გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310019002945452
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002945452

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------

წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები - თ---------–--------–---–ი, ე-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ზ------------სათვის (პ/ნ №1----------, შემთხვევის ნომერი №----------), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის 13024,12 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი ზ------------ 2018 წლის 17 მაისს მოთავსდა კლინიკაში გეგმიური ოპერაციის ჩატარების მიზნით. დაგეგმილი იყო ოპერაცია სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით (ხელოვნური კოდი - 23CAR, ჩარევის კოდი - FCSB04). 18.05.18-ში ჩატარდა ოპერაცია, რომლის მიმდინარეობისას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე საექიმო პერსონალის მიერ შეიცვალა ოპერაციის ტაქტიკა და საჭირო გახდა აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით, შესაბამისად შეიცვალა ხელოვნური კოდი და განისაზღვრა 15CAR-ით, ხოლო შემთხვევის ჩარევის კოდი განისაზღვრა FMSD10-ით. მოსარჩელე უთითებს, რომ მათი მხრიდან „სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში“ აღნიშნული ცვლილება (როგორც დიაგნოზი, ასევე შემთხვევის ჩარევის დაზუსტებული კოდი FMSD10) შემთხვევის დასრულებამდე იქნა დაფიქსირებული (შემთხვევის დასრულების შემდეგ ჩასწორდა მხოლოდ ხელოვნური კოდი 15CAR-ით), რითაც დასტურდება, რომ სააგენტოს მხრიდან 25.09.2018წ-ის №-------- გადაწყვეტილებაში მოყვანილ გარემოებას (საქ. მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახ. პროგრამის დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას) ადგილი არ ჰქონია.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მათ მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს №-------- გადაწყვეტილებაზე დადგენილი წესით წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის დაკმაყოფილებაზე, 2019 წლის 3 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო სამედიცინო შემთხვევა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 31 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - ზ------------ (დაბ. თარიღი 22.06.1946წ.; შემთხვევის №----------) 2018 წლის 17 მაისს მოათავსეს შ----------------------------–-------------------–------------–-------–------–-“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: აორტული ნაკლოვანება (ზომიერი) - I35.1 აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით (15CAR) (FMSD10) (18.05.2018).

 

ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ პაციენტი მოთავსდა კლინიკაში საოპერაციოდ - სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით. 18.05.18-ში ჩატარდა ოპერაცია. ინტრაოპერაციულად შეიცვალა ჩარევის ტაქტიკა და მოცულობა, ტრანსეზოფაგიალური ექოკარდიოსკოპიით გამოვლინდა აორტალური სარქველის ძლიერი ნაკლოვანება. აორტის გახსნის შემდეგ ვიზუალური შეფასებით სარქვლის კარედები იყო მნიშვნელოვნად დაზიანებული, ხოლო აღმავალი აორტის კედლის სტრუქტურა ნორმალურად შენარჩუნებული, აორტის დიამეტრი 3,84 სმ., რაც არ საჭიროებდა ქირურგიულ კორექციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩატარდა მხოლოდ აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით, გართულებების გარეშე. ICU-ში ავადმყოფი შევიდა 18.05.18-ში 14:05 სთ-ზე. ნათელი გონებისა და დამაკმაყოფილებელი რესპირაციული პარამეტრების ფონზე 19.05.18-ში 02:30 სთ-ზე გაუკეთდა ექსტუბაცია. თორაკალური დრენაჟები ამოღებულია 19.05.18-ში 23:30 სთ-ზე. პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა დამაკმაყოფილებლად. გამოხატული იყო შფოთი, კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ. ჩატარებული მკურნალობის ფონზე ლაბორატორიული და ექოსკოპიური მონაცემები დინამიკაში დამაკმაყოფილებელი იყო. INR-ის მაჩვენებელი მიღწეულია სამიზნეს. პაციენტი ეწერება კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 31 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ს.ფ. 24-28);

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 აპრილს გაცემული №1181554 მიმართვით დგინდება, რომ პაციენტს - ზ------------ს ესაჭიროებოდა სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით, ჩარევა - FCSB04, ხელოვნური კოდი - 23CAR. ხოლო, ოპერაციის შემდგომ შეიცვალა მიმართვა და 2018 წლის 29 მაისს გაცემული №1204983 მიმართვით ირკვევა, რომ პაციენტს დასჭირდა აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით, ჩარევა - FMSD10, ხელოვნური კოდი - 15CAR.

 

3.1.3. 2018 წლის 30 მაისს შ----------------------------–-------------------–------------–-------–---------’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, დიაგნოზი: I35.1, აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით; ჩარევა - FMSD10; ხელოვნური კოდი: 23CAR., ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეცვლილია არსებული ხელოვნური კოდი და მიწოდებულია: 15CAR-I05/I06/I07/I34/I35/I36-/-მიტრალური სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/აორტის სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/სამკარიანი სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/მიტრალური სარქვლის არარევმატული დაზიანებები/აორტის სარქვლის არარევმატული დაზიანეზები/სამკარიანი სარქვლის არარევმატული დაზიანებები-/-FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით/FKSD10-მიტრალური სარქველის ჩანაცვლება ბიოლოგიური პროთეზით/FGSE10 - სამკარიანი სარქველის ბიოლოგიური პროთეზის ჩადგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის №1181554 მიმართვა (ს.ფ. 21-22);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 29 მაისის №1204983 მიმართვა (ს.ფ. 23);

- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული (ს.ფ. 29);

- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული (ს.ფ. 55-60).

 

3.1.4. შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 18 სექტემბრის №165-5-2/2689259560-2775573045 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, №---------- სამედიცინო შემთხვევას, შემთხვევის ტიპი - კარდიოქირურგია, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) – 13024,12 ლარი, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 18 სექტემბრის №165-5-2/2689259560-2775573045 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი (ს.ფ. 16).

 

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების თანახმად პაციენტი ზ------------, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2018 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შ-----------------------------–-------------------–------------–-------–------–---. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა მიწოდებულია კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, პროგრამული კოდი: 23CAR: 171/120–25-/-აორტის ანევრიზმა და განშრევება/გულის იშემიური ავადმყოფობა, დიაგნოზი: I35.1 აორტის (სარქვლის) ნაკლოვანება, ჩარევა- FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით. პაციენტი გაეწერა 29.05.2018წ. ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეცვლილია არსებული ხელოვნური კოდი და მიწოდებულია: 15CAR-I05/I06/I07/I34/I35/I36-/-მიტრალური სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/აორტის სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/სამკარიანი სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/მიტრალური სარქვლის არარევმატული დაზიანებები/აორტის სარქვლის არარევმატული დაზიანეზები/სამკარიანი სარქვლის არარევმატული დაზიანებები-/-FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით/FKSD10-მიტრალური სარქველის ჩანაცვლება ბიოლოგიური პროთეზით/FGSE10 - სამკარიანი სარქველის ბიოლოგიური პროთეზის ჩადგმა.

 

ინსპექტირების ეტაპზე, შემთხვევას №---------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის 2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა) ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 14-15).

 

3.1.6. 2018 წლის 11 ოქტომბერს შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- აღმასრულებელმა დირექტორმა №64/02 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემთხვევის ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 17-18);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 19-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი, ხოლო თავის მხრივ, №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი ზ------------, 2018 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შ----------------------------–-------------------–------------–-------–------–-“. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა მიწოდებულია კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, პროგრამული კოდი: 23CAR: 171/120–25-/-აორტის ანევრიზმა და განშრევება/გულის იშემიური ავადმყოფობა, დიაგნოზი: I35.1 აორტის (სარქვლის) ნაკლოვანება, ჩარევა- FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით. პაციენტი გაეწერა 29.05.2018წ. ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეცვლილია არსებული ხელოვნური კოდი და მიწოდებულია: 15CAR-I05/I06/I07/I34/I35/I36-/-მიტრალური სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/აორტის სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/სამკარიანი სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/მიტრალური სარქვლის არარევმატული დაზიანებები/აორტის სარქვლის არარევმატული დაზიანეზები/სამკარიანი სარქვლის არარევმატული დაზიანებები-/-FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით/FKSD10-მიტრალური სარქველის ჩანაცვლება ბიოლოგიური პროთეზით/FGSE10 - სამკარიანი სარქველის ბიოლოგიური პროთეზის ჩადგმა. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე, შემთხვევას №---------- განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ თავდაპირველის ხელოვნური კოდის (23CAR) შეცვლა და სწორი კოდის (15CAR) მითითება განხორციელდა შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდგომ, სახეზე იყო საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 31 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა), საიდანაც დგინდება, რომ პაციენტი - ზ------------ 2018 წლის 17 მაისს მოათავსეს შ-----------------------------–-------------------–------------–-------–------–---. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: აორტული ნაკლოვანება (ზომიერი) - I35.1 აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით (15CAR) (FMSD10) (18.05.2018). ამასთან, ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ პაციენტი მოთავსდა კლინიკაში საოპერაციოდ - სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით. 18.05.18-ში ჩატარდა ოპერაცია. ინტრაოპერაციულად შეიცვალა ჩარევის ტაქტიკა და მოცულობა, ტრანსეზოფაგიალური ექოკარდიოსკოპიით გამოვლინდა აორტალური სარქველის ძლიერი ნაკლოვანება. აორტის გახსნის შემდეგ ვიზუალური შეფასებით სარქვლის კარედები იყო მნიშვნელოვნად დაზიანებული, ხოლო აღმავალი აორტის კედლის სტრუქტურა ნორმალურად შენარჩუნებული, აორტის დიამეტრი 3,84 სმ., რაც არ საჭიროებდა ქირურგიულ კორექციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩატარდა მხოლოდ აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით, გართულებების გარეშე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 აპრილს გაცემული №1181554 მიმართვით დგინდება, რომ ზ------------ს ესაჭიროებოდა სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით, ჩარევა - FCSB04, ხელოვნური კოდი - 23CAR. ხოლო, ოპერაციის შემდგომ შეიცვალა მიმართვა და 2018 წლის 29 მაისს გაცემული №1204983 მიმართვით ირკვევა, რომ პაციენტს დასჭირდა აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით, ჩარევა - FMSD10, ხელოვნური კოდი - 15CAR.

 

ამასთან, 2018 წლის 30 მაისს შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტით, დიაგნოზი: I35.1, აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით; ჩარევა - FMSD10; ხელოვნური კოდი: 23CAR., ხოლო 2018 წლის 08 ივნისს კლინიკის მიერ შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეცვლილია არსებული ხელოვნური კოდი და მიწოდებულია: 15CAR-I05/I06/I07/I34/I35/I36-/-მიტრალური სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/აორტის სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/სამკარიანი სარქვლის რევმატული ავადმყოფობები/მიტრალური სარქვლის არარევმატული დაზიანებები/აორტის სარქვლის არარევმატული დაზიანეზები/სამკარიანი სარქვლის არარევმატული დაზიანებები-/-FMSD10-აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროთეზით/FKSD10-მიტრალური სარქველის ჩანაცვლება ბიოლოგიური პროთეზით/FGSE10 - სამკარიანი სარქველის ბიოლოგიური პროთეზის ჩადგმა.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაწესებულების მხრიდან დარღვევას წარმოადგენდა 2018 წლის 30 მაისს გაკეთებულ შეტყობინებაში მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური კოდის შეუცვლელობა, კერძოდ, 15CAR-ის ნაცვლად კვლავ 23CAR-ის მითითება, რაც მისივე განმარტებით წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას/ტექნიკურ ხარვეზს და არსებითად არ ცვლიდა შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო კლინიკის დაჯარიმება 50 ლარის ოდენობით და არა შემთხვევის კორექტირება და ანაზღაურებაზე უარის თქმა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს და ადგილი არ აქვს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის ანაზაღაურებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის სხვა საფუძვლებს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის ისეთი არასწორი მონაცემები, რომლებიც არსებითად არ ცვლიან შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს (მაგ.: პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ.), განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, 50 ლარის ოდენობით, თითოეულ სამედიცინო შემთხვევაზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებას დაექვემდებარება გეგმური ქირურგიული ოპერაციის ხარჯები (მათ შორის, დღის სტაციონარი), თუ დოკუმენტური ფორმით წარმოდგენილი პროგრამული შემთხვევის დიაგნოზ(ებ)ი და შესაბამისი ჩარევა (ჩარევები) ემთხვევა შეტყობინებაში დაფიქსირებულ დიაგნოზ(ებ)სა და შესაბამისი ჩარევას (ჩარევებს).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ 2018 წლის 30 მაისს გაკეთებულ შეტყობინებაში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი (I35.1, აორტალური სარქველის შეცვლა ბიოლოგიური პროტეზით), ჩარევა (FMSD10) და დაზუსტება (სტაციონარში მოთავსებისა და გაწერის დრო), ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულს, ხოლო ხელოვნური კოდის არასწორად მითითება, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი სახის ხარვეზად, რომელიც არსებითად არ ცვლიდა შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს, ვინაიდან არც ზემოაღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტში და არც ამავე მუხლის მე-11 პუნქტში, საუბარი არ არის ხელოვნური კოდზე, როგორც მომსახურების ანაზღაურებაზე განმსაზღვრელ კომპონენტზე. სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ არც ფინანსური დაინტერესებაა სახეზე, ვინაიდან განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ოპერაციის თანხა წარმოადგენდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე ცვლილებამდე და გადაწყვეტილება მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ზ------------ს სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერსს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, რადგან ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა ცნობილი, მოპასუხეს უნდა დაევალოს პაციენტ ზ------------ს მკურნალობის მიზნით, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 390.72 (სამას ოთხმოცდაათი ლარის და სამოცდათორმეტი თეთრის) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე შ-----------------------------–-------------------–------------–-------–---------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 390,72 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 03 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 11 ოქტომბრის №64/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ზ------------სათვის (პირადი №1----------, შემთხვევის №----------), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის 13024,12 ლარის ანაზღაურება.

 

5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შ----------------------------–-------------------–------------–-------–--------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 390,72 (სამას ოთხმოცდაათი ლარის და სამოცდათორმეტი თეთრის) ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი