გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2019
საქმის ნომერი
140310019003241110
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003241110

საქმე № 3/259-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: ი----- ხ-------–---–ი

წარმომადგენელი: ი----- მ---------–-

 

მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები: ზ------ კ------

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): მ------ გ-------–---–ი, მ-----–, გ--, ვ------, ა---------–, თ------, შ--–--, ე-–------ ხ-------–---–ები, დ--–- და დ------- ნ-----–---–ები

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 27 მაისის № 39 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ი----- ხ-------–---–ის (პირ. № 2----------) მამკვიდრებელმა (მამამ) ო----- ხ-------–---–მა ქალაქ კასპში, ე. წ. ა–-------ზე, სადაც კასპში მცხოვრებ ხ-------–---–ების გვარის წარმომადგენლებს გადაეცათ პრივატიზებული მიწის ფართობები, პრივატიზების წესით მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,40 ჰა მიწის ნაკვეთი; ი----- ხ-------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ამ ფართის რეგისტრაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე საკუთრების უფლება 1999,68 მ2 მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ჰქონდა მ------ გ-------–---–ს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 27 მაისის № 39 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიაში მ------ გ-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა სადავო მიწის, როგორც თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.

 

მ------ გ-------–---–ი სარჩელს არ დაეთანხმა, განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, ხოლო საქმის მასალებით არ ირკვევა, ი----- ხ-------–---–ის მამკვიდრებელმა კონკრეტულად რა ადგილზე მიიღო საპრივატიზებო ნაკვეთი.

 

გ--, ვ------ და ე-–------ ხ-------–---–ებმა სარჩელი მთლიანად ცნეს, ხოლო დანარჩენი მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და მათი პოზიცია ამ სარჩელთან მიმართებაში სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ კასპის 1998 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ო----- ი----ს ძე ხ-------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: არსებული - 1138 მ2, პრივატიზებული - 0,40 ჰა (დოკუმენტი არის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე); ქალაქ კასპის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით (სია დათარიღებული არ არის) ო----- ი----ს ძე ღ-------–---–ს (გვარი ასე იკითხება) პირად საკუთრებაში ერიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2018 წლის 23 იანვრის № 39/15332 მიმართვა, კასპის არქივის № AA2012032666-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 22-23).

 

3.2.2. ქალაქ კასპში სისტემური აღრიცხვის მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენა) მ-----–, გ--, ვ------, ა---------–, თ------, შ--–--, ე-–------, ო----- და ი----- ხ-------–---–ების, ასევე დ--–- და დ------- ნ-----–---–ების სახელზე ირიცხება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 6 ნოემბრის სიტუაციური ნახაზი (ს. ფ. 80), სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2019 წლის 23 იანვრის № 000474419 დასკვნის დანართი № 5 და № 7 (ს. ფ. 34, 36).

 

3.2.3. 1997 წელს გარდაცვლილი ო----- ხ-------–---–ის სამკვიდრო მიიღო ი----- ხ-------–---–მა;

 

მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 11-13).

 

3.2.4. ქალაქ კასპის მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ბარათების თანახმად, ე------- გ-------–---–ს ქალაქ კასპში ერიცხება 0,20 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სიითი № 11);

 

მტკიცებულება: კასპის რაიონში გორის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს 2009 წლის 22 აპრილის № 16-20/2-1-177 ცნობა (ს. ფ. 95).

 

3.2.5. 2009 წელს გარდაცვლილი ე------- გ-------–---–ის სამკვიდრო მიიღო მ------ გ-------–---–მა;

 

მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 96-98).

 

3.2.6. მ------ გ-------–---–მა 2010 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა ე------- გ-------–---–ისაგან მიღებული სამკვიდროს, მათ შორის ქალაქ კასპში, ე. წ. ა–-------ზე მდებარე 1999,63 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარება;

 

მტკიცებულება: განცხადება (ს. ფ. 99).

 

3.2.7. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ------ გ-------–---–ის სახელზე 2010 წლის 27 მაისს გაიცა № 39 საკუთრების უფლების მოწმობა ქალაქ კასპში, ,,ა–-------ში" მდებარე 1999,63 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

 

მტკიცებულება: საკუთრების უფლების მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს. ფ. 14-15).

 

3.2.8. აღნიშნულ მიწაზე მ------ გ-------–---–ის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 აპრილის № 012/2204 მიმართვა (ს. ფ. 18).

 

3.2.9. მითითებული მიწის ნაკვეთი № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა მ------ გ-------–---–ის სახელზე 2010 წლის 8 ნოემბერს;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 19).

 

3.2.10. მ------ გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია სიტუაციურ გეგმაზე ო----- ხ-------–---–ის მიწის ნაკვეთის საზღვრებში;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2019 წლის 23 იანვრის № 000474419 დასკვნა (ს. ფ. 27), დასკვნის დანართი № 7 (ს. ფ. 35), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 სექტემბრის № 882019678178-07 გადაწყვეტილება (ს. ფ. 10), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის № 882019678178-17 გადაწყვეტილება (ს. ფ. 42).

 

3.2.11. მ------ გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1999,63 მ2 მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ე------- და მ------ გ-------–---–ების მართლზომიერ მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწას და არც რაიმე შენობა-ნაგებობა არის განთავსებული მასზე;

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, საჯარო რეესტრის 2019 წლის 6 ნოემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზი (ს. ფ. 80).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოდგენს ე------- და მ------ გ-------–---–ების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და არც საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არის განთავსებული; 2010 წლის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით კი მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში იყო შესაძლებელი პირის საკუთრებად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარება. ამავე დროს, ეს ნაკვეთი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს, რომლის თვითნებურად დაკავების შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი მუნიციპალიტეტის კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, 2008 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებამდე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

 

2008 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ (ამოქმედდა 2008 წლის 19 დეკემბრიდან), თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით.

 

დღეის მდგომარეობით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ------ გ-------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა 2010 წლის 27 მაისს, ანუ იმ დროს, როდესაც შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო), კომისიის მეშვეობით, უფლებამოსილი იყო, ეღიარებინა საკუთრების უფლება მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.

 

მითითებული კანონის 2010 წლის მაისისათვის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწისა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ------ გ-------–---–მა 2010 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას, რომლითაც მოითხოვა ე------- გ-------–---–ისაგან მიღებული სამკვიდროს, მათ შორის ქალაქ კასპში, ე. წ. ა–-------ზე მდებარე 1999,63 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ანუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარება;

 

განცხადებას თან დაურთო კასპის რაიონში გორის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს 2009 წლის 22 აპრილის № 16-20/2-1-177 ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა მ------ გ-------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის უფლება ამ მიწის ნაკვეთზე (ცნობის თანახმად, ქალაქ კასპის მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ბარათებით, მ------ გ-------–---–ის მამკვიდრებელ ე------- გ-------–---–ს ქალაქ კასპში ერიცხება 0,20 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

 

2008 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილი იყო, საკუთრების უფლება ეღიარებინა მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.

 

ამდენად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისია არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საკუთრების უფლების მოწმობა და ეღიარებინა მ------ გ-------–---–ის საკუთრების უფლება ამ მიწაზე, როგორც მართლზომიერი მფლობელობის უფლების ობიექტზე. მ------ გ-------–---–ი სწორედ ამ უფლების საფუძველზე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას და არა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა მხოლოდ 2 შემთხვევაში შეიძლებოდა, გადაცემოდა საკუთრებაში დაინტერესებულ პირს: 1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე) უნდა ყოფილიყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2. თვითნებურად დაკავებული მიწა (2007 წლამდე) განთავსებული უნდა ყოფილიყო დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ამავე დროს ამ მიწის ფართობი ნაკლები უნდა ყოფილიყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მიწის ფართობი, რომელზე საკუთრების უფლებაც უღიარდა მ------ გ-------–---–ს, არ ემიჯნებოდა მის (მისი მამკვიდრებლის) მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ რომელიმე ნაკვეთს, და მასზე არც რაიმე შენობა (დანგრეული ან აშენებული) არ არის.

 

დადგენილია, რომ მ------ გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია ი----- ხ-------–---–ის მამკვიდრებელ ო----- ხ-------–---–ის მართლზომიერი მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

 

აქედან გამომდინარე, სადავო აქტის მიმართ არსებობს ი----- ხ-------–---–ის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

მართალია, მ------ გ-------–---–ის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა აღმჭურველი სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს არსებითად არღვევს, შეუძლებელია, პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა - მესამე პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მ------ გ-------–---–ის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - კანონიერების პრინციპთან, არამედ აღნიშნული აქტით არსებითად ილახება მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები. კერძოდ: მ------ გ-------–---–ის საკუთრებად აღიარებული ქონება სრულად მოქცეულია ი----- ხ-------–---–ის მამკვიდრებელ ო----- ხ-------–---–ის მართლზომიერი მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

 

ამ მიწაზე მ------ გ-------–---–ს რაიმე უფლება არ გააჩნია, საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში დატოვებით მიღებული იქნება მდგომარეობა, როდესაც აღნიშნული ქონება დარჩება კვლავ მის საკუთრებაში, რითაც არსებითაც შეილახება ი----- ხ-------–---–ის კანონით განსაზღვრული საკუთრების უფლება.

 

ამდენად, საბოლო ჯამში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს 2012 წლის 9 თებერვლის № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

 

ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის № ბს 776-768 (2კ-4კს-15) განჩინება).

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა მოსარჩელე არ შუამდგომლობს (არ ითხოვს) ხარჯის ანაზღაურებას; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ------ გ-------–---–ის სახელზე გაცემული კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 27 მაისის № 39 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

2. ამ საქმეზე დ----- თ-----–---–ის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი