გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
270210019003087271
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210019003087271 (2/132-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. წალენჯიხა

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - თეა მოსიძე

 

მოსარჩელე - ბ-----------–--ე

 

მოპასუხე - ქ--------- კ-----–---–--

 

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს წალენჯიხის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ე-–---- ა-----–---

 

დავის საგანი - შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ქ--------- კ-----–---–--სთან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: გ-------– ხ----–--- (პ/ნ: 6----------; დაბადებული 28/06/2015წ) და დ--- ხ----–--- (პ/ნ:6----------, 30/05/2017წ).

 

1.2. დაახლოებით წელიწადი და 6 თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოპასუხესთან. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არ აძლევენ საშუალებას თავისუფლად ნახოს შვილები, ასევე დროებით წამოიყვანოს საცხოვრებელ სახლში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და შესაგებელში აღნიშნა, რომ თანახმაა მოსარჩელემ იქონიოს ურთიერთობა თავის შვილებთან შემდეგი განრიგით: წაიყვანოს შვილები გ-------– ხ----–--- და დ--- ხ----–--- ყოველ მეორე კვირის პარასკევს დღის 16:00 საათზე და დააბრუნოს იმავე კვირა დღის 15:00 საათზე. ზაფხულის არდადეგებზე განესაზღვროს ნახვის პერიოდი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე, (რათა ბავშვებს ჰქონდეთ დრო ბაღისთვის/სკოლისთვის მოსამზადებლად) ხოლო ზამთრის არდადეგებზე ბაღის პერიოდში 12 იანვრიდან 22 იანვრამდე, სკოლის პერიოდში კი 7 იანვრიდან 13 იანვრამდე (ვინაიდან სკოლაში უფრო მოკლეა არდადეგების ხარნგრძლივობა).

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული პირობას ეთანხმება და დააზუსტა მოთხოვნა, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: სასამართლომ მიიღოს გადაწუვეტილება და შვილებს: გ-------– ხ----–---ს და დ--- ხ----–---ს დედისაგან წაიყვანს ყოველ მეორე კვირის პარასკევს დღის 16:00 საათზე და დააბრუნოს იმავე კვირა დღის 15:00 საათზე. ზაფხულის არდადეგებზე განესაზღვროს ნახვის პერიოდი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე, (რათა ბავშვებს ჰქონდეთ დრო ბაღისთვის/სკოლისთვის მოსამზადებლად) ხოლო ზამთრის არდადეგებზე ბაღის პერიოდში 12 იანვრიდან 22 იანვრამდე, სკოლის პერიოდში კი 7 იანვრიდან 13 იანვრამდე (ვინაიდან სკოლაში უფრო მოკლეა არდადეგების ხარნგრძლივობა)

 

3.მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირის წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1.ბ-----------–--ე და ქ--------- კ-----–---–-- ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - გ-------– ხ----–--- (დაბადების თარიღი - 28 ივნისი, 2015 წელი) და დ--- ხ----–--- (დაბადების თარიღი - 30 მაისი, 2017 წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-დაზუსტებული მოთხოვნა, შესაგებელი;

-დაბადების მოწმობები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 25.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.დაახლოებით წელიწადი და 6 თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოპასუხესთან, მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არ აძლევენ საშუალებას თავისუფლად ნახოს შვილები მამამ და ასევე წაიყვანოს შვილები თავის საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 25.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.2.ბ-----------–--ის საცხოვრებელლი ადგილის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად, ბ-----------–--ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფლებელია, ოჯახი ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც არის ორი ოთახი დამხმარე სათავსოებით, საცხოვრებელში განტავსებულია საჭირო ავეჯი, დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ბ-----------–--ის განმარტებით, მათი ოჯახის შემოსავალია 690 ლარი; სოციალური მუშაკის დასკვნით, ბავშვების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან თანაბარი ურთიერთობის ქონა, ორივე მშობელმა უნდა გამოავლინოს სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა, მშობლებმა უნდა ეცადონ გამონახონ კომპრომისი შვილის მომავალი ფსიქო-ემოციური და სულიერი მდგომარეობის სწორი განვითარებისათვის, აუცილებელია ორივე მხარეს შორის ურთიერთშეთანხმება, რათა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-დასკვნა №10809; 23.12.2019წ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული კონვენცია, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება, ხოლო იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო მოვალეა მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, რა დროსაც იცავს მშობლის უფლებას და პირიქით უშვებს შეზღუდვებს ერთ-ერთი მშობლის მიმართ.

 

ამის ნათელი გამოვლინებაა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

ამავე დროს, განსახილველ საკითხზე ყურადსაღებია ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციით (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) გათვალისწინებული მოთხოვნები. სახელდობრ, კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ბავშვების განვითარებას და დაუსაბუთებლად არ შეზღუდონ მათი ეს უფლება.

 

7.3.ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

 

კონვენციის მე-3.1. მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამისათვის, მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ფარგლებში უშუალოდ მისგან იქნეს მიღებული ინფორმაცია სადავო საკითხის შესახებ, რასაც ცხადყოფს კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, რასაც ეთანხმება მოპასუხე. სასამართლო თვლის, რომ მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან ურთიერთობის უფლება.

 

7.4.საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ამ ნორმის შინაარსი სადავო საკითხთან მიმართებაში განვრცობილი სახითაა რეგლამენტირებული სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლში, რომლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-18 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ბავშვების ჯანსაღი ფსიქოლოგიური განვითარებისათვის აუცილებელია მათ შეექმნათ თბილი, ოჯახური გარემო, რაშიც უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვან როლი გააჩნია მშობლებს. სასამართლო ეყრდნობა რა სოციალური მუშაკის დასკვნას, მიიჩნევს, რომ ბავშვების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან თანაბარი ურთიერთობის ქონა, ორივე მშობელმა უნდა გამოავლინოს სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა, მშობლებმა უნდა ეცადონ გამონახონ კომპრომისი შვილის მომავალი ფსიქო-ემოციური და სულიერი მდგომარეობის სწორი განვითარებისათვის, აუცილებელია ორივე მხარეს შორის ურთიერთშეთანხმება, რათა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. სასამართლო ამ კუთხით მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ასევე ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მშობლებისა და მათი შვილების მიერ ოჯახური ცხოვრებით ერთობლივი სარგებლობა ოჯახური ცხოვრების ძირითადი ელემენტია. საქმეში – ბუგანემი საფრანგეთის წინააღმდეგ (Boughanemi v. France) – ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, რომელზეც დაფუძნებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის კავშირის არსებობას, მიუხედავად იმისა, ქორწინება არის თუ არა რეგისტრირებული და მშობლები თანაცხოვრობენ თუ არა.

 

ამრიგად, სარჩელი კანონიერი და სამართლიანი, იგი ემსახურება არასრუწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით .

 

დდგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ბ-----------–--ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელემ იქონიოს ურთიერთობა თავის შვილებთან შემდეგი განრიგით: წაიყვანოს შვილები გ-------– ხ----–--- (დაბადებული: 2015 წლის 28 ივნისს) და დ--- ხ----–--- (დაბადებული 2017 წლის 30 მაისს) ყოველ მეორე კვირის პარასკევს დღის 16:00 საათზე და დააბრუნოს იმავე კვირა დღის 15:00 საათზე. ზაფხულის არდადეგებზე განესაზღვროს ნახვის პერიოდი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ხოლო ზამთრის არდადეგებზე ბაღის პერიოდში 12 იანვრიდან 22 იანვრამდე, სკოლის პერიოდში კი 7 იანვრიდან 13 იანვრამდე.

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მდებარე: ქ. წალენჯიხა თამარ მეფის ქ. N11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე