განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
030100119003302338
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN030100119003302338

საქმეN1/372-2019 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

 

10 იანვარი, 2020 წელი ქ. ფოთი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ წულაძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ალექსანდრე კოდუა,დაცვის მხარე - ადვოკატი დარიკო თორდია

 

ბრალდებული - მ-------- ღ-–------ (დაბადებული 1-.0-.1--- წელს, დაბადების ადგილი: საქართველო, ფ-----, პირადი ნომერი: 4----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: საშუალო, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფ-----, კ--------- ქ.N2-/4-).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

2019 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ფ-----, მ. კ--------- ქუჩა #2-/4--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა მ-------- ღ-–------- თავის დედას, ე----- ს--–--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ზურგის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------- ღ-–-----ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით მ-------- ღ-–------- ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- ღ-–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც ბრალდებული მ-------- ღ-–------ უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნას უდანაშაულოდ.

 

სასამართლო სხდომაზე მ-------- ღ-–------ს დედამ დაზარალებულმა ე----- ს--–--------მ უარი განაცხადა მისი შვილის მ-------- ღ-–------ს მიმართ ჩვენების მიცემაზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ფ------ ს----–---- ს-----------–--- უ---- ი------------გ-----------–-- რ----- ს------მ განმარტა, რომ 2019 წლის 19 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება მ-------- ღ-–------ს მიერ დედის ე----- ს--–-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც ე----- ს--–-------- გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისმა შვილმა მ-------- ღ-–------- მიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა ხელი თავის და ზურგის არეში და განიცადა ძლიერი ტკივილი, რის გამოც დაწყებული იქნა გამოძიება და გავიდნენ ადგილზე. ჭ----------ს ქუჩაზე დაკავებული იქნა მ-------- ღ-–------, რომელსაც განემარტა უფლება-მოვალეობები და შედგა დაკავების ოქმი ადგილზე. იგი თავად არ შესწრებია რაიმე დანაშაულის ფაქტს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 19 ოქტომბრის შეტყობინებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმართა ე----- ს--–--------მ და განაცხადა, რომ მისი შვილი მ-------- ღ-–------ სისტემატურად აყენებს მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 13 ნოემბრის სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნით ე----- ს--–--------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

 

ბრალდებულმა მ-------- ღ-–------- თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მიუცია.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება მ-------- ღ-–------ს ბრალდების დასადასტურებლად. დაზარალებულმა ე----- ს--–--------მ უარი განაცხადა მისი შვილის მ-------- ღ-–------ს მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მტკიცებულება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომლებითაც შეუძლებელია უტყუარად დადასტურდეს ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.

 

მოწმე რ----- ს------ არ შესწრებია მ-------- ღ-–------ს მხრიდან ე----- ს--–-------ის მიმართ ძალადობის ფაქტს, მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, რომ

ე----- ს--–-------- გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისმა შვილმა მ-------- ღ-–------- მიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა ხელი თავის და ზურგის არეში და განიცადა ძლიერი ტკივილი, არაა საკმარისი ქმედების 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით კვალიფიკაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ე----- ს--–--------ს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. შესაბამისად არ დასტურდება მ-------- ღ-–------ს მხრიდან ე----- ს--–-------ის მიმართ ძალადობის ფაქტი, რომლის გამოც ე----- ს--–--------მ განიცადა ტკივილი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან ს ხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-------- ღ-–------ს დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი მოწმის ირიბი ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება მ-------- ღ-–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------- ღ-–------ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გამართლებულს - მ-------- ღ-–-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი