გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/553-19 (010310019003261386)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
განმცხადებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენლები - ხ-----------–-----------–------–---
დაინტერესებული პირი - მ----–-----–------------------------------------
წარმომადგენელი - ი-----–-------------
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)
მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.განმცხადებელი მხარის მოთხოვნა:
1.1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.683 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.060), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე; ასევე, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.702 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.682), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობასა და ნარგავებზე.
დავის მოკლე შინაარსი: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14,3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს. პროექტის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც უვლის ქალაქ ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში, გზის უმეტესი ნაწილი მიჰყვება ახალ ტრასას და გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფელ მახინჯაურის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები, და სატრანსპორტო კვანძები.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული არაერთი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა №9-ში მდებარე, მოქალაქეების: დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე: 1.N05.34.25.683 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1 000 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და ნარგავები; 2.N05.34.25.702 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 601 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა - ნაგებობა და ნარგავები.მითითებული გარემოება, ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.
დეპარტამენტმა აწარმოა არაერთი მოლაპარაკება მესაკუთრეებთან, საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მესაკუთრეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მოლაპარაკება ვერ შესდგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა საექსპროპრიაციო ქონების ხელახალი გადაფასება და მომზადდა ქონების შეფასების ახალი ანგარიში, მესაკუთრეები მაინც უარს აცხადებენ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მესაკუთრეებს, კვლავ წერილობით შესთავაზა შეფასების ანგარიშით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, განემარტათ განსახლების გეგმის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად ამისა დეპარტამენტმა თანხმობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღო.
საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში. ეს მუხლი, ასევე, ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. ექსპროპრიაციის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექსპროპრიაციას გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქმედებს აღნიშნული კანონით დადგენილი დანაწესის შესაბამისად. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დეპარტამენტის მხრიდან ამოწურულია მედიაციის ყველა რესურსი, რის გამოც განმცხადებელმა დაიწყო ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები. საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანებით, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის თანახმად, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებით, მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ ექსპროპრიაციის პროცედურების დადგენილი წესით დაწყების თაობაზე.
უდავოა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების მიღწევის მიზნით, თუმცა ისინი უარს აცხადებს საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საკუთრების უფლების დათმობაზე, შესაბამისად, არსებობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ზემოხსენებულ პირებზე საკუთრების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მხარე მოითხოვს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.683 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.060), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე; ასევე, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.702 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.682), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
2.დაინტერესებული პირის პოზიცია:
2.1.დაინტერესებული პირები, დ--------------------–-----–---------------------- არ ეთანხმებიან განცხადებას და განმარტავენ რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის მინიჭების საფუძველი, საკომპენსაციო თანხა არ არის შესაბამისობაში უძრავი ქონების რეალურ ღირებულებასთან. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო შეზღუდვა.
დ---------------------–-----–------------------------ არაერთხელ მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აზიის განვითარების ბანკს, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტის კანონიერება უნდა შემოწმებულიყო სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარე მიიჩნევს, რომ №1-1/398 ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს სწორედ განსახილველი განცხადების ფარგლებში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს საკითხზე, გამოიცა თუ არა აღნიშნული ბრძანება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გზით (იხ. შესაგებელი. 2019 წლის 9 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2019 წლის 9 დეკემბრის და 27 დეკემბერის სასამართლოს სხდომის ოქმები)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14,3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება; საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის N4301-2 მოხსენებითი ბარათი (დანართები)
4.1.2. დადგენილია, რომ დ---------------------------------------–-----–------------------------------------------------------------ თანასაკუთრებაში ერიცხებათ ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონება, კერძოდ, 1 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (№05.34.25.683), მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებთან ერთად, ასევე, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონება, კერძოდ, 601 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (№05.34.25.702), მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებთან ერთად,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის ნახაზი, ფოტო-მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
4.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის 15 იანვრის N2-12/381 წერილით მიმართა დ---------------------–-----–------------------------- და აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვებისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სახით დაინტერესებულ პირებს შესთავაზე საკომპენაციო თანხა - 796 672.34 ლარის ოდენობით. დონორი ორგანიზაციის დაკვეთით, განხორციელდა საექსპროპრიაციო ქონების ხელახალი გადაფასება და მომზადდა ქონების შეფასების ახალი ანგარიში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ივლისის N2-12/10267 წერილით, დ---------------------–-----–------------------------- ეცნობათ, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ, საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა, ჯამში შეადგენდა - 1 112 528 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 15 იანვრის N2-12/381 წერილი; ქონების შეფასების ანგარიში; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ივლისის N2-12/10267 წერილი;
4.1.4. დადგენილია, რომ დ---------------------–-----–------------------------ არაერთხელ, მათ შორის 2017 წლის 30 ოქტომბრის, 2018 წლის 30 მარტის, 2018 წლის 30 მაისის; 2018 წლის 17 ივლისის, 2019 წლის 5 აგვისტოს, 2019 წლის 23 სექტემბრის, 2019 წლის 12 ნოემბრის წერილობითი განცხადებებით მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც მიუთითებდნენ, რომ საკომპენსაციო თანხა არ იყო გონივრული, შესაბამისად არ ეთანხმებოდნენ მის ოდენობას და ხელშეკრულების გაფორმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დ---------------------–-----–------------------------ს 2017 წლის 30 ოქტომბრის, 2018 წლის 30 მარტის, 2018 წლის 30 მაისის; 2018 წლის 17 ივლისის, 2019 წლის 5 აგვისტოს, 2019 წლის 23 სექტემბრის, 2019 წლის 12 ნოემბრის განცხადებები;
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის 18 მაისის №4674-2-07 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 18 მაისის №4674-2-07 წერილი.
4.1.6. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანებით, 1.ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება: 1.1.უძრავი ქონება ს/კ 05.34.25.683 (მდებარე ბათუმი, თბილისის ქუჩა N9, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 595.87 კვ.მ (მათ შორის I სართული ფართით 187.3 კვ.მ, II სართული ფართით 231.9 კვ.მ, სხვენი ფართით 176.67 კვ.მ), N2 საერთო ფართით 18.39 კვ.მ, N3 საერთო ფართით 3.42 კვ.მ) მესაკუთრეები: დ--------------------------------------–-----–------------------------------------------------------- საექსპროპრიაციო ფართი სრულად. 1.2.უძრავი ქონება ს/კ 05.34.25.702 (მდებარე ბათუმი, თბილისის ქუჩა N9, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 601. კვ.მ, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართით 21.74 კვ.მ) მესაკუთრეები დ--------------------------------------–-----–------------------------------------------------------- საექსპროპრიაციო ფართი სრულად
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანება;
4.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს, დ----------------------–-----–--------------------------არჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N1-1/398 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, დ--------------------–-----–--------------------ს სარჩელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დ---------------------–-----–------------------------ს სასარჩელო განცხადება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
4.1.8.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ (2019 წლის 25 ოქტომბრის N212)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საგაზეთო ამონარიდი;
4.1.9. დადგენილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის N2-07/14570 წერილით, დ---------------------–-----–------------------------- კვლავ ეცნობათ დაწყებული ექსპროპრიაციის პროცედურების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის N2-07/14570 წერილი;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი. საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მე-19 მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი თანხმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. მე-19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.
მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.
საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.
7.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.
ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
7.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.
ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო შეხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
7.5. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
7.6. დადგენილია და უდავო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფ. მახინჯაურის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები, და სატრანსპორტო კვანძები.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული არაერთი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების
ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ზემოქმედების არეალში მოქცეული დ---------------------–-----–------------------------ს კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა დ-------------------------–-----–-----------------------------, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმამ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებისათვის. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.683 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.060), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე; ასევე, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.702 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.682), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
7.7.რაც შეეხება საკითხს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი განცხადების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე განიხილება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობაზე, ხოლო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების კანონიერების შემოწმება ამ განცხადების ფარგლებში სამართლებრივი თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით საფუძველს მოკლებულია და იგი დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს.
7.8.სასამართლო განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.683 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.060), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე; ასევე, ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ--------------------------------- მ----–-----–----------------------- და ნ------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.34.25.702 (ნაკვეთის წინა ნომერი 05.34.25.682), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
3.მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5.დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე