განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2283-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ნინო ჩინჩალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–---–---–----ე, დაბადებული 1----–-–----------სს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, შ--–--------------------–----------------------
ადვოკატი - ზ-------------–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი-----–---–---–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 აპრილს, ქ. თ---–--–--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–---–---–----ემ, მამას გ----–---–---–----ეს ურთიერთშელაპარაკების დროს სახის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც გ----–---–---–----ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----–---–---–----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ ი-----–---–---–----ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა გ----–---–---–----ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.2. მოწმე ნ------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 28 აპრილს, დაახლოებით საღამოს 04:00-05:00 საათზე, თ---–--–-----------------–-------------ის მიმდებარედ დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც ბორდიურზე ერთმანეთთან ძიძგილაობდნენ. მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს მანქანის სავალ ნაწილზე გადასვლა, მან დარეკა პოლიციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ, რადგან ხსენებული მამაკაცები სავარაუდოდ ნასვამები იყვნენ და შეეშინდა მანქანას არ გაეტანა ისინი. მას მამაკაცებზე დაზიანება არ შეუმჩნევია და არც მათი ხმა ესმოდა. ასევე არ დაუნახავს დარტყმისა და წაქცევის ფაქტი. ადგილზე მისულ პოლიციას მან მიუთითა თუ საით უნდა წასულიყვნენ, რომ ეს მამაკაცები ენახათ. პოლიციამ მამაკაცები შეამჩნია და მივიდნენ მათთან.
3.3. პატრულ-ინსპექტორმა გ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 28 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე შ-------------ესთან ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება თ---–--–-----------------–-------------ის მიმდებარედ ორი მამაკაცის ჩხუბის შესახებ. შეტყობინების ინიციატორისთვის უცნობი იყო კონფლიქტის მონაწილეთა ვინაობა. ადგილზე მისვლისას მათ შენიშნეს ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო განსაკუთრებით აღელვებული. ისინი მათ გაესაუბრნენ და აღმოჩნდნენ მამა-შვილი გ----–ი და ი-----–---–---–----ეები. გ----–---–---–----ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, აცხადებდა, რომ მისმა შვილმა ი-----–---–---–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ----–---–---–----ეს სახეზე ემჩნეოდა დაზიანებები, სიწითლე და სისხლი. ადგილზე ასევე მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც გ----–---–---–----ეს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ პოლიციელებმა დააკავეს ი-----–---–---–----ე, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ასევე გამოიძახეს საგამოძიებო ჯგუფი, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
3.4. გამომძიებელმა გ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 28 აპრილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–-------------------------------–--ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესული შეტყობინების შინაარსის მიხედვით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–ოს პატრულ-ინსპექტორებს თ---–--–--------–-------------თან ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდათ ი-----–---–---–----ე, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას - გ----–---–---–----ეს. იგი პირადად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა ი-----–---–---–----ეც და გ----–---–---–----ეც. გ----–---–---–----ეს ამ დროს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მარჯვენა თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება და აცხადებდა, რომ სცემა ი-----–---–---–----ემ. მას პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდნენ ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. ამის შემდეგ მან მოცემულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის ავთენტიკურობას ადასტურებს.
3.5. 2019 წლის 30 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №-------- (თარიღით 28.04.19 - დაუმოწმებელი ასლი)) მონაცემების თანახმად: მოქალაქე გ----–---–---–----ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2019 წლის 28 აპრილს და დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. ალკოჰოლური სიმთვრალე, დაუზუსტებელი. ცხვირის ღია ჭრილობა. თავის ღია ჭრილობა.
ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე გ----–---–---–----ეს აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ჭრილობა (ჭრილობები), იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად - აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული დაზიანებების (ნახეთქი ჭრილობების) სრული მორფოლოგიური სურათი.
3.6. ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 28 აპრილს, 17:43 საათზე გ----–---–---–----ეს დაუდგინდა სიმთვრალე (ს.ფ. 20-21).
3.7. ბრალდებულმა ი-----–---–---–----ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვის მიცემისას განაცხადა, რომ მას მამამისისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემთხვევის დღეს გ----–---–---–----ე იყო ნასვამი და იგი ცდილობდა მის გამოფხიზლებას, რა დროსაც შეანჯღრია. გარდა ამისა, სხვა ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
3.8. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი-----–---–---–----ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ი-----–---–---–----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ი-----–---–---–----ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა გ----–---–---–----ემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა საკუთარი შვილის წინააღმდეგ. მოწმე ნ------------–---–ის განმარტებით, მან ქუჩაში დაინახა ორი მამაკაცის ძიძგილაობა და დარეკა პოლიციაში, რადგან ისინი სავარაუდოდ ნასვამები იყვნენ და შეეშინდა მანქანას არ გაეტანა ისინი. მას არ დაუნახავს დარტყმისა და წაქცევის ფაქტი. ე.ი. მან პოლიციაში დარეკა არა ძალადობის ფაქტზე, არამედ რაიმე ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით. პატრულ-ინსპექტორ გ--------------ის ჩვენების მიხედვით, გამოძახების ადგილზე მისვლისას მას დახვდნენ გ----–---–---–----ე და ი-----–---–---–----ე. ნასვამმა გ----–---–---–----ემ მას განუცხადა, რომ მისმა შვილმა ი-----–---–---–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ----–---–---–----ეს სახეზე ემჩნეოდა დაზიანებები, სიწითლე და სისხლი. გამომძიებელ გ--------------–---–ის ჩვენების მიხედვით, მან შემთხვევის ადგილზე მისვლისას პირადად ნახა ი-----–---–---–----ე და გ----–---–---–----ე. გ----–---–---–----ეს ამ დროს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მარჯვენა თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება და აცხადებდა, რომ ი-----–---–---–----ემ სცემა.
ამდენად, გ--------------ისა და გ--------------–---–ის ჩვენებები ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დამყარებულია გ----–---–---–----ის ნათქვამზე, ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობას და არ არიან თვითმხილველი მოწმეები, ე.ი. მათი ჩვენებები ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში გ. გ--------ისა და გ. გ-----–---–ის ირიბი ჩვენებები არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ამასთანავე, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, რომლის მიხედვითაც გ----–---–---–----ეს დაუდგინდა სიმთვრალე, დადასტურდა ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში აღნიშნული ფაქტი, რომ გ----–---–---–----ე იმყოფებოდა ნასვამი, რომლის გამოფხიზლებასაც ცდილობდა იგი.
3.10. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით დასტურდება სხეულის რა ხარისხის დაზიანება ჰქონდა გ----–---–---–----ეს, რაც ფაქტობრივად, მხარეთა შორის არ წარმოადგენს სადაო გარემოებას, თუმცა მიზეზობრივი კავშირი, რომ ხსენებული დაზიანებები ბრალდებულის ქმედების შედეგად იქნა მიღებული, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილსა ან ტანჯვაში (რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არის დადგენილი გ----–---–---–----ის სხეულის დაზიანებების სახით, მიზეზობრივ კავშირშია ი-----–---–---–----ის ქმედებასთან.
3.11. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღწერილი მტკიცებულებები არასაკმარისია ოჯახში ძალადობის ჩადენაში ი-----–---–---–----ის დამნაშავედ ცნობისათვის.
3.12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–---–---–----ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–---–---–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ი-----–---–---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ი-----–---–---–----ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტს. ამ ფაქტზე საუბრობენ მხოლოდ გ--------------ე და გ--------------–---–ი, რომლებიც სასამართლოს აძლევენ ირიბი ხასიათის ჩვენებებს.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ი-----–---–---–----ემ ჩაიდინა ძალადობა მამის - გ----–---–---–----ის მიმართ.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ი-----–---–---–----ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ი-----–---–---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–---–---–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-----–---–---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ი-----–---–---–----ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე