გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.12.2019
საქმის ნომერი
190310019003307990
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30.12.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური

წარმომადგენელი - კ-------–-------ე, მ---------–-–---–ი

 

მოპასუხე - სს „კ-----–-----“

წარმომადგენელი - გ--–----------–-–---–ი (დირექტორი)

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „კ-----–-----“-ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1575.0- ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „კ-----–-----“ რეგისტრირებულია ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში.

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 26 თებერვლის N68 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, მოპასუხის ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ ჯამში შეადგინა 27,50 ლარი.

 

სს „კ-----–-----“-ს განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ობიექტს მოაკლდა 30-0 კვ.მ ღია ტერიტორია, რის გამოც დარჩენილ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების გადასახადმა შეადგინა 12.50 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა, განმარტა, რომ 2014 წლიდან - 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით სს ,,კ-----–-----“-ს ერიცხება დავალიანება 1575,0- ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სს „კ-----–-----“-ს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2019 წლის 06 დეკემბერს, თუმცა მოპასუხე მხარეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 13 ივნისს სს ,,კ-----–-----“ დარეგისტრირდა მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ ობიექტად (რეგისტრაციის აქტი N1------ ხელმომწერი სს ,,კ-----–-----“ -ს დირექტორი გ--–----------–-–---–ი პ/ნ: 3----------) რეგისტრაციის აქტში განისაზღვრა ობიექტისთვის ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა - 27 ლარი და 50 თეთრი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 13 ივნისის რეგისტრაციის აქტი (ს.ფ 15-16)

-2014 წლის 13 ივნისის პირადი ბარათი (ს.ფ 17)

 

3.1.2. 2018 წლის 14 მარტის სს ,,კ-----–-----“-ს N2--------- განცხადების საფუძველზე 2018 წლის მარტის თვიდან ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგენა 12,50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 მარტის სს ,,კ-----–-----“-ს N2--------- განცხადება (ს.ფ 20)

- სს ,,კ-----–-----“-ს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვები და გადახდები წლების მიხედვით (ს.ფ 31)

 

3.1.3. 2018 წლის 11 აპრილს სს ,,კ-----–-----“-ს მიერ N9--- საგადახდო დავალებით, სს ,,თ-----------“-ს მეშვეობით გადახდილი იქნა ადგილობრივი მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის, მხოლოდ 50.0- ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 აპრილის N9--- საგადახდო დავალება (ს.ფ 30)

 

3.1.4. სს ,,კ-----–-----“-ს 2014 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ერიცხება ადგილობრივი მოსაკრებლების დავალიანება 1575 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,კ-----–-----“-ს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვები და გადახდები წლების მიხედვით (ს.ფ 31)

 

3.4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.4.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მოთხოვნა მოპასუხე სს ,,კ-----–-----“-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

6.2 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

 

6.4 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

6.5 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.6 ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

6.7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 

6.8. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”.

 

6.9 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ მეწარმეებს და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე სს „კ-----–-----“-ს საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, საქმიანობის პროცესში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი, შესაბამისად, ეკისრება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.

 

6.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, ასევე, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.

 

2018 წლის 01 თებერვლის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N23 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;

 

სასამართლო მიუთითებს ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, უფლებამოსილი იყო სასარჩელო განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა, მოპასუხე სს ,,კ-----–-----“-ს მიმართ თანხის დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 13 ივნისს სს ,,კ-----–-----“ დარეგისტრირდა მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ ობიექტად (რეგისტრაციის აქტი N1------ ხელმომწერი სს ,,კ-----–-----“ -ს დირექტორი გ--–----------–-–---–ი პ/ნ: 3----------) რეგისტრაციის აქტში განისაზღვრა ობიექტისთვის ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა - 27 ლარი და 50 თეთრი. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მარტის სს ,,კ-----–-----“-ს N2--------- განცხადების საფუძველზე 2018 წლის მარტის თვიდან ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგენა 12,50 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 11 აპრილს სს ,,კ-----–-----“-ს მიერ N9--- საგადახდო დავალებით, სს ,,თ-----------“-ს მეშვეობით გადახდილი იქნა ადგილობრივი მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის, მხოლოდ 50.0- ლარის ოდენობით, მოსარჩელის განმარტებით, სს ,,კ-----–----“-ს 2014 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ერიცხება ადგილობრივი მოსაკრებლების დავალიანება 1575 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან(მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური) გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარესა და სს „კ-----–----ს“ შორის 2014 წლის 13 ივნისს შედგა შეთანხმება, რომლითაც განსაზღვრულ იქნა ადგილობრივი მოსაკრებლების გადასახდელი ოდენობა. ამასთანავე დადგენილია, რომ ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის აპრილის თვემდე მოპასუხე მხარეს არ აქვს გადახდილი გადასახადი. სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის ივლისის თვიდანვე, თუმცა სასამართლოში სარჩელი შემოტანილია 2019 წლის ნოემბრის თვეში.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაშიც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, როგორც აღინიშნა, სამი წელია. ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ვადის გამოთვლის აღნიშნული წესი ზოგადია და გამოიყენება განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე. რომლის თანახმადაც ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული პირის (განსახილველ შემთხვევაში - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური) უფლების დარღვევის შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც იურიდიულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ამ უფლების დარღვევის თაობაზე. ვადის დაწყების ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმდგენი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოგვიანებით – უფლების დარღვევის ფაქტის დადგომის შემდეგ დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა 2014 წლის ივლისის თვიდან, როდესაც მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით დარიცხულ დასუფთავების მოსაკრებელზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მოთხოვნა, მითითებულ პერიოდზე თანხის დაკისრებასთან მიმართებით, სარჩელის შემოტანის პერიოდისთვის ხანდაზმულია. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სს ,,კ-----–-----“-ს (ს/ნ 2--------) მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 6---0- ლარის გადახდა;

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 24-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე სს ,,კ-----–-----“-ს (ს/ნ: 2--------) მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 6---0- ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე სს ,,კ-----–-----“-ს (ს/ნ: 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 10- ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ონიანი