გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003333223
საქმე № 3/301-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი: ა-- კ----------–-
მოპასუხე: ვ----– ბ-–----–---–ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით გაცემული თანხის - 44 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვ----– ბ-–----–---–მა (პირ. № 5----------) 2018 წლის მაისსა და ივნისში უკანონოდ აიღო საყოფაცხოვრებო სუბსიდია, ვინაიდან იგი დასაქმდა საჯარო სამსახურში.
მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 2 თვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვ----– ბ-–----–---–ი იღებდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიას ყოველთვიურად 22 ლარს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. ვ----– ბ-–----–---–მა მუშაობა დაიწყო სსიპ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" უსაფრთხოების დეპარტამენტში დაცვის მთავარი სამმართველოს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე 2018 წლის 17 აპრილიდან;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" 2019 წლის 11 ოქტომბრის № 1989 ცნობა.
3.2.3. ვ----– ბ-–----–---–ის მიერ 2018 წლის მაისსა და ივნისში ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 44 ლარს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ ზედმეტად მიიღო 2 თვის საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები", საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების" (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილებით) მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
იმავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
დადგენილია, რომ ვ----– ბ-–----–---–მა მუშაობა დაიწყო სსიპ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" უსაფრთხოების დეპარტამენტში დაცვის მთავარი სამმართველოს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე 2018 წლის 17 აპრილიდან, რის შესახებაც მას სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის არ უცნობებია.
ამის შედეგად, ვ----– ბ-–----–---–მა აიღო 2018 წლის მაის-ივნისის საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 44 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობამ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ვ----– ბ-–----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ვ----– ბ-–----–---–ს დაეკისროს 2018 წლის მაისისა და ივნისის თვეში არასწორად მიღებული (პენსიის - საყოფაცხოვრებო სუბსიდიის) - 44 (ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი