განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-812-19
(№042040919001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.12.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლავრენტი სუხიშვილი
ბრალდებული: ი------–-–------–-----ი
მამის სახელი: ფ-------
დაბადებული: 21.09.1--- წ.
მოქალაქეობა: ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: A--------
განათლება: საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. თ------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
თარჯიმანი: ლელა ჭეჭელაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი------–-–------–-----ი 2019 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ. თბილისში, ჭ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინს".
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის კ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 04 სექტემბერს მის მიერ კონფიდენტისგან მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს - 2019 წლის 31 სექტემბერს დაბადებულ ი------–-–------–-----ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში ჭ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ა--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის რელიზების მიზნით პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თარჯიმანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ოპერაციაში, კერძოდ, ქ. თბილისში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი------–-–------–-----ის დაკავებაში. დაკავებამდე ბრალდებულს წარუდგინდეს თავი, გააცნეს დადგენილება პირადი ჩხრეკის თაობაზე თარჯიმნის მეშვეობით. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკიდან ამოიღეს რვა ცალ პაკეტად დაფასოებული ნივთიერება. ი------–-–------–-----ს თან ჰქონდა ასევე ტელეფონი, საათი, 50 აშშ დოლარიანი და 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ირანული ფული და ა/მანქანის გასაღები. ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ბ------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2019 წლის 04 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი------–-–------–-----ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ფაქტზე. ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ირანის მოქალაქე 31.09.1--- წ. დაბადებული ი------–-–------–-----ი და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიული საშუალება. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდნენ მითითებულ ადგილზე. ჭ---------–-------------ის მიმდებარედ ი------–-–------–-----ი იდგა მარტო და მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთინელის პარკი. ბრალდებულს წარუდგინდეს თავი, გააცნეს დადგენილება პირადი ჩხრეკის თაობაზე თარჯიმნის მეშვეობით. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული პარკი, მასში მოთავსებული სხვა პარკი და კიდევ მასში მოთავსებული სხვა პარკი, აღნიშნულ ნივთიერებაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეფო ნივთი არ ამოღებულა, გარდა 100 ლარის, სათვალის, ირანული ფულის და პასოპორტისა. მობილური ტელეფონი თან ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ადგილზე თარჯიმნის გარდა სხვა სამოქალაქო პირი არ ყოფილა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის შ------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღო მათმა თანამშრომელმა კ--------------–---–მა, 2019 წლის 04 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი------–-–------–-----ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ფაქტზე. ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ირანის მოქალაქე 2019 წლის 31 სექტემბერს დაბადებული ი------–-–------–-----ი და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიული საშუალება. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდნენ მითითებულ ადგილზე. ჭ---------–-------------ის მიმდებარედ ი------–-–------–-----ი გზის პირას იდგა მარტო, ეცვა თეთრი შარვალი და მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთინელის პარკი. მათ წინასწარ ჰქონდათ ამ პიროვნების სურათი და ცნობა არ გაუჭირდათ. ბრალდებულს წარუდგინდეს თავი, ა--------------ემ თარჯიმნის მეშვეობით გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული პარკი, მასში მოთავსებული სხვა პარკი და კიდევ მასში მოთავსებული სხვა პარკი, აღნიშნულ ნივთიერებაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეფო ნივთი არ ამოღებულა; ბრალდებულს ჰქონდა ტელეფონი, საათი, 50 და 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ირანული ფული და ა/მანქანის გასაღები. მისივე განმარტებით, დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თარჯიმნის გ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ,,თ---–-----------------–ში“ შეტყობინება მიიღო თარჯიმანთა ბიუროს მეშვეობით და 2019 წლის 04 სექტემბერს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის მანქანით ერთ-ერთ პოლიციელთან ერთად, სადაც ადგილზე დახვდა რამდენიმე პოლიცილი. ი------–-–------–-----ს მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი. მან გამომძიებლის დავალებით უთარგმნა დადგენილება და ყველაფერი, რასაც უმარტავდნენ ქართულიდან ირანულ ენაზე. პარკში იდო რვა შეფუთვა, რაზეც ბრალდებულმა განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება. ოქმზე ყველამ მოაწერა ხელი მათ შორის ბრალდებულმაც (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N4193/სქ-3798/ქრ დასკვნის თანახმად ი------–-–------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამორებული: - პოლიეთილენის პაკეტებში რვა (რვა) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით 2056,73 გრამი, (ობ. N1-8) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 1020,14 გრამს (ტ.1, ს.ფ. 50-54).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა თ-----------–--ამ და პ-------–--–---–--ემ.
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენება მისცა გამომძიებელმა ს--–---------–----–---–მა, რომელმაც აღწერა და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული თითოეული მოქმედების ავთენტურობა; დათვალიერდა ნივთმტკიცება, ასევე გამოქვეყნებული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.
ბრალდებულმა ი------–-–------–-----მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, გამოიყენა დუმილის უფლება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ ი------–-–------–-----ის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
4.1. დაცვის მხარის განმარტება, რომ პოლიციელთა ჩვენება იდენტურია, რის გამოც არ უნდა იქნეს მიღებული, სასამართლო ვერ გაიზიარებს და ადასტურებს, რომ პილიციელთა მიერ ზუსტად თანმიმდევრულად იქნა აღწერილი ყველა ის გარემოება, რაც მათ მიერ ნაწარმოებ საქმეშია წარდგენილი და რითაც დადგენილია მათ მიერ ჩატარებული თითოეული მოქმედების ავთენტურობა. დაცვის მხარის განმარტება, რომ ადგილზე არ იქნა ჩატარებული ა/მანქანის ჩხრეკა, პოლიციელებმა მითვისეს ბრალდებულის პირადი ნივთები და ფულადი თანახა, გაზიარების შემთხვევაშიც არ ცვლის ი------–-–------–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების არსს.
4.2. ბრალდებულის დაკავების ოქმის შედგენისას გამომძიებელთა მიერ საგამოძიებო მოქმედების ფალსიფიცირებაზე დაცვის მხარის აპელირებას სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს; მისი განმარტებით, ბრალდებულის დაკავების ოქმის დაკავება დასრულდა 2019 წლის 04 სექტემბერს, 17:05 სთ-ზე და 5 წთ-ში ვერ შეძლებდნენ მის პოლიციაში გადაყვანას ქ. თბილისიდან ქ. რუსთავში. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავების დროა 2019 წლის 04 სექტემბერი, 16:08 სთ. დაკავების ოქმის თანახმად, პოლიციაში მიყვანილია 2019 წლის 04 სექტემბერს, 17:15 სთ-ზე, რის შემდეგაც დასრულდა დაკავების ოქმის შედგენა, რასაც ადასტურებს სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი(იხ. ტ.1. ს.ფ. 19-24). აღნიშნული გამორიცხავს დაკავების ოქმის ფალსიფიკაციას.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული ი------–-–------–-----ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი------–-–------–-----ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და უმართლობის ხარისხის ხასიათის, ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების მასშტაბების, სპეციფიკის და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი------–-–------–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
8.1. ი------–-–------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
8.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------–-–------–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
2. ი------–-–------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. ი------–-–------–-----ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 04 სექტემბრიდან.
4. ი------–-–------–-----ის "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:
05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი