განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
010100119003180437
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
03.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003-80437

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ალ------------------ძე

 

ბრალდებული - ვა-------------------იძე

ადვოკატი - მა-–----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ვა-------------------იძე

მამის სახელი: იაშა

დაბადებული: 3-.07.---- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6---------2

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მე-–---–---–ის ჩიხი N5

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

19.108-ე მუხლი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 28 ივლისი, 23:55 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჯავ---–---–-სა და პუ–--ნის ქუჩების კვეთაში, ტელემაუწყებლობა ,,TV25’’-ის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ვა-------------------იძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით ავ--------–-------აძეს მიაყენა მუცლის ღრუში და გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის საშიში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა კუჭის, წვრილი ნაწლავისა და ბადექონის დაზიანებით, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ავ--------–-------აძე გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ვა-------------------იძის მიერ განზრახული დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 28 ივლისს, ქ. ბათუმში, ტელეკომპანია შპს ,,TV 25’’-ის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ - ვა-------------------იძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, თანნაქონი მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის გამოყენებით ავ--------–-------აძეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ავ--------–-------აძის ჩვენების ანალიზის თანახმად, მან მთვრალმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ვა-------------------იძეს, რადგან ამ უკანასკნელმა არ წაიყვანა სამშობიაროში. კონფლიქტისას ვა-------------------იძემ მას მიაყენა ჭრილობა. ავ--------–-------აძემ განმარტა, რომ საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები ბრალდებულის ოჯახმა დაუფარა. ამასთან, სხდომაზე მან ვა-------------------იძესთან მომხდარი კონფლიქტის წარმოშობა საკუთარი სიმთვრალის მიზეზით ახსნა და ბრალდებულთან შერიგების თაობაზე განაცხადა.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თე-------------------ას ჩვენების ანალიზით, სრულად დადასტურებულია დაზარალებულ ავ--------–-------აძის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები - როგორც მისი მხრიდან ვა-------------------იძისადმი სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების ფაქტი, ისე დაჭრის ეპიზოდი და შემდგომ განვითარებული მოვლენები.

 

5. ანალოგიური ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმემ - ამ-------------ძემ.

 

6. მოწმე ნა----–---------აძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ავ--------–-------აძის მხრიდან ვა-------------------იძისადმი სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების ფაქტი.

 

7. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №006245019 დასკვნის თანახმად, ავ--------–-------აძეს აღენიშნება გულმკერდის და მუცლის წინა კედლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა კუჭის, წვრილი ნაწლავისა და ბადე ქონის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

8. ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

9. დაცვის მხარე არ უარყოფს დაზარალებულზე დაზიანების მიყენების ფაქტს მაგრამ მიიჩნევს, რომ მკვლელობის განზრახვა ვა-------------------იძეს ავ--------–-------აძის მიმართ არ გააჩნდა.

 

10. ვა-------------------იძის მიერ ავ--------–-------აძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები დადასტურებულია ასევე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოცხრილით), ვა-------------------იძის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტთა და სხვა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით და გამოთხოვის ოქმით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ქმედების კვალიფიკაცია ავ--------–-------აძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

 

11. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

12. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

13. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

14. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

16. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის დადგენილი ფაქტია, რომ ვა-------------------იძემ დაჭრა ავ--------–-------აძე და ძირითადი სხვაობა ბრალდებულის ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 ან 117-ე მუხლის პირველ ნაწილად დაკვალიფიცირების ნაწილში მდგომარეობს მხოლოდ ბრალდებულის განზრახვის და განხორციელებული მოქმედებების შეფასებაზე.

 

17. ნათელია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დაზარალებულის სხეულზე არსებული ჭრილობის სიგრძე 50-55 სმ-ია მითითებული, შესაბამისად, რომ არა ქვემოთ მითითებული გარემოებები, შეიძლება კვალიფიკაცია სწორად ჩაეთვალა სასამართლოს, კერძოდ: მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ბრალდებული დასაქმებულია "ტვ -25"-ში დირექტორის მოადგილედ და შემთხვევის დღეს სამსახურებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე არასამუშაო დღეს საქმიანობდა; დაზარალებული იყო მთვრალი და მას სურდა სამშობიაროში ახლო ნათესავის მონახულება და თხოვა ვა-------------------იძეს წაყვანა; ამ უკანასკნელმა სამსახურებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ შეძლო ავ--------–-------აძის დახმარება, იქვე შეთავაზა თანხა, რომ ტაქსით წასულიყო და ამ ფაქტმა გამოიწვია კონფლიქტი; კონფლიქტის მიმდინარეობისას მთვრალი ავ--------–-------აძე შეურაცყოფის მიყენების მიზნით იწევდა ვა-------------------იძისკენ, აყენებდა რამოდენიმე წუთი სიტყვიერ შეურაცყოფას, არ მისცა ამ უკანასკნელს მანქანით წასვლის საშუალება და ამ კონფლიქტისას გამოიყენა ბრალდებულმა მჩხვლეტავ მჭრელი საგანი; ასევე დადგენილი ფაქტია, რომ დაზარალებულის მკურნალობის ხარჯი ბრალდებულის ოჯახმა უზრუნველყო.

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხასიათი და არაერთგზისობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე №322აპ-15 )

 

19. სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება ვა-------------------იძის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი მკვლელობის განზრახვის ნაწილში სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ ვა-------------------იძე უარყოფს ავ--------–-------აძის მკვლელობის განზრახვით დაზიანების მიყენებას, ხოლო თუ ეს განზრახვა ჰქონდა, რამ შეუშალა ხელი მიეყენებინა სხვა დაზიანებ(ები)ა დაზარალებულისთვის და ეცადა მისი მოკვლა. მხარეებიც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ვა-------------------იძემ მჩხვლეტავ მჭრელი საგანი ერთხელ მოუქნია დაზარალებულს, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით არაკონკრეტიზებული განზრახვით, რათა მისთვის მიეყენებინა დაზიანება და არა მოეკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია, მეორედ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის და სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებული.

 

20. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ანალოგიურ ვითარებაში პირის მხრიდან ერთჯერადად განხორციელებული მოქმედებით მიყენებული ნებისმიერი შემავალი ჭრილობა რომ განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირდეს, მიუთითებს მასზედ, რომ საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

21. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვა-------------------იძეს ავ--------–-------აძის განზრახ მოკვლისათვის ფაქტობრივად არ გააჩნდა საბაბი. ისინი ერთმანეთის კარგი ნაცნობები იყვნენ და წარსულში არასოდეს კონფლიქტი არ ჰქონიათ.

 

22. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ვა-------------------იძის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით შეფასების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს.

 

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

24. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა ვა-------------------იძის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

26. ვა-------------------იძის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია გულწრფელი სინანული, დაზარალებულისადმი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და შერიგება, გამოძიებასთან თანამშრომლობა მტკიცებულებების მოპოვება - დამაგრებისას.

 

27. ვა-------------------იძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ დადგენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

3-. ვა-------------------იძის მიმართ სასჯელის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, იყო დასაქმებული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც აუნაზღაურა ხარჯები, ხელი შეუწყო ბრალდების მხარეს მტკიცებულებების მოპოვებაში.

 

32. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვა-------------------იძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვა-------------------იძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბრალდებულის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას განაჩენით უნდა დადგინდეს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ვა-------------------იძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული ვა-------------------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ვა-------------------იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ვა-------------------იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 ივლისიდან.

 

პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ვა-------------------იძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ვა-------------------იძის ავტომანქანა და ავტომანქანის გასაღები, ავ--------–-------აძის ტანისამოსი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, ვა-------------------იძის ტანისამოსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუნრუნდეს კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

ვიდეო ჩანაწერები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი