განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
010100119003255461
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003255461

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ოლ-----------–--ლი

 

ბრალდებული - ბე----------–-ვა

ადვოკატი - ზა---------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ბე----------–-ვა

მამის სახელი: ოთარი

დაბადებული: 1--02.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 1----------

მისამართი: ზ--------ი, ი. ტუ-------ის ქ. N26

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1261 მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბათუმში, ლე--------------------ების ქ. N1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,მ------------ი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბე----------–-ვამ ფეხზე ფეხის ჩარტყმით და სახის არეში ხელის დარტყმით, ოჯახის წევრს - მეუღლეს, ო-–---------კს მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ო-–---------კის ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:

 

3. 2019 წლის 26 სექტემბერს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაზარალებულ ო-–---------კის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

4. შეტყობინების (რეგისტრაციის N2556762) თანახმად, ო-–---------კი აცხადებდა, რომ 2019 წლის 26 სექტემბერს იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ლ------------ა კა------ბის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ეიფორია’’-სთან, სადაც ყოფილმა ქმარმა ბე----------–-ვამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

5. ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებელ გო---–----ის მიერ შედგენილი N021952 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 26 სექტემბერს, ო-–---------კს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ბე----------–-ვამ. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ბე----------–-ვას შეეზღუდა მსხვერპლთან ო-–---------კთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

6. დაზარალებულ ო-–---------კის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, ის და ბრალდებული ერთად 8 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა არ იყო ცოლ-ქმრული, რადგან მას ხშირად სცემდა ქმარი. აღნიშნულ შემთხვევამდე მას გადაწყვეტილი ჰქონდა ქმართან ურთიერთობის გაწყვეტა. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მისმა ნათესავებმა გააფრთხილეს, რომ ბე----------–-ვა საქართველოში ჩამოვიდა და ფრთხილად ყოფილიყო. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობართან ერთად იყო, როცა დაინახა ბრალდებულმა, ისინი შევიდნენ მაღაზია ,,მ------------ი’’-ში. ო-–---------კმა ცადა მეგობრის ,,მ------------ი’’-დან გარეთ გაყვანა, ამ დროს მათ დაედევნა ბრალდებული, რომელმაც ფეხზე დაარტა ო-–---------კს. რომელიც შევარდა ტაქსში, ბრალდებულმა მას შეაფურთხა, შემდეგ მარჯვენა თვალის არეში დაარტყა, შემდეგ დაჯდა მანქანაში და გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის ასეთი საქციელი გამოწვეული იყო ეჭვიანობით. მისი განმარტებით ის ძალიან შეშინებულია და ამის შედეგად სტრესი მიიღო, ხოლო ფიზიკური შეურაცყოფისას განიცადა ტკივილი.

 

7. 2019 წლის 26 სექტემბერს შედგენილი ოქმის თანახმად (პირის გარეგნული დათვალიერების შესახებ), დაზარალებულის გადმოცემით ტკივილს განიცდის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. კერძოდ: სახის არეში, მარჯვენა ნაწილში, სადაც, მისი განმარტებით ხელი ჩაარტყა მისმა ყოფილმა მეუღლემ, თვალის უბე არის შეშუპებული, ამობურცულია კანი დაახლოებით 4 სმ-სიგრძეზე თვალის გასწვრივ, რკალისებურად, აღენიშნება კანის ზედაპირის არაერთგვაროვნება და მოწითალო ელფერი, ასევე ჩაწითლებული აქვს მარჯვენა ლოყის ღაწვი და ქვედა ყბის სეგმენტი, წარბის ქვემოთ შეინიშნება მცირედი სიწითლე და კანის სტრუქტურის ცვალებადობა. მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭის გარე ზედაპირზე უჩივის ტკივილს და აღენიშნება მცირე ზომის სილურჯე. მისი განმარტებით ძლიერ ტკივილს და სიმხურვალეს განიცდის თავის ნაწილში.

 

8. 2019 წლის 30 სექტემბრის ო-–---------კის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმის თანახმად ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერებზე ნათლად ჩანს ბე----------–-ვას მხრიდან განხორციელებული ძალადობა დაზარალებულზე.

 

9. უდავო მტკიცებულებით - ტაქსის მძღოლ ავთანდილ ფაღავას გამოკითხვის ოქმის ანალიზით სრულად დადასტურებულია დაზარალებულის მხრიდან სასამართლოში მიცემული ჩვენება ბე----------–-ვას მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

11. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

1-- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

13. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო-–---------კი არის ბე----------–-ვას მეუღლე.

 

14. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბე----------–-ვამ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია ბე----------–-ვას მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბე----------–-ვას ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა და ამ მოქმედების მოტივი იყო ეჭვიანობა.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

16. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

17. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

18. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

19. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ გააჩნია (დაცვის მოწმე დაკითხვამდე პროცესს ესწრებოდა იხ. ოქმი, ხოლო ბრალდებულმა ჩვენების მიცემა არ ისურვა), ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იყო არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ბე----------–-ვას მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

20. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

21. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

22. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ბე----------–-ვა უდანაშაულოა. სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულმა ბე----------–-ვამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან პროკურორის მიერ წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბე----------–-ვამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. ბე----------–-ვას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

25. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბე----------–-ვას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ბე----------–-ვას რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბე----------–-ვა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, მოსახდელ სასჯელად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს ზა---------ეს პ/ნ 6---------- კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3.000 (სამი ათასი) ლარი, დასტური Nა 056119, შემოსავლის დოკუმენტი N1/23471.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი