გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
210210019003128827
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210019003128827

საქმე № 2/694-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წ. ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე: პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ატ-------------------ი;

წარმომადგენელი: ლი---------–---–ი

მოპასუხე: მა-–---------–--ე

დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა-–---------–--ეს ატ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზრაურება 4 866 (ოთხი ათას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე მა-–---------–--ეს მოსარჩელე ატ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაღებული ხარჯის, კერძოდ საჯარიმოზე გადაყვანის და საჯარიმოზე დგომის საფასური - 360 (სამას სამოცი) ლარი.

 

2. სარჩელის დასაბუთება

 

2018 წლის 12 ივნისს დაახლოებით 15:00 საათზე სიღნაღის რაიონ, სოფელ ნუკრიანში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მა-–---------–--ემ ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოსარჩელე ატ-------------------ს და მის მეუღლეს ნა-------------------ს და ნაჯახის გამოყენებით განზრახ დააზიანა მისი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებული მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ,,MERSEDES-BENZ A 1--” მარკის, კერძოდ: ავტომანქანის ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, უკანა საქარე მინა, საბარგულის მარცხენა სტაციონალური მინა, უკანა მარცხენა კარის რეზინის კანტი, უკანა კარის მინა, უკანა კარის ქარამრიდი, წინა მარცხენა კარის შიდა მოპირკეთება, წინა მარცხენა კარის რეზინის კანტი, წინა მარცხენა კარის მინა, წინა მარცხენა კარის ქარამრიდი, წინა მარცხენა კარის ძარის სახურავის საყრდენი, უკანა მარცხენა კარის ჩარჩო და წინა მარცხენა კარის ჩარჩო, აღნიშნულის შედეგად მას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ატ-------------------ი არ დაეთანხმება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რო მოსარჩელეს მიადგა 1200 (ათას ორასი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ საკუთარი ხარჯებით ჩაიყვანა ავტომანქანა თბილისში ,,MERSEDES – NENZ“ ცენტრში, სადაც წერილობით აცნობეს, რომ მისი ავტომანქანის არსადგენად ,,MERSEDES – NENZ“-ს ცენტრში მინების შესაძენად საჭირო თანხას შეადგენდა 2978 ლარს, ძრავის სახურავისათვის საჭირო თანხა შეადგენდა 920 ლარს, ხელოსნის მომსახურება 767 ლარს, შეღებვა 250 ლარს, სრული მანაქანის აღდგენისათვის საჭირო თანხას შეადგენს სულ 4866 ლარს. ასევე მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ გასწია მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის და იქ დგომის საფასური 360 ლარი, რის დაკისრებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარეზე.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მა-–---------–--ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანაშაულით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1200 ლარი და მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვს მოსარჩელე მხარე ამხელა თანხას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით მა-–---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ავტოავარიის შედეგად, მოსარჩელის ავტომანქანას დაუზიანდა ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, უკანა საქარე მინა, საბარგულის მარცხენა სტაციონალური მინა, უკანა მარცხენა კარის რეზინის კანტი, უკანა კარის მინა, უკანა კარის ქარამრიდი, წინა მარცხენა კარის შიდა მოპირკეთება, წინა მარცხენა კარის რეზინის კანტი, წინა მარცხენა კარის მინა, წინა მარცხენა კარის ქარამრიდი. სარემონტო სამუშაოების ჩატარება საჭიროებს: წინა მარცხენა საყრდენი, უკანა მარცხენა კარის ჩარჩო, წინა მარცხენა კარის ჩარჩო, რაც ზიანი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

- განაჩენი, ექსპერტიზის დასკვნა;

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

4.2.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 4866(ოთხი ათას რვაას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ,,MERSEDES-BENZ“ -ის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მინების შესაძენად საჭიროა 2 978 (ორი ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,MERSEDES-BENZ“ -ის ოფისის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული ნივთების ღირებულება საკმარისი მტკიცებულებაა ამ ზიანის განსასაზვრად, მით უფრო, რომ ნაწილების შეძენა ამ ცენტრში არ მომხდარა და ამას მოსარჩელეც ადასტურებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია განაჩენი, სადაც მითითებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, თუმცა მას ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია. მან მხოლოდ წარმოადგინა, MERSEDES-BENZ“ -ის ოფისის მიერ გაცემული ცნობა სათადარიგო ნაწილების შეკვეთის თაობაზე (ერთადერთი მტკიცებულება), რაც ვერ იქნება ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ ასევე მითითებულია, რომ ძრავის სახურავის შესაძენად საჭიროა 920 (ცხრაას ოცი) ლარი, ხელოსნის მომსახურების საფასურია - 767 (შვიდას სამოცდაშვიდი) ლარი და შეღებვის საფასური 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულებები საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობაა 1200 (ათას ორასი) ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,სამოქალაქო კოდექსის 50, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია შემდეგი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით მა-–---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში. საქმეზე დართული განაჩენის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით, 1200 (ათას ორასი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. ცვლილებამდე არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნული კანონის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწიინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით მა-–---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში. მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით. ამდენად, წარმოდგენილი განაჩენი, სრულფასოვნად ადასტურებს მა-–---------–--ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ატ-------------------ის მიმართ დამდგარ ზიანთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით, 1200 (ათას ორასი) ლარი.

შესაბამისად, მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა საჯარიმოზე გადაყვანის და იქ დგომის გადასახადის 360 (სამას სამოცი) ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით დასაბუთებელია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ეს ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება (საჯარიმო ქვითარი), რომ მოსარჩელის ავტომანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო სადგომზე და მის მიერ გადახდილ იქნა გადაყვანის და იქ დგომის საფასური 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაბამისად, მა-–---------–--ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 157 (ას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქაქლაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ატ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მა-–---------–--ეს მოსარჩელე ატ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1200 (ათას ოასი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მა-–---------–--ეს მოსარჩელე ატ-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანის და იქ დგომის საფასური 360 (სამას სამოცი) ლარი.

 

3.მოპასუხე მა-–---------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 157 (ას ორმოცდაშვიდმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე