გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119003272912
2-954-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,თ----ი ბანკი“
წარმომადგენელი ნინო სურმავა
მოპასუხე გ--------–-–--ლი
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ--------–-–--ლს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ: 2017 წლის 30 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 551.85 ლარის გადახდა, საიდანაც 2 894.79 ლარი ძირი თანხაა, 692.06 ლარი - პროცენტი, 965 ლარი - პირგასამტეხლო;
1.2. 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი 2019 წლის 7 ნოემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - თვეში 86.84 ლარი;
1.3. 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო 2019 წლის 7 ნოემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - დღეში 7.81 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;
1.4. 2018 წლის 6 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 100.37 ლარის გადახდა, საიდანაც 1997.36 ლარი ძირი თანხაა, 438.01 ლარი - პროცენტი, 665 ლარი - პირგასამტეხლო;
1.5. 2018 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 7 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - თვეში 59.92 ლარი;
1.6. 2018 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 7 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - დღეში 5.39 ლარი, მაგრამ არა უმეტეს 665 ლარისა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 30 მარტს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, გ--------–-–--ლზე გაიცა კრედიტი 1 000 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და 2019 წლის 26 სექტემბრის შემდეგ თანხა არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 22-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2018 წლის 6 იანვარს მარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, გ--------–-–--ლმა მიიღო კრედიტი 2000 ლარი. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა - მიუხედავად გაფრთხილებისა, თანხა არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 41-67);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.68);
- მხართა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ის;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნული შედეგი, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო საქმის მოსამზდებელ სხდომაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები - უზრუნველყოფის რეგისტრაციისათვის გადახდილი 20 ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ნაწილი 50 ლარი, - საქმის სირთულის, მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლოს ეს თანხა მიაჩნია გონივრულ ოდენობად;
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, გ--------–-–--ლს აეკრძალა გაასხვისოს და იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 6------------
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
გ--------–-–--ლს სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს: 2017 წლის 30 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 551.85 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2 894.79 ლარი, პროცენტი - 692.06 ლარი პროცენტი, პირგასამტეხლო - 965 ლარი;
2019 წლის 7 ნოემბრიდან, 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ყოველთვიურად 86.84 ლარი;
2019 წლის 7 ნოემბრიდან, 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ყოველდღიურად 7.81 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;
2018 წლის 6 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 100.37 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1997.36 ლარი, პროცენტი - 438.01 ლარი, პირგასამტეხლო - 665 ლარი;
2019 წლის 7 ნოემბრიდან, 2018 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ყოველთვიურად 59.92 ლარი;
2019 წლის 7 ნოემბრიდან, 2018 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ყოველდღიურად 5.39 ლარი, მაგრამ არა უმეტეს 665 ლარისა;
2. გ--------–-–--ლს დაეკისროს სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილი 20 (ოცი) ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. სს ,,თ----ი ბანკს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 2019 წლის 5 ნოემბერს სარჩელზე გადახდილი 477.66 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი