცვით დანიშნულ დირექტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, არაფერი აქვს საერთო შრომით კანონმდებლობასთან და წესრიგდება სამეწარმეო სამართლით (იხ. სუსგ, საქმე #ას-110-110-2018).
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება არა შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონისა და სსკ-ის შესაბამისი ნორმებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს. დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი) (იხ. სუსგ, საქმე #655-611-2017).
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 709-ე მუხლი (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) ამავე კოდექსის 710-ე მუხლისა და (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) 408-ე მუხლის პირველი ნაწილები (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე მუხლი (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) (იხ. სუსგ, საქმე #655-611-2017).
ამასთან, ვინაიდან უდავოა, რომ დირექტორს და საზოგადოებას შორის იდება დავალების ხელშეკრულება, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რწმუნებულისათვის შესაბამისი ანაზღაურების მიღება კი დამოკიდებულია მის მიერ ამ დავალების ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი ქმედების ნამდვილად შესრულებაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საფუძვლიანობისთვის აუცილებელია საქმის მასალებით დასტურდებოდეს, რომ მოსარჩელე როგორც საზოგადოების ფინანსური დირექტორი (რეგისტრირებული ასეთად რეესტრში) სადავო პერიოდში ასრულებდა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს.
წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ ხელფასის ბოლო ჩარიცხვიდან გათავისუფლებამდე პერიოდის - 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებით კი დადასტურებულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხე საწარმო ფაქტობრივად არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელე როგორც საწარმოს ფინანსური დირექტორი არ წარმოადგენს დავალების ხელშეკრულების ფარგლებში ამ პერიოდში შესაბამისი ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილ პირს და მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი საწარმოს ფინანსურ დირექტორად იყო რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში ვერ გახდება მისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკმაყოფილების ჯეროვანი ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ განაპირობებს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ.87) ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ.105), რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ---- გ---------- სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ს-----–’’-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ს-----–’’-ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, დასახლება საქნავთობი, ქუჩა ჭირნახული, ს/კ:01.19.14.004.170 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია