განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003316996
N 1/316-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნატო ბურთიკაშვილის
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მიხეილი ალექსანდრეს ძე ლაჩაშვილი (დაბადებული - 1986 წლის 02 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #20001046712, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თელავის რაიონი, სოფელი იყალთო). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო -შეფარდებულის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 ნოემბერს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში მიხეილ ლაჩაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას ალექსანდრე ლაჩაშვილს. კერძოდ, მიხეილ ლაჩაშვილმა ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ალექსანდრე ლაჩაშვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მიხეილ ლაჩაშვილის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების და დაზარალებულის- კატო ლაჩაშვილის და ალექსანდრე ლაჩაშვილის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ მიხეილ ლაჩაშვილის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ბრალდებულის დაკავების ოქმი; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ოქმი და ქვითარი; ნასამართლეობის ცნობა; ნივთმტკიცება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მიხეილ ლაჩაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვისას არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებული და დასჯადია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება რომ ალექსანდრე ლაჩაშვილი არის მიხეილ ლაჩაშვილის მამა.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტს წარმოადგენს და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით -დაზარალებულის - ალექსანდრე ლაჩაშვილის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - კატო ლაჩაშვილის და ალექსანდრე ლაჩაშვილის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ მიხეილ ლაჩაშვილის აღიარებითი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N007946319 დასკვნა, ცნობა ნასამართლობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა - უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 11 ნოემბერს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში მიხეილ ლაჩაშვილმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მამას ალექსანდრე ლაჩაშვილს. კერძოდ, მიხეილ ლაჩაშვილმა ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ალექსანდრე ლაჩაშვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მიხეილ ლაჩაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ასევე მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ასევე, სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მიხეილ ლაჩაშვილის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ასევე, ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების ხასიათს. სასამართლო მიხეილ ლაჩაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: მიხეილ ლაჩაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს მის პირად და ეკონომიურ პირობებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზიები მიხეილ ლაჩაშვილთან გარდა ამისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს მიხეილ ლაჩაშვილის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, ასევე იმას, რომ მიხეილ ლაჩაშვილი წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიხეილ ლაჩაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეწონილია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიხეილ ლაჩაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა , რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მიხეილ ლაჩაშვილის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მიხეილი ლაჩაშვილის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე, განაჩენის მე-4 პარაგრაფში ზემოთმითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მიხეილ ლაჩაშვილის მიმართ დანიშნული სასჯელი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება -შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები, დალუქული პაკეტში FCI552361, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, -უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მიხეილი ლაჩაშვილი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მიხეილ ლაჩაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მიხეილ ლაჩაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან -2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მინის ნამსხვრევები, დალუქული პაკეტში FCI552361 (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე