განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003020574
N1/128-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ----- ს---------;
ბრალდებული - დ-------- კ-------–---, დ----------–-------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ტ------------------–-----------, ქვრივი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ. კორპუსი N--, ბინა N--, ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. დ-------- კ-------–---მ, დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა - უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის სამ ცალ პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის, სპეციფიკური სუნის ფხვნილისებული ნივთიერება, საერთო წონით - 299,37 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 32,5224 გრამს. ასევე, უკანონოდ შეიძინა - უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ოცდაათ ცალ პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის, სპეციფიკური სუნის, ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 27,19 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 2,8611 გრამს. აღნიშნულ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 35,3835 გრამს, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. დ-------- კ-------–--ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, 2019 წლის 13 აპრილს, ამოღებული იქნა ბაღდათის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში, მისი დის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ-------- კ-------–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ბათუმში. 2019 წლის 11 აპრილს ჩავიდა თბილისში, სახლიდან ნივთების წამოსაღებად და ექიმის სანახავად. 12 აპრილს შეხვდა ძმას, რომელმაც რაღაც ნივთები გადასცა სოფელში წასაღებად. შეხვედრისას, ძმამ, მას გადასცა ნივთი და უთხრა წაეღო სოფელში, დასთან, მერე თვითონ ჩავიდოდა და აიღებდა. მართალია ჰკითხა რა იყო ეს ნივთი, თუმცა ძმამ უთხრა, რაიმე ცუდს და საშიშს ხომ არ გაატანდა, ისეთი არაფერი იყო. ძმის მიერ მიცემული ნივთები ჩაიდო ჯიბეში, დაჯდა სამარშუტო ტაქსში და წავიდა სოფელ ქ--------------ში, დასთან. ძმას, ნივთები, დაზე გადასაცემად არ გაუტანებია, უბრალოდ უთხრა ჩაეტანა იქ, მერე თვითონ ჩავიდოდა და აიღებდა. 12 აპრილს ჩავიდა დასთან სტუმრად. საღამოს დაწვა და დაიძინა. მეორე დღეს, დილით 09:00 საათზე, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციელები და განუმარტეს, რომ მას ბრალი ედებოდა ნარკოტიკების გადატანაში. აღნიშნულის თქმაზე, როდესაც ჩხრეკას იწყებდნენ პოლიციელები, უთხრა, რომ ჩხრეკა საჭირო არ იყო. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო სასწორი, შეფუთული ნივთები და მიაწოდა პოლიციელებს. ბრალდებულის განმარტებით, როდესაც ნივთები გამოართვა ძმას, კი დაეჭვდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ მოხდებოდა, თანაც ძმამ განუმარტა რომ საშიში არაფერი იყო. სასწორზე მისი „დნმ“-ი ამოვიდა და აღნიშნული გასაკვირი არც არის, ვინაიდან სასწორი მან მიაწოდა პოლიციელებს ჩხრეკის დაწყებამდე. მისივე განმარტებით, ჩადენილს ნანობს. დანაშაული გაუთვითცნობიერებლად ჩაიდინა და ცხოვრების ბოლომდე ინანებს.
3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- კ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - ვ-–------------–----, ვ----------------, ტ------– კ-------–--ის, გ-----------–---ს, ს---- კ-------–--ის, მ------------–--ის, თ-----------–--ს, ლ----------------ს, ნ-------------------ს და მ--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმები; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია დ-------- კ-------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს. ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს, სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოების ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი და პრეკურსორი. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება მორფინი, ჰეროინი და სხვა. საკითხის გადაწყვეტისას - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ესე იგი ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებას, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში. ამ კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში (მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). კანონის N1 დანართის პირველ სიაში 181 ნომრით „ჰეროინი“ შეტანილია, როგორც ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება.
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: მითითებულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება; უკანონო წარმოება; უკანონო შეძენა; უკანონო შენახვა; უკანონო გადაზიდვა; უკანონო გადაგზავნა; უკანონო გასაღება. შესაბამისად, სახეზეა ერთიანი დანაშაული, ალტერნატიული ქმედებებით, საიდანაც ერთერთის ჩადენა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით - ყიდვით, ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების მითვისებით, ვალში ჩათვლით, სხვისთვის გაწეული სამსახურისა და სამუშაოსთვის ფულის ნაცვლად მიღებით და სხვა. შესაბამისად, შეძენის ცნება ფართო გაგებითაა ნახმარი. ხოლო უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში, როგორიც შეიძლება იყოს მისი შენახვა ბინაში, დამხარე სათავსოში, ავტოფარეხში, ავტომანქანაში და სხვა. შენახვა, ასევე, შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალების თან ტარებით (მაგალითად: პიჯაკის ან ქურთუკის ჯიბეში მოთავსებით და ტარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა დროს, რომლიც განმავლობაშიც უკანონოდ იყო შენახული ნარკოტიკული საშუალება. შენახვის ხანგრძლივობა სასამართლოს შეუძლია მიიღოს მხედველობაში მხოლოდ სასჯელის განსაზღვრისას. უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებების შენახვის უფლება გააჩნიათ უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებს. ბრალის ფორმის მიხედვით განსახილველი ქმედება (დანაშაული), ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას ნივთები სოფელში წასაღებად გადასცა ძმამ და არ იცოდა ეს ნივთები რა იყო, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლევის გარეშე მიღებული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმეების ჩვენებების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს მოწმის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებები. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მათში მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
10. მოწმე ს---- კ-------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 აპრილს, მის საცხოვრებელ სახლში, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც მისი დის, დ-------- კ-------–--ის ქურთუკის ჯიბეებიდან, რომელიც მას ტანთ ეცვა წინა საღამოს როცა მასთან მივიდა სტუმრად, პოლიციელებმა ამოიღეს მოთეთრო ფერის ფხვნილები 33 პაკეტად, მცირე ზომის სასწორი და პოლიეთილენის პაკეტები.
11. მოწმე მ------------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 აპრილს, ს---- კ-------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საუთოო მაგიდაზე მის მიერ იქნა აღმოჩენილი მოშავო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი დიდი და ოცდაათი ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის დაფხვნილი მასა. ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან კი ამოღებული იქნა ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ცარიელი პაკეტები. ს---- კ-------–--ის განმარტებით, აღნიშნული ქურთუკი და ნივთები წარმოადენდა დ-------- კ-------–--ის საკუთრებას, რაც დაადასტურა თავად დ.კ-------–---მაც.
12. ანალოგიური გარემოებები აქვთ მითითებული და დადასტურებული გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულ თ-----------–--სა და ლ----------------ს.
13. მოწმე ნ-------------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 აპრილს, პოლიციელების მიერ, მის საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რომელსაც არ დასწრებია პირადი საქმეების გამო. თუმცა, როგორც შემდგომ, მოგვიანებით, მეუღლისგან, ს---- კ-------–--ისგან გაიგო, დ-------- კ-------–--ის ქურთუკის ჯიბეებიდან პოლიციის თანამშრომლებს ამოუღიათ მოთეთრო ფერის ფხვნილები 33 პაკეტად და მცირე ზომის სასწორი.
14. 2019 წლის 13 აპრილის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, უკანა მხარეს არსებულ საძინებელში, რომელსაც ს---- კ-------–--ის განმარტებით იყენებს მისი და - დ-------- კ-------–---, საწოლთან არსებული ე.წ. საუთოო მაგიდაზე განთავსებულ, ტყავის, კაპიშონიანი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ნაპოვნი იქნა მოშავო ფერის, მოოქროსფრო ფერის ჩანართებით პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 30 ც. მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი და სამი ც. დიდი ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რაზეც ს---- კ-------–---მ განმარტა, რომ აღნიშნული ქურთუკი და შესაბამისად მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა ეკუთვნის მის დას, დ-------- კ-------–---ს, რაც დაადასტურა თავის მხრივ დ-------- კ-------–---მ. ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ნაპოვნი იქნა მოშავო კორპუსის მქონე მცირე ზომის ელექტრო სასწორი და დიდი ზომის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტები.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის, საშუალო ზომის ჩამკეტიან 3 ცალ პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის, სპეციფიკური სუნის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 299,37 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 35,5224 გრამს.
- უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის, მცირე ზომის ჩამკეტიან 30 ცალ პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის, სპეციფიკური სუნის ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 27,19 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 2,8611 გრამს.
- წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 35,3835 გრამს.
16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ქიმიური ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ელექტრო სასწორის ზედაპირზე აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის კვალი.
17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ს---- კ-------–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები“ მოთავსებულ სასწორის გარეთა ზედაპირზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ფუნქციური ღილაკებსა და ეკრანზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ წილი დ-------- კ-------–--ის (ობ.N12; პაკეტი, წარწერით: „...ბრალდებულ დ-------- კ-------–--ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------- კ-------–---მ, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
19. დ-------- კ-------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
20. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
21. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------- კ-------–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
23. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და ხასიათდება დადებითად. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. არის 64 წლის და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (ორივე თვალზე ბადურის ჩამოშლა, ჩიყვი, გულის პრობლემები). ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ-------- კ-------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
ნივთიერი მტკიცებულებები:
24. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------- კ-------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
დ-------- კ-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 აპრილიდან;
დ-------- კ-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
დ-------- კ-------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ს---- კ-------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული - მოშავო ფერის, მოოქროსფრო ფერის ჩანართებით პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 30 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი და 3 ცალი დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, ასევე, შავი ფერის ტყავის ქურთუკში აღმოჩენილი 5 ბუდიანი კონვალუტის ნაჭერზე რუსულენოვანი წარწერით ,,იმოდიუმ’’ განთავსებული მწვანე-იისფერი 5 ცალი კაფსულა, ელექტრო სასწორი და დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პარკები, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს---- კ-------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს დ-------- კ-------–---ს ან და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
დ-------- კ-------–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე