გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2019
საქმის ნომერი
330310019002839760
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/910-19

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - ნ------------

წარმომადგენელი - გ--–- ნ-----–--–---–-, გ--------–--–---–-

 

მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–---

 

მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წარმომადგენელი --------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების უკანონოდ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება ნ------------ს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ------------სათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე .

 

1.3. უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს ქმედების უკანონოდ ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ირ--------–-----------------–--ის მოქალაქე ნ----------- (დაბადების თარიღი ----.---1--- წელი) და ამავე რესპუბლიკის მოქალაქე ა------------------------ (დაბადების თარიღი ----.--.1--- წელი) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი რ--------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლები (ს.ფ. 86-87).

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.22).

-ირ--------–-----------------–--ის საელჩოს 2018 წლის 25 დეკემბრის N----------- ცნობა (ს.ფ. 98).

 

3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2011 წლის 19 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით ნ------------ს სახელზე გაიცა დროებითი ბინადრობის ნებართვა 2011 წლის 19 სექტემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 22 აგვისტოს №1--------- გადაწყვეტილებით ნ-----------ს გაუგრძელდა დროებითი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 22 აგვისტომდე.

 

სსიპ სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილებით ირ--------–-----------------–--ის მოქალაქე ნ-----------ს უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სსიპ სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილებით ირ--------–-----------------–--ის მოქალაქე ნ------------ს სახელზე გაიცა შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 19 თებერვლიდან 2019 წლის 19 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2011 წლის 19 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 14).

 

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 22 აგვისტოს №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.16-17)

-სსიპ სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.18).

- სსიპ სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.20-21).

 

3.1.3. სსიპ სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის N1--------- გადაწყვეტილებით ნ------------ს ოჯახის წევრის (მეუღლე) - ა------------------------ის სახელზე გაიცა ოჯახის გაერთიანების მიზნით მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 99-100).

 

3.1.4. 2018 წლის 27 დეკემბერს ირ--------–-----------------–--ის მოქალაქე ნ-----------მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ 81-83 ).

 

3.1.5. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 6 იანვარს №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ნ------------სთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 იანვრის S---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ნ------------სთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 იანვრის №1---------/1 წერილი (ს.ფ. 74).

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 იანვრის S---------------- წერილი (ს.ფ. 75).

 

3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილებით ნ------------ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი

 

მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 13).

 

3.1.7. სს „თი----------ს“ 2018 წლის 27 დეკემბრის N----------- ცნობით დასტურდება, რომ ნ------------ არის სს „თიბისი ბანკში“ ანგარიშ(ებ) ის მფლობელი , რომლის ნაშთი შეადგენს 3500.00 ლარს.

 

მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „თი----------ს“ 2018 წლის 27 დეკემბრის N----------- ცნობა (ს.ფ.96).

 

3.1.8. დადგენილია, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელე წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის 2019 წლის 15 იანვრის ცნობა (ს.ფ. 76).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15

 

მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუიგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხისგანხილვისა და გადაწყვეტის წესით’’ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-7 მუხლში, რაც მოსარჩელის მიერ სრულად იქნა წარდგენილი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13

მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ნ------------სთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.3. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე მიუთითოს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 იანვრის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს

 

თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი

ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ------------სთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები. მითითებული ნორმის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა

 

სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 იანვრის წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მართალია მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ნ------------ს სახელზე გაიცა დროებითი ბინადრობის ნებართვა 2011 წლის 19 სექტემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე, რომელიც შემდგომ გაუგრძელდა 2017 წლის 22 აგვისტომდე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე გაიცა შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 19 თებერვლიდან 2019 წლის 19 თებერვლამდე. რაც შეეხება მოსარჩელის მეუღლეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მის სახელზე გაცემულია საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. სასამართლო ასევე მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს ქორწინებაში ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რომელიც სწავლობს საქართველოში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------თვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე ვერ შეძლებს საქართველოში დარჩენას, რაც გამოიწვევს ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაშორებას.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

6.5. რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას უკანონოდ იქნეს აღიარებული საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქმედება, რომელიც გამოიხატა 2019 წლის 10 იანვრის S---------------- წერილში სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს მთავრობობის 2015 წლის 30 ივლისის N385 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას.

 

ამავე დებულების მე-6 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ხოლო მე-7 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეციალური სამსახურების, პირთა

ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, მათი შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი

 

რისკის მქონე სუბიექტებისათვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის აღნიშნული რეჟიმის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან, მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითადა სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება, რომლის პირველი მუხლის მიხედვითაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით ოპერატიული საქმიანობა არის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საქმიანობა შეადგენს სწორედ ისეთი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ერთობლიობას, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიმართ, მისი ქმედების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 იანვრის S---------------- წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებიდან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სამართალგამოყენებით, ნორმაშეფარდებით საქმიანობიდან, მეტიც ამავე კოდექსის მე-3 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე ვერ გავრცელდება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქცია. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი აფასებს, სახელმწიფო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მისი ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საშიშროების ჭრილში და სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაერევა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობაში, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდგება ხელისუფლების შტოთა ურთიერთგაწონასწორების პრინციპს, ხოლო სასამართლო ხელისუფლების ბერკეტი და მხარის უფლება სამართლიან სასამართლოზე გამოიხატება სწორედ სასამართლოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასებისა და აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობაში, რამაც რეალიზაცია ჰპოვა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნებში. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა ახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების

 

პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------სთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური