გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21369-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - მ------ ნ-----–-----–---–--კ------
წარმომადგენელი - ზ----- კ---------
მოპასუხე - ს----------–--- შ------ ს------- ს------------
წარმომადგენელი - მ------ კ-------–---
დავის საგანი - პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასამართლო გაეცნოს ს----------–--- შ------ ს------- მინისტრის პირველი მოადგილის - ა-----– თ--–------- მიერ მედიაში, ინტერვიუს სახით, მტკიცებით ფორმატში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ ,,იბერია’’-ს ტელევიზიით, 18 იანვარს 22:39 საათზე გავრცელებულ ინფორმაციას : ,,ბ----- კ------მ ვ------- ქ----- ძველით ახალი წლის ღამეს მოკლა და გასროლა ქალაქში არსებულ ხმაურს დაამთხვია’’;
1.2. ს----------–--- შ------ ს------- მინისტრის პირველი მოადგილის მიერ მედიაში მტკიცებითი ფორმით გაკეთებული განცხადებები ცნობილ იქნეს ცილისმწამებლურად და დაევალოს შ------ ს------- სამინისტროს გამოძიების დამთავრებამდე საჯაროდ უარყოს ბ----- კ------ს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მისი პატივის, ღირსების და რეპუტაციის აღდგენის მიზნით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: მოსარჩელე მ------ ნ-----–-----–---–--კ------ 2002 წლის 06 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ----- კ------სთან. ბ----- კ------ გარდაიცვალა 2016 წლის 17 იანვარს. სიკვდილის მიზეზი ოჯახისთვის გაურკვეველია, თუმცა, ბ----- კ------ს სიკვდილის მიზეზად ს----------–--- შ------ ს------- სამინისტრომ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, რითაც შელახა გარდაცვლილი ბ----- კ------ს პატივი და ღირსება.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე გაცხადებული განმარტებებით, მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ბ----- კ------ს საბანკო დაწესებულებიდან მიღებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ჰქონდა მისი სიცოცხლე, ასევე დაზღვეული ჰქონდა სესხის უზრუნველყოფის საგანი - უძრავი ქონება. შ------ ს------- ს------------ს მიერ გამოძიების დაწყებისა და ბ----- კ------ს შესახებ გავრცელებული ინფორმაციით რომელიც შეეხებოდა ბ----- კ------ს თვითმკვლელობის ფაქტს, მოსარჩელეს, როგორც ბ----- კ------ს პირველი რიგის მემკვიდრეს მიადგა ზიანი. ზიანი კი გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელემ როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ ვერ მიიღო სამკვიდრო ქონება და ვერ განახორციელა სამკვიდრო აქტივისა და პასივიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე მითითებული პოზიციით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და მიუთითა, რომ სარჩელი წარმოდგენილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით მსგავსი ტიპის სარჩელის წარმოდგენისათვის განსაზღვრული 100 დღიანი ვადის შემდეგ. ამასთანავე განმარტა, რომ სადავო განცხადებები ეყრდნობოდა საქმეზე გამოძიებისას დადგენილ გარემოებებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------ ნ-----–-----–---–--კ------ და ბ----- კ------ 2002 წლის 06 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2003 წლის 17 აგვისტოს მათ შეეძინათ შვილი. ბ----- კ------ გარდაიცვალა 2016 წლის 17 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.25);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ.24);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 26)
3.1.2. 2016 წლის 17 იანვარს ს----------–--- შ------ ს------- მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტელეკომპანია ,,იბერია’’-ს პირდაპირ ეთერში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში პროკურორ ვ------- ქ-----ს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიცემული ინტერვიუს ფარგლებში განაცხადა, რომ ბ----- კ------ არის პროკურორ ვ------- ქ-----ს მკვლელი და განმარტა ამ საქმესთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციის დეტალები, რა დროსაც, არაერთხელ მოიხსენია ბ----- კ------ მკვლელად. პროკურორ ვ------- ქ-----ს მკვლელობასთან მიმართებით იმავე შინაარის საჯარო განცხადებები 2016 წლის იანვრის თვეში ასევე გაკეთდა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის და ტელეკომპანია ,,იმედი’’-ს ეთერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დისკი (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- განცხადება (ს.ფ. 14-15)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლი;
5.2. საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ერთი მხრივ გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული ცილისწამების შინაარსის განმსაზღვრელი ნორმიდან (როგორც მოთხოვნის სპეციალური საფუძველი - მუხლი 13) და მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მე-19 მუხლიდან (მოთხოვნის ზოგადი საფუძველი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც თუმცა თვითონ არ აირს სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია იმ პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელის და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის (გარდაცვლილის მეუღლის) მთავარ ინტერესს წარმოადგენს არა მისი (დაცვის ღირსი ინტერესის მქონე პირის), არამედ უშუალოდ გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დაცვა. მიუხედავად სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე არა ერთი მითითებისა და დაზუსტებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის განჩინების ფარგლებში სამართლებრივად გამართული სარჩელის წარმოდგენისათვის გაკეთებული აუცილებელი განმარტებისა, მოსარჩელეს არ უსარგებლია სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან/და სარჩელის შემდგომი დაზუსტების უფლებით. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა კი ფორმულირებულია იმგვარად, რომ მას არ გააჩნია დაკმაყოფილების სამართლებრივი პერსპექტივა, ვინაიდან მოსარჩელე საკუთარი სახლით დავობს გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დაცვაზე. აღნიშნულის შესაძლებლობა კი არ გამომდინარეობს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებიდან.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვრცელ განმარტებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება 1/6/561,568 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’): ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადამიანის ღირსების დაცვის კონსტიტუციური მასშტაბი არსებითად განსხვავებული და გაცილებით ფართოა ღირსების უფლების სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ფარგლებთან შედარებით. „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი წერტილი ვერ იქნება პატივისა და ღირსების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება. როგორც ამ ნორმის მიზნებიდან, ასევე, მისი და მისი მსგავსი ნორმების სხვადასხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციებში შეტანის ისტორიული გამოცდილებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე, ღირსების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტება განსხვავებულია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო მოიცავს ადამიანის სახელისა და რეპუტაციის ცილისწამებისგან დაცვასაც და, სხვა უფლებების თანაბრად, წარმოადგენს მისი ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას.
ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ რაც შეეხება კითხვას, ვრცელდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის გარანტიები გარდაცვლილ პირზე - ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების სუბიექტის საკითხის გარკვევის, გადაწყვეტისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში საკითხი არაორდინალურია, ვინაიდან ეხება გარდაცვლილ პირს. ვრცელდება თუ არა კონსტიტუციური გარანტიები პირის პატივის უფლებასა და მის სასამართლოში დაცვაზე გარდაცვალების შემდეგ – ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია უფლების ბუნებაზე ზოგადად, მის დანიშნულებასა და არსზე, ასევე კონსტიტუციური ინტერესების თანაარსებობის კონსტიტუციითვე დადგენილ ბალანსზე.
ზოგადად, უფლებების განსხვავებული შინაარსისგან დამოუკიდებლად, მათ აერთიანებთ ერთი თვისება, ისინი პირადი ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ განეკუთვნება კონკრეტულ პიროვნებას და არავის სხვას, ნათესაური კავშირისა და სიახლოვის ხარისხისგან დამოუკიდებლად (თუნდაც მშობელს ან შვილს). უფლებების პერსონიფიცირებული ხასიათი, პირველ რიგში, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ის ეკუთვნის კონკრეტულ, თითოეულ ინდივიდს და, მაშასადამე, არ/ვერ ეკუთვნის სხვას, შესაბამისად, ერთი პირის უფლებით ვერ ისარგებლებს სხვა, ისევე, როგორც კონკრეტული ინდივიდის უფლება ვერ დაერღვევა სხვას. ასეთი შესაძლებლობის დაშვება პირადი უფლების ბუნების საწინააღმდეგოა, ფიტავს მის არსს, უფლება ვერ იქნება პირადი, თუ მისით სარგებლობს სხვა. უფლებები პერსონალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უშუალოდ მათ მფლობელთა ცნობიერებასთან, აღქმასთან’’.
ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,პირი ცილისწამების პოტენციურ მსხვერპლად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაცია: ა) უნდა მოხდეს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება; ბ) ეს განცხადება უნდა იყოს კონკრეტული პირისთვის ზიანის მიმყენებელი და მისი სახელის გამტეხი. ამ დროს ზიანი ეფუძნება სუბიექტურ აღქმას, იგი არღვევს ადამიანის სიმშვიდეს და ხელს უშლის, იცხოვროს კომფორტულ გარემოში. შესაბამისად, ცილისწამების შედეგად შელახული სახელის, პატივის დაცვის მიზეზი, მიზანი არის ემოციური და მორალური ზიანის კომპენსირება გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის სიმცდარის მტკიცების გზით. ამასთან, ამგვარი ზიანის ანაზღაურება ემსახურება სწორედ იმ პირის ინტერესებს, რომელმაც ზიანი განიცადა. პასუხისმგებლობაც მხოლოდ მაშინ დადგება, თუ უშუალოდ ცილისწამების ობიექტი, როგორც მოსარჩელე (კერძო პირი) დაამტკიცებს სასამართლოში, რომ მასზე გავრცელებული განცხადება ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტს, ამასთან, რომ უშუალოდ მან განიცადა ზიანი.
ამ პირობების დაკმაყოფილება გარდაცვლილი პირის შემთხვევაში შეუძლებელია. განცხადება არის თუ არა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, იმავდროულად, აყენებს თუ არა პირს ზიანს და უტეხს თუ არა მას სახელს, ეს, პირველ რიგში, სწორედაც რომ იმ პირის შეფასების საგანს წარმოადგენს, რომლის თაობაზეც გაკეთდა განცხადება. მას ობიექტურად აქვს ყველაზე სწორი ინფორმაცია, სიმართლეა თუ სიცრუე მის შესახებ განცხადებაში მოყვანილი ფაქტი, ამასთან, უშუალოდ მას შეუძლია იმის შეგრძნება, განცდა, ზიანს აყენებს თუ არა მას ეს განცხადება და რა ტიპის ზიანია ეს. გარდაცვლილ პირს ამის შესაძლებლობა ობიექტურად არ აქვს’’.
.. მაშასადამე, ადამიანის პატივის, სახელის და რეპუტაციის უფლება, შესაბამისად, ცილისმწამებლური განცხადებებისგან თავის დაცვა, უკიდურესად პერსონალური ხასიათისაა. შესაბამისად, უფლების პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია გარდაცვლილი პირის ნაცვლად, მისმა, თუნდაც ყველაზე ახლობელმა, მისსავე საუკეთესო ინტერესების დაცვის კეთილსინდისიერად აღსრულების ფარგლებში, ზუსტად იცოდეს, რას ჩათვლიდა გარდაცვლილი პირი პატივის/რეპუტაციის შემლახველად, რას განიცდიდა ცოცხალი რომ ყოფილიყო და მიიღებდა თუ არა ის მორალურ ზიანს კონკრეტული განცხადების შედეგად. შეუძლებელია გარდაცვლილი პირის ნამდვილი ნების დადგენა, რადგან ყოველი ადამიანი თავად განსაზღვრავს რა არის მისთვის კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვანი, რა სახით გადაწყვეტს მისი სიკეთის დაცვას’’.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე ხაზგასმულია რომ, გამოხატვის თავისუფლების, როგორც გარდაცვლილის სახელის და რეპუტაციის დასაცავად ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენების გარდა, გარდაცვლილის ახლობლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, მიმართონ სასამართლოს, თუ გარდაცვლილის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, იმავდროულად, მათ პირად უფლებებს არღვევს. ასეთ დროს ობიექტურად დასაბუთებადი უნდა იყოს მათი პირადი უფლებების დარღვევა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომასა და შეფასებას მოითხოვს, გარდაცვლილის თაობაზე ესა თუ ის განცხადება რამდენად შეიძლება შემხებლობაში იყოს მისი ოჯახის წევრების პირად უფლებებთან და რამდენად მჭიდრო, გარდაუვალი და მკვეთრია ზეგავლენა მათ უფლებებზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს სწორედ გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების შელახვაზე, რასაც როგორც აღინიშნა არ გააჩნია დაკმაყოფილების ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომებზე მითითებული ის გარემოება, რომ სადავო განცხადების გავრცელებით მას ადგება ზიანი - სამემკვიდრეო უფლებების არასრულყოფილად რეალიზაციით, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირების პირობებში ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებაში გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების შელახვით მოსარჩელისთვის (უფლების დაცვის ღირსი ინტერესის მქონე პირი) ზიანის მიყენებაზე მსჯელობით ერთმნიშვნელოვნად გასცდებოდა სსსკ-ის 248-ე მუხლის დანაწესს და დაარღვევდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს.
ამასთან, შესაძლოა საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება სადავო განცხადებით გარდაცვლილი პირის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თაობაზე, თუმცა, როგორც აღინიშნა სასამართლო ხსენებული სამოქალაქო საქმის განხილვისას მოკლებულია არსებითად იმსჯელოს ამ საკითხებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო შეიძენდა ინკვიზიციურ ფუნქციას, ვინაიდან მას მოუწევდა თავისი ინიციატივით სასარჩელო მოთხოვნის იმგვარი ტრანსფორმაცია, რაც მოსარჩელის მიერ მიმდინარე დავის ფარგლებში არ განხორციელებულა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზეც, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ითხოვს გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას. მოთხოვნის აღნიშნული ფორმით სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთიანი პრაქტიკა (საქმე №ას-1084-1034-2014). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არამედ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას, რაც ასევე არ გამომდინარეობს სპეციალური კანონით დადგენილი საფუძვლებიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. სპეციალური კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ დიფამაციური სარჩელის წარდგენისას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შემოწმება სარჩელის განსახილველად მიღების ეტაპზევე პრეზუმირებულია. მოსარჩელის განცხადებით, განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე მან რამდენჯერმე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, სასამართლო არ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.28-29). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე
8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ------ ნ-----–-----–---–--კ------ს სარჩელი მოპასუხე ს----------–--- შ------ ს------- ს------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია