გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020316219003071245
საქმე N3/122-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე
სხდომის მდივანი ანა კვირტია
მოსარჩელე: გ------- გ----–----
წარმომადგენელი: კ-–---- შ-------
მოპასუხეები: 1.სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (არ გამოცხადდა)
2.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი: გ--------- თ------
მესამე პირი: მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეიტანოს გ------- გ----–----ს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ზოგადი განათლების ატესტატში გ------- გ----–----ს დაბადების თარიღად მიეთითოს 1991 წლის 22 აპრილი.
1.2. დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ------- გ----–----ს მიმართ გასცეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელწმიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
მოსარჩელის განმარტებით, სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაძლია 2009 წელს. შესაბამისად, გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი AA N 010238. ატესტატში შეცდომით არის მითითებული გ------- გ----–----ს დაბადების თარიღი - 20.04.1991 წელი, მითითებული უნდა იყოს 22.04.1991 წელი, ვინაიდან დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ გ------- გ----–---- 22.04.1991 წელს დაიბადა. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ სკოლაში არ იძებნება გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ------- გ----–---ს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების საფუძველზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლის 2019 წლის 19 აპრილის N454967 და რესურსცენტრის მიერ 2019 წლის 01 მაისს გადაგზავნილი N497727 წერილით ირკვევა, რომ გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. შესაბამისად, ვერ მოხერხდა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული კი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
2.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გ------- გ----–----ს წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლის და რესურსცენტრის მიერ 2019 წლის 01 მაისს გადაგზავნილი წერილებით ირკვევა, რომ გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. შესაბამისად, ვერ მოხერხდა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული კი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იყო; მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დამადასტურრებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად პირს სააგენტოში შეუძლია წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ .
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის დირექტორის ქეტევან გ---------ს 2019 წლის 17 აპრილის N MES 1 19 00444145 მიმართვით დასტურდება, რომ გ------- გ----–---მა (პ/ნ:30001009057) დაასრულა სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლა 2009 წელს და მიიღო საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი N AA N010238.
დადგენილია, რომ გ------- გ----–---- სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლაში. მან სწავლა დაასრულა 2009 წელს და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი AA N010238. ატესტატის დედანი გადაეცა გ------- გ----–---ს (საქმეში დაცულია ატესტატის ასლი, ხოლო დედანი მოსარჩელეს გააჩნია), მასში დაბადების თარიღად მითითებულია 20.04.1991წ.
გ------- გ----–----ს დაბადების მოწმობით, მისი დაბადების თარიღია 22.04.1991 წელი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №37/15/გ გადაწყვეტილებით, ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების საფუძველზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2019 წლის 18 აპრილს N449846 წერილით მიმართა დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლის 2019 წლის 19 აპრილის N454967 და რესურსცენტრის მიერ 2019 წლის 01 მაისს გადაგზავნილი N497727 წერილით ირკვევა, რომ გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. შესაბამისად, ვერ მოხერხდა გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ივნისის N01/188612/გ გადაწყვეტილებით, გ------- გ----–----ს წარმომადგენლის საჩივარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №37/15/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-5 მულით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს სააგენტო თავისი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ეს უკანასკნელი კი დასახელებული დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას სააგენტო უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ამოწმებს მოსწავლის შესახებ არსებულ ინფორმაციას. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, განცხადება ატესტატის დუბლიკატის გაცემის შესახებ, დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას, რომელიც უფლებამოსილია, პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან რესურსცენტრს. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, კი საინფორმაციო სისტემა აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საინფორმაციო სისტემამ მიმართა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თუმცა ვერ იქნა მოძიებული გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, საინფორმაციო სისტემამ ვერ მოახერხა გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, რაც გახდებოდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 04 ოქტომბრის მიმართვით, გ------- გ----–----ს წარმომადგენელს განემარტა, რომ ელექტრონული ბაზა შეიქმნა 2011-2012 წლიდან, ხოლო რაც შეეხება 2011 წლამდე კურსდამთავრებულთა შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება. შესაბამისად, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დამადასტურრებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად პირს სააგენტოში შეუძლია წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ საქმეზე, დავის საგანია დაევალოს სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეიტანოს გ------- გ----–----ს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ზოგადი განათლების ატესტატში გ------- გ----–----ს დაბადების თარიღად მიეთითოს 1991 წლის 22 აპრილი. დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ------- გ----–----ს მიმართ გასცეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელწმიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
7.2. „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- გ----–----ს სახელზე გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი AA N010238 და მის მოთხოვნას წარმოადგენდა მიეღო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გ------- გ----–----ს დაბადების თარიღი - ნაცვლად 20.04.1991წ, 22.04.1991წ.
დაბადების მოწმობით (N28196004381) დასტურდება, რომ გ------- გ----–----ს დაბადების თარიღია 22.04.1991 წელი.
2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ დუბლიკატის გაცემის დროს იგივე წესი მოქმედებს, როგორც ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის არის განსაზღვრული, თუმცა გაითვალისწინება გარკვეული თავისებურებანი.
დასახელებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები განმარტავს თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს განცხადება დუბლიკატის თაობაზე და რა დოკუმენტები უნდა იქნას წარდგენილი, კერძოდ: მე-3 ნაწილის შესაბამისად, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს : ა) განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას), მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მოსწავლის პირად ნომერს, თუ მოსწავლე არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას; გ) მოსწავლის სახელსა და გვარს განცხადების წარდგენის მომენტში; დ) მოსწავლის სახელსა და გვარს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას (თუ ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შეიცვალა სახელი და/ან გვარი); ე) მოსწავლის დაბადების თარიღს; ვ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თარიღი; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტები განცხადების წარდგენის მომენტში (თუ ცნობილია განმცხადებლისთვის): ზ.ა) დასახელება; ზ.ბ) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა); თ) ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას: თ.ა) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა), თუ აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებლისთვის ცნობილია; თ.ბ) დასახელება; ი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დასახელებას.
ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა ერთვოდეს ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა (სახელის და/ან გვარის შეცვლის შემთხვევაში); გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში; დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ამომწურავად მიუთითებს რა დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა ევალება დაინტერესებულ პირს თუ მას სურს მიიღოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- გ----–---ს დუბლიკატის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძველზე მითითებით, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საინფორმაციო სისტემამ მიმართა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თუმცა ვერ იქნა მოძიებული გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, საინფორმაციო სისტემამ ვერ მოახერხა გ------- გ----–----ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, რაც გახდებოდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის საფუძველი. სკოლას მოთხოვნილი დოკუმენტაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის არ გადაუცია ცენტრალიზებულ დაცვაზე. ანუ დუბლიკატის გაცემაზე დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ განხორციელებულა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაგებელში მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის სრული კურსის დასრულების ფაქტის აღიარება, ვინაიდან უტყუარად დასტურდება, რომ გ------- გ----–---- სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლაში, დაასრულა 2009 წელს და გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი AA N 010238 (ატესტატის დედანი გ------- გ----–---ს გააჩნია).
რაც შეეხება 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის შესაბამისად, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი, სასამართლო განმარტავს შემდეგს: როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესს ადგენს, ამით იგულისხმება განსაზღვრული მიზნის მიღწევის სურვილი. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. კანონის განმარტებისას უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული ხასიათის განმარტებით ვერ მიიღწევა. განმარტებისათვის ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით, არ უნდა მოხდეს მისი სიტყვა-სიტყვითი განმარტება. ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ადგილი ნორმატიულ სისტემაში, სხვა ნორმებთან ლოგიკური ურთიერთკავშირი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-221-213-2012 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ,,კანონის განმარტება კანონის ბუნდოვანი ადგილების დაზუსტებას და ტექსტის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესებით პრობლემის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საფუძველია. კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება მაშინაა როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო ხარვეზიანი ნორმის კანონის ტექსტისა და სამართლის ძირითად პრინციპების შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა - კანონმდებლის მიზანი. ამასთან, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. იმპერატიული ნორმები ასახავენ კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე. მართლმსაჯულება კანონმდებლის განზრახვას ვერ გასცდება მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლის მიერ სამართლის ნორმის შინაარსის დაკონკრეტებისა და ლეგიტიმური ცვლილებებისათვის კანონში ღია სივრცეა დატოვებული. იმპერატიული ნორმების დადგენის შემთხვევაში კანონმდებელი ქცევის მხოლოდ ამ სახით განხორციელების სავალდებულოობას ადგენს და მათ არსებობას, როგორც წესი, სხვა ზოგადსამართლებრივ პრინციპებთან ერთად საფუძვლად უდევს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კერძო სფეროში ნდობის დაცვის პრინციპი.’’
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის გადაწყვეტის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს რა იყო კანონდებლის ნება და მიზანი და რა სამართლებრივი უფლებების დაცვას ემსახურება 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მონაცემები მოსწავლის შესახებ, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია დადგინდეს პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების ფაქტი, ხოლო ასეთი ფაქტის დადასტურება შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც მოხდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და დამთავრება. ანუ კანონმდებლმა დაუშვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მონაცემები პირის სწავლის დაწყებისა და დასრულების შესახებ, ეს შესაძლოა დადგინდეს ჩარიცხვისა და დასრულების დამადასტურებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მხოლოდ სათაურის, ნომრის და გამოცემის თარიღის არსებობის პირობებშიც.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ გ------- გ----–---- სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს, მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. ანუ მონაცემები იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაიარა სრული ზოგადი სასწავლო კურსი სახეზეა და მათი ნამდვილობა სადავო არ არის. შესაბამისად, არ არსებობს №113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შემთხვევა, როდესაც არ არსებობს მონაცემები მოსწავლის შესახებ. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატში შესწორდეს გ------- გ----–----ს დაბადების თარიღი და ნაცვლად 20.04.1991-ისა, მიეთითოს 22.04.1991წ. შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული იყო, მას შემდეგ რაც წარდგენილი დოკუმენტებით უტყუარად დადასტურდა გ------- გ----–----ს სწავლების ფაქტი მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლაში და ატესტატის დედანი გადაცემული აქვს მოსარჩელეს, მონაცემები შეეტანა ელექტრონულ ბაზაში და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინა სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამსახურისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს კი გაეცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე, მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით, რომ ვერ იქნა მოძიებული გ------- გ----–----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უსაფუძვლოა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ღირებულება არაქონებრივ დავებზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
შესაბამისად, მოპასუხეებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის - გ------- გ----–----ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გ------- გ----–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.დაევალოს სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეიტანოს გ------- გ----–----ს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ზოგადი განათლების ატესტატში (AA N010238) გ------- გ----–----ს დაბადების თარიღად მიეთითოს 1991 წლის 22 აპრილი;
3.დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ------- გ----–----ს მიმართ გასცეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელწმიფო დოკუმენტის დუბლიკატი;
4.სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ მოსარჩელის - გ------- გ----–----ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე