გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/750-19
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ა-–----------
წარმომადგენელი - გ-----------–--–--ა
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი---------------------–---ს მოქალაქე ა-–---------- (დაბადების თარიღი----.---1--- წელი) არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტი. სწავლების ხანგრძლივობაა 12 სემესტრი (6 წელი) სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია - 2023 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 51).
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 21.09.2018 წლის ცნობა (ს.ფ. 59).
3.1.2. 2018 წლის 02 ოქტომბერს, მოსარჩელე ა-–----------მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე(ს.ფ. 45-46).
3.1.3. საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 03 ოქტომბერს №1----------- წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ა-–----------სთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 31 ოქტომბრის S---------------2 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 ოქტომბრის №1----------- წერილი (ს.ფ. 61);
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 31 ოქტომბრის S---------------2 წერილი (ს.ფ. 62).
3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილებით ა-–----------ს სახელზე გაიცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბრის N---------- გადაწყვეტილებით ა-–----------ს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 01 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილება (სფ. 55-56).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბრის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 54).
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბრის N---------- გადაწყვეტილება ა-–----------ს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნაბართვის გაცემის შესახებ; მოსარჩელის მიმართ გაცემული საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 14 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64-65).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–----------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ა-–----------ს მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; ამავე კანონის 21-ე მუხლით მოცემულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ა-–----------ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მიენიჭა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაუგრძელდა 2023 წლის 01 ოქტომბრამდე. დადგენილია ასევე, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ა-–----------ს მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან
ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა
ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ.
ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და გაეცნო შესაბამისი უწყებიდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას, რაც საფუძვლად დაედო ა-–----------სთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №1----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური