განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
010100120003424059
დავის ტიპი
238 (1) 2
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003424059

საქმე №1-65/2020

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ რ------–----ის

ბრალდებულის - ნ-------- ჯ--------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173041219005 საქმე:

 

ბრალდებული: ნ-------- ჯ--------ის მიმართ

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–-------------------–--------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2009 წლის 19 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ-------- ჯ--------ე ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2019 წლის 17 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურში ატარებდა ცივ იარაღს - დანას და ხანჯალს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა ნ-------- ჯ--------ემ საქმის არსებითი განიხლვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ჯ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. მოწმეების - ე---------------------------------------------–-------------------------ის ჩვენებები; 2019 წლის 04 დეკემბერს შედგენილი №MIA 4 19 03246284 პატაკი, 2019 წლის 17 ოქტომბერს შედგენილი N000054420 ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, 2019 წლის 17 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ნ-------- ჯ--------ეს, შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა მეტალის პირის მქონე ორი საგანი; აღნიშნული საგნების ამოღების ომი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 5 ნოემბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის Nც.ი./491 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხანჯალი და დანა არის მჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, რომლის თანახმად, ნ-------- ჯ--------ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული, განზრახი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

 

6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ-------- ჯ--------ის ბრალდების დადასტურება.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

18. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით - განზრახ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ნ-------- ჯ--------ე - ატარებდა ცივ იარაღს - დანას და ხანჯალს, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

19. ნ-------- ჯ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

20. ნ-------- ჯ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

27. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაებია ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დადებითი დახასიათება.

 

28. საქართველოს სსსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

29. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- ჯ--------ეს, რომელმაც აღიარა დანაშაული, არის სამოც წელს მიღწეული ასაკოვანი პირი - სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ-------- ჯ--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

31. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ნ-------- ჯ--------ის პირადი გასინჯვის დროს ამოღებული დანა და ხანჯალი, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ნ-------- ვ-–---------ს ძე ჯ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ-------- ჯ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცება - ნ-------- ჯ--------ის პირადი გასინჯვის დროს ამოღებული დანა და ხანჯალი, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი