განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003340627
საქმე N1-1399/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2--12. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–---–ი
ბრალდებული: გი------------ძე
მამის სახელი: ბა-----
დაბადებული: 1--0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ბათუმი, შა-–--------------
ადვოკატი - გო---–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის წევრის მიმართ)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, მე------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გი------------ძემ ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით და თმის მოქაჩვით თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს-წინასწარი შეცნობით ორსულ მა---------–--ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი პირს-წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).
2.2. ბრალდებული აღიარებს მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა არ ეთანხმება კვალიფიკაციას, იმ ნაწილით, რომ მან წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ განახორციელა ძალადობა; უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით კი თვლის, რომ შეურაცხყოფის ფაქტი დასტურდება, მაგრამ არ დასტურდება ის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის დროს მეუღლე იყო ორსული; (იხ. სრულად სხდომის ოქმი 2--12.2019წ);
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების დადგენილებით მითითებული გარემოებები, კერძოდ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ძალადობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
2.1-- სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას დაზარალებული არ წარმოდგენდა ორსულობის მდგომარეობაში მყოფ პირს;
სასამართლო ბრალდების ამ ნაწილში დაცვის მხარის საპირისპირო გარემოებებს ადგენს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ:
უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით:
შეტყობინების რეგისტრაციით დადგენილია, რომ დაზარალებულის მა---------–--ის შეტყობინების საფუძველზე, რომ მასზე ძალადობა განახორციელა მისმა მეუღლემ გი------------ძემ, - გახდა საქმეზე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გამოძიების დაწყების საფუძველი ;
უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით ასევე - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გი------------ძესთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მას ფეხმძიმობა დაეწყო 2019 წლის ივნისის თვეში და გი------------ძემ ამის თაობაზე იცოდა; ... შემთხვევის დღეს ურთიერთშელაპარაკებისას მას გი------------ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხელებით და ფეხებით ცემდა სხეულის სხვადასხვა არეში, თხოვდა რომ არ ეცემა რადგან ფეხმძიმედ იყო,... გახდა ცუდად და მეზობელმა გაუწია პირველადი დახმარება; შემდეგ გი-----იც შეეშინდა და ცდილობდა მის დამშვიდებას; .... მეორე დილით გახდა შეუძლოდ და დახმარებისათვის მიმართა ქობულეთის ე----ის ჰოსპიტალს; .. ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და შეწყდა ფეხმძიმობა; (იხ ს.ფ.4-8);
მოწმის ნუ-----–--------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მა-----მ და მისმა მეუღლემ იქირავეს მასთან ბინა ქ. ბათუში მე-----ის ქუჩაზე, საკუთრებაში აქვს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი;
2019 წლის 14 ოქტომბერს შემოესმა ხმამაღალი საუბრის და კამათის ხმა; სიტუაციის გასარკვევად ჩავიდა პირველ სართულზე; დაინახა, რომ მა---------–--ე მისაღებ ოთახში საწოლზე იწვა და იყო ცუდ მდგომარეობაში , უჭირდა სუნთქვა და საუბარი; გაუსინჯა წნევა და გაუწია პირველადი დახმარება; იქვე იმყოფებოდა მისი მეუღლე გი------------ძე, რომელმაც უთხრა, რომ ვინაიდან მა----- ორსულად იყო , ხშირად ემართებოდა მსგავსი შეტევა; ... (იხ ს.ფ. 96-97);
ლი-----------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ის არის გინეკოლოგი სს სა------------------ლში 2019 წლის 13 სექტემბერს მომართა მა---------–--ემ - პაციენტმა და შესაბამისი კვლევების შედეგად დაუდასტურდა ორსულობა; 2019 წლის 18 სექტემბრიდან ის დადგა აღრიცხვაზე; იმ დროს იყო 9 კვირის ორსულობა, ამის შემდეგ კონსულტაციაზე მივიდა 12 კვირის ორსულობის პერიოდში, 2019 წლის 15 ოქტომბერს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ჰქონდა ტკივილები და სისხლდენა; მიმართა, რომ მისულიყო კლინიკაში; მასთან სულ საკონსულტაციოდ მა---------–--ე იმყოფებოდა სამჯერ; (იხ ს.ფ. 19-21)
ასევე უდავო მტკიცებულებით: რუ--------------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ არის მეან-გინეკოლოგი; მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 25 ოქტომბერს დანიშნულ სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზაში; მა---------–--ის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ მა---------–--ის დიაგნოზი იყო - დაუმთავრებელი სპონტანური აბორტი; მასიური სისხლდენით; სამედიცინო ისტორიით აბორტის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა , და ასევე შესაძლებელია არ არის მა---------–--ის ორსულობის შეწყვეტის ზუსტი დროის განსაზღვრა; (იხ ს.ფ. 99-101);
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით #0-------- 12.12.2019წ დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთებისა და სპეციალისტ გინეკოლოგის კონსულტაციის მონაცემების საფუძველზე მა---------–--ეს დაესვა დიაგნოზი: ორსულობა 13 კვირა, დაუმთავრებელი აბორტი სისხლდენით; ასევე მა---------–--ეს აღენიშნებოდა მარჯვენა ბეჭისა და მხრის არეში სისხლნაჟღენთი და ექსკორაციები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; ...ორსულობის შეწყვეტის მიზეზი კი იყო თუ არა ფიზიკური ტრამვა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით დაუდგენელია; (იხ დასკვნა ს.ფ. 92-93);
ზემოთმითითებული, მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებების შესწავლით და ანალიზით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გი------------ძისათვის ცნობილი იყო მა---------–--ის ორსულობის შესახებ და მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულს; ის გარემოებები და ფაქტები კი, თუ რა დროს, როგორ, რა მიზეზით და რა პერიოდში შეწყდა ორსულობა (რაც დაუდგენელია) გავლენას ვერ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე, რადგან უტყუარად დადგენილია, რომ გი-----იმ ბერიძემ იცოდა მეუღლის ორსულობის თაობაზე;
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
2.12. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ მა---------–--ე არის გი------------ძის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე.
2.13. ამდენად სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ლი-----------ას ნა----------–--ის, ნუ-----–--------------ის, რუ--------------ას, რო---------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მა---------–--ის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გი------------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გი------------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ;
3.2. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
3.6. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში
3.7. სასამართლო - ბრალდებულ გი------------ძის მიმართ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებისა და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასებით - სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გი------------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით მხედველობაში მიღებით, - მიიჩნევს, რომ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, გი------------ძის მიერ განხორციელებული ქმედებით - დანაშაულის ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; ის ინანიებს და აღიარებს ჩადენილს, რომ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; დაზარალებულთან შერიგებულია, ისინი დღეს ერთ ოჯახად ცხოვრობენ და მათ შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულა; დაზარალებული წერილობით აცხადებს, რომ შერიგებულია მეუღლესთან და შუამდგომლობს მსუბუქი სახის სასჯელი განესაზღვროს მას;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო ჩადენილი დანაშაულის და ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან; ამასთან სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მომავალში ოჯახის წევრის მიმართ რაიმე სახის ძალადობის შემთხვევები;
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სსკ-ის 531 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე არ არის საჭიროება სასჯელის განისაზღვროს ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესით;
5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გი------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან - მეუღლესთან, საქმიანობს და აქვს გარკვეული შემოსავალი, - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,ქვეპუნქტით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი------------ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გი------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით ;
მსჯავრდებულ გი------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - ბა------------ის (პ/ნ 2----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ლ--- (საკადასტრო კოდი - 2--1--44.---) - 5000 / ხუთი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
პირობით მსჯავრდებულის გი------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე