განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 140100119003368387
N1/628-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14.01.2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ილია თაყაძე
ბრალდებული - ა-–---------- ნ-----–----ის ძე გ----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც------–-, მ-------ის ქუჩა N26, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, ქ-------------------.
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-–---------- გ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გორში, ქ--------------------ში მდებარე დ---ა გ----–---–ის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ა-–---------- გ----–---–მა მეუღლეს - დ---ა გ----–---–ს ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დ---ა გ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ა-–---------- გ----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–---------- გ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების: ე-–------- კ-–----–---–ის, დ----- მ-----–-–---–ის, დ----- ჭ-----–--ის და დ---ა გ----–---–ის გამოკითხვის ოქმები, დ---ა გ----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ა-–---------- გ----–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი.
ა-–---------- გ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა-–---------- გ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ა-–---------- გ----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–---------- გ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ა-–---------- გ----–---–ს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ დ---ა გ----–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენა და ამ გზით მისი, როგორც ქალის, დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან ძალადობრივი ქმედებით სისრულეში მოიყვანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ა-–---------- გ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------- გ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება.
სასამართლო ა-–---------- გ----–---–ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის ჩადენას ქალის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -
საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.
საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.
საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. აღნიშნულ საქმეზე კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებული - დ---ა გ----–---–ი, ბრალდებულ ა-–---------- გ----–---–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მათი თანაცხოვრების განმავლობაში, იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ. ა-–---------- გ----–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უკრძალავდა სამსახურში წასვლას, რადგან ის იყო ქალი, რომელიც, ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნით, მუდმივად სახლში უნდა ყოფილიყო და დამორჩილებოდა ქმრის მითითებებს.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–---------- გ----–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ა-–---------- გ----–---–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.
სასამართლო ითვალისწინებს ა-–---------- გ----–---–ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ა-–---------- გ----–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ა-–---------- გ----–---–ი 65 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, ჰყავს სამი შვილი, დასაქმებულია ქალაქ გ----–---------------–---. ა-–---------- გ----–---–ი მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებით პიროვნებად. 2019 წლის 14 ნოემბრის განცხადებით დაზარალებულმა - დ---ა გ----–---–მა დაადასტურა ა-–---------- გ----–---–ისათვის ჩადენილი დანაშაულის პატიების ფაქტი და აღნიშნა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. ამჟამად ა-–---------- გ----–---–ი დროებით ცხოვრობს ერთ-ერთ შვილთან წეროვანის დევნილთა დასახლებაში და უახლოეს მომავალში აპირებს მეუღლესთან განქორწინებას.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს ა-–---------- გ----–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქევბელი და დამამძიმებელი გარემოებების, ბრალდებულის სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---------- გ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა ექვსი თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი და ექვსი თვე. სასამართლოს აზრით, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა, ასევე, მისი მოხდის ამგვარი წესი დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 531-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-–---------- გ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
2. მსჯავრდებულ ა-–---------- გ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
4. მსჯავრდებულ ა-–---------- გ----–---–ს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
5. ა-–---------- გ----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ე------- ბ----–-ძეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე