გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003161076
#2/262-2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.12. 2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ.პ.ს.,,ფ---------- ბ-------“
წარმომადგენელი: ნ----- ა--–---–---–ი
მოპასუხე: დ----- კ--------ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შ.პ.ს. ” ფ---------მა ბ-------”-მ (ს/კ 4--------) მოპასუხე - დ----- კ--------ის (პ/ნ0----------), მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხე დ----- კ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6745 ლარის გადახდა, საიდანაც 2699,32 ლარი არის სესხის ძირი, 3145,05 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 900,63 ლარი არის პირგასამტეხლო.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 202,35 ლარის ანაზღაურება ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი 270 ლარის ოდენობით.
1.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ 2019 წლის 31 მაისს სს „ საქართველოს ბანკმა“ მსესხებლის დ----- კ--------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ ფ---------- ბ-------“-ს სასარგებლოდ ( დანართი N1 - მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N 4--------/01; დანართი N2- მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1- 4--------/01-001).
დ----- კ--------ემ 2015 წლის 29 მაისს სს „ საქართველოს ბანკისაგან“ აიღო სესხი 2, 830.00 ლარი. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრული იყო 36.00%-ით( დანართი N3- მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა). სესხის თანხით სარგებლობის უფლება მსესხებელს ჰქონდა 2018 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად აღნიშნული თარიღი წარმოადგენდა სესხის თანხის დაბრუნების ბოლო ვადას. დ----- კ--------ეს 2016 წლის 10 ივნისის შემდგომ აღარ განუხორციელებია გადახდა, რის შედეგადაც მსესხებელს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----- კ--------ეს ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს 32, 982.41 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2,699.32 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი-3,145.05 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 27 138.04 ლარი ( დანართი N3- მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ კრედიტორის მხრიდან არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებელი თავს არიდებს ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას . იგი მიუთითებს , რომ აქედან გამომდინარე, იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და მომართა სასამართლოს რათა მოხდეს მათი, როგორც კრედიტორის უფლების დაცვა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე დ----- კ--------ემ სადაც იგი განმარტავს, რომ 2015 წლის 29 მაისს სს „ საქართველოს ბანკისაგან:- აიღო სესხი 2830 ლარის ოდენობით. 2016 წლის 10 ივნისი შემდგომ გადახდა აღარ განუხორციელებია, რადგან უჭირდა ეკონომიურად და სესხის დაბრუნება არც მოსარჩელეს მოუთხოვია. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ დ----- კ--------ემ 2015 წლის 29 მაისს სს „ საქართველოს ბანკისაგან“ აიღო სესხი 2, 830.00 ლარი. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრული იყო 36.00%-ით, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 43,2 პროცენტით. სესხის თანხით სარგებლობის უფლება მსესხებელს ჰქონდა 2018 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად აღნიშნული თარიღი წარმოადგენდა სესხის თანხის დაბრუნების ბოლო ვადას.
2019 წლის 31 მაისს სს „ საქართველოს ბანკმა“(ს.ფ.204378869) მსესხებლის დ----- კ--------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ ფ---------- ბ-------“-ს (ს/ნ4--------) სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.78-82)
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N 4--------/01; მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1- 4--------/01-001(ს.ფ.16-22)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დ----- კ--------ეს 2016 წლის 10 ივნისის შემდგომ აღარ განუხორციელებია გადახდა, რის შედეგადაც მსესხებელს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიციით დ----- კ--------ეს ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს 32, 982.41 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2,699.32 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი-3,145.05 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 27 138.04 ლარი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.78-82)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს.. ,,ფ--------- ბ-------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ----- კ--------ეს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------ს“-ს სასარგებლოდ 6114 ლარის ( ექვსიათასასთოთხმეტი) და 30(ოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2699,32 ლარი არის ძირითადი თანხა, 3145,05 პროცენტი , 269,93 ლარი კი არის პირგასამტეხლო). პირგასამტეხლო არაგონივრულობის გამო უნდა შემცირდეს 269,93 ლარამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე სესხის ძირისა და პროცენტის ნაწილში სარჩელს ცნობს .
დადგენილია რომ დ----- კ--------ემ 2015 წლის 29 მაისს სს „ საქართველოს ბანკისაგან“ აიღო სესხი 2, 830.00 ლარი. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრული იყო 36.00%-ით, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 43,2 პროცენტით. სესხის თანხით სარგებლობის უფლება მსესხებელს ჰქონდა 2018 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად აღნიშნული თარიღი წარმოადგენდა სესხის თანხის დაბრუნების ბოლო ვადას.
2019 წლის 31 მაისს სს „ საქართველოს ბანკმა“(ს.ფ.204378869) მსესხებლის დ----- კ--------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ ფ---------- ბ-------“-ს (ს/ნ4--------) სასარგებლოდ.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის გათვალისწინებული იყო პროცენტი. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დ----- კ--------ეს 2016 წლის 10 ივნისის შემდგომ აღარ განუხორციელებია გადახდა, რის შედეგადაც მსესხებელს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიციით დ----- კ--------ეს ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს 32, 982.41 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2,699.32 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი-3,145.05 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 27 138.04 ლარი , მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლო და ითხოვს მხოლოდ 900,63 ლარის დაკისრებას.
6.4. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხისათვის უნდა მოხდეს ძირი თანხის და პროცენტის დაკისრება, რადგან მოთხოვნა ხელსეკრულების ფარგლებშია, რაც შეეხება პირგასამტეხლოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ძირი თანხის ათ პროცენტამდე , კერძოდ 269,93 ლარამდე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის მომენტია 2018 წლის 30 იანვარი, შესაბამისად , მოცემული სარჩელი ხანდაზმული არ არის.
6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7.. ამდენად სასამართლო თვლის , რომ .შ.პ.ს.. ,,ფ--------- ბ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ----- კ--------ეს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------ს“-ს სასარგებლოდ 6114 ლარის ( ექვსიათასასთოთხმეტი) და 30(ოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2699,32 ლარი არის ძირითადი თანხა, 3145,05 პროცენტი , 269,93 ლარი კი არის პირგასამტეხლო)
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დ----- კ--------ეს უნდა დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------ს“-ს სასარგებლოდ მოპასუხის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------ს“-ს სასარგებლოდ 183 ლარის და 43 თეთრის გადახდა.
შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------ს“-ს სასარგებლოდ დ----- კ--------ეს დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯები 130 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შ.პ.ს.. ,,ფ---------- ბ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ----- კ--------ეს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------“-ს სასარგებლოდ 6114 ლარის ( ექვსიათასასთოთხმეტი) და 30(ოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2699,32 ლარი არის ძირითადი თანხა, 3145,05 პროცენტი, 269,93 ლარი კი არის პირგასამტეხლო).
2. დ----- კ--------ეს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------“-ს სასარგებლოდ 183 ლარის და 43 თეთრის გადახდა.
3. შ.პ.ს. ,,ფ---------- ბ-------“-ს სასარგებლოდ დ----- კ--------ეს დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯები 130 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი