გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.01.2020
საქმის ნომერი
330210019003015210
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11907-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - ა----- დ--------ი

წარმომადგენელი - ს---------------–---

 

მოპასუხე - სს „თ--–--ი“

წარმომადგენლები - ა-----------–-----–-----------------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ''თ--–--ს'' მოსარჩელე ა----- დ--------ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს პროთეზირებისათვის „ოტტობოკის“ კლინიკის მიერ მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდევინებული თანხა - 53887,03 ევროს ოდენობით;

1.2. მოპასუხე სს ''თ--–--ს'' მოსარჩელე ა----- დ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს, პროთეზის სრული კომპლექტაციით აღჭურვის მიზნით (ე.წ. ბებიონიკური ხელის „ვარიპლუს შპეედ ჰანდისა და „გრეიფერის“ ღირებულება) 54820,92 ევროს გადახდა;

1.3. მოპასუხე სს ''თ--–--ს'' მოსარჩელე ა----- დ--------ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს სახით, 2011 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდზე, ჯამში 23519,1 ლარი, ხოლო 2019 წლის მაისის თვიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2012 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით დაკისრებული თანხის - 655,4 ლარის ზემოთ, ყოველთვიურად დამატებით სხვაობის - 467,15 ლარის გადახდა;

1.4. მოპასუხე სს ''თ--–--ს'' მოსარჩელე ა----- დ--------ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს მიუღებელი თანხის (სადღეღამისო მომვლელის ხარჯის) სახით 2014 წლის პირველი კვარტლიდან 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდზე 22630 ლარი, ხოლო 2019 წლის მაისის თვიდან, სამომავლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 2557 ლარის ზემოთ, ყოველთვიურად დამატებით სხვაობის - 365 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2005 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, ქ-----------–-------ში არსებულ ავარიულ სატრანსფორმატორო ელექტრო-ქვესადგუში, მაღალი ძაბვის დენის დარტყმის შედეგად, 13 წლის ა----- დ--------მა სხეულის 17%-ზე, მე-3 და მე-4 ხარისხის ელექტრო-თერმული ტრავმა მიიღო. ქირურგიული ჩარევით ამპუტირებულ ექნა ორივე ზედა კიდური. ტრავმის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაკარგა შრომის უნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით და გახდა სამუდამოდ ხეიბარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა----- დ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს „თ--–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

 

1. მკურნალობაზე გაწეული ხარჯი - 7046,82 ლარი, პროტეზირებისთვის - 73105,02 ევრო და მგზავრობის ხარჯი - 2985,08 ევრო;

2. ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში 597,6 ლარი, 2011 წლის განმავლობაში, თვეში 655,4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში 655,4 ლარი;

3. მომვლელის ხარჯების გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრიდან, თვეში 2557 ლარი;

4. მორალური ზიანის ანაზღაურება - 100000 ლარი;

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 21.11.2012 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სს „თ--–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა 2005 წლის 4 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121360,6 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან მომავალში, თვეში 2557 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება: 1. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დაკისრებული თანხის სიმცირის გამო და 2. პერიოდულად წარმოშობადი ვალდებულების დაუკისრებლობის ნაწილში (რომელიც შეეხებოდა პროთეზების ცვეთა-მწყობრიდან გამოსვლის გამო, მათი აღდგენა-შეცვლის აუცილებლობას) და ამ ორი მოთხოვნის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხემ მოითხოვა - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა----- დ--------ის სასარგებლოდ სს „თ--–--ს“ დააკისრა მორალური ზიანის - 200 000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო გადაწყვეტილებები აღსრულდა დაკისრებული თანხების ნაწილში, რაც შეეხება, სამომავლოდ დაკისრებულ ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის ხარჯებს, მოპასუხე ყოველთვიურად ახდენს მათ გადახდას.

 

2017 წლის მაის-ივნისის თვეში, ქ. დუდერშტატში, „ოტტობოკის“ კლინიკაში, ა----- დ--------ი აღჭურვილი იქნა ორი ცალი მიოელექტრული კონტროლირებადი პროთეზით - Variplus speed hand და Greifer-ით, რომელთა ღირებულებამაც, სასამართლოს მიერ, „ოტტობოკის“ კლინიკის 2010 წლის 11 ივნისის N20114883 “შემოთავაზებით“ (წარმოადგენს ფასთა გაანგარიშებას - კალკულაციას) განსაზღვრულ, პროთეზირებისთვის დაკისრებულ 73 105,92 ევროზე მეტი შეადგინა და გადასახდელი აღმოჩნდა ჯამში 126 992,95 ევრო, 53 887,03 ევროთი მეტი. ამის შესახებაც არ იყო ცნობილი მოსარჩელისა და სასამართლოსათვის საქმის განხილვისა და პროთეზირების ხარჯების დაკისრებისას. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 126 992,95 ევრო, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა. ამ თანხის გადახდით მოსარჩელემ იზარალა და სს „თ--–--ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ, „ოტტობოკის“ კლინიკისათვის ზედმეტად გადახდილი 53 887,03 ევროს ანაზღაურება.

 

გარდა ამისა, ა----- დ--------ის პროთეზირება მოხდა არასრული კომპლექტაციით - ე.წ. ბებიონალური ხელის მარცხენა პროთეზისათვის, Varilpus Speed ხელის მარჯვენა პროთეზისათვის და Greifer-ის (მძიმე ამოცანათა შესრულებისათვის), დამატებით კომპონენტთა გარეშე, იმის გამო, რომ მას არ ეყო თანხა სრული კომპლექტაციით პროთეზირებისათვის. „ოტტობოკის“ 2017 წლის 1 ივნისის N20279144 ოფიციალურ დოკუმენტში (Treatment proposal) მითითებულია, რომ სრული კომპლექტაციით პროთეზირებისათვის აუცილებელია შემდეგი კომპონენტები: 1. გადამყვანი; 2. System Elektric Greiver DMS Variplus-ი" 3. სისტემური ელექტრო ხელი- “Bebionic”, ორწლიანი გარანტიით; 4. პროთეზის ხელთათმანი - „Bebionik glove“; 5.სისტემური ელექტრო ხელი - “Myohand Variplus Speed“-ი და 6. პროთეზის ხელთათმანი - „Myoskin Natural”-ი, რომელთა ღირებულება, აღნიშნული კლინიკიდან გამოთხოვილი ცნობების მიხედვით, 54820,92 ევროს შეადგენს. დამატებითი კომპონენტებით აღჭურვის შემთხვევაში, ე.წ. Variplus Speed hand-ი და Greifer-ი, პაციენტს მისცემს შესაძლებლობას, ბებიონიკური ხელით ისარგებლოს ოფისში საქმიანობისას, ხოლო Variplus Speed ხელით სხვა აქტივობებისას, მაგალითად, ბაღში მუშაობისას და ა.შ., მოსარჩელეს სურვილი აქვს გაიუმჯობესოს თავისი შესაძლებლობები პროთეზებით მოქმედებისას და მოითხოვს დასახელებული კომპონენტებით დამატებით აღჭურვას.

 

მოსარჩელე ტრავმის მიღების შემდეგ არის მკვეთრად შესაძლებლობა შეზღუდული, მას მთლ----დ აქვს დაკარგული შრონისუნარიანობა, ამასთან, მისი პროთეზირება მოხდა არასრული კომპლექტაციით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე აღჭურვილ იქნა პროთეზებით, ყოფით ცხოვრებაში, მისი ქმედებათა არეალი მაინც ვიწრო და შეზღუდულია, იგი მოკლებულია ყველა ქმედების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს დამატებითი კომპონენტებით აღჭურვის ღირებულების 54 820,92 ევროს გადახდა.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით, ყოველთვიური ულუფის სახით, 2011 წლის განმავლობაში მოპასუხეს დააკისრა, საქართველოში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, თვეში 655,4 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც, იმ დროისათვის, მისი ოდენობა შეადგენდა - 689,8 ლარს - 34,40 ლარით მეტს; 2011 წლის განმავლობაში თანხა, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს და არ მიუღია, შეადგენს 34,40x12=412,8 ლარს;

 

2012 წლიდან სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიური ულუფის სახით დააკისრა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 655,4 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც 2012 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი ფაქტიურად შეადგენდა - 741,5 ლარს, -დაკისრებულ თანხაზე 86.1 ლარით მეტს; 2012 წლიდან, სს „თ--–--ი“, ა----- დ--------ს, ყოველთვიურად უხდის ულუფის სახით დაკისრებულ 655,4 ლარს. ამდენად, 2012 წლის განმავლობაში დანაკარგი თანხა, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს შეადგენს 86,1x12=1033,2 ლარს;

 

2013 წლის საშუალო ხელფასი ფაქტურად შეადგენდა 800,375 ლარს, - დაკისრებულზე 144,875 ლარით მეტს და 2013 წლის განმავლობაში დანაკარგი თანხა შეადგენს 144,875x12=1738,5 ლარს;

 

2014 წლის საშუალო ხელფასი სინამდვილეში შეადგენდა 865,2 ლარს - დაკისრებულზე 209,80 ლარით მეტს, რის გამოც, დანაკარგი 2014 წლის განმავლობაში, შეადგენს 209,80x12=2517,6 ლარს;

 

2015 წლის საშუალო ხელფასი შეადგენდა 932,875 ლარს -დაკისრებულზე 277,475 ლარით მეტს, 2015 წლის განმავლობაში დანაკარგი თანხა შეადგენს 277,475 x 12–3 329,7 ლარს;

 

2016 წლის საშუალო ხელფასი შეადგენდა 983,3 ლარს- დაკისრებულზე 327,90 ლარით მეტს, რის გამოც 2016 წლის განმავლობაში დანაკარგი შეადგენს 327,90 x 12= 3934,8 ლარს;

 

2017 წლის საშუალო ხელფასი ფაქტიურად შეადგენდა 1067,625 ლარს - დაკისრებულზე 412,225 ლარით მეტს, 2017 წლის განმავლობაში თანხა, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს და არ მიუღია, შეადგენს 412,225 12= 4946,7 ლარს;

 

2018 წლის საშუალო ხელფასი ფაქტიურად შეადგენს 1122,55 ლარს - დაკისრებულზე 467,15 ლარით მეტს და თანხა, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს 2018 წლის განმავლობაში შეადგენს 467,15x 12= 5605,8 ლარს;

 

ჯამში, დანაკარგი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს ყოველთვიური, სრული ულუფის სახით 2011 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში და არ მიუღია, შეადგენს - 23519,1 ლარს, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

2019 წლის მაისის თვიდან, საქსტატის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინანდელთან შედარებით გაზრდილია 467,15 ლარით და შეადგენს 1122,55 ლარს. სასამართლოს მიერ 21.11.2012 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით დაკისრებული თანხის - 655,4 ლარის ზემოთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სამომავლოდ, დამატებით უნდა დაეკისროს არსებული სხვაობის - 467,15 ლარის ყოველთვიურად გადახდა.

 

სასამართლომ, კოალიციის - „შინმოვლა საქართველოში“ მიერ, 2011 წლის 14 ნოემბერს გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, მოსარჩელის სასარგებლოდ, სს „თ--–--ს" დააკისრა მომვლელის ხარჯების გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრიდან, თვეში -2557 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 1 კვარტლიდან, ზრდასრული ხეიბარი ადამიანის შინმოვლის ღირებულება თვეში გაიზარდა 2557 ლარიდან 2922 ლარამდე - დაკისრებულ თანხასთან შედარებით გაზრდილია 365 ლარით. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიუღებელი თანხა წელიწადში შეადგენს, 365 x 12= 4380 ლარს, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში-5 წლისა და 2 თვის (62 თვის) განმავლობაში შეადგენს 22630 ლარს, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

ვინაიდან, 2014 წლის 1 კვარტლიდან, ზრდასრული ხეიბარი ადამიანის შინმოვლის ღირებულება თვეში 365 ლარით გაიზარდა, პერიოდულად წარმოშობად ვალდებულებათაგან გამომდინარე, 2019 წლის მასის თვიდან, სამომავლოდ, სასამართლოს მიერ 21.11.2012 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტით დაკისრებული თანხის - 2557 ლარს ზევით, სს „თ--–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დამატებით უნდა დაეკისროს, არსებული სხვაობა - 365 ლარის ოდენობით.

 

1. მოპასუხის პოზიცია

1.1. სს „თ--–--მა“ არ ცნო სარჩელი მოთხოვნის არცერთ ნაწილში და საერთოდ გამორიცხა მისი დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა----- დ--------ი აღჭურვილი იქნა ულტრა თანამედროვე "ოტტო ბოკის" ფირმის მაღალ ტექნოლოგიური პროთეზებით სადაო არაა. თუმცა, მოპასუხისთვის სადავოა სარჩელში მითითებული ოდენობით (126,992.95 ევრო) თანხის მოსარჩელის მხრიდან გადახდის ფაქტობრივი გარემოება. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც საქმეზე დართული ე.წ. ქვითრების მოსარჩელესთან იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და სარჩელში მითითებული თანხის გადახდას უტყუარად დაადასტურებს. შესაბამისად, სახეზე არაა მოსარჩელის მიერ თანხების "ზედმეტად" გადახდა და ამით განცდილი ზარალი.

მხარეთა შორის წინა დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებით სასამართლოებმა ა----- დ--------ს უპრეცენდენტოდ გასაკვირად, დაუკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა და გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული. სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაუკმაყოფილდა პროტეზირებისათვის მოთხოვნილი თანხა სრულად 73105.92 ევროს ოდენობით, რაც ფირმა "ოტტო ბოკისაგან" მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეფუძნებოდა. სწორედ აღნიშნულ შემოთავაზებაში იყო მითითებული პროთეზების ხარისხი და ყველა სავარაუდო ხარჯი, რაც უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული პროთეზების შეძენას უნდა დასჭირვებოდა. წინა სასამართლო დავის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ინფორმაცია პირველადი შემოთავაზებით გათვალისწინებული პროთეზებით მომსახურების ფასის, თითქმის ორმაგი (53887.03 ევრო) ოდენობით, გაძვირების თაობაზე. ამგვარ ვითარებაში კი, მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის (53887.03 ევროს) დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილბული არ უნდა იქნეს. ამასთან, ეს საკითხი წინა დავის განხილვის პროცესში გადაწყდა და ამ ეტაპზე ამ მოთხოვნის დაყენებას სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

მოსარჩელე მომსახურების ფასის გაძვირების საფუძვლად მიუთითებს: სასამართლოში საქმისწარმოების გაჭიანურებას, გერმანიაში მგზავრობის სახსრების არ ქონას და 2010 წლის ფირმა "ოტტო ბოკის" "შემოთავაზებაში" მითითებული გაანგარიშების პირობითობას, რომ თურმე პაციენტის გასინჯვის გარეშე, მხოლოდ ავადმყოფობის ისტორიაზე დაყრდნობამ წარმოიქმნა ფასთა შორის შეუსაბამობა. თუმცა ფირმა "ოტტო ბოკის" 2010 წლის ოფიციალურ წინადადებაში, არსად საუბარი არაა იმაზე, რომ პროთეზირებით მომსახურების ფასი სავარაუდოა და რომ ზუსტი ფასის განსაზღვრისათვის პაციენტის ადგილზე გასინჯვა სავალდებულო და აუცილებელი პირობაა. არაა გამორიცხული, რომ მოსარჩელემ უფრო მაღალი კლასის პროტეზები დაუკვეთა და ამის გამო გაუძვირდა წინასწარ შეთანხმებული მომსახურების ფასი. მოპასუხის შეფასებით, მოსარჩელის ზემოთ აღნიშნული არგუმენტები უსაფუძვლო და აბსურდულია. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს მომსახურება გაუწიეს წინასწარ შეთანხმებულ ფასზე მეტი ოდენობით ეს საკითხი მომსახურების გამწევთან პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს და არა სს "თ--–--ის" წინააღმდეგ დავის დაწყების საფუძველი. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა გამოეწვია 73105.92 ევროზე მეტად მომსახურების ფასის გაზრდა არ შეიძლება სასამართლოს მიერ ერთხელ განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გარკვეული საკითხის გადასინჯვის საფუძველი გახდეს.

 

როგორც სარჩელის შინაარსიდან იკვეთება დამატებითი 53887.03 ევრო მას "გადახდილი აქვს" მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და სარჩელშივე მიუთითებს, რომ დამატებით მოთხოვნილი 54820.92 ევროც სწორედ ამ მიზნისათვის ესაჭიროება. სარჩელზე დართული კლინიკა „ოტტო ბოკის“ 2018 წლის 7 ნოემბრის წერილშიც აღნიშნულია, რომ დამატებითი აღჭურვილობით პაციენტის უზრუნველყოფა სარეკომენდაციო ხასიათისაა და აუცილებლობას არ წარმოადგენს. ბუნებრივია, "ოტტო ბოკის" კლინიკა დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს და გაყიდოს თავისი პროდუქცია. ამდენად, ამ წერილის სარეკომენდაციო ხასიათი პირდაპირ უკავშირდება ფირმის კომერციულ ინტერესებს, კერძოდ, დამატებითი თანხების მიღებას, რამეთუ მოსარჩელის მსგავსი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირების უდიდესი უმრავლესობა ვერ ახერხებს მსგავსი ტიპის მაღალი ხარისხის პროტეზების შეძენას მათი ფასის სიძვირის გამო.

 

სარჩელზე დართული "ოტტო ბოკის" მიერ შედგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პროთეზირების შემდგომ მოსარჩელეს დამოუკიდებლად შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულება, ვინაიდან ულტრა თანამედროვე, ბიო-სენსორული ელექტრო პროთეზები თითქმის ყველა მოქმედების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობას იძლევა. კლინიკის მიერ დამზადებული პროთეზებიც სწორედ იმიტომ იქნა მოსარჩელის მიერ შერჩეული, რომ ისინი ყველაზე უფრო ხარისხიანი, ძვირადღირებული და თანამდეროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. თუ პროტეზირების შემდგომ მოსარჩელე კვლავ შეზღუდულია ფიზიკურ აქტოვობებში და მაინც საჭიროებს სადღეღამისო მომვლელს, მაშინ პროტეზირებას აზრი არ ჰქონია და ამ მიზნით გადახდილი თანხები ფუჭად გადახდილი გამოდის.

 

კლინიკის 2017 წლის 2 ივნისის წერილით ირკვევა, თუ რამდენად თანამედროვე პროტეზებით იქნა მოსარჩელე უზრუნველყოფილი და რა მოქმედებების შესრულება შეუძლია მას დამოუკიდებლად. წერილში აღნიშნულია, რომ; "ვარიო გეარის და ძალიან სწრაფი სიგნალის გადაცემის წყალობით იგი ძალიან ახლოსაა ადამიანის მკლავის ბუნებრივ მოძრაობებთან და სთავაზობს მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს..., ბებიონური ხელი ფლობს მოწინავე ტექნოლოგიებს და უნიკალურ ერგონომიულ მახასიათებლებს, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ხელმისაწვდომი ხელებისაგან. ეს ინოვაცია აერთიანებს შეუდარებელ უპირატესობას, ფუნქციონალურობას და შესრულების უნარს. მოჭიდების და ხელის პოზიციის 14 განსხვავებული მოდელით ხელოვნური ბებიონური ხელით შესაძლებელია თითქმის ყველაფრის დაჭერა, მაგ. საჭმლის ჭამა, ჩანთის ტარება, კარის გაღება, სინათლის ანთება და ბეჭდვა." ასევე საყურადღებოა კლინიკის 2018 წლის 7 ნოემბრის წერილი, რომელიც კვლავ ადასტურებს პროტეზირებით შესაძლებელი აქტოვობების მაღალ ხარისხს და იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც წერილის შინაარსიდან გამომდინარე სავალდებულო და აუცილებელი ნამდვილად არაა. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილი 54820.92 ევროს მომსახურების მიღების აუცილებლობა არ არსებობს და თუ მოსარჩელეს სურს პროტეზების ხარისხის გაუმჯობესება, მან ეს საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს, მით უფრო იმ პირობებში, როცა სს "თ--–--ისაგან" სასამართლოს წყალობით მიღებული აქვს 931 154.58 ლარი (თითქმის მილიონი ლარი) და ყოველთვიურად ეძლევა 3212.4 ლარი. ამ თანხის მიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში, მას ნებისმიერ დროს შეეძლება ახალი პროტეზებით საკუთარი თავის უზრუნველყოფა. მოსარჩელის სურვილი, მოპასუხის ხარჯზე, გაიუმჯობესოს თავისი შესაძლებლობები და მოითხოვოს დამატებითი კომპონენტებით პროტეზების აღჭურვა, ობიექტური ფაქტორებით უნდა იყოს განპირობებული და არა მისი სუბიექტური შეფასებით. მისთვის გადახდილი თანხების სიდიდიდან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა, რომ "მას არ ეყო თანხა სრული კომპლექტაციით პროტეზირებისათვის".

 

მხარეთა შორის არსებული წინა სამოქალაქო დავის საქმის განხილვისას სასამართლოებმა მოსარჩელეს სრულად დაუკმაყოფილეს სარჩოს მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, როგორც სარჩელის აღძვრამდე (2012 წლამდე) პერიოდზე, ისე სამომავლოდ. ამდენად, ამ საკითხზე ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მოსარჩელის გაანგარიშებები საქსტატის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე სარჩოს ოდენობის გაზრდაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ ყოველთვიურად მიღებული 3212.4 ლარი არ არის საკმარისი მისი ყოველთვიური რჩენისა და მოვლისათვის. მოსარჩელე საქსტატის მონაცემზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ: "2012 წლიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდებობა და ჯამში, ულუფის ღირებულების სახით უნდა მიიღოს 23519.1 ლარი."

 

შეუძლებელია იმის დანამდვილებით თქმა, რომ შრომისუნარიანობის პირობებშიც კი მოსარჩელე უზრუნველყოფილი იქნებოდა სარჩოს სახით დაკისრებული თანხით. მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხემ დამატებით მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.

 

ფაქტია, რომ სასამართლოებმა სს "თ--–--ს" ისე დააკისრეს 2005-2011 წლების პერიოდზე მომვლელის ხარჯების გადახდა თანხით 121360.6 ლარი და 2012 წლის იანვრიდან სამომავლოდ ყოველთვიურად 2557 ლარი, რომ საქმეში მომვლელის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

2016 წლის ივლისიდან მოპასუხე ყოველთვიურად იხდის 3212.4 ლარს მოსარჩელის სასარგებლოდ და გადახდილი გვაქვს 90897.23 ლარი, საიდანაც ერთი ლარიც არ არის გადახდილი სადღეღამისო მომვლელის დაქირავების მიზნით - ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელს არ ერთვის. იმ პირობებში, კი როცა მოსარჩელეს პროთეზებით უზრუნველყოფის შემდგომ დამოუკიდებლად შეუძლია ყოველდღიური აქტივობების ჩატარება და საკუთარი თავის მოვლა: პირადი ჰიგიენის მოწესრიგება, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, ჭამა, წყლის დალევა, დაბანა და ა.შ. და როცა მას სადღეღამისო მომვლელი არათუ პროთეზირების შემდგომ, არამედ მანამდეც დაქირავებული არც ჰყოლია, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, თუ რას ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლიდან მომვლელის ხარჯების გაზრდილი ოდენობით დაკმაყოფილებაზე.

 

რაც შეეხება "კოალიცია შინმოვლა საქართველოს" გაანგარიშებას სადღეღამისო მომვლელის ხარჯების 2014 წლიდან გაზრდის თაობაზე თვეში 365 ლარით, სუბიექტურია, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელე არ წარმოადგენს "კოალიცია შინმოვლა საქართველოს" მომსახურების მიმღებ სუბიექტს და შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საფუძვლით უნდა დაეკისროს სს „თ--–--ს“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სადღეღამისო მოვლის მომსახურებისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხა 22630 ლარი. ამასთან, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს მსგავსი მომსახურების მიღება გაცილებით ნაკლებ ფასადაც არის შესაძლებელი. მოსარჩელის მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მას არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული 2556.75 ლარი საკმარისი არაა მისი ყოველთვიური მოვლისათვის და მომვლელმა უფრო მეტის გადახდა მოსთხოვა. მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხემ დამატებით მიუთითა მის ხანდაზმულობაზეც.

 

მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 4 ივლისს (მას შემდეგ რაც მოპასუხისგან ჩაერიცხა თანხები) 35000 აშშ დოლარად შეძენილი აქვს უძრავი ქონება, რაც დიდი ალბათობით სს "თ--–--ისაგან" მიღებული თანხებითაა შეძენილი, რადგან მას შემოსავლის სხვა წყარო არ უნდა ჰქონდეს. თავად მოსარჩელე რეგისტრირებულია იმავე მისამართზე დედის ლ---- დ--------ის სახელზე რიცხულ ბ---–-----, რომელზეც რეგისტრირებულია მისი ოჯახის კიდევ 7 წევრი. ამდენად, მოსარჩელეს მიზნობრივად არ აქვს გამოყენებული სასამართლოს მიერ თ--–--ზე დაკისრებული თანხები. თუ მოსარჩელემ შეძლო 35000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინის შეძენა, მაშინ აუხსნელია, თუ რატომ არ შეუძლია 54820.92 ევროს გადახდა მოპასუხისგან მიღებული 931,154.38 ლარიდან. სასამართლოებმა მას მორალური ზიანის სახით საქართველოს სინამდვილისათვის უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობის თანხა 300 000 ლარი მიაკუთვნეს, სწორედ იმ მიზნით, რომ მისი სულიერი და ფიზიკური ტრამვის კომპენსირება მომხდარიყო და თანხა, პირველ რიგში, მის ჯანმრთელობას უნდა მოხმარებოდა.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.1. 2012 წელს ა----- დ--------მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების სს „თ--–--ის“, სს „ს----------–-------------ის“, ს----------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ დელიქტით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სასარგებლოდ სს „თ--–--ს“ დაეკისრა:

· მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7 046, 82 ლარის, პროთეზირებისათვის - 73 105,02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2985,08 ევროს გადახდა;

· ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში -597,6 ლარი, 2011 წლის განმავლობაში, თვეში - 655,4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში - 655,4 ლარი;

· მომვლელის ხარჯების გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრიდან, თვეში -2557 ლარი (1.4. პუნქტი);

· მორალური ზიანის ანაზღაურება - 100 000 ლარი;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 ქვეპუნქტი და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ:

· მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.60 ლარი;

· 2012 წლის 01 იანვრიდან, თვეში - 2 557.00 ლარი;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება: 1. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დაკისრებული თანხის სიმცირის გამო და 2. პერიოდულად წარმოშობადი ვალდებულების დაუკისრებლობის ნაწილში (რომელიც შეეხებოდა პროთეზების ცვეთა-მწყობრიდან გამოსვლის გამო, მათი აღდგენა-შეცვლის აუცილებლობას) და ამ ორი მოთხოვნის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა----- დ--------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სს „თ--–--ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა----- დ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

· სს „თ--–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.11.2012 წლის გადაწყვეტილება N----------;

- 08.05.2013 წლის განჩინება N----------;

- 16.06.2015 წლის განჩინება N---------------;

- 13.04.2016 წლის გადაწყვეტილება N------------;

- 23.12.2016 წლის გადაწყვეტილება N---------------.

 

2.1.2. სასამართლო ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაცემულია სააღსრულებო ფურცლები, დაკისრებული თანხების ნაწილში გადაწყვეტილებები აღსრულებულია, ასევე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში სს „თ--–--ი“ ახდენს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხების გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.06.2016 წლის N---------- სააღსრულებო ფურცელი;

- 21.07.2016 წლის N--------------- სააღსრულებო ფურცელი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.1.3. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილია შემდეგი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები:

· დადგენილია, რომ 2005 წლის 31 აგვისტოს, 13 წლის ა----- დ--------მა მაღალი ძაბვის ელექტრო-დენის დარტყმის შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრავმა - სხეულის 17%-ზე მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა (თერმული დაზიანება). მოსარჩელეს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3 ზე მეტი ნიშნით. ა----- დ--------ს დაუდგინდა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, უვადოდ. მოსარჩელე საჭიროებს სამომავლო მკურნალობას, პროტეზირებას;

· შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით; მოსარჩელე საჭიროებს დახმარებას, რაც მოიცავს სადღეღამისო ძირეულ მოვლას და დახმარებას ე.წ. ყოველდღიურ ინსტრუმენტულ აქტივობაში;

· ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად მიჩნეულ იქნა სს „თ--–--ი“ და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობისას გათვალისწინებული იქნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, კლინიკა „ოტტობოკის“ მიერ გაცემული მტკიცებულებები, ასევე კონკრეტული მკურნალობის და სხვადასხვა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქსტატის მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასთან დაკავშირებით და კოალიცია - „შინმოვალა საქართველოში“-ს მონაცემები სადღეღამო მომვლელის ყოველთვიურ გასამრჯელოსთან დაკავშირებით.

· მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პროთეზების ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის, მათი აღდგენის ან შეცვლის საჭიროებას, რაც პერიოდულად წარმოშობადი ვალდებულებაა მოპასუხე საწარმოსათვის, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებული უფლებამოსილია შესაბამისი გაანგარიშება პერიოდულად (მისი საჭიროებიდან გამომდინარე) წარუდგინოს მოვალეს (მოპასუხე საწარმოს), რაც ამ უკანასკნელს წარმოუშობს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირველ კასატორს მის მიერ გაწეული პროთეზირების, მისი ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის, ან პროთეზების აღდგენის ან შეცვლის საჭიროების გამო გაწეული ხარჯები. მოვალის (მოპასუხე საწარმოს, მეორე კასატორის) აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს იმ დელიქტური პასუხისმგებლობიდან, რომლის გამოც ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ფიზიკური დანაკარგი-კიდურების ამპუტაციის სახით და მორალურ-ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა, რაც მისთვის მიყენებული დაზიანებების ფიზიკურად გამოხატული სახისა და ემოციურად (ფსიქოლოგიურად) მუდმივად გადასალახი დაბრკოლებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და პერიოდულად წარმოუშობს პირველ კასატორს (დაზარალებულს) ზემოხსენებულ ნაწილში მოთხოვნის უფლებას, რაც შესაბამისად - მოვალეს (მეორე კასატორს) წარმოუშობს ვალდებულებას დააკმაყოფილოს დაზარალებულის კანონიერი მოთხოვნა და ინტერესი.

· სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული იქნა: „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000, 408-ე, 411-ე, 412-ე, 413-ე მუხლები, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.11.2012 წლის გადაწყვეტილება N----------;

- 08.05.2013 წლის განჩინება N----------;

- 16.06.2015 წლის განჩინება N---------------;

- 13.04.2016 წლის გადაწყვეტილება N------------;

- 23.12.2016 წლის გადაწყვეტილება N---------------.

 

2.1.4. ა----- დ--------ი 2017 წლის მაის-ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ დუდერშტატში მდებარე კლინიკა „ოტტო ბოკის“ მხრიდან აღჭურვილ იქნა ორი მიოლექტრული კონტროლირებადი პროთეზებით. მარცხენა მხარისთვის უზრუნველყოფილ იქნა მხარის დეზარტიკულაციის მიოელექტრული კონტროლირებადი პროთეზი, რომელიც აღჭურვილია DynamicArm-ით, მაჯის ელექტრული როტატორით, VariPlus Speed ხელით.

ხოლო მარჯვენა მხარისთვის მან მიიღო იდაყვის ქვემოთ პროთეზი, ელექტრონული მაჯის როტატორით და ბებიონური ხელით.

 

მარცხენა მხარის შემთხვევაში VariPlus Speed მიოელექტრული ხელის მოჭიდების ძალა და სიჩქარე შესაძლებლობას აძლევს პაციენტს ზუსტად და სწრაფად მოკიდოს ხელი საგნებს. დიდი თითის სენსორის უარის თქმის უნარი პროთეზის მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოკიდოს ხელი აქტიურად და შეგნებულად. 10S17 მაჯის ელექტრულ ტორატორთან ერთად MyiRotronic იძლევა მიოელექტრული პრინაციის და სუპინაციის, ასევე ხელის გაშლის და დახურვის საშუალებას ერთი ან ორი ელექტროდით. ხოლო DynamicArm-ის სპეციალური ფუნქცია არის ელექტრონულად კონტროლირებადი ელექტრონული იდაყვის სახსრის მუდმივი გადაცემა. Vario-gear-ის და ძალიან სწრაფი სიგნალის გადაცემის წყალობით იგი ძალიან ახლოსაა ადამიანის მკლავის ბუნებრივ მოძრაობებთან და სთავაზობს მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს.

 

მარჯვენა მხარის შემთხვევაში - ბებიონური ხელი ფლობს მოწინავე ტექნოლოგიებს და უნიკალურ, ერგონომიულ მახასიათებლებს, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ხელმისაწვდომი ხელებისგან. ეს ინოვაცია აერთიანებს შეუდარებელ უპირატესობას, ფუნქციონალურობას და შესრულების უნარს. მოჭიდების და ხელის პოზიციის 14 განსხვავებული მოდელით ხელოვნური ბებიონური ხელით შესაძლებელია თითქმის ყველაფრის დაჭერა, მაგ.: საჭმლის ჭამა და ჩანთის ტარება, კარის გაღება, სინათლის ანთება და ბეჭდვა.

 

ორივე მხარის პროთეზის ღირებულება შეადგენს ჯამში 126 992,95 ევროს.

 

მიღებული პროთეზები განსხვავდება ამავე კლინიკის მიერ 2010 წლის 11 ივნისის შემოთავაზებული პროთეზებისგან, როგორც ფუნქციონალურად, ასევე ღირებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 02.06.2017 წლის ანგარიში;

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 31.05.2017 წლის ინვოისი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.1.5. ორმხრივი ამპუტაციის გამო არსებობს პაციენტის ფუნქციური მოთხოვნების შეცვლის ალბათობა და კლინიკა „ოტტო ბოკის“ მიერ პაციენტ ა----- დ--------ი სასარგებლოდ გაიცა რეკომენდაცია: პროთეზებისათვის დამატებითი ტერმინალური მოწყობილობების დამატების შესახებ, რაც მოიცავს მარცხენა პროთეზისთვის ბებიონური ხელს, ხოლო მარჯვენა პროთეზისთვის - Variplus speed (რადგან იგი მეტად მყარი და სტაბილურია) და Greifer მძიმე ამოცანების დასაძლევად. აღნიშნული ნიშნავს, რომ პაციენტი შეძლებს ისარგებლოს ბებიონიკური ხელით ოფისში, ხოლო Variplus Speed ხელით - სხვა აქტივობებს, მაგ. ბაღში მუშაობა და ა.შ.

გაცემული ინვოისით აღნიშნული კომპონენტების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 54820,92 ეროთი.

 

აღნიშნული კომპონენტებით მოსარჩელეს არ უსარგებლია და მის მიერ არც მათი ღირებულებაა ანაზღაურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 01.06.2017 წლის ინვოისი (N20279144);

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 02.06.2017 წლის ანგარიში;

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 07.11.2018 წლის წერილი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----- დ--------ის მიერ სრულად არის გადახდილი 126992,95 ევრო. მსჯელობის საფუძველს იძლება კლინიკა „ოტტო ბოკის“ მიერ გაცემული ინვოისები და გადახდის ქვითრები, რომლებიც გაცემის თარიღებისა და დანიშნულების მიხედვით თანხვედრაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის ქვითრებთან.

კლინიკის მიერ 3017 წლის 31 მაისს გაიცა ინვოისი, სადაც აღინიშნა, რომ ა----- დ--------ის სასარგებლოდ გაიცა ხელის პროთეზი მიკროპროცესორით და მიოელექტრულად კონტრლირებადი იდაყვის ქვემოთ პროთეზი, კონკრეტული კომპონენტებით, რაც ემთხვევა კლინიკის მიერ მოსარჩელისთვის 2017 წლის მაის-ივნისის თვეში გადაცემულ პროთეზებსა და მომსახურებას.

 

მათი ღირებულება, ინვოისის თანახმად, განისაზღვრა 77890 ევროთი და 40795 ევროთი, რაც გადასახადის (7%) გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 126992,95 ევროს. ინვოისში მითითებულია ანგარიშსწორების პირობა - წინასწარ გადახდა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (მომხმარებლის ქვითრები), რომლის თანახმად კლინიკა „ოტტო ბოკის“ სასარგებლოდ 2017 წლის 9 მაისს გადახდილია 65000 ევრო და 2017 წლის 31 მაისს - 61992,95 ევრო, რომელთა ჯამში შეადგენს 126992,95 ევროს.

 

გარდა ამისა, საყურადღებოა კლინიკის 2018 წლის 7 ნოემბრის წერილი, სადაც კლინიკა ადასტურებს პაციენტის მხრიდან აღნიშნული თანხის სრულად გადახდას.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ წარმოდგენილი ქვითრები მოსარჩელესთან იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის (მომხმარებლსი) ქვითრები;

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 02.06.2017 წლის ანგარიში;

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 31.05.2017 წლის ინვოისი;

- კლინიკა „ოტტო ბოკის“ 07.11.2018 წლის წერილი.

- მხარეთ ახსნა-განმარტება.

 

2.2.2. საქართველოს ეროვნული სამსახურის საქსტატის მონაცემებით თანახმად, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2011-2017 წლების კვარტლების, ასევე 2018 წლის 1-3 კვარტლის მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა:

2011 წელს - 1-ლი კვარტალში 631,3 ლარით, მე-2 კვარტალში - 679,5 ლარი, მე-3 კვარტალში - 687,4 ლარს, მე-4 კვარტალში - 761 ლარს;

2012 წელს - 1-ლი კვარტალში 676 ლარით, მე-2 კვარტალში - 723,9 ლარი, მე-3 კვარტალში - 753,2 ლარს, მე-4 კვარტალში - 812,9 ლარს;

2013 წელს - 1-ლი კვარტალში 729,6 ლარით, მე-2 კვარტალში - 796,6 ლარი, მე-3 კვარტალში - 799,8 ლარს, მე-4 კვარტალში - 875,5 ლარს;

2014 წელს - 1-ლი კვარტალში 795,5 ლარით, მე-2 კვარტალში - 864,4 ლარი, მე-3 კვარტალში - 850,8 ლარს, მე-4 კვარტალში - 950,1 ლარს;

2015 წელს - 1-ლი კვარტალში 855,9 ლარით, მე-2 კვარტალში - 934 ლარი, მე-3 კვარტალში - 930 ლარს, მე-4 კვარტალში - 1011,5 ლარს;

2016 წელს - 1-ლი კვარტალში 913 ლარით, მე-2 კვარტალში - 973,7 ლარი, მე-3 კვარტალში - 980,6 ლარს, მე-4 კვარტალში - 1065,9ლარს;

2017 წელს - 1-ლი კვარტალში 989,4 ლარით, მე-2 კვარტალში 1071,1 ლარი, მე-3 კვარტალში - 1069,1 ლარს, მე-4 კვარტალში - 1140,9 ლარს;

2018 წელს -1-ლი კვარტალში 1059,2 ლარით, მე-2 კვარტალში - 1103,5 ლარი, მე-3 კვარტალში - 1125,5 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქსტატის 22.05.2018 წლის და 29.01.2019 წლის მონაცემები.

2.2.3. აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ 2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით, 2014 წლის 1-ლი კვარტლიდან მოვლის საჭიროების მქონე პირის სადღეღამისო მოვლის ღირებულება თვეში განისაზღვრა 2922 ლარით (1 საათი - 4 ლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კოალიციის 28.01.2019 წლის წერილი

სამოტივაციო ნაწილი

 

4.1. სასამართლომ განიხილა ა----- დ--------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პროთეზირებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის, ასევე დამატებითი კომპლექტაციისთვის გათვალისწინებული თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის გასამრჯელოს გაზრდის ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 408-ე, 412-ე მუხლები;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, 266-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში. დელიქტური ურთიერთობის ზოგადი პრინციპი რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმა ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ მოცულობით, რა ოდენობითაც შემცირდა დაზარალებული პირის ქონებრივი მდგომარეობა.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო აღარ შეაფასებს მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის სავალდებულო კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, რადგან მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულება განსაზღვრულია სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.3. გარემოებები). მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, რომელთა საფუძველზე სს „თ--–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა მატერიალური ზიანის, მათ შორის სარჩოს, შინმოვლის ხარჯის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური, კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას, არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (შდრ.ას-827-791-2014, ას-592-560-2015; ას-58-56-2016).

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნა პროთეზირებისათვის კლინიკა ‘ოტტო ბოკის“ სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 53887,03 ევროს, ასევე სრული პროთეზირებისა და კომპლექტაციით აღჭურვის მიზნით 54820,92 ევროს დაკისრება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სასარგებლოდ სს „თ--–--ს“ სხვა თანხებთან ერთად დაეკისრა პროთეზირებისათვის - 73 105,02 ევროს გადახდა; თანხის დაკისრება განხორციელდა მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის დროს წარდგენილი, კლინიკა „ოტტო ბოკის“ მიერ გაცემული 2010 წლის კალკულაციით.

 

ასევე დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში 2016 წელს შევიდა და ამ ნაწილში აღსრულების შემდგომ, მოსარჩელემ 2017 წელს შეძლო კლინიკაში კონკრეტული მომსახურების მიღება. ა----- დ--------ი 2017 წლის მაის-ივნისის თვეში კლინიკა „ოტტო ბოკის“ მხრიდან აღჭურვილ იქნა ორი მიოლექტრული კონტროლირებადი პროთეზებით. მარცხენა მხარისთვის უზრუნველყოფილ იქნა მხარის დეზარტიკულაციის მიოელექტრული კონტროლირებადი პროთეზი, რომელიც აღჭურვილია DynamicArm-ით, მაჯის ელექტრული როტატორით, VariPlus Speed ხელით. მათი ღირებულება ჯამში განისაზღვრა 126992,95 ევროთი, რაც სრულად აანაზღაურა მოსარჩელემ.

 

ამავდროულად მოსარჩელეს ამავე კლინიკაში გაეწია რეკომენდაცია, რომ ორმხრივი ამპუტაციის გამო არსებობს პაციენტის ფუნქციური მოთხოვნების შეცვლის ალბათობა და რეკომენდაცია: პროთეზებისათვის დამატებითი ტერმინალური მოწყობილობების დამატების შესახებ, რაც მოიცავს მარცხენა პროთეზისთვის ბებიონური ხელს, ხოლო მარჯვენა პროთეზისთვის - Variplus speed (რადგან იგი მეტად მყარი და სტაბილურია) და Greifer მძიმე ამოცანების დასაძლევად. აღნიშნული ნიშნავს, რომ პაციენტი შეძლებს ისარგებლოს ბებიონიკური ხელით ოფისში, ხოლო Variplus Speed ხელით - სხვა აქტივობებს, მაგ. ბაღში მუშაობა და ა.შ. გაცემული ინვოისით აღნიშნული კომპონენტების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 54820,92 ეროთი.

 

დადგენილია, რომ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პროთეზების ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი აღდგენის ან შეცვლის საჭიროებას, რაც, როგორც თვითონ კასატორი მართებულად უთითებს, პერიოდულად წარმოშობადი ვალდებულებაა მოპასუხე საწარმოსათვის, საკასაციო სასამართლომ, 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ დაზარალებული უფლებამოსილია შესაბამისი გაანგარიშება პერიოდულად (მისი საჭიროებიდან გამომდინარე) წარუდგინოს მოვალეს (მოპასუხე საწარმოს), რაც ამ უკანასკნელს წარმოუშობს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირველ კასატორს მის მიერ გაწეული პროთეზირების, მისი ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის, ან პროთეზების აღდგენის ან შეცვლის საჭიროების გამო გაწეული ხარჯები. მოვალის (მოპასუხე საწარმოს, მეორე კასატორის) აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს იმ დელიქტური პასუხისმგებლობიდან, რომლის გამოც ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ფიზიკური დანაკარგი-კიდურების ამპუტაციის სახით და მორალურ-ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა,რაცმისთვის მიყენებული დაზიანებების ფიზიკურად გამოხატული სახისა და ემოციურად (ფსიქოლოგიურად) მუდმივად გადასალახი დაბრკოლებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და პერიოდულად წარმოუშობს პირველ კასატორს (დაზარალებულს) ზემოხსენებულ ნაწილში მოთხოვნის უფლებას, რაც შესაბამისად - მოვალეს (მეორე კასატორს) წარმოუშობს ვალდებულებას დააკმაყოფილოს დაზარალებულის კანონიერი მოთხოვნა და ინტერესი. ამ შემთხვევაში პირველი კასატორის მოთხოვნის ამ ნაწილში, რომელიც, როგორც თვითონვე უთითებს, პერიოდულად წარმოშობადი საჭიროებაა და ამ ეტაპზე არაა გამოხატული კონკრეტული მონეტარული სახით, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა და დასკვნები, ვერ იქნება ასახული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

 

ამდენად, აღნიშნული მოტივაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმთავითვე შესაძლებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მოეთხოვა კონკრეტულ შემთხვევაში პროთეზის შეცვლის (იქნება ეს მისი მწყობრიდან გამოსვლის, ცვეთის გამო თუ ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით ახალი კომპონენტებით აღჭურვის საფუძვლით) საფასურის ანაზღაურება.

 

შესაძლოა ფასის ზრდა მართლაც გამოწვეული იყოს პროთეზის ახალი კომპონენტებით (გაუმჯობესებული პაკეტით) აღჭურვით, თუმცა ეს მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველს არ უკარგავს. ამ შემთხვევაში სასამართლო დამატებით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, თავდაპირველი კალკულაციის გაცემისას (2010 წელს), კლინიკის მიერ არ მომხდარა პაციენტის პირადად შემოწმება, კონკრეტული რეკომენდაციები და კალკულაცია გაკეთდა ფოტოსურათებსა და სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ტექნიკის განვითარების პარალელურად მოსარჩელეს აქვს სამართლიანი უფლება, ისარგებლოს გაუმჯობესებული პროთეზით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატება, დამატებით გადახდილ 53887,03 ევროსა და სამომავლოდ, სრული პროთეზირებისა და კომპელქტაციით აღჭურვის მიზნით 54820,92 ევროს გადახდაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რომ არა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, მოსარჩელეს არ ექნებოდა აღნიშნული მდგომარეობა (სხეულის 17%-ზე მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა (თერმული დაზიანება), ორივე ხელის ამპუტაცია, შრომისუნარიანობა 2/3 ზე მეტი ნიშნით დაკარგვა, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, უვადოდ, მკურნალობის მიზნით მუდმივი მეთვალყურეობა და პროთეზირება).

 

ამდენად, გამართლებულია მოსარჩელის სურვილი, ტექნოლოგიების გაუმჯობესების, უკეთესი შემოთავაზების პირობების ხარჯზე გაიუმჯობესოს მდგომარეობა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის გასამრჯელოს გაზრდის თაობაზე (1.3. და 1.4. სასარჩელო მოთხოვნები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა:

ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში 597,6 ლარი, 2011 წლის განმავლობაში, თვეში 655,4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში 655,4 ლარი; და

მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.60 ლარი, ხოლო 2012 წლის 01 იანვრიდან, თვეში - 2 557.00 ლარი;

 

წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ყოველთვიური სარჩოს, ასევე მომვლელის ხარჯის დაკისრებას მათი შორის იმ პერიოდებზე, როცა თავდაპირველად აღძრული სარჩელი სასამართლოში იხილებოდა (საქართველოს უზენაესო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2016 წელს). ამდენად, ამ პერიოდზე მოთხოვნილ თანხებთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, სარჩელის უსაფუძლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემდგომ პერიოდზე, სასამართლო კვლავ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს, სადაც აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა როგორც ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასთან, ასევე სადღეღამისო ძირეულ მოვლასთან დაკავშირებით, მიყენებული ზიანის ადეკვატური უნდა იყოს, უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ის ზიანი, რაც განიცადა მოსარჩელემ და ადეკვატურად მიიჩნია დაკისრებული თანხები.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელე ადასტურებს, რომ მან მიიღო სერვისის მიღების დროისთვის საუკეთესო პროთეზი, ასევე მომავალში მას აქვს შესაძლებლობა დაკმაყოფილებული მოთხოვნის ფარგლებში კვლავ მიიღოს კლინიკის მიერ რეკომენდებული მომსახურება. ამდენად, აღნიშნული პროთეზებით სრული დატვირთვით სარგებლობის პირობებში სახეზეა მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობის ხარისხის მატება იმასთან შედარებით, ვიდრე არსებობდა თავდაპირველი დავის დროს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტი). მოსარჩელეს აქვს მეტი შესაძლებლობა, მოახდინოს თავის რეალიზება, გახდეს უფრო მეტაც დამოუკიდებელი იმ მიმართებით, რომ თავად მეტნაკლებად შეძლოს თავის მოვლა, რაც თავის მხრივ ამცირებს მომვლელის საჭიროებას (თუმცა სრულად არ გამორიცხვას მის აუცილებლობას), ასევე ამცირებს დამატებითი სარჩოს დაკისრების საჭიროებას.

 

ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ა----- დ--------ს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ვინაიდან იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „თ--–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავის საგნის ოდენობის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე 3000 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ა----- დ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე სს „თ--–--ი“-ს მოსარჩელე ა----- დ--------ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, პროთეზირებისათვის „ოტობოკი“-ს კლინიკის მიერ მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდევინებული თანხის - 53 887,03 ევროს გადახდა;

 

3. მოპასუხე სს „თ--–--ი“-ს მოსარჩელე ა----- დ--------ის სრული პროთეზირების და კომპლექტაციის აღჭურვის მიზნით დაეკისროს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, ბებიონიკური ხელის „ვარიპლუს შპეედ ჰანდ“-ისა და „გრეიფერ“-ის ღირებულების - 54 820,92 ევროს გადახდა;

 

4. ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის გასამრჯელოს გაზრდის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხე სს „თ--–--ი“-ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 3 000 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე