გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.01.2020
საქმის ნომერი
120310019003341102
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
04.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3341102-3/256-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

3 იანვარი 2020 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - შ--–---------------

წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-

მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------------------–-

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირის წარმომადგენელი - ი------------–---–-

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ს/კ 6----------- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია დაადგინოს ს/კ 6----------- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წადგენილ იქნა განცხადება N------------ 6-----------ა კოდზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც შეჩერდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაკვეთსა და ნახაზს შორის იდენტურობის დადგენამდე. საჯარო რეესტრმა გადააგზავნა წერილი იდენტურობის მოთხოვნით 2018 წლის 14 მაისს, რომლებზეც პასუხი არ არის მოსული. რეგისტრირებული მონაცემებით აშკარად დგინდება რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნახაზი იდენტურია რეგისტრირებული მონაცემებისა.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომდგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს ბ----------ს მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შევიდა მომართვა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად იდენტურობის დადგენის მოთხოვნით მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6-----------ა. სახეზე უარი არ არის, ეს გამოწვეულია საქმეთა სიმრავლით, ხოლო თუ თვლიან, რომ ეს არის უარი, საჯარო რეესტრს თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე.

 

2.2 მესამე პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომდგენელმა განმარტა, რომ ნამდვილად იყო წარდგენილი შ--–----------------ს განცხადება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. მონაცემები რეგისტრირებული იყო სისტემურად. მარეგისტრირებელ ორგანში დაცულია სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა. ვინაიდან მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ვერ დგინდებოდა ზუსტი ადგილმდებარეობა, ამიტომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია საჭიროდ მიემართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის დოკუმენტაციის მოძიების მიზნით და ითხოვა სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. მათგან პასუხი წარდმოდგენილი არ არის, რის გამოც სარეგისტრაციო განცხადება კვლავ მარეგისტრირებელი ორგანოს წარმოებაშია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სააღრიცხვო ბარათით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დდგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ბ----------, სოფელი ბ----------, დაუზუსტებელი ფართობი 6411.50 კვ.მ., ს.კ. 6-----------ა წარმოადგენს შ--–----------------ს საკუთრებას. განაცხადის რეგისტაციის თარიღია 25.09.2000წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საგადასახადო სია N----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა (იხ. ს.ფ.15-17)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.18)

 

3.2. 2018 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შ--–----------------ს განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთის მისამართი: ბ----------, დაბა ბ---------- (ზონა: ბ----------, სექტორი: დაბა ბ----------, ს.კ. 6-----------ა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 30 აპრილის განცხადების მიღების ბარათი N------------ (იხ. ს.ფ.11)

 

3.3. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 14 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N-------------05 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მაისს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------ს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 14 მაისის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება N-------------05 (იხ. ს.ფ. 12)

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 მაისის N------ წერილით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი შ--–----------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მერიას ეთხოვა შ--–----------------ს მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 მაისის N------ წერილი (იხ. ს.ფ. 14)

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და მოთხოვნილ საკითხზე არც შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ყოფილა გამოცემული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს შ--–----------------ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ".

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის უტყუარად დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის კომპეტენცია - დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შ--–----------------ს სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით შესაბამისი წერილებით მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა.

 

დადგენილია და ამას თვით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი საქმის გარემოებები და მოთხოვნილ საკითხებზე დადგენილ ვადაში არც შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ყოფილა გამოცემული, რის გამოც აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო, მერიის ქმედება მიიჩნევა ვირტუალურ აქტად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევსის გამო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად (ვირტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს სრული უმოქმედობის უფლებას ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი აქტის მიმართ ვრცელდება სავალდებულო პრინციპი - აქტის გამოცემა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შ--–----------------ს განცხადების და საქმის მასალების ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შ--–----------------ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე იქნა მიღებული, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი საქმის არცერთი გარემოება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ვინაიდან ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია მოცემულ საკითხზე მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ--–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს შ--–----------------ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით.

 

2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე შ--–----------------ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა