განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100119003054667
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2779-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნ--------------

 

დაცვის მხარე

დამცველები - მ----------------- ქ------–-------------–-

თარჯიმანი - ვ-----–--------------

ბრალდებული - ა--------------, დაბადებული - 1----–-–-------------------, პირადი N------------ დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, შ-----–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ--------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა--------------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2----–-–----------, დღის საათებში, თბილისში, კ--------------------------ში ა-------------მა მისი ოჯახის წევრს ს-------------------ს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ა-------------მა მისი ოჯახის წევრს - ს-------------------ს მარცხენა სახისა და ყურის არეში და მარცხენა ხელზე დაარტყა ხელი. ასევე, მოქაჩა თმებში და ხელი წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც ს-------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ა-------------- წავიდა ბინიდან და გასაღებით ჩაუკეტა ბინის კარები ს-------------------ს, რითაც ამ უკანასკნელს არ მისცა ბინიდან წასვლის საშუალება.

2019 წლის 6 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, კ--------------------------ში ა-------------- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის 3 ცალ სამხედრო არასპეციალური დანიშნულების და 1 ცალ სანადირო დანიშნულების ვაზნას, 4 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვათათვის განკუთვნილ ვაზნებს და 1 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის „პარაბელუმის“ ვაზნას, რომლებიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დ--------------------------------–----------------–---------- განყოფილების თანამშრომლების მიერ სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2----–-–---------- ა--------------ს მიერ ს-------------------ის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. თუმცა, უტყუარად დადასტურდა ა--------------ს მიერ დაზარალებულის მისამართით განხორციელებული ძალადობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2----–-–----------, დღის საათებში, თბილისში, კ--------------------------ში ა-------------მა მისი ოჯახის წევრს ს-------------------ს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ა-------------მა მისი ოჯახის წევრს - ს-------------------ს მარცხენა სახისა და ყურის არეში და მარცხენა ხელზე დაარტყა ხელი. ასევე, მოქაჩა თმებში და ხელი წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც ს-------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 6 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, კ--------------------------ში ა-------------- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის 3 ცალ სამხედრო არასპეციალური დანიშნულების და 1 ცალ სანადირო დანიშნულების ვაზნას, 4 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვათათვის განკუთვნილ ვაზნებს და 1 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის „პარაბელუმის“ ვაზნას, რომლებიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დ--------------------------------–----------------–---------- განყოფილების თანამშრომლების მიერ სახლის ჩხრეკის შედეგად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ა--------------ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ჩადენას

 

დაზარალებულ ს-------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: ა-------------- გაიცნო უნივერსიტეტში, შეუყვარდათ ერთმანეთი, მასთან გადავიდა საცხოვრებლად და ერთად ცხოვრობდნენ ბოლო 9 თვის განმავლობაში. 2----–-–---------- მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა ა-------------ს, რომ გადიოდა მარკეტში, რაზეც მოგვიანებით მიიღო პასუხი, რომ არ წასულიყო, თუმცა უკვე გასული იყო სახლიდან. ა-------------მა მიაკითხა მარკეტში და წამოიყვანა სახლში, როდესაც შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ეჭვიანობა, მოუვიდათ შელაპარაკება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახის მარცხენა არეში და მარცხენა ყურის არეში ძლიერად რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც განიცადა ტკივილი. შემდგომ, ძლიერად მოქაჩა თმებში, რამაც ასევე ტკივილი გამოიწვია და ბოლოს, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში რამდენიმე წამის განმავლობაში, რა დროსაც არ ჰქონდა სუნთქვის შესაძლებლობა და ძალიან შეეშინდა. დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ა-------------მა საერთო გასაღებით ჩაკეტა კარი და სამსახურში წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი ბრალდებულს დაუკავშირდა და სთხოვა მისულიყო და კარი გაეღო. ა----- დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ მივიდა და ცდილობდა კარის გაღებას, მაგრამ ვერ გააღო, რადგან ამ დროს მას კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი, ვინაიდან გაბრაზებული იყო და არ უნდოდა ა--------------ს სახის დანახვა. ა-------------- კვლავ დაბრუნდა სამსახურში, ხოლო თავად 5-6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში ჩაკეტილ მდგომარეობაში, თუმცა მას სახლიდან გასვლის სურვილი არ ჰქონია. საღამოს საათებში დაუკავშირდა მის დაქალს - ი---------------ას და დაიწყო ტირილი. ი-------- ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა რომ ა-------------ს ეჩხუბა და სთხოვა მისულიყო კარის გასაღებად. ი---------------ა მივიდა დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, თუმცა მას დაქალისთვის პოლიციაში დარეკვა არ დაუვალებია. პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ა-------------ს, რომელიც მივიდა და გააღო კარი, თუმცა მანამდე თავად გააღო კარი შიგნიდან და აღარ შეუმოწმებია კარები გარედან ღია იყო თუ არა. კარების გაღების შემდეგ კი, მეგობართან ერთად, პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ჩვენების მისაცემად. დაზარალებულის განმარტებითვე, მისი ანართან გადასვლის დროს შავი ფერის სეიფი დახვდა იქ, რომელშიც ბრალდებული ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღებს, ხელბორკილს, შავი ფერის ნიღაბს და იარაღის ვაზნებს, რომელიც თავად აჩვენა, თუმცა არ უთქვამს რისთვის სჭირდებოდა. ასევე, მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გაეცნო დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა განაცხადა ისიც, რომ ა----- ორ ცვლაში მუშაობდა და სახლიდან გასვლის დროს ყოველთვის გარედან კეტავდა კარს, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შემთხვევის დღეს ძალიან გაბრაზებული იყო ბრალდებულზე, მოვლენები გააზვიადა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მოწმე ი---------------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის სექტემბრის თვიდან ა-------------- და ს-------------------ი ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ტელეფონზე დაუკავშირდა ს-------------------ი, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო და ტიროდა. ჰკითხა რა მოუვიდა, რაზეც უპასუხა, რომ ა-------------მა სცემა, ცდილობდა მის დახრჩობას, ყელში ხელი მოუჭირა, ჩაკეტა ბინაში და ვერ ახერხებდა ბინიდან გამოსვლას. დაზარალებულს უთხრა, რომ პოლიციაში დაერეკა და განეცხადებინა, რაზეც უპასუხა, რომ ა-------------- აშანტაჟებდა ინტიმური ხასიათის ფოტოების გავრცელებით, რის გამოც შეშინებული იყო და არ სურდა პოლიციის გამოძახება. რამდენიმე საათში შეძლო ს-------------------ის დათანხმება და მისი ნებართვით დარეკა 112-ში - ოპერატორს აცნობა, რომ მისი მეგობარი ჩაკეტილი იყო ბინაში და სთხოვა კარის გაღებაში დახმარება. აღნიშნულის შემდეგ, თავადაც გაემართა ს-------------------ის საცხოვრებელ ბინასთან. დაახლოებით 23:00 საათზე, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა ბინასთან. დაზარალებული კარებთან წყნარად იდგა და ელოდებოდა კარების გაღებას. პოლიციელები დაუკავშირდნენ ა-------------ს, რომელიც მივიდა, თუმცა კარი ა-------------მა გააღო თუ არა მას არ დაუნახავს. ბინაში შევიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ბრალდებული გაიყვანეს სხვა ოთახში, თავად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ს-------------------ს სახეზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, მხოლოდ ყური ჰქონდა გაწითლებული, რომელი ყური არ ახსოვს, დასიებული და ნამტირალევი იყო. დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ დაუკავშირდა ა-------------ს და სთხოვა გაეღო კარი, რომელიც მივიდა კარის გასაღებად, თუმცა ა--------------ს მისვლამდე თავად შიგნიდან ჩაკეტა კარი და არ გააღო. მოწმის განმარტებითვე, ს-------------------ის და ა--------------ს ბინაში სეიფი უნახავს, თუმცა მასში რა ინახებოდა არ იცის. ს-------------------მა შიგნიდან სცადა თუ არა კარის გაღება არ იცის, არც საკეტის ხმა გაუგია და არც სახელურის ჩამოწევის ფაქტი დაუნახავს.

მოწმე გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ს-------------------ს მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და საცხოვრებელ სახლში იყო ჩაკეტილ მდგომარეობაში. განყოფილების უფროსი - მ-----------–---–ი და მისი მეწყვილე - დ------------–---–ი მივიდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, რომელთა მიერ განყოფილებაში გადაყვანილი იქნა ს-------------------ი და ი---------------ა, რომლებიც გამოკითხნენ მოწმის სახით. ი---------------ამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განცხადებით წარადგინა ფოტოსურათები, რომელზეც ასახული იყო დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები. ს-------------------მა გამოკითხვისას მიუთითა, რომ ა-------------- მათ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღებს და საბრძოლო მასალას. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გამოძახებული იქნენ ექსპერტები და მ-----------–---–თან, დ------------–---–თან და გ---------------–--ესთან ერთად გავიდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. ადგილზე დახვდათ ა-------------- და გაჩხრეკილი იქნა საცხოვრებელი ბინა. ბინის შესასვლელიდან მარჯვნივ იდო სეიფი, რომლის კარი იყო მიხურულ მდგომარეობაში, მაგრამ არა დაკეტილი. სეიფიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, ვაზნები, მეხსიერების ბარათები, გასაღებები, ხელსაწყოები ე.წ. „ატმეჩკები“, ხელბორკილი, ნიღაბი და რაცია. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა-------------ს განუმარტა უფლება-მოვალეობები და დააკავა ბრალდებულის სახით. პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ა-------------ს, რის შემდეგ გამოკითხა ბრალდებულის სახით და გადასცა მტკიცებულებები. ს-------------------ს გააცნო უფლება-მოვალეობები და გადასცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. ასევე, მის მიერ გამოკითხული იქნენ სხვა მოწმეები და დანიშნული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა.

ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით, ანალოგიური შინაარისის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - მ-----------–---–მა, ვ----–---–----ემ და ა-–-----------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მათ მიერ დასურათდა, დეტალურად აღიწერა და დაილუქა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–---–მაც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მოწმის სახით გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი - ი---------------ა. მის ხელმძღვანელთან ერთად მივიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისში, კ------ ქუჩაზე, სადაც დახვდათ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ბინის კარი იყო ჩაკეტილ მდგომარეობაში. ს-------------------ი იმყოფებოდა ბინაში, რომელიც ვერ ახერხებდა გამოსვლას და იყო ძალიან აღელვებული. დაუკავშირდნენ ბრალდებულ ა-------------ს, რომელიც მივიდა გააღო კარი. მოწმემ აჩენა ისიც, რომ დაზარალებულს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები ლოყაზე, ყურის არეში და ხელზე.

მოწმე თ-------------------–---–ის ჩვენებით, მაისის თვეში, ღამის საათებში, შევიდა გამოძახება მასზედ, რომ ქ. თბილისში, კ------ ქუჩაზე ესაჭიროებოდათ კარის გაღება. ადგილზე მისულს დახვდათ პოლიციის თანამშრომლები და გოგონა, რომელიც ითხოვდა კარის გაღებას. პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ბრალდებულს, რომელმაც უთხრა რომ მივიდოდა კარის გასაღებად. მისთვის გაუგებარი იყო, რას ამბობდა ბინაში მყოფი გოგონა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - გ------------------ემ.

მოწმე ნ-----–-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს----------–----- საკუთრებაში აქვს ბინა, რომელიც 2 წლის წინ მიაქირავა ბრალდებულ - ა-------------ს. თავდაპირველად ა-------------- მარტო ცხოვრობდა, ხოლო ბოლო 5-6 თვის განმავლობაში მეგობარ გოგონასთან ერთად. მას ბინაში გაქირავებისას სეიფი არ ჰქონდა და არც შემდგომ მისვლისას შეუნიშნავს სეიფი.

მოწმე ი---------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, ა-------------- არის მისი მეგობარი, რომელიც პერიოდულად ცხოვრობდა მასთან, ხოლო 2017 წელს საბოლოოდ გადავიდა ქ. თბილისში, კ------ ქუჩაზე საცხოვრებელად. მას ნადირობა უყვარს და აქვს იარაღები, რის თაობაზეც ა--------------სთვის ცნობილი იყო. მან ბრალდებულს აჩუქა სეიფი და უთხრა სეიფის კოდიც, რომელიც ჩუქებამდე კარგად შეამოწმა და ნახა, რომ ცარიელი იყო. მართალია სეიფი არის მაგნიტური, მაგრამ გამოძიების მიერ ამოღებული ამდენი ტყვია შიგნით ისე ვერ დაიმალებოდა, მას რომ ვერ შეემჩნია.

2019 წლის 06 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ--------------------------ში მდებარე ა--------------ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე შავი ფერის სეიფიდან, რომლის კარები ღია მდგომარეობაშია, ამოღებული იქნა: 1 ცალი მჭიდის კაბურა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ორი ცალი მეტალის დეტალი გასაღებების ფორმის მეტალის თავით, 30 ცალი გასაღები მეტალის რგოლებთან ერთად, მეტალის რგოლზე აცმული 4 ცალი გასაღები და ე.წ „ბრელოკი,“ 3 ცალი პირტოლეტის მაგვარი საგანი, 10 ცალი ვაზნა, დანის მაგვარი საგანი ჩასადებთან ერთად, მეტალის საგანი ე.წ. „კასტეტი“, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 2 ცალი მეტალის საგანი ე.წ. „ატმეჩკა,“ ერთი ცალი ლაზერული დისკი ჩასადებთან ერთად, ორი ცალი მეტალის რგოლზე აცმული 6 ცალი გასაღები 2 ცალი ბრელოკით, 9 ცალი მესხიერების ბარათი, 7 ცალი მობილური ტელეფონი, რაცია, ანტენა, სიმ ბარათი, 3 ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ხელბორკილი, ერთი ნიღაბი.

2019 წლის 07 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 10 (ათი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტებიდან: - 4 (ოთხი) ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,62X39 მმ კალიბრის ვაზნა, რომელთაგან 3 (სამი) ცალი, მარკირებით „31 72”, არის სამხედრო არა სპეციალური დანიშნულების ვაზნა, რომლებიც განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის "AK-47", "AKM", "AKMC","AKMCY" მოდელის ავტომატებისათვის, "CKC" მოდელის კარაბინინებისათვის. ასევე მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის, სანადირო დანიშნულების შაშხანებში და კარაბინებში, ხოლო 1(ერთი) ცალი ვაზნა, მარკირებით “BП3 7,62X39”, არის სანადირო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნების გასროლა შესაძლებელია კალაშნიკოვის კონსტრუქციის 7,62მმ კალიბრის "AK-47", "AKM", "AKMC", "AKMCY" მოდელის ავტომატებიდან, "CKC" მოდელის კარაბინიდან, და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მათგან 3 (სამი) ცალი არის, სამხედრო არა სპეციალური დანიშნულების, ხოლო 1 (ერთი) ცალი არის სანადირო დანიშნულების ვაზნა; 4 (ოთხი) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. ოთხივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 1 (ერთი) ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის „პარაბელუმის“ (P.08) ვაზნა, განკუთვნილი 9მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ვაზნა ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. წარმოდგენილი სამი მჭიდიდან ორი არის 17-17 ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 9 მმ ნომინალური კალიბრის სხვადასხვა მოდელის პისტოლეტებისათვის, მათ შორის წარდგენილი „EKOL Dicle“ და „BLOW TR-17“ პისტოლეტისათვის, ხოლო ერთი განკუთვნილია წარდგენილი პნევმატური პისტოლეტისათვის. ვინაიდან პნევმატური იარაღებიდან გასროლის პრინციპი არსებითად განსხვავდება ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლის პრინციპისაგან - კერძოდ: ცეცხლსასროლ იარაღებში გასროლა ხდება ვაზნაში მოთავსებული დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების ენერგიის ჭურვზე ზემოქმედებით, ხოლო პნევმატურ იარაღებში შეკუმშული ან დაჭირხნული აირის ჭურვზე ზემოქმედებით, შესაბამისად დადგენა იმისა, როდისაა შესრულებული ბოლო გასროლა პნევმატური იარაღიდან შეუძლებელია.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------------მ.

2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. ს--------------------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (06.05.2---–-ს) მარცხენა ყურის ნიჟარის, მარცხენა ლოყის მიდამოებში და კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი. პირადი გასინჯვის მონაცემები: ობიექტურად: მარცხენა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება წყვეტილი ხასიათის, მუქი მოწითალო-მოიისფრო ელფერის სისხლნაჟღენთი, ზომით-4,7X0,5სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარცხენა ლოყის შუა მესამედში განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, ზომით-1,7X0,3სმ; კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ზედა მესამედში, წყვეტილი ხასიათის ზომით-2X0,7 სმ; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში წინა ზედაპირზე აღენიშნება გასწვრივად და ოდნავ ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის წყვეტილი ხასიათის, კანის დონეზე მდებარე მუქი მოწითალო მოიისფრო ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით-1,5X0,2სმ. გარეგნულად სხეულზე სხვა რაიმე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებელი პირი უჩივის ტკივილს დაზიანებების საპროექციო მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------მ.

აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ა------------მა ნაწილობრივ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ ოჯახში ძალადობის ნაწილში. კერძოდ, დაზარალებულთან მოუვიდა უთანხმოება, ნერვები ჰქონდა მოშლილი და ხელი გაარტყა, მაგრამ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და პატიების სანაცვლოდ გასეირნება შესთავაზა, თუმცა დაზარალებულმა უარი უთხრა და განუმარტა, რომ სახლში ყოფნა ერჩია. ამის შემდეგ, კარი გარედან ჩაკეტა, როგორც ყოველთვის და სამსახურში წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ს-------------------მა მისწერა, რომ გასვლა უნდოდა და კარი გაეღო. ის მაშინვე დაბრუნდა კარის გასაღებად, მაგრამ დაზარალებულს კარი უკვე შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი, რომელმაც განუცხადა, რომ კარს არ გააღებდა და მოსთხოვა წასულიყო. იგი მეორედაც მივიდა კარის გასაღებად, თუმცა ვერ აღებდა, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი - გასაღები არ ტრიალებდა და კვლავ სამსახურში დაბრუნდა. სამუშაო საათები დაასრულა და სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დაურეკეს და აცნობეს, რომ მასთან პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები. სახლთან მისვლისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შემდეგ აიყვანეს ბინასთან და ცდილობდა კარის გაღებას, თუმცა არ იღებოდა, რის შემდეგაც თავად დაზარალებულმა შიგნიდან გააღო კარები. ბრალდებულმა განმარტა ისიც, რომ სეიფიდან ამოღებული საბრძლო მასალა მას არ ეკუთვნოდა. სეიფში არის მაგნიტური და აქვს ადგილი, სადაც შეიძლება დადო რკინის ნივთები და ვერ დაინახო - მისთვის უცნობია ტყვიები იქ როგორ აღმოჩნდა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-------------მა ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ხოლო რაც შეეხება ა--------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ ბრალდების ამ ნაწილში და უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ა--------------ს ბრალეულობა ოჯახის წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ა-------------ს ედავება მასში, რომ 2----–-–----------, დღის საათებში, თბილისში, კ--------------------------ში მისი ოჯახის წევრს - ს-------------------ს ბინიდან გასვლისას გასაღებით ჩაუკეტა კარები და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე, არის თუ არა მისი ჩვენება სანდო და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა--------------ს მიერ ს--------------------ის მიმართ 2019 წლის 05 მაისს განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაც კი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

დაზარალებულმა ს--------------------მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალდებული როდესაც მიდიოდა სახლიდან სამსახურში ყოველთვის გარედან კეტავდა კარებს, ვინაიდან სარგებლობდნენ ერთი გასაღებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასე მოხდა შემთხვევის დღესაც და იმ მომენტისათვის მას სახლიდან გასვლის სურვილი არ ჰქონია და სახლში ყოფნა უნდოდა. როდესაც წასვლა გადაწყვიტა და ამის თაობაზე ა----- შეატყობინა, იგი მაშინვე მივიდა და გარედან გააღო კარი, თუმცა თავად ჩაკეტა კარი შიგნიდან, ვინაიდან გაბრაზებული იყო და ბრალდებულის დანახვა არ უნდოდა. მისივე განმარტებით, ა----- მეორედაც მივიდა კარის გასაღებად, მაგრამ ის კვლავ შიგნიდან იყო დაკეტილი და ამის გამო, გაღება ვერ მოხერხდა, რაც სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩენებასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა ბრალდებულის სუბიექტური განზრახვა, რომ დაზარალებულისთვის აღეკვეთა თავისუფლება და დაზარალებულის ობიექტური განცდა, რომ მას თავისუფლების გადაადგილების საშუალება მოუსპეს.

ამასთან, საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმე - ი---------------ას ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ა-------------მა ს-------------------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, მაშინ როდესაც მოწმე სასამართლოს წინაშე არ იყო გულწრფელი, როდესაც ჯერ განაცხადა, რომ დაზარალებულმა 112-ში იმიტომ არ დარეკა, რომ ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა, ხოლო შემგეგ აჩვენა, რომ თავად პოლიციაში ს-------------------ის ნებართვით დარეკა, რაც კატეგორიულად გამორიცხა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. ამასთან, მისთვის უცნობია - არ დაუნახავს კარები შიგნიდან გაიღო თუ გარედან. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ არსებით წინააღმდეგობასაც. კერძდ, მოწმე დ------------–---–ის განმარტებით, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, საუბრობდა ხმამაღლა და ითხოვდა დახმარებას, რაც უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების - თ-------------------–---–ის, გ------------------ის და ი---------------ას ჩვენებით, რომელთა განმარტებითაც დაზარალებული იყო მშვიდად და მისი პოლიციის თანამშრომლთან საუბარი მათ არ ესმოდათ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

ამდენად, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, იგი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, ხოლო ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ა-------------- თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ა-------------მა ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ა--------------ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა და აღნიშნული მუხლისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად, როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური იძულებით. ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, მოჭერა, მოქაჩვა - ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია საბრძოლო მასალა. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ტყვია.

საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა. საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას: სარდაფში, გარაჟში, მიწაში ან საცხოვრებელ ბინაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და ამასთან, მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ოჯახში ძალადობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით), ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ხოლო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და დაზარალებულის პოზიციას, რომ მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მჭიდის კაბურა, სამი ცალი პისტოლეტი, რაცია, ხელბორკილი და 5 ერთეული ვაზნა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი წყვილი ხელთათმანი, ორი ე.წ. „ატმეჩკა“ და ნიღაბი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 2 ერთეული მეტალის დეტალი გასაღების ფორმის მეტალის თავით, 30 ერთეული გასაღები მეტალის რგოლებთან ერთად, მეტალის რგოლზე აცმული 4 (ოთხი) ერთეული გასაღები და ბრელოკი, მობილური ტელეფონები, ერთი ცალი ლაზერული დისკი ჩასადებთან ერთად, ორ ერთეულ მეტალის რგოლზე აცმული 6 (ექვსი) ერთეული გასაღები ორი ბრელოკით, 8 მეხსიერების ბარათი, 7 სიმბარათი, ანტენა, დანა ჩასადებთან ერთად და კასტეტი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ასევე ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. ა-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ა--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 06 მაისიდან.

5. ნივთმტკიცება:

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მჭიდის კაბურა, სამი ცალი პისტოლეტი, რაცია, ხელბორკილი, 5 ერთეული ვაზნა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი წყვილი ხელთათმანი, ორი ე.წ. „ატმეჩკა“ და ნიღაბი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ა--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 2 მეტალის დეტალი გასაღების ფორმის მეტალის თავით, 30 ერთეული გასაღები მეტალის რგოლებთან ერთად, მეტალის რგოლზე აცმული 4 (ოთხი) ერთეული გასაღები და ბრელოკი, მობილური ტელეფონები, ერთი ცალი ლაზერული დისკი ჩასადებთან ერთად, ორ ერთეულ მეტალის რგოლზე აცმული 6 (ექვსი) ერთეული გასაღები ორი ბრელოკით, 8 მეხსიერების ბარათი, 7 სიმბარათი, ანტენა, დანა ჩასადებთან ერთად და კასტეტი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ასევე ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი