გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003317540
საქმე № 3/296-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი: ა-- კ----------–-
მოპასუხე: ლ---- გ-----ე
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პენსიის სახით გაცემული თანხის - 200 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლ---- გ-----ემ (პირ. № 5----------) უკანონოდ აიღო სახელმწიფო გასაცემელი - პენსია 200 ლარის ოდენობით, ვინაიდან იგი დასაქმდა იყო საჯარო სამსახურში და ამის შესახებ არ აცნობა მოსარჩელე მხარეს.
მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 1 თვის პენსიის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ---- გ-----ე იღებდა პენსიას 200 ლარს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. ლ---- გ-----ე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად 2019 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით;
მტკიცებულება: სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს" 2019 წლის 19 მარტის № 09/1841 ცნობა.
3.2.3. ლ---- გ-----ის მიერ 2019 წლის მარტში ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 200 ლარს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.4. ლ---- გ-----ემ 2019 წლის 8 აპრილის განცხადებით აღიარა ფულადი დავალიანების არსებობა და ივალდებულა ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა;
მტკიცებულება: ლ---- გ-----ის 2019 წლის 8 აპრილის განცხადება (შესული ფოსტის № 5031).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ ზედმეტად მიიღო 2019 წლის მარტის პენსია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
იმავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი ვალდებულია, აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
დადგენილია, რომ ლ---- გ-----ე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად 2019 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით, რის შესახებაც მას სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის არ უცნობებია.
ამის შედეგად, ლ---- გ-----ემ აიღო 2019 წლის მარტის თვის პენსია, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 200 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობამ.
აღსანიშნავია, რომ ლ---- გ-----ემ 2019 წლის 8 აპრილის განცხადებით აღიარა ამ დავალიანების არსებობა და ივალდებულა ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ლ---- გ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ლ---- გ-----ეს დაეკისროს 2019 წლის მარტის თვეში არასწორად მიღებული პენსიის - 200 (ორასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი