გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210019003056493
საქმე N2/72-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - პაატა ბობოხიძე
მოსარჩელე: შპს „მოგო“;
წარმომადგენელი: ლ--ა მ----ორია;
მოპასუხეები: ნ----ა ჩ----ლაძე და რ---ნ მ-----–-ძე;
დავის საგანი: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,მოგოს’’ სასარგებლოდ 4920.26 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 3158.05 ლარი, პროცენტი - 286.45 ლარი, ჯარიმა - 965.36 ლარი, ხარჯი - 510.40 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,მოგოს’’ და ნ----ა ჩ----ლაძეს შორის 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება NFL12032018/0249, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობა. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მოგომ’’ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: „სუბარუ ლეგასი“, V--------------------- რეგისტრაციის ნომერი Q------- აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხე ნ----ა ჩ----ლაძეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხად განისაზღვრა 3260.25 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2022 წლის 12 მარტამდე. ასევე ლიზინგის საგნით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად -155.11 ლარის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, 2018 წლის 12 მარტს კომპანიასა და რ---ნ მ-----–-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ გადაიხადა გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი, შპს ,,მოგომ’’ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.3 პუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 31 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მისი მოქმედება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.
2019 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხეებს შპს ,,მოგოს’’ მიმართ ერიცხებათ დავალიანება 4920.26 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ---ნ მ-----–-ძემ არც შესაგებლით და ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია მოსარჩელის წინაშე და არ უკისრია ნ----ა ჩ----ლაძის ვალდებულებების შესრულება, მეტიც, საერთოდ არ იცნობს ამ პიროვნებას. მისთვის სრულიად უცნობმა ქალბატონმა სთხოვა ავტომანქანის გამოყვანა, ვინაიდან მას არ გააჩნდა მართვის მოწმობა, შესაბამისად, ხელი მოაწერა მინდობილობას და არა თავდებობის ხელშეკრულებას.
2.2. მოპასუხე ნ----ა ჩ----ლაძეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ნ----ა ჩ----ლაძესა და მოსარჩელე შპს ,,მოგოს’’ შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მოგომ’’ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: „სუბარუ ლეგასი“, V--------------------- რეგისტრაციის ნომერი Q------- აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხე ნ----ა ჩ----ლაძეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ლიზინგის თანხად განისაზღვრა 3260.25 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2022 წლის 12 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.18-30 )
-
3.2.2. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ბოლო გადახდა განახორციელა 15.10.2018 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,მოგომ’’ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.3 პუნქტის საფუძველზე 2018 წლის 31 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მისი მოქმედება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. 2019 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, ნ----ა ჩ----ლაძის დავალიანება შეადგენს 4409.86 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3158.05 ლარი, პროცენტი - 286.45 ლარი, ჯარიმა - 965.36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 40)
3.2.3. მოპასუხე რ---ნ მამულიძესა და შპს ,,მოგოს’’ შორის 2018 წლის 13 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ---ნ მ-----–-ძემ იკისრა ნ----ა ჩ----ლაძის მიერ შპს ,,მოგოს’’ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.31-33 )
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მას თავდებობის ხელშეკრულება არ დაუდია მოსარჩელესთან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მოგოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მოგოს’’ და ნ----ა ჩ----ლაძეს შორის 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება NFL12032018/0249, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობა. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მოგომ’’ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: „სუბარუ ლეგასი“, V--------------------- რეგისტრაციის ნომერი Q------- აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხე ნ----ა ჩ----ლაძეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხად განისაზღვრა 3260.25 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2022 წლის 12 მარტამდე. ასევე ლიზინგის საგნით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად -155.11 ლარის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ბოლო გადახდა განახორციელა 15.10.2018 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,მოგომ’’ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.3 პუნქტის საფუძველზე 2018 წლის 31 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მისი მოქმედება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. 2019 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, ნ----ა ჩ----ლაძის დავალიანება შეადგენს 4409.86 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3158.05 ლარი, პროცენტი - 286.45 ლარი, ჯარიმა - 965.36 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორემებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაუხდია დავალიანება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მოპასუხემ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო, თუმცა უარის თქმის მიზეზი არ დაუსაბუთებია და არც რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნაცვლად 965.36 ლარისა, 300 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892–ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „მოგოს“ და რ---ნ მ-----–-ძეს შორის 2018 წლის 12 მარტს გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ლიზინგის მიმღების, ნ----ა ჩ----ლაძის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. მართალია მან არ დაადასტურა ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესთან, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სადავო არ გაუხდია. ასევე არ გაუხდია სადავო ხელმოწერა განცხადებაზე სოლიდარული თავდებობის შესახებ. მისი განმარტება, რომ ხელი მოაწერა მინდობილობას, რომელიც უფლებას აძლევდა ნ----ა ჩ----ლაძისათვის, როგორც მართვის უფლების არმქონე პირისათვის გამოეყვანა ავტომანქანა, არ არის დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით, შესაბამისად, მას სასამართლო ვერ გაიზიარებს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, ნ----ა ჩ----ლაძესთან ერთად დავალიანების გადახდა დაეკისროს რ---ნ მ-----–-ძეს, როგორც სოლიდარულ მოვალეს, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 74.00 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ნ----ა ჩ----ლაძეს და რ---ნ მ-----–-ძეს მოსარჩელის შპს „მოგოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 74.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟი 50 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მეათე მუხლის მეექვსე პუნქტიდან გამომდინარე, დაეკისროს ყველა დამატებითი გადასახადი, რაც ჯამში შეადგენს 510.40 ლარს, თუმცა მას ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, (რომლითაც გაირკვეოდა, კონკრეტულად რა ხარჯი და რა ოდენობის იქნა გაწეული მოსარჩელის მიერ) წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო ვერ დაკმაყოფილდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მოგოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ნ----ა ჩ----ლაძეს (პ/ნ 54001054104) და რ---ნ მ-----–-ძეს (პ/ნ 61006019013) შპს „მოგოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3744.50 ლარის გადახდა, საიდანაც ფინანსური ლიზინგის ძირი თანხაა 3158.05 ლარი, სარგებელი -286,45 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ნ----ა ჩ----ლაძეს და რ---ნ მ-----–-ძეს მოსარჩელის შპს „მოგოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 74.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟი 50 ლარი.
1.3.ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ხელმოწერილია ციცინო კიკვაძე