განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2826-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–-----------, ნ----------–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ------------
ბრალდებული - ნ------------------, დაბადებული 1--- წლის 1----ებერვალს, აზერბაიჯანის მოქალაქე, პასპორტის #---------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქი ყ------, სოფელი ბ---------–---–-, ამჟამად პატიმარი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
თარჯიმანი - ე-–-------------
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ნ-------------------, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 12 (თორმეტ) ცალად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘, 0,9509 გრამის ოდენობით, რაც 2019 წლის 11 აპრილის, ღამის საათებში, გაასაღა ს----–-----–------, ქ.რ-------–-, მ----–---–---------ში მდებარე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინა #----ში.
ნ-------------------, ასევე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 19 (ცხრამეტ) ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 0,8628 გრამის ოდენობით, რასაც 2019 წლის 14 აპრილს, ქ.რ-------–-, ლ----------- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,---–-----‘ მიმდებრე ტერიტორიაზე მყოფი, პირადად უკანონოდ ინახავდა.
სასამართლომ დაადგინა:
ნ-------------------, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 19 (ცხრამეტ) ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 0,8628 გრამის ოდენობით, რასაც 2019 წლის 14 აპრილს, ქ.რ-------–-, ლ----------- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,---–-----‘ მიმდებრე ტერიტორიაზე მყოფი, პირადად უკანონოდ ინახავდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,შენახვა და გასაღება
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ნ------------------- გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულია ბრალდებულის დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება. მის მიერ დუმილის უფლების არჩევა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და უკავშირდება, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინაა ვალდებული, გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ.
მოწმე ს----–-----–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ნ--------------------- მეგობრობს დაახლოებით 4-5 წელია. 2019 წლის 11 აპრილს, ღამით, დაახლოებით 11-12 საათზე, ქ.რ-------–-, მ----–---–---------ში მდებარე, მის ნაქირავებ სახლში, მივიდა ნ------------------ და პაკეტი დატოვა, რომელშიც 12 ცალი პატარა შეკვრა იყო. უთხრა, რომ მარიხუანა იყო, შენთან იყოს, საქმეზე წავალ და რომ მოვალ, ავიღებო. გახსნა და მიხვდა, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო. გვიანამდე ელოდა, მაგრამ ნ------ არ დაბრუნდა, ტელეფონით კი დააიმედა, რომ მივიდოდა. 13 რიცხვში, მშობლებთან, გარდაბანში მიდიოდა. ვინაიდან შეშინებული იყო, იფიქრა, ნ------------------ს დატოვებული შეკვრიდან ჯერ 5 ცალი გადაეგდო, შემდეგ - დანარჩენი. ამის გამო, პაკეტიდან აიღო 5 შეკვრა და ჯიბეში ჩაიდო. გაჩერებაზე ნ------ს ნაცნობი დ----- დაუკავშირდა, უთხრა, რომ მასთან პირადი საქმე ჰქონდა. ჯერ არ იყვნენ ერთმანეთთან მიახლოებული, რომ დააკავეს. ჩხრეკის დროს პოლიციელებს უთხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების დანარჩენი ნაწილი სახლში ჰქონდა, რის შემდეგაც წაიყვანეს საცხოვრებელ მისამართზე და პოლიციელებს გადასცა ნარკოტიკული ნივთიერება.
მოწმის განმარტებით, ნ------ს ჰქონდა როგორც აზერბაიჯანული ნომერი, ისე - ქართული და ერთმანეთს WhatsApp-ის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ხოლმე. დაკავებამდე ნ------ ტელეფონით ეუბნებოდა, აზერბაიჯანში ვარ, კიდევ რაღაც უნდა წამოვიღო, ღამე გადმოვალ და შენთან მოვალო. მას არ უთქვამს, რომ კიდევ მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ თვითონ ივარაუდა, რომ ნარკოტიკი უნდა წამოეღო. სწორედ ამ ვარაუდის შესახებ განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც უთხრეს, თუ შეღავათები უნდოდა, რაც იცოდა, ყველაფერი მოეყოლა მათთვის. რამდენჯერმე დაარეკინეს ნ------სთან და აკითხინეს, დატოვებული ამანათის წასაღებად როდის მივიდოდა. მან არ იცოდა, ს----–-----–--- თუ დაკავებული იყო და პასუხობდა, რომ კიდევ ჰქონდა აზერბაიჯანიდან წამოსაღები და ყველაფერს ერთად წაიღებდა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოწმეების - დ------------–---–--- მ-----------–---–--- და დ----------------- გამოკითხვის ოქმები; ასევე, უდავოდ გახადეს გამომძიებლების - ა----–--–---–---–--- და ს----–---------–----- მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ექსპერტებისა და თარჯიმნების ჩვენებები და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, ს----–-----–---- პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმადაც, მისგან ამოღებულ იქნა 5 ცალი პატარა ზომის პაკეტი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი მასით, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები; ს----–-----–---- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ამოღებულ იქნა ასანთის კოლოფში მოთავსებული 7 ე.წ. ბაშებად დაფასოებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება; ქიმიური ექსპერტიზის #------------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ს----–-----–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,4279 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,5230 გრამ ,,ჰეროინს‘‘; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები (ორი ოქმი), რომელთა მიხედვითაც, ს----–-----–---- ტელეფონი გადაეცა ნ--------------------- დასაკავშირებლად, რადგან მან განაცხადა, რომ მასთან შესანახად უნდა მიეტანა ნარკოტიკული საშუალებები. ბ--–---- განმარტებით, ტელეფონში დახვდა ნ------------------ს ხმოვანი შეტყობინებები, რომლითაც ის სთხოვს, გადავიდეს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების გადმოსატანად, რაზეც ბ--–---- უარი განუცხადა; ამასთან, ი----------- საუბარში უთხრა, რომ გაემზადებინა ფულადი თანხა და სახლში საღამოს მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას; მეორე ოქმის თანახმად, მობილური ტელეფონის ჩართვისას ნ------------------სგან დატოვებული იყო ხმოვანი შეტყობინება - თუ რა ხდებოდა დატოვებულ ჩეკებთან დაკავშირებით. ს----–-----–---- შეეგროვებინა თანხა და როდესაც მასთან მივიდოდა, გადაეცა; ასევე, უდავოდ იქნა ცნობილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ს----–-----–---- პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების შესაფუთ მასალაზე, ასანთის კოლოფზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ს----–-----–----, ხოლო ნ------------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზემოთ განხილული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ ნ------------------- 2019 წლის 11 აპრილს ს----–-----–------ უკანონოდ გაასაღა, ასევე, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინი‘‘.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. დადგენილია მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ ნ------------------- 2019 წლის 11 აპრილს, ქ.რ-------–-, მ----–---–---------ში მდებარე 1---- ბინაში, ს----–-----–------ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘.
ქიმიური ექსპერტიზის #-------------/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ს----–-----–---- პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები შეიცავს 0,9509 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას გადასცა ნ-------------------, რამდენადაც მხოლოდ ს----–-----–---- ჩვენება და მისგანვე მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
არ არსებობს ნ------------------ს მიერ ს----–-----–----თვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტის თვითმხილველი, ასევე, არავის, გარდა ს----–-----–----ი, ირიბადაც არ მოუხსენიებია, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ------------------- გაასაღა ან აპირებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას რომელიმე სხვა პირზე, როგორიცაა კონკრეტულ შემთხვევაში ს----–-----–---. გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც დ----------------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც ს----–-----–----თან შეხვედრისას დააკავეს, არ ირკვევა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ს----–-----–---- მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობასთან დაკავშირებით, არათუ ის, თუ ვინ მოახდინა მასზე ნარკოტიკის გასაღება. ასევე, ნ------------------ს მიერ ს----–-----–------ ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებით არაფერია ასახული გამომძიებელ მ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმში, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ს----–-----–---- ჩხრეკებსა და დაკავებაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არც მისი პირადი ჩხრეკის და არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე არ არის გაკეთებული ასეთი შინაარსის შემცველი შენიშვნა. ს----–-----–---- მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით კი ირკვევა, რომ სამართალდამცავების მიერ მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების ამოღების შემდეგ, ადგილზევე, ნებაყოფლობით განუცხადა მის ბინაში ნ------------------ს მიერ დატოვებული ნარკოტიკული საშუალების არსებობის თაობაზე, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს სახლში, სადაც აჩვენა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები.
სასამართლო აცხადებს რა აღნიშნულს, მიუთითებს, რომ ამით ეჭვქვეშ აყენებს არა იმ ფაქტს, რომ ს----–-----–---- პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები, არამედ, ყოველივე აღნიშნულით არ იქმნება ნ------------------ს მამხილებელი, ერთმანეთის თავსებადი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
მნიშვნელოვანია, რომ ს----–-----–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე არ აღმოჩნდა ნ------------------ს გენეტიკური პროფილი. შესაბამისად, ს----–-----–---- ჩვენება არ მყარდება არც ჩატარებული გენეტიკური კვლევით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ------------------ს მიერ ს----–-----–------ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც იქნება ერთობლიობის მომცემი გასაღების ფაქტის დასადასტურებლად და არა - იმის გამო, რომ ნარკოტიკის გარეკანზე ბრალდებულის გენოტიპის დაუფიქსირებლობა გამორიცხავს პირის ნარკოტიკულ საშუალებასთან შემხებლობას. რაც შეეხება მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებს, ვინაიდან აღნიშნულიც მომდინარეობს იმავე პირიდან, სასამართლო მას ვერ განიხილავს დამოუკიდებელ მტკიცებულებად. იმ პირობებში კი, როდესაც რეალურად ერთი მტკიცებულების გარდა, როგორიცაა ს----–-----–---- ჩვენება, არ არსებობს არცერთი სხვა, არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, აღნიშნული უპირობოდ მიიმართება ბრალდებულის სასიკეთოდ.
რამდენადაც ს----–-----–--- წარმოადგენს ამავე საქმეზე თანაბრალდებულ პირს, სასამართლომ ზედმიწევნით შეამოწმა მისი ჩვენების შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, რამდენად იქმნება გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და განმარტავს, რომ, მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობისა და რელევანტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს აქვს მხოლოდ ს----–-----–---- ჩვენება მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ნ------------------ს მიერ გადაცემასთან (გასაღებასთან) მიმართებით, რომელიც არ მოდის ერთობლიობაში მისგან დამოუკიდებელ სხვა არცერთ მტკიცებულებასთან, მხოლოდ მისგან მიღებული ინფორმაცია ჩვენების და დათვალიერების ოქმების სახით, არ არის საკმარისი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში ნ------------------ს დამნაშავედ მიჩნევისათვის. შესაბამისად, არ მტკიცდება არც ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ სტანდარტს და ნ------------------ უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ნ------------------- გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ამასთან, დასკვნით სიტყვაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, განაცხადა, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მოწმე ი-----–-------------–---–-- ჩვენების მიხედვთ, 2019 წლის 14 აპრილს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ რ-------–-, სასტუმრო ,----–---------‘, უნდა მისულიყო აზერბაიჯანის მოქალაქე ი----------, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღნიშნული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას, დაწერა პატაკი და გამოიკითხა.
მოწმე გ----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ნ------------------ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ი-----–-------------–---–-- მიერ იქნა მიღებული. მისი ინფორმაციის მიხედვით, ნ------------------, რ-------–-, სასტუმრო ,,---–-----‘ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მისულიყო და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღების შემდეგ თანამშრომლებთან ერთად გავიდა მითითებულ ადგილზე. ღამის საათები იყო და, ერთი ადამიანის გარდა, იქ არავინ მოძრაობდა, გაარკვიეს ვინაობა და აღმოჩნდა ნ------------------. გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ და გაჩხრიკეს, რა დროსაც შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 19 ცალი პოლიეთილენის პარკი, ე.წ. ჩეკი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ამ ეპიზოდში ნ------------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან მიმართებაში სხვა ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ნ------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ი-----–-----–-–---–--, მ-----–------–-–---–--- და ა----–--–---–---–-- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, კერძოდ, ნ------------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად, მისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 19 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, მასში არსებული მოყავისფრო მასით; ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ნ------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,8628 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ,,... შესაფუთი პაკეტები...‘‘ მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკისა და მოყვითალო-ღია მოყავისფრო პოლიეთილენის ფრაგმენტებზე მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------------------, დასტურდება ნ------------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ ნ------------------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რაც 2019 წლის 14 აპრილს ამოღებულ იქნა ქ.რ-------–-, ლ----------- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,---–-----‘ მიმდებარედ ჩატარებული, მისი პირადი ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
მტკიცებულებათა შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სწორედ ასეთ უტყუარ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული აღნიშნული განაჩენი. საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------------------- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ უკანონო შეძენასა და შენახვაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ნ------------------- შეიძინა და შეინახა 0,8628 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა ქ,რ-------–-, სასტუმრო ,,---–-----‘ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მისი პირადი ჩხრეკისას.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაშია მითითებული ჰეროინი.
შესაბამისად, 19 ცალ გამჭვირვალე მცირე ზომის პარკებში მოთავსებული ნივთიერება, ჰეროინის სახით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ბრუნვა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და საჭიროებს ნებართვას, რაც ნ------------------ არ ჰქონია. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. დადგენილია, რომ ნ------------------ ადგილზე სამართალდამცავების გამოცხადებამდე შარვლის ჯიბეში ჰქონდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
ზემოხსენებული კანონის დანართი #2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ მცირე ოდენობაა 0,2 გრამამდე. დანართის შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობა 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ვინაიდან მითითებული ოდენობიდან 1 გრამამდე მიიჩნევა დიდ ოდენობად, ნ------------------ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,8628 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ წარმოადგენს დიდ ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ნ------------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
ნ------------------ სასჯელი უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, ასევე, ითვალისწინებს, რომ მან აღიარა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი, უდავოდ გახადა ბრალდების მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამის, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნ------------------ განუსაზღვრავს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ------------------ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, მისი შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქის აიდი ბარათი, საზღვარგარეთის პასპორტი და მობილური ტელეფონები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდში).
ნ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 აპრილის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ნ------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 15 აპრილიდან.
ნ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნ------------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, მისი შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს; საქართველოს მოქალაქის აიდი ბარათი, საზღვარგარეთის პასპორტი და მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე