განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/612-19 (011111119001)
საქმე #140100119003339273
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ---- ფ----------- (დაბადებული 1----–-–------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ--–----------------------------–--------–---–ში, მცხოვრები ბ------–-----------------–--–-----------ში)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. 2019 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ----–---–-----------------–--–----------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო რ---- ფ-----------მ, არასრულწლოვანი შვილის - კ----- ფ----------ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ--–---- ფ-----------ს სახეში და თავში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგად მ--–---- ფ-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, რ---- ფ----------- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--–---- ფ-----------ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა რ---- ფ-----------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ--–---- ფ----------ისა და ე----- ბ----–--ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ---- ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს რ---- ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული, იგი არ არის სახდელდადებულიც კი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, რ---- ფ----------- მეუღლეს დაემუქრა დანის გამოყენებით, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად;
5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი რ---- ფ----------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მით უფრო, რომ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ამასთან, აუცილებელია მსჯავრდებულის ქცევაზე გარკვეული ვადით შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ---- ფ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, რ---- ფ-----------ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ რ---- ფ-----------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 11 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ რ---- ფ-----------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი