გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2019
საქმის ნომერი
010310018002324444
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002324444

№3-90/2018 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - გუ--------------ე

წარმომადგენელი - პა-----------ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზუ-------–----ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გუ--------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა გუ--------------ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

1.2.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

გუ--------------ე 2002 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. ბათუმში, მე------–---–ის დასახლებაში მდებარე ტერიტორიას, სადაც აშენებული აქვს რამოდენიმე ნაგებობა, რაც დასტურდება კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტითაც. ამასთან, გუ--------------ეს აქ გაშენებული აქვს მრავალწლიანი ნარგავები, რაც ადასტურებს ასევე, ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროში ხანგრძლივობას.

გუ--------------ემ განცხადებით და სათანადო დოკუმენტებით ერთად მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რათა აღიარებულიყო მისი საკუთრების უფლება, 15 წლის განმავლობაში დაკავებულ, 6033 კვ.მ. მიწის ფართზე, რომელიც შემოღობილი აქვს 2002 წლიდან, რკინის კონსტრუქციით და სარგებლობს დღემდე.

მოთხოვნაზე გუ--------------ეს საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 13 ოქტომბერს განკარგულებით უარი უთხრა, სრულიად არაარგუმენტირებული და უკანონო საფუძვლით, რადგანაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაშიო არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გუ--------------ეს ჰქონდა სრული უფლება, საკუთრებაში მიეღო მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს აღნიშნულ ფართობზე თვითნებურ დაკავებას და სარგებლობას, რაც სრულად აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისთვის.

ამასთან დაკავშირებით, გუ--------------ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით, 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და კომისიას დაევალა, თავიდან განეხილა მისი მოთხოვნა, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

ამის შემდგომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 15 თებერვალს თავიდან განიხილა გუ--------------ის მიწის საკუთრების აღიარების საკითხი და კანონის უხეში დარღვევით გამოიტანა განკარგულება, რომლითაც კვლავ უსაფუძვლოდ უთხრა უარი, მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისიაში განხილული იქნა გუ--------------ის №2------- განცხადება ქ. ბათუმში, დასახლება მე------–---–ში მდებარე, 6033,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიჩნეული იქნა, ორი გარემოება: 1. რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. 2. ნაგებობები არ წარმოადგენს მიწაზე მყარად მიმაგრებულ შენობებს.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გუ--------------ის მიერ თვითნებურად დაკავებული 6033,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამი შენობა (წარმოდგენილია საქმის 01, 02, 03 აზომვითი ნახაზი 60 კვ.მ. საერთო ფართით) და ისინი არ წარმოადგენენ მიწასთან მყარად მდგომ (დაანკერებულ) ნაგებობას, ისინი მიეკუთვნებიან დროებითი ნაგებობის კატეგიორიას.

შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა კომისიის მიერ განხილული, როგორც თვითნებურად დაკავებული, რომელზედაც განთვსებულია მიწასთან მყარად მიმაგრებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ნაგებობა.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის საფუძველზე დადასტურდა, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქვა-ღორღის გადასამუშავებელ საწარმოს და მასზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობები, რომლებიც არამყარია და დროებითი დანიშნულება აქვს.

ამდენად, კომისიის მიერ დადასტურებულად ჩაითვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობები არამყარი, დროებითი ნაგებობებია, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებისათვის დადგენილი მოთხოვნების გამომრიცხავი გარებოებაა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი განმარტავს, რას ნიშნავს ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავება, კერძოდ, მე-2 მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

მოცემულ შემთხვევაში ყველა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების საფუძველზე კომისიამ სწორად გამოსცა გასაჩივრებული განკარგულება და სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნა ამ საფუძვლით სამართლებრივად უსწოროა.

სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მყარად დამაგრებული შენობა-ნაგებობა, კომისია არ ეთანხმება, ვინაიდან კომისიის მიერ ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად და საქმეზე თანდართული ფოტომასალით კარგად ჩანს, რომ ეს არის რკინის კონსტრუქციის ნაგებობები, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში მითითებულ შენობად, ხოლო მომიჯნავეობას რომ ადგილი არ აქვს, ამას თვითონ გუ--------------ეც ადასტურებს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ივლისს გუ--------------ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მე------–---–ის დასახლებაში მდებარე, 6033 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთსა და 60 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

კომისიისთვის წარდგენილი იქნა განცხადება, პირადობის მოწმობა, საკადასტრო ნახაზი და მოწმეების განცხადებები, იმის დასტურად, რომ მიწის ნაკვეთით 2002 წლიდან სარგებლობდა გუ--------------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს. აბაშიძის, დ. ქობულაძის და რ. შავლიძის განცხადება;

- სიტუაციური გეგმა და ნახაზი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების მიერ შედგენილი იქნა მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი იყო თვითნებურად დაკავებული და მასზე განთავსებულია რამოდენიმე შენობა-ნაგებობა. ნაკვეთი გამოიყენება ეზოდ და მოქცეულია ერთიან საზღვრებში, მავთულის კაპიტალური ღობით. ოქმში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამეწარმეო ობიექტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 4 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმი;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება (№3-8--/2016 წ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №7--- განკარგულებით გუ--------------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ის არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წ. 13 ოქტომბრის №7--- განკარგულება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება (№3-8--/2016 წ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. გუ--------------ემ 2016 წლის 31 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №7--- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა გუ--------------ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3-8--/2016 წ.) ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №1-- განკარგულება - „მოქალაქე გუ--------------ეზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და კომისიას დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, გუ--------------ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 6 033 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება (№3-8--/2016 წ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულებით გუ--------------ეს უარი ეთქვა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წ. 15 თებერვლის №7- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გუ--------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვით ამ წესით.

 

6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.

 

6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №7--- განკარგულებით გუ--------------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ის არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

გუ--------------ემ 2016 წლის 31 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №7--- განკარგულების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3-8--/2016 წ.) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 13 ოქტომბრის №1-- განკარგულება და კომისიას დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი აქტის გამოცემა, გუ--------------ის განცხადებაზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულებით გუ--------------ეს კვლავ უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი კონსტრუქციები, რაც არ შეიძლება განხილული იქნას ისეთ შენობა-ნაგებობად, რომელიც დააკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საკუთრების უფლების აღიარების პირობებს. ასევე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გუ--------------ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს და ამდენად, გუ--------------ე ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

 

6.5. მოსარჩელე მხარე იმ საფუძვლით მიიჩნევს უკანონოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულებას, რომ მისი მტკიცებით კომისიამ არასწორი ანალიზი და შეფასება გააკეთა საკუთრების უფლების აღიარების პირობებთან დაკავშირებული, ფაქტობრივად არსებული მოცემულობების მიმართ.

მოსარჩელე მხარე არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებულ შეფასებას და დასკვნას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა თითქოს არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გუ--------------ე არა მხოლოდ ფლობს 2002 წლიდან და სარგებლობს მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთს, არამედ მასზე აშენებული აქვს რამოდენიმე ნაგებობა, რაც ერთობლიობაში ადასტურებს ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გუ--------------ის საკუთრების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობდა.

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით განსაზღვრულ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო შემდეგი გარემოებების დადგენა: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იგი ემიჯნებოდა თუ არა, მოსარჩელეთაგან რომელიმეს საკუთრებაში (ან მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს.

საკუთრების აღიარების კომისიას ასევე, უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, გამომრიცხველი გარემოებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო მიუთითებს, რომ კომისიას გუ--------------ის განცხადების განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიეღო დასკვნა, მოსარჩელის მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ პირობებს.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, გუ--------------ის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და მისი სარგებლობა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან კონკრეტული გარემოების მითითებით, რომ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა განმცხადებელი, არ სარგებლობდა მისით, ან სხვა პირის სარგებლობაში იმყოფებოდა, სადავო არ გამხდარა, თუმცა კომისიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის არ არსებობდა კანონით განსაზღვრული, სხვა აუცილებელი პირობები და საფუძვლები.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გუ--------------ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს და ამდენად, გუ--------------ე ამ მხრივ ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

სასამართლო აღნიშნავს, 2018 წლის 8 თებერვალს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების მიერ შედგენილი იქნა მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის გამოიყენებოდა არა სასოფლო-საემურნეო დანიშნულებით, არამედ წარმოადგენს ქვა-ღორღის გადამამუშავებელ საწარმოს. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დამხმარე, არამყარი, დროებითი ნაგებობები.

დაახლოებით იგივე ფაქტობრივი მდგომარეობა ფიქსირდებოდა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილის დათვალიერების შესახებ შედგენილ აქტშიც, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამეწარმეო ობიექტი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი გამოიყენება ქვა-ღორღის გადასამუშავებელ საწარმოსათვის.

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ძირითადი დანიშნულება, მისი სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებაა.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, გუ--------------ის მოთხოვნის ხელახალი განხილვის პროცესში, სასამართლოს კანიონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო გუ--------------ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების აღიარების უფლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი.

კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №7--- განკარგულებაში არაფერი იყო მითითებული, ნაკვეთზე განთავსებული შენობების თაობაზე, თუმცა კომისია სადავოდ არ ხდიდა, ნაკვეთზე ნაგებობების არსებობის ფაქტს.

2018 წლის 8 თებერვლის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დამხმარე, არამყარი, დროებითი ნაგებობები. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, რაც არ უარუყვია მოსარჩელე მხარესაც, მიწის ნაკვეთზე სულ სამი ნაგებობაა განთავსებული, რომელთაგან ორი წარმადგენს ვაგონის ტიპის კონტეინერს, ხოლო მესამე ნაგებობა არის მიწაზე განლაგებილი, ასაწყობი კოსტრუქციით ანაკრები ნაგებობა, შეღებილი ციფერში, სამივე ნაგებობა კარგად მოჩანს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით არის განსაზღვრული ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებული „შენობის“ შემდეგი განმარტება: შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა;

ამასთან, ამავე მუხლის „ზ“ პუნქტით განისაზღვრება დროებითი შენობის ცნება, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ გუ--------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები, თავისი კონსტრუქციით, დანიშნულებით და სხვა მახასიათებელი ელემენტების გათვალისწინებით, არ მიეკუთვნება იმ შენობებს, რაც მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით არის განსაზღვრული და რაც თვითნებური დაკავებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ერთ-ერთ აუცილებელ და სავალდებულო პირობას წარმოადგენს. როგორც აღინიშნა, ორი მათგანი ვაგონის ტიპის კონტეინერს წარმოადგენს, რომლის ერთი ადგილიდან გადატანა მეორეზე, თავისუფლად შესაძლებელია და ამ ნიშნით ისინი მობილურ სისტემის დროებით შენობას წარმოადგენს, ხოლო მესამე ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, მიწასთან საკუთარი წონით დაკავშირებული დროებითი ნაგებობა, რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსი. ამასთან, სამივე ნაგებობიდან ორი მათგანი გრუნტთან უძრავად არ არის დაკავშირებული, ხოლო მესამე, ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი დროებითი ნაგებობის ძირის ბეტონის დასხმა, მოპასუხე მხარის მტკიცებით გაკეთებულია, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილის დათვალიერების შემდეგ პერიოდში, რამდენადაც იმ დროისათვის ძირის ბეტონით ასეთი დასხმა არ ფიქსირდებოდა.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, ამ მხრივ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია და სწორად შეაფასა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები, არ მიეკუთვნება იმ შენობებს, რაც მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, თვითნებური დაკავებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების პირობა შეიძლება გახდეს.

 

6.9. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულებაში ასევე მითითებულია, გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების არსებობა არ წარმოადგენდა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, გუ--------------ის მოთხოვნა ვერც სხვა მხრივ აკმაყოფილებდა თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებებს, რამდენადაც ფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა არც განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტის თანახმად, თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების აღიარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილების შესაბამისად, დასახელებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტის მიზნებიდან გამომდინარე კომისიამ მიიღო სწორი შეფასება, რომ გუ--------------ე ვერ ჩაითვლებოდა საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

 

6.10. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

კომისია გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე, იღებს გადაწყვეტილებით, რაც გამოიცემა აქტის სახით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №7- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემოებათა შესაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგანაც იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, გუ--------------ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ეს აქტები სათანადო გამოკვლევის შედეგად არის მიღებული და არ არსებობს მოსარჩელის მიმართ მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფუძველი.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გუ--------------ის სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველსდა ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გუ--------------ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე