გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
330210119003195681
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23388-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - მ----------–---–ი

 

წარმომადგენლები - დ----------–----------------------

 

მოპასუხე - შპს „დ--------–----------------“

წარმომადგენელი - ნ--------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „დ--------–------------------ მოსარჩელე მ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4976 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მ----------–---–სა და შპს „დ--------–------------------ შორის არსებული შეთანხმებით მოპასუხე ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების (სულ 4 პირი) ტურისტული მომსახურების გაწევა - ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვა და სასტუმროს მომსახურების გაწევა ესპანეთში. მომსახურების საფასური 8368 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა, თუმცა გამგზავრების წინა დღეს მოპასუხემ აცნობა, რომ ტურისტული პაკეტი გაუქმებული იყო და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ დააბრუნა გადახდილი მომსახურების თანხა.

 

ვინაიდან მოსარჩელე 2019 წლის 23 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით უკვე გასული იყო შვებულებაში იძულებული გახდა, ესარგებლა სხვა ტურისტული კომპანიის მომსახურებით, სადაც ღირებულება უფრო მეტი იყო, ვიდრე მოპასუხის მიერ შემოთავაზებული. სულ ღირებულება შეადგენდა 13335 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის დამდგარი ზიანი შეადგენს 4976 ლარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „დ--------–----------------მ“ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ტურისტულ ბაზარზე ტურისტული პაკეტის გაძვირებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის ივნისის თვეში მ----------–---–სა და შპს „დ--------–------------------ შორის ზეპირი ფორმით დაიდო ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოგზაურობის მომწყობი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) სასარგებლოდ ტურისტული მომსახურება, რაც მოიცავდა ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვას და სასტუმროს მომსახურების გაწევას ესპანეთში. ტურისტული მომსახურების პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 3-4 სექტემბრამდე პერიოდს.

 

მომსახურების საფასური განისაზღვრა 8368 ლარით, რაც მოსარჩელემ ეტაპობრივად გადაუხადა შპს „დ--------–------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.08.2019 წლის ბრძანება შვებულების შესახებ;

- 29.06.2019 წლის საგადახდო დავალება;

- 24.07.2019 წლის საგადახდო დავალება.

 

3.1.2. მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს შპს „დ--------–------------------ ტურისტული მომსახურეობით არ უსარგებლიათ, ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ტურისტული მოგზაურობის დაწყების წინა დღეს 2018 წლის 22 აგვისტოს.

 

მომსახურების ღირებულება, კურსთა შორის სხვაობის გათვალისწინებით შპს „დ--------–----------------მ“ 2018 წლის 22 აგვისტოს სრულად დაუბრუნა მოსარჩელე მ----------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.08.2019 წლის საგადასახადო დავალებები.

 

3.1.3. იმავე პერიოდში ტურისტული მომსახურების მიღების მიზნით მ----------–---–სა და შპს „ე---------------ს“ შორის, 2019 წლის 22 აგვისტოს, ზეპირი ფორმით დაიდო ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. შპს „ე---------------მა“ უზრუნველყო მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე და შვილები) ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვა და ესპანეთში სასტუმროს მომსახურების გაწევა და მოსარჩელემ ისარგებლა გაწეული მომსახურებით.

 

მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 13335 ლარი, რაც მოსარჩელემ სრულად გადაუხადა შპს „ე---------------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- პასპორტების ასლები;

- 22.08.2019 წლის ინვოისი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 394-412-ე, 657-ე, 662-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ტურისტული საწარმო წარმოადგენს მოგზაურობის მომწყობს, ამდენად, კანონმდებელი ტურისტულ მომსახურებას მიიჩნევს სამეწარმეო საქმიანობად, ხოლო მეორე მხარე - ტურისტი კი მოვალეა, ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, გადაუხადოს შესაბამისი საზღაური მოგზაურობის მომწყობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ზეპირი ფორმით იქნა დადებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მათ შორის მოხდა შეთანხმება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით, არ დავობენ იმაზეც, რომ ტურისტულ კომპანიას ჰქონდა აღებული ვალდებულება მოეხდინა ტურისტის მ----------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების ესპანეთში გამგზავრება.

 

ასევე უდავოა, რომ მოსარჩელისათვის მომსახურეობა მოპასუხეს არ განუხორციელებია და მოგზაურობის დაწყებამდე მისი მხრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის თანახმად, თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ტურისტულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ტურისტული მოგზაურობის მოწყობა გარიგების შესაბამისად. ხელშემშლელ გარემოებად იგი ტურისტულ ბაზარზე პაკეტის გაძვირებას ასახელებს, თუმცა ვერ ადასტურებს, აღნიშნულის შესახებ რატომ გახდა მისთვის ცნობილი მოგზაურობის დაწყების წინა დღეს, მაშინ როდესაც მომსახურების მიღების მიზნით მოსარჩელემ მას თითქმის 2 თვით ადრე მიმართა (მომსახურების საფასურის დიდი ნაწილი მოსარჩელემ 2019 წლის 29 ივნისს გადარიცხა, დარჩენილი ნაწილი კი 24 ივნისს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით"როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება''(იხ. სუსგ №ას-999-943-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი, ქ. თბილისი).

 

სხვა საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლო შემდეგ განმარტებას აკეთებს: "ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრული ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. "ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომლის თაობაზეც მან ხელშეკრულების დადებისას ივარაუდა, ან გონივრულად უნდა ევარაუდა, რომ ამგვარი ზიანი დადგებოდა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში." მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იმის დასადგენად, თუ რამდენად შეეძლო ნორმალურ, გულმოდგინე ბრუნვის წევრს ევარაუდა ზიანის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა შვებულებისთვის მისთვის განკუთვნილ პერიოდში სრულყოფილად ესარგებლა. სწორედ ამ მიზნით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ესარგებლა სხვა ტურისტული კომპანიის მომსახურებით, რომლის საფასური შეადგენს 13335 ლარს, ხოლო სხვაობა 4976 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ზიანს, რაც მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელეს მიადგა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 74,64 ლარს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 74,64 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 0,36 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს „დ--------–----------------“-ს მ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4976 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე შპს „დ--------–----------------“-ს მოსარჩელე მ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 74.64 ლარის გადახდა;

 

4. მ----------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 18/09/2019წ. N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (75.00 ლარიდან) - 0.36 (36 თეთრი) ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა), როგორც ზედმეტად გადახდილი;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე