გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210019002881854
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4680-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - ე---------ე ვ---–---–ი

წარმომადგენელი - ე------ ზ-------–---–ი

 

მოპასუხე - მ---ა დ-----–---–ი

წარმომადგენელი - ნ----ა ჯ-----–---–ი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნაწილობრივ, 9325 ლარის ნაწილში ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი, ხოლო - 1 680 ლარის ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 30 იანვარს ე---------ე ვ---–---–მა მ---ა დ-----–---–ისაგან სესხის სახით მიიღო - 9 325 ლარ, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლით, რასთან დაკავშირებით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 3%-ით, თუმცა ე---------ე ვ---–---–ი გამსესხებელს უხდიდა ყოველთვიურად 5%-ს, თვეში - 466 ლარს, 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით. მსესხებელმა გადაიხადა ჯამურად - 9 325 ლარი, რაც შეადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო გადასახდელი აქვს - 1 680 ლარი. თუმცა, სააღსრულებო ფურცელი გაიცა სრულ თანხაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 20 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------, ნოტარიუსი შ------ა გ--------–---–ი) თანახმად, მ---ა დ-----–---–მა (გამსესხებელი/იპოთეკარი) ე---------ე ვ---–---–ს (მსესხებელი/მესაკუთრე) სესხის სახით გადასცა - 9 345 ლარი. სესხი გაიცა 6 თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 20 ივლისს.

 

მხარეებმა გაითვალისწინეს ყოველთვიურად გადასახდელი 3% სარგებელი.

 

მსესხებელმა მიიღო სესხი სრულად.

 

მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე რაიონი გორი, სოფელი ატენი, საკადასტრო კოდი 6-----------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5, ტომი მე-2).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22, ტომი მე-2).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36, ტომი მე-2).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22, ტომი მე-2).

 

3.1.3. 2017 წლის 20 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 9 345 ლარით, 6 თვის სარგებლით - 1 682,1 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 102 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 23 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-26, ტომი მე-2).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება ე---------ე ვ---–---–ის მიერ კრედიტორის მ---ა დ-----–---–ისათვის 2017 წლის 20 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 9 345 ლარის გადახდის ფაქტი.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის 9345 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობას და მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება კრედიტორის წინაშე შესრულებული აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს, მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

ე---------ე ვ---–---–ს ამგვარი წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა 9345 ლარის გადახდას, არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით;

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ე---------ე ვ---–---–სა და მ---ა დ-----–---–ს შორის 2017 წლის 20 იანვარს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, მ---ა დ-----–---–მა გადასცა მოსარჩელეს - 9 345 ლარი; სესხის სარგებელი განისაზღვრა 3%-ით; სესხი გაიცა 6 თვით.

 

უდავოა, რომ კრედიტორის მიერ - 9 345 გადაცემის ვალდებულება შესრულებული იქნა, რის საფუძველზეც მსესხებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დააბრუნოს სესხის თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელს ე---------ე ვ---–---–ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება (9345 ლარის გადახდისა) არ შეუსრულებია.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 9 345 ლარით, 6 თვის სარგებლით - 1 682,1 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით 102 ლარით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მიერ გაცემულია კანონიერად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება - 9 345 ლარით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი, ხოლო - 129,75 ლარი მოსარჩელეს სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად გადაუვადდა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 129,75 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 270-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------ე ვ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ე---------ე ვ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 129.75 ლარის გადახდა.

 

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე