განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100120003387106
საქმე N(1/76–2019)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2020 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე
პროკურორი - ზვიად შალამბერიძის
ბრალდებული - ავთანდილ ჭელიძის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №049250819002 საქმე
ბრალდებულ ავთანდილ ჭელიძის მიმართ
მამის სახელი: შოთა;
დაბადებული: 18.04.1977 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველო ;
განათლება: არასრული უმაღლესი ;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული ;
პირადი ნომერი: 04001000095 ;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ამბროლაური; სოფელი ბუგეული ;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ამბროლაური; სოფელი ბუგეული ;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ავთანდილ შოთას ძე ჭელიძემ, 2019 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში, მისივე საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, შუბლის არეში თეფშის ნატეხის სროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - ნინო ლაბაძეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ავთანდილ შოთას ძე ჭელიძემ, 2019 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, კისრის არეში ხელის მოჭერით და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რკინის ჯამისა და სკამის დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ნინო ლაბაძეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ.
3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( 2019 წლის 26 დეკემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, (ს.ფ.199 – 205).
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. ავთანდილ ჭელიძემ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის, გიორგი ქურციკიძის მიერ, 2019 წლის 26 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ავთანდილ ჭელიძის მიერ ნინო ლაბაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო მსხვერპლი, განრიდებული იქნა მოძალადისაგან (ს.ფ.56-62).
7. დაზარალებულ ნინო ლაბაძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ნინო ლაბაძე ცხოვრობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში მეუღლესთან, ავთანდილ ჭელიძესთან და მცირეწლოვან შვილებთან, შოთა და რუსუდან ჭელიძეებთან ერთად. ავთანდილ ჭელიძესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში 2005 წლიდან. ირკვევა, რომ მეუღლესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, იგი არის აგრესიული მის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმყოფება ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ავთანდილ ჭელიძე ხშირად ეჭვიანობს მასზე და ამის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას მისი არასრულწლოვანი შვილებისა და მეზობლების თანდასწრებითაც კი. 2019 წლის 25 აგვისტოს იგი იმყოფებოდა სახლში რა დროსაც შინ დაბრუნდა მისი მთვრალი მეუღლე, ავთანდილ ჭელიძე, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცყოფა, ეუბნებოდა რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ღალატობდა. ნინო ლაბაძე ვითარების განმუხტვის მიზნით ცდილობდა განრიდებოდა მეუღლეს, გავიდა სახლიდან ეზოში, თუმცა მიუხედავად ამისა მეუღლე გაჰყვა მას და ეზოში გააგრძელა მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ავთანდილ ჭელიძემ კისერში წაავლო ხელი, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილ და დაუბნელდა თვალებში, მიუხედავად შეუძლოდ ყოფნისა მან მოახერხა დროებით თავი დაეძვრინა აგრესიული მეუღლისგან. კონფლიქტის სცენას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც სწორედ კომფლიქტის მიმდინარეობის დროს დაბრუნდნენ სახლში. მიუხედავად მცირეწლოვანი შვილების სახლში მოსვლისა, ავთანდილ ჭელიძე კვლავ აგრძელებდა ნინო ლაბაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას და მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. მოგვიანებით, ვითარების განმუხტვის მიზნით, ნინო ლაბაძემ გადაწყვიტა მეზობლებთან წასვლა, თუმცა ამის საშუალება ავთანდილ ჭელიძემ მას არ მისცა. კარებში გამოსვლისას ესროლა რკინის ჯამი, რომელიც მოხვდა მარცხენა ხელის იდაყვთან და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მას შეეშინდა რომ მეუღლე ცემდა, შიშისგან გამოაღო სამზარეულოს უჯრამ, აიღო დანა და მოიქნია უმისამართოდ, არ ახსოვს მიაყენა თუ არა ჭრილობა მის მეუღლეს. მისი განმარტებით არ ქონია განზრახვა მეუღლისთვის ჯანმრთელობის დაზიანების და მითუმეტეს მისი მოკვლის. ნინო ლაბაძის განმარტებით, მისი მეუღლის, ავთანდილ ჭელიძის, მიერ მასზე სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქვს სისტემატიური ხასიათი .(ს.ფ. 3–5);
8. მოწმის სახით დაკითხული შოთა ჭელიძის (ბრალდებულის შვილი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით 17:00 საათზე შოთა ჭელიძე, მის მცირეწლოვან დასთან, რუსუდან ჭელიძესთან, ერთად წავიდა სოფლის სტადიონზე სათამაშოდ. დაახლოებით 21:00 საათზე სტადიონიდან დაბრუნებულმა გაიგონა ყვირილი და ჩხუბის ხმა. მამა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, უყვიროდა დედას და ლანძღავდა მას უზრდელი სიტყვებით. შოთა ჭელიძის განმარტებით დედა ცდილობდა სახლიდან გასვლას, თუმცა ამის საშუალება მას მამამ არ მისცა და ესროლა რკინის ჯამი, რომელიც დედას, ნინო ლაბაძეს, მოხვდა ხელზე. მოწმის განმარტებით ავთანდილ ჭელიძე, თითქმის ყოველდღიურად, აყენებს ნინო ლაბაძეს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას, ლანძღავს მას და უძახის უზრდელ სიტყვებს ( ს.ფ. 79-81);
9.2019 წლის 07 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ავთანდილ ჭელიძემ დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 18 აგვისტოს დაახლოებით 18:00 საათსა და 2019 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ს.ფ.168-171);
10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 05 სექტემბრის №5005731519 დასკვნით, 2019 წლის 26 აგვისტოს ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნინო ლაბაძეს, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი – ბაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგეებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღებს (ს.ფ.9-12);
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ნოემბრის №5006530319 დასკვნით, ავთანდილ ჭელიძის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ნინო ლაბაძის ტანჯვას (ს.ფ.113-119 )
12.დაზარალებულ ნინო ლაბაძის განცხადებით დგინდება, რომ ამჟამად დაზარალებული შერიგებული არის მეუღლესთან, არავითარი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია. იგი არის მისი შვილების მამა, ერთადერთი პატრონი და რომ სურს მასთან თანაცხოვრება (ს.ფ. 69);
13. ავთანდილ ჭელიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების მედეა შარაბიძის, რუსუდან ჭელიძის, მაია ჯოხაძის, ანა ფოფხაძის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ავთანდილ ჭელიძის 2019 წლის 27 აგვისტოსა და 2019 წლის 07 ნოემბრის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; შუამდგომლობით ავთანდილ ჭელიძის დაკავების შესახებ; მოსამართლის განჩინებითა და დაკავების ოქმით; დადგენილებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ავთანდილ ჭელიძის ნასამართლეობის ცნობით; ავთანდილ ჭელიძის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ცნობით შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; N2252555 შეტყობინებით; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვით; შსს ამბროლაურის რაიონული სამმართველოსადმი მიმართვით; ამბროლაურის რაიონული საავადმყოფოსადმი მიმართვით; ალკოტესტზე შემოწმების ოქმით; დადგენილებით ავთანდილ ჭელიძის ბრალდების შესახებ; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ და სხვა
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ავთანდილ ჭელიძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
სამართლებრივი შეფასება:
16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ავთანდილ ჭელიძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. ავთანდილ ჭელიძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
18. ავთანდილ ჭელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული, (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულ სახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის უკიდურესად ხელმოკლე, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად შემწეობას, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, არის თვითდასაქმებული და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ავთანდილ ჭელიძეს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ავთანდილ ჭელიძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებულს სურვილი აქვს ბრალდებულთან გააგრძელოს თანაცხოვრება, ხასიათდება დადებითად, არასდროს ჰქონია პრობლემა სამართალდამცავ უწყებებთან და არის სუფთა წარსულის მქონე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ავთანდილ ჭელიძის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული ავთანდილ ჭელიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი)– საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ავთანდილ ჭელიძეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
2. მსჯავრდებულ ავთანდილ ჭელიძეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 06 ნოემბრის 10 საათისა და 50 წუთიდან, 2020 წლის 08 იანვრამდე.
3. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული დანა, წითელი ფერის ლაქები და თეთრი ფერის ჯამი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული ავთანდილ ჭელიძის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ავთანდილ ჭელიძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. გაუქმდეს ბრალდებულ ავთანდილ ჭელიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ლ. ასათიანის N14)
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი