განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2212-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე--------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----------------------
ბრალდებული - თ------------- (პირადი #5----------) - დაბადებული 1----–-–-- 2---------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები წ--–-------- რაიონის სოფელ ჯ----–-, ნ---------- ქ.#--–ი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, ა--–---- ქ.#---ში მდებარე ავტოსახელოსნოში, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თ-------------მ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ვ-–------------ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ თ-------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ავტოსახელოსნოში, სადაც მუშაობს, მივიდა დაზარალებული ვ-–-----------, რომელსაც ,,Toyota rav4-ის‘‘ ფირმის მანქანაზე გაფუჭებული ჰქონდა მინის ამწევი ღილაკი. აღნიშნული ღილაკი ბრალდებულს მანქანის შეკეთების პროცესში გაუტყდა, რის გამოც დაზარალებული გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა და უთხრა, რომ მისნაირები ,,წიხლქვეშ ჰყავს განაგდები...‘‘ მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მან, ასევე, იქვე მყოფმა მ----------–---- (ბრალდებულის თანამშრომელი) არაერთგზის სთხოვეს დაზარალებულს, არ ესაუბრა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მით უფრო, რომ აღნიშნული ესმოდა სხვასაც, დაზარალებული მაინც აგრძელებდა მის ლანძღვას, რა დროსაც მან ბრალდებულს მიმართა აგდებულად: ,,შენ ვინ მყავხარ, ლაწირაკო, ჭუჭყიანი დამდგარხარ‘‘, რის შემდეგაც იქვე დადებული დანით ვ-–------------ მიაყენა ჭრილობა, თუმცა არ ახსოვს, რამდენი, რადგან იყო ძალიან აღელვებული. ასევე, არ ახსოვს დაზიანებათა ლოკალიზაცია. იგი იმავე დღეს ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ბრალდებულის განმარტებით, მას არ სურდა დაზარალებულის მოკვლა, თუმცა თავისსავე ჩვენებაში უთითებს, რომ ვერავის აპატიებს მსგავს დამოკიდებულებას.
დაზარალებულ ვ-–------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 13 აპრილს მივიდა ა--–---- ქუჩაზე, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, მანქანის შუშის ამწევი ღილაკის შეკეთების მიზნით. ავტოსახელოსნოში მას დახვდა თ-------------, რომელსაც იგი მანამდე არ იცნობდა. თ-------------მ უთხრა, რომ შეეძლო ღილაკის შეკეთება და ვინაიდან უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა მანქანას, ისიც დათანხმდა. მუშაობის პროცესში ბრალდებულს გაუტყდა ღილაკი, რის გამოც უსაყვედურა მას. თ-------------მ შესთავაზა გაფუჭებული ნივთის ახლით შეცვლა და აღდგენა, თუმცა, ვინაიდან აღარ ენდობოდა მის კვალიფიკაციას, გადაწყვიტა, იქვე, ახლოს, სხვა ხელოსანთან წასულიყო და დაიწყო ხელოსნის ძებნა. რამდენიმე ხნის შემდეგ, უკან ავტოსახელოსნოში დაბრუნებულმა, უთხრა ბრალდებულს, რომ ნივთს სხვა შეუკეთებდა და აღარ სურდა მისი მომსახურება. აღნიშნული ეწყინა თ-------------ს, იგი პირად შეურაცხყოფად მიიღო და უთხრა: ,,რატომ გადამიარეო?‘‘. ავტოსახელოსნოდან გამოსვლისას კი, მას უკნიდან მიეპარა და დანა დაარტყა მუცლის არეში, რის გამოც წაიქცა. მეორე დარტყმა მიაყენა გულის არეში, რაც არ აღმოჩნდა გამჭოლი, ვინაიდან ამ დროს იგი უკვე თავს იცავდა და წაქცეული ეწინააღმდეგებოდა ბრალდებულს. პარალელურად, ავტოსახელოსნოში შეცვივდნენ სხვა ხელოსნებიც, რომლებმაც დაიჭირეს თ------------- და გააშველეს. შემდეგ, როგორც ახსოვს, ბრალდებული გაიქცა და იქ აღარ უნახავს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის გადაიყვანა ა-–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
დაზარალებულმა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მას არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია თ-------------სთვის და არც სიტყვიერი, უბრალოდ საყვედური უთხრა ნივთის გაფუჭების გამო. ამასთან, განაცხადა, რომ არ სურს ბრალდებულის მკაცრად დასჯა.
მოწმე მ----------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს ა--–---- ქუჩაზე, ავტოსახელოსნოში, ზ-------–---------–---–---- და თ-------------სთან ერთად. 2019 წლის 13 აპრილს მასთან შესაკეთებლად მიიყვანეს ,,Volkswagen-ის‘‘ ფირმის ავტომანქანა და აკეთებდა მას. ამ დროს სახელოსნოში იმყოფებოდა თ-------------სთან ერთად. მოგვიანებით მათთან სახელოსნოში, ასევე, მიიყვანეს ,,Toyota rav4-ის‘‘ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მინის ამწევი ღილაკი ჰქონდა გაფუჭებული. თ-------------მ დაიწყო მისი შეკეთება, რა დროსაც გაუტყდა იგი. აღნიშნულის გამო, მას ავტომანქანის მძღოლმა დაუწყო ჩხუბი. თ------------- ეუბნებოდა, რომ გაუკეთებდა გატეხილ ნივთს, თუმცა დაზარალებული მაინც ჩხუბობდა. იგი თ-------------ს მიმართავდა: ,,დედას გიტირებ... მე სხვანაირად ვიცი კიდე ლაპარაკი, ფეხქვეშ გაგდება‘‘. თ------------- ცდილობდა მის დამშვიდებას. დაძაბული სიტუაციის განმუხტვა სცადა თავადაც, თუმცა აღნიშნულს დაზარალებულისგან მოჰყვა აგრესია მის მიმართ, რის გამოც განერიდა შემთხვევის ადგილს და განაგრძო გარეთ სხვა მანქანის შეკეთება. პარალელურად, მაინც ცდილობდა, ყურადღებით ყოფილიყო და ამ მიზნით შედიოდა სახელოსნოში და გამოჰქონდა მისთვის საჭირო ნივთები. თ-------------ს დაზარალებული კვლავ ეკამათებოდა, ეუბნებოდა, რომ არ იცოდა ხელობა და რუსულად შეაგინა კიდეც. მან, ასევე, დაინახა, თუ როგორ აიღო თ-------------მ დანა, რომელიც შემოსასვლელთან პატარა მაგიდაზე იდო. დანის დანახვის დროს იგი გამოიქცა ავტოსახელოსნოდან და საშველად მოუხმო იქ მყოფ ადამიანებს. გამოსვლისას დანა ხელში ეჭირა თ-------------ს, თუმცა დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. შემდგომ ავტოსახელოსნოში განვითარებული მოვლენის შესახებ იცის მხოლოდ გადმოცემით სხვებისგან, ვინაიდან შიგნით აღარ შებრუნებულა. მისი დაძახების შემდეგ, პირველად ავტოსახელოსნოში შევიდა გ-------------–--- და, როგორც მას უთხრეს, სწორედ გ-------------–---მ გააშველა ისინი. შემდგომ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, მან, ასევე, ნახა დაჭრილი დაზარალებული, რომელიც ავტოსახელოსნოდან გარეთ გამოიყვანეს.
მოწმე გ-------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს ა--–---- ქუჩაზე, ავტოსახელოსნოში, იმ ავტოსახელოსნოს გვერდით, სადაც თ------------- და მ----------–--- მუშაობენ. თ-------------ს იცნობს დაახლოებით 2 თვეა და ახასიათებს დადებითად. მას არ უნახავს, რომ ბრალდებულს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდეს. 2019 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ-------------- სახელოსნოდან გაიგო კამათის ხმა. გარეთ იდგა ,,Toyota rav4-ის‘‘ ფირმის ავტომანქანა, რომლის პატრონი ავტოსახელოსნოს შიგნით რაღაც ნაწილზე ეუბნებოდა თ-------------ს, თუ რატომ გაუტეხა. თ------ უხსნიდა, რომ გაუკეთებდა, ან უყიდდა ახალს. შემდეგ გაიგო მ----------–---- ხმა: ,,მიშველეთო‘‘ და ავტომანქანის მძღოლის გამწარებული ღრიალი. იგი დაახლოებით 3-4 წამში შევიდა ავტოსახელოსნოში, სადაც დაინახა, რომ შესასვლელთან იწვა მამაკაცი მიწაზე და მარჯვენა მხარეს სდიოდა სისხლი. ამ დროს იქვე 2 მეტრში დანით ხელში იდგა თ-------------, რომელსაც მივარდა და შებოჭა, განმეორებით კიდევ რომ არ დაერტყა დაზარალებულისთვის, რა დროსაც ამ უკანასკნელს ხელიდან გაუვარდა დანა. სამზარეულოს დანა იყო ლურჯი, წითელი ტარით, დაახლოებით 15-20 სმ სიგრძის, რომელიც სახელოსნოს სიღრმეში შეაგდო. შემდეგ თ------------- გაიქცა, ხოლო დაზარალებული გამოიყვანა ავტოსახელოსნოდან და დასვა სკამზე. მას დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად შეურაცხმყოფელი სიტყვები მას არ გაუგია, ხოლო დაჭრის დროს ორივე მხარე აყენებდა ერთმანეთს შეურაცხყოფას.
მოწმე რ----------–------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მუშაობს ა--–---- ქუჩაზე, ავტოსახელოსნოში, იმ ავტოსახელოსნოს გვერდით, სადაც თ------------- მუშაობს. ავტოსახელოსნოებს ჰყოფს ერთი კედელი და შესასვლელი ღიაა. 2019 წლის 13 აპრილს, დილით, ვინაიდან არ ჰქონდა სამუშაო, გარეთ, მეგობრებთან ერთად, თამაშობდა ნარდს. მან დაინახა, რომ მ--------------თან მოვიდა 60-65 წლის მამაკაცი, ხოლო მისი მოსვლიდან ნახევარ საათში დაიწყო ხმამაღალი საუბარი, თუმცა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გაუგია. მამაკაცი ეუბნებოდა მ--------------, თუ არ იცოდი, რატომ მიკეთებდიო. ისინი ამ დროს ავტოსახელოსნოში იმყოფებოდნენ მარტო, მ----------–--- კი გარეთ მუშაობდა. მერე ისევ დაწყნარდა სიტუაცია. მოგვიანებით, ნარდის თამაშის დროს, მან გაიგო ხმამაღალი ყვირილი. გ-------------–--- მივარდა პირველი საშველად. ამ დროს თავადაც მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და გაიქცა ავტოსახელოსნოსკენ. მან დაინახა, რომ გ------- აკავებდა თ------, ხოლო მამაკაცი იწვა მიწაზე და სისხლი სდიოდა. ასევე, ძირს დაინახა დანა, რომელსაც გ-------მ ხელი გაკრა და გადააგდო ავტოსახელოსნოს ბოლოში. თ------- აღარ უცდია დანის ხელში აღება. აღნიშნული დანა მას მანამდეც უნახავს სახელოსნოში. მან დაზარალებული გამოიყვანა გარეთ ავტოსახელოსნოდან, გახადეს ტანსაცმელი და უნახეს ჭრილობა.
მოწმე ზ-------–---------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2-3 თვეა, რაც თ------------- მასთან მუშაობს და არ ყოფილა შემთხვევა, მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. 2019 წლის 13 აპრილს, დაჭრის ფაქტის დროს, ის სამსახურში (ა--–---- ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში) არ იმყოფებოდა. დაახლოებით 11:00 საათზე დაურეკა თ-------------მ და უთხრა, რომ შელაპარაკების საფუძველზე დაჭრა ადამიანი. უთხრა: ,,რა მოხდა, არ ვიცი, არ მინდოდა, მიმიყვანა იმ დონეზე... არც ვიცი, რა დავარტყიო‘‘. ავტოსახელოსნოში მისვლისას მას ადგილზე უკვე პოლიციელები დახვდნენ. ავტოსახელოსნოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შელაპარაკება მოხდა მანქანის ნაწილზე, დაზარალებულმა შეურაცხყოფა მიაყენა თ-------------ს, რის გამოც კონტროლი დაკარგა მან და დანით დაჭრა დაზარალებული.
მოწმე გ------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 13 აპრილს, ა--–---- ქუჩაზე, ავტოსახელოსნოში, მიიყვანა შესაკეთებლად ავტომანქანა, რა დროსაც შეამჩნია ხალხმრავლობა. ადგილზე მისვლისას დაინახა მამაკაცი, რომელიც დაჭრილი იჯდა სკამზე. მამაკაცი საუბრობდა რაღაც მანქანის ღილაკზე და ამბობდა: ,,ეს რა გამიკეთაო‘‘. იგი, ასევე, ადასტურებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს, სადაც მითითებული აქვს, რომ, დაჭრილი მამაკაცის განმარტებით, მან ღილაკის დაზიანების გამო, შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაც არ ესიამოვნა მას, უთხრა: ,,რატომ მთელავო‘‘ და დაარტყა დანა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ------------- დაკავებულია 2019 წლის 13 აპრილს შს---------------------------------------–-------- განყოფილების შენობაში. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია: შავი ფერის მაისური; ,,Adidas-ის‘‘ ფირმის სპორტული შარვალი, დასვრილ მდგომარეობაში; ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, დასვრილ მდგომარეობაში. ამოღებული ნივთები დალუქულია #27/11/4 ლუქით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დ-----------------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის - რ----------------- მიერ, თბილისში, ა--–---- ქ.#---ში, ექსპერტების: ზ--------------–---–--, ზ---------–------, დათვალიერებაში მონაწილე პირის - ზ-------–---------–---–-- მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმში აღნიშნულია, რომ ავტოსახელოსნოს აქვს ორფრთიანი ნაცრისფერი მეტალის კარი, რომლის ორივე ფრთა ქუჩისკენაა გამოღებული. ავტოსახელოსნო არის დაახლოებით 30-40 კვადრატული მეტრი ფართობის. სახელოსნოს შესასვლელ მარჯვენა კედელთან დგას ხის მაგიდა, ხოლო ავტოსახელოსნოს შუა ნაწილში, ავტოშეკეთების მიზნით, გაჭრილია ორი მეტრის სიღრმის ორმო, ე.წ. ,,იამა‘‘. აღნიშნულ ორმოსა და მაგიდას შორის, ბეტონის ფილის ზედაპირზე, დევს დანა, ვერცხლისფერი მეტალის ზედაპირით, ნახევრად თეთრი და ნახევრად ლურჯი პლასტმასის სახელურით, რომელსაც ვერცხლისფერ ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ლაქები. ავტოსახელოსნოს წინ, ნაწილობრივ ქვეითთა სავალ ნაწილზე, და ნაწილობრივ ა--–---- ქუჩის სავალ ნაწილზე, იდგა ნაცრისფერი ავტომანქანა ,,Toyota rav4‘‘, სახ. ნომრითW--------. მანქანის მარჯვენა ფრთის თავზე, წინა მაშუქთან, ძრავის საფარველზე, აღინიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები. ასევე, მანქანის მარცხენა მხარეს, სახელოსნოს წინ, მანქანიდან დაახლოებით 1-1,5 მეტრში, გზის ქვეითთა სავალი ნაწილის ასფალტის ზედაპირზე, ტროტუართან, აღინიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად: ავტოსახელოსნოში იატაკის ფილაქნის ზედაპირიდან ამოღებულია 1 ცალი დანა, რომელსაც ვერცხლისფერ მეტალის ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები; ავტომანქანა ,,Toyota rav4-ის‘‘, სახ. ნომრით W--------, ძრავის სახურავიდან ამოღებულია: მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში და მოწითალო ფერის საკონტროლო ანაწმენდი; ავტოსახელოსნოს წინ, ტროტუარის ასფალტის ზედაპირიდან, ამოღებულია ასფალტის ამონატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას განხორციელდა მისი ფოტოგადაღება დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
2019 წლის 13 აპრილის ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ თ-------------სგან ნებაყოფლობით აღებულია ხელის ანაბეჭდები ელექტრონულ დაქტილო სკანერზე, რის შემდეგაც იგი განთავსდა შსს ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
2019 წლის 13 აპრილის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ თ-------------სგან აღებულია ნერწყვის ნიმუში ნებაყოფლობით, რაც დაილუქა სპეცპაკეტში, შტრიხკოდით: FCD1191053.
2019 წლის 14 აპრილის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ვ-–------------გან ნებაყოფლობით აღებულია სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა #27/11/4 ლუქით.
2019 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ,,ა-–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკაში‘‘, ექთნის თანაშემწე გ--------------–--------, ამოღებულია ვ-–------------ ტანსაცმელი, კერძოდ: ერთი შავი ფერის პიჯაკი; შავი ფერის ნაჭრის შარვალი, შავი ტყავის ქამრით; ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი; შავი ფერის მაისური; მოლურჯო ფერის საცვალი; მოლურჯო ფერის წინდები; ღია მოლურჯო ფერის პერანგი, მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის შავი ფერის პაკეტში და დაილუქა #27/11/5 ლუქით.
2019 წლის 3 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,ა-–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკიდან‘‘ ამოღებულია ვ-–------------ (პ/ნ 0----------) სამედიცინო ისტორიის ქსეროასლი, დამოწმებული სახით, სულ 70 ფურცლად, და რენტგენოფირები, ერთ ცალ CD-R დისკზე.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხნენ სამართალდამცავები: ა---–-------------, კ----------–-----, ა-–----–--–------, დ------------–---–-, რ---------------- და ქ------------–---, ასევე, ზ---------–----- (ექსპერტ-კრიმინალისტი). აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი და ჩატარებული მოქმედებების კანონშესაბამისობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე მტკიცებულებები: ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ნივთმტკიცებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, ისინი მიღებულია მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 12 აგვისტოს #--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ა-–----–----–---–----------–------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის #3754/19 და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების შესაბამისად, მოქ. ვ-–------------ 2019 წლის 13 აპრილს აღენიშნებოდა: გულმკერდის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბადექონის და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მუცლის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო გულმკერდის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 10 ივლისის #--------- დასკვნის თანახმად:
§ პაკეტში, წარწერით: ,,...ობ. #2 მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში‘‘, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. #1) და ასფალტის ამონატეხებზე (ობ. #2) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–------------ (ობ. #24; პაკეტი, წარწერით: ,,...მოწმე ვ-–------------ სისხლის ნიმუში...‘‘);
§ პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. დანა...‘‘ მოთავსებულ დანის პირზე (ობ. #3) და ტარზე (ობ. #4) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. #3-ის პროფილი ეკუთვნის ვ-–------------ (ობ. #24). ობ. #4-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ვ-–------------ (ობ. #24), ხოლო მეორე წილი თ-------------ს (ობ. #23; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში აღებული... ბრალდებულ თ---------–--------------------...) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
§ პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------------ს ტანსაცმელი...‘‘ მოთავსებულ შარვალზე (ობ. #9,10) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------------ს (ობ. #23). ამავე შარვალზე (ობ. #7,8,10,11), მაისურზე (ობ. #5,6) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. #12) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მუქი მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები სისხლს არ წარმოადგენს;
§ პაკეტში, წარწერით: ,,...ვ-–------------ ტანსაცმელი...‘‘, მოთავსებულ პერანგზე (ობ. #13,14), ქურთუკზე (ობ. #15), ჯინსის შარვალზე (ობ. #16), მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. #17,18), ქვედა საცვალზე (ობ. #19), ერთ-ერთ წინდაზე (ობ. #20) და ფეხსაცმელებზე (ობ. #21,22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–------------ (ობ. #24).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე, მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ასპექტზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და მიუთითებს, რომ იგი დაიძლევა იმ მოცემულობით, როცა პირის ბრალეულობა დამტკიცდება. ამასთან, ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ და მისი მტკიცების ტვირთი, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ბრალდების მხარესაა (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი). პარალელურად, ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანხვედრი ვარაუდები, ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტებთან დაკავშირებით (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, ECHR, #39630/09, §151, 13.12.2012, Hassan v The UK, ECHR, #29750/09, §48, 16.09.2014). ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, #35394/97, 34; Bykov v. Russia, #4378/02, 95).
განსახილველ საქმეზე თ------------- ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ფატზე (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი). წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ერთობლივად და ინდივიდუალურად იმ მტკიცებულებებზე, რაც, მათი სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების დადგენის/უარყოფის შესაძლებლობას იძლევა.
თავდაპირველად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სიცოცხლის უფლებაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ, უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ ღირებულებაზე დემოკრატიული საზოგადოებისათვის და აღნიშნავს, რომ, სიცოცხლის უფლების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სიცოცხლის უფლების დაცვა კონკრეტული სისხლის სამართლის კანონმდებლობის შექმნით, ხოლო, უფლების ხელყოფის შემთხვევაში, საკითხის სრულყოფილი შესწავლა (ეფექტიანი გამოძიების ჩატარება), რომელსაც ექნება პირის წინააღმდეგ მიმართული ხელყოფის შემაკავებელი ძალა და დაეყრდნობა დარღვევათა პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის მექანიზმს (Karagiannopoulos c. Greece, no 27850/03, §53, 2007). ამგვარ მოცემულობაში ფაქტის შესწავლა უნდა იყოს სიღრმისეული, მიუკერძოებელი და ყურადღებიანი (McCann et autres c. Royaume-Uni, 27 septembre 1995, §§ 161-163).
განსახილველ საქმეზე წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფის, კერძოდ, განზრახ მკვლელობის დასჯადობას ითვალისწინებს. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, მისი ქმედება მიმართული იყოს მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იგი მიზეზშედეგობრივ კავშირში იყოს დაზარალებულის სიკვდილთან. პარალელურად, არსებული ბრალდების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ელ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს რეალურად საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა განიზრახა დაზარალებულის მკვლელობა შურისძიების მოტივით და, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, მიაყენა მას სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. ამგვარი დასკვნის საფუძვლად, სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე:
§ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი წინ უსწრებდა დაზარალებულის დაჭრის ფაქტს და დანაშაული ჩადენილია სწორედ აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით. კონფლიქტის მიზეზი გახდა დაზარალებულის განაწყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს შეკეთების პროცესში გაუტყდა დაზარალებულ ვ-–------------ კუთვნილი ავტომანქანის მინის ამწევი ღილაკი, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა საყვედური ბრალდებულის მიმართ, რაც, ამ უკანასკნელისა და მოწმე მ----------–---- ჩვენებების თანახმად, ასევე, გამოიხატა ბრლდებულისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, რამაც, თავის მხრივ, შელახა ბრალდებულის თავმოყვარეობა და გამოიწვია საპასუხო რეაქცია. ზემოთ მითითებული პირების გარდა, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის მომხდარ შელაპარაკებას ადასტურებენ, ასევე, მოწმეები: გ-------------–--- და რ----------–------ თავიანთ ჩვენებებში.
§ კონფლიქტის საფუძველზე, მ-------------- დანით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს. ფაქტობრივ გარემოებას ამ კუთხით აღიარებს ბრალდებული. ამავდროულად, აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით.
დაზარალებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ ავტოსახელოსნოდან გამოსვლისას, მას ზურგიდან მიეპარა ბრალდებული და დანა დაარტყა მუცლის არეში, რის გამოც წაიქცა. მეორე დარტყმა კი განახორციელა გულის არეში, რაც არ აღმოჩნდა გამჭოლი, ვინაიდან ამ დროს იგი უკვე თავს იცავდა და წაქცეული ეწინააღმდეგებოდა თ-------------ს. პარალელურად, ავტოსახელოსნოში შეცვივდნენ სხვა ხელოსნებიც, რომლებმაც დაიჭირეს თ------------- და გააშველეს.
მოწმე მ----------–--- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დაინახა, თუ როგორ აიღო თ-------------მ დანა, რომელიც შემოსასვლელთან პატარა მაგიდაზე იდო, დანის დანახვის დროს იგი გამოიქცა ავტოსახელოსნოდან და საშველად მოუხმო იქ მყოფ ადამიანებს. შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს მოწმე გ-------------–---- ჩვენებაზე, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ მან გაიგო მ----------–---- ხმა ,,მიშველეთ‘‘ და ავტომანქანის მძღოლის გამწარებული ღრიალი. იგი დაახლოებით 3-4 წამში შევიდა ავტოსახელოსნოში, სადაც დაინახა, რომ შესასვლელთან იწვა მამაკაცი მიწაზე და მარჯვენა მხარეს სდიოდა სისხლი. ამ დროს, იქვე, 2 მეტრში დანით ხელში იდგა თ-------------ც. დანა იყო დაახლოებით 15-20 სმ სიგრძის. ვინაიდან ბრალდებულს ხელში ეჭირა დანა, განმეორებით კიდევ რომ არ დაერტყა დაზარალებულისთვის, მან დაიჭირა იგი, რა დროსაც ბრალდებულს დანა ხელიდან გაუვარდა, ხოლო მოწმემ დანა ავტოსახელოსნოს სიღრმეში შეაგდო.
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს თავის ჩვენებაში მოწმე რ----------–------ც, ხოლო მოწმე ზ-------–---------–---–- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 აპრილს დაურეკა თ-------------მ და უთხრა, რომ შელაპარაკების საფუძველზე დაჭრა ადამიანი.
ბრალდებულისა და მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ექსპერტიზის დასკვნებთან.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები იდენტურია დაზარალებულ ვ-–------------ გენეტიკური პროფილის, ხოლო დანის ტარზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ვ-–------------, ხოლო მეორე წილი თ-------------ს. შემთხვევის ადგილიდან აღებულ ანაწმენდებსა და ასფალტის ამონატეხზე, ასევე, დაზარალებულ ვ-–------------ ტანსაცმელზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის ვ-–------------.
§ ის ფაქტი, რომ ნამდვილად სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება ჰქონდა დაჭრის შედეგად მიყენებული დაზარალებულს, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნაში მითითებულია, რომ ვ-–------------ 2019 წლის 13 აპრილს აღენიშნებოდა: გულმკერდის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბადექონის და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მუცლის მიდამოში მდებარე ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო გულმკერდის მიდამოში - მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის #227აპ-16 გადაწყვეტილება, 29.09.16).
ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს თ-------------ს მიერ ქმედების განზრახ ჩადენას, ვინაიდან მას გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი. ამგვარი დასკვნა სასამართლოს გააჩნია იმ საფუძველთა გათვალისწინებით, რომ: ბრალდებულს ჰქონდა კონკრეტული მოტივი, თუ რატომ სურდა სიცოცხლის მოსპობა დაზარალებულისთვის. კერძოდ, ბრალდებულის ქცევა წარმოადგენდა საპასუხო ქმედებას დაზარალებულის მიერ პროვოცირებულ შეურაცხყოფაზე, რასთან მიმართებითაც იგი თავის ჩვენებაში განმარტავს კიდეც, რომ მსგავს დამოკიდებულებას ვერავის აპატიებდა; დაზიანებები მიყენებულია დანით (ზომით 15-20 სმ), ხოლო ჭრილობის ხარისხი და ლოკალიზაცია მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული, ინტელექტუალური თვალსაზრისით, ითვალისწინებდა სიცოცხლის ხელყოფის მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას; ასევე, მას გააჩნდა მიზანმიმართული სურვილი, განეხორციელებინა დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენება მან შეწყვიტა მას შემდეგ, რაც სახელოსნოში შევიდა გ-------------–---, რომელმაც შებოჭა ის.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ თ-------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ბრალის აღიარებით გამოცხადება სამართალდამცავ ორგანოში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ საქმეზე, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს (შურისძიების მოტივს დაზარალებულის შეურაცხყოფის გამო), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (განზრახ მკვლელობა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, თუმცა დაზარალებული გადაურჩა სიკვდილს, როგორც სხვა პირთა ჩარევის, ასევე, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ბრალდებულის პიროვნებას (ხასიათდება დადებითად), მხედველობაში იღებს, ასევე, იმასაც, რომ ბრალდებული გამოცხადდა ბრალის აღიარებით სამართალდამცავ ორგანოში. ამასთან, დაზარალებულის პოზიციაა, ბრალდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული მკაცრი სასჯელი.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, ასფალტის ნატეხი, ავტომანქანა ,,Toyota rav4-დან‘‘ აღებული მოწითალო ფერის ნიმუში, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, თ-------------ს ნერწყვის ნიმუში და ვ-–------------ სისხლის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–--------–----- ექსპერტიზის ბიუროში, უნდა განადგურდეს; ხოლო ა-–----–---–--------–----- კლინიკიდან ამოღებული ვ-–------------ ტანსაცმელი და თ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც, ასევე, გადაგზავნილია ლ------------–--------–----- ექსპერტიზის ბიუროში, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
თ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 13 აპრილიდან.
თ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ტანსაცმელები და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო დანა, ასფალტის ნატეხი, ავტომანქანიდან აღებული მოწითალო ფერის ნიმუში, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე