განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
160100119003227694
დავის ტიპი
126 1
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003227694

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/342-19 9 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019130919001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბადრი პატარაია

 

ბრალდებული: ე-––-- ა--------–---ი

დაბადებული: 1988 წლის 10 მაისი

პირადი ნომერი: 10001050831

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი მუშევანი

 

ბრალდებული: ს----- ი------------ი

დაბადებული: 1992 წლის 1 აპრილი

პირადი ნომერი: 10001061252

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი მუშევანი

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, ი-–--- ა------ის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, ს----- ი------------სა და ი-–--- ა------ს შორის ჩხუბის დროს, გასაშველებლად მისულმა ე-––-- ა--------–---მა, შეგინების გამო, ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ი-–--- ა------ს, რომელმა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, ი-–--- ა------ის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, გაზის დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, ს----- ი------------მა ი-–--- ა------ს ჯერ მარცხენა წარბის არეში დაარტყა მუშტი, შემდეგ რამდენიმეჯერ სხეულის სხვა ადგილებში, რის შედეგადაც ი-–--- ა------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N006760219 დასკვნის თანახმად მოქ. ი-–--- ა------ს 13.09.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი კისრის მიდამოში, ნაჭდევი და ნასკდომი ჭრილობა სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვირვი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ი-–--- ა------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ------- ა------ას, ქ------ ა--------ის, ი----- ი--------ის, რ----- ი---------ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 1 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დადგენილია რომ ე-––-- ა--------–---მა და ს----- ი------------მა ი-–--- ა------ს მიაყენეს დაზიანებები.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა ე-––-- ა--------–---მა და ს----- ი------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ე-––-- ა--------–---ისა და ს----- ი------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ე-––-- ა--------–---ისა და ს----- ი------------ის, აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ი-–--- ა------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ნ------- ა------ას, ქ------ ა--------ის, ი----- ი--------ის, რ----- ი---------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 1ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N006760219 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ე-––-- ა--------–---ისა და ს----- ი------------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ე-––-- ა--------–---ისა და ს----- ი------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-––-- ა--------–---მა და ს----- ი------------მა, ი-–--- ა------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ე-––-- ა--------–---ი და ს----- ი------------ი აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულს. ისინი არ არიან წარსულში ნასამართლევი. დაზარალებული შერიგებულია მათთან და არ აქვს პრეტენზია.

 

5.3. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ე-––-- ა--------–---ს და ს----- ი------------ს უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 500-500 ( ხუთასი- ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ე-––-- ა--------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ე-––-- ა--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ს----- ი------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს----- ი------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე