გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003140688
2-663-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 იანვარი, 2020 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - ბ-----------–-ილი
წარმომადგენელი - ქეთევან გონგლაძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,ჩ--------------------------------------------''
წარმომადგენლები - ოლეგ გრძელიძე, მარიამ რუსაძე
მესამე პირები - თ----------–-------------–---–--------------------------------------------------------------------------------–-------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 26 111 ლარის და 71 თეთრის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
უძრავი ნივთი, რომელზეც მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, მდებარეობს ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 26 111 ლარი და 71 თეთრი - ინდმეწარმე ზ-------------–---ს მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, - საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.
მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით, - სახლი აფეთქებების ზონაში არ მდებარეობს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის და მესამე პირების საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 1198.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ტ.2. ს.ფ. 21-22);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 26 111 ლარი და 71 თეთრი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დახრილობის მხრიდან პირველი სართულის მარცხენა ტორსული კედლის, მეორე სართულის გრძივი კედლის და ბეტონის ღობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილისა, მთლიანობაში - დამაკმაყოფილებელია;
შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით;
შენობაზე დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით, მიეკუთვნება მე-2 ხარისხს;
საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად;
მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 მარტის დასკვნა კი შედგენილია ვიზუალური შესწავლის შედეგად;
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ; მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ამასთან, დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს ადარებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულებაც, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში აღწერილ, მოპასუხის ბრალით გამოწვეული დაზიანების მოცულობას სცილდება, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გამოსასწორებლად საჭირო თანხა, რაც, სასამართლოს მიაჩნია, 20 000 ლარია;
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას - განმარტავს, რომ ,,სახლის მნიშვნელოვანი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება ზიანის გაზრდას გამოიწვევს“.
მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, - ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლის მხოლოდ ნაწილის ტექნიკური მდგომარეობაა არადამაკმაყოფილებელი. ასეთი გარემოების არსებობისას კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საფუძველი არ არსებობს. 7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი 784 ლარი (ტ.1. ს.ფ.15) ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი 2017 წელს (ტ.1. ს.ფ.43,44) და 700 ლარი - 2019 წლის 29 მარტს (ტ.1. ს.ფ.45-46 ; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 500 ლარი (ტ.1. ს.ფ.61); წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ტ.1. ს.ფ. 67-68) მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას.
ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 26 111.71 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა (მოთხოვნილის 76.60%). შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: მოსარჩელის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 536.20 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 383 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 229.80 ლარი. მოცემული დავის განხილვისას, სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, 2019 წლის 18 მარტის დასკვნას. 2017 წელს ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯი, რომელსაც დაზიანების მიზეზების შესახებ დასკვნა არ აქვს აღნიშნული, მოპასუხეს არ უნდა გადახდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' ბ-----------–-ილის სასარგებლოდ გადახდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' გადახდეს ბ-----------–-ილის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარი, - სახელმწიფო ბაჟის თანხა, ექსპერტიზის ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 536 (ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი და 20 (ოცი) თეთრი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 383 (სამას ოთხმოცდასამი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ნაწილი 229 (ორას ოცდაცხრა) ლარი ფა 80 (ოთხმოცი) თეთრი;
3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ზაზა რამიშვილი