გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.01.2020
საქმის ნომერი
330310019003360318
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2---------ი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თეა აფციაური

 

მოსარჩელე - გ------- ბ----–-–---–ი

წარმომადგენელი- რ---------–----ე

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი - ლ---- კ-----–---–--

დაინტერესებული პირი - ლ--–- ჯ--–----–---–ი

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ, 2019 წლის 2------------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი;

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 2------------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ, 2019 წლის 2------------ს, გ------- ბ----–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----. გ------- ბ----–-–---–ი არის ლ--–- ჯ--–----–---–ის ყოფილი მეუღლე, რომელიც 2019 წლის 2------------ს ჩამოვიდა საქართველოში და მის საერთო ბინაში ყოფნისას დაურეკა პატრულს, მისცა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა გ------- ბ----–-–---–ი (მისი ყოფილი მეუღლე) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არადა გ------- ბ----–-–---–ი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ს--------------------------------. რეალურად ლ--–- ჯ--–----–---–ის სურდა გ------- ბ----–-–---–ის გამოესახლებინა აღნიშნული ბინიდან და პოლიციას მოაწოდა არასწორი ინფორმაცია. გ------- ბ----–-–---–ი რეგისტრირებულია ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, ხოლო ლ--–- ჯ--–----–---–ი არ ცხოვრობს საქართველოში, იგი დროებით იყო ჩამოსული ორი კვირით, შესაბამისად პოლიციას უფლება არ ჰქონდა გ------- ბ----–-–---–ი გამოეყვანა და დაევალდებულებინა გაცლოდა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. როგორც მოსარჩელისათვის არის ცნობილი, ლ--–- ჯ--–----–---–ი არც საქართველოს მოქალაქეა და არც საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე გ------- ბ----–-–---–სა და ლ--–- ჯ--–----–---–ს არ გააჩნიათ თანასაკუთრება, უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, ს-------------------------------- რეგისტრირებულია მათი საერთო შვილის - მ---------–-–---–-ს სახელზე, რომელიც 2012 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მამამ - გ------- ბ----–-–---–მა აჩუქა შვილს მაკა ბ----–-–---–ს. ლ--–- ჯ--–----–---–ი და მ---------–-–---–- სისტემატურად აყენებენ მოსარჩელეს შეურაცხყოფას, მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენეს, ჯერ გამოუშვეს ბელგიაში არსებულ საერთო სახლიდან, ხოლო ამჯერად კი გამოდევნეს საქართველოში არსებული ბინიდან. აღნიშნულის გამო, გ------- ბ----–-–---–ს მიმართული აქვს სასამართლოსათვის რათა დაიბრუნოს საკუთრების უფლება ბინაზე.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ლ---- კ-----–---–-- არ დაეთანხმა გ------- ბ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მისი განმარტებით, მხარეთა შორის არის დაძაბული ურთიერთობა, მან შემაკავებელი ორდერი გამოსცა ლ--–- ჯ--–----–---–თან გასაუბრებისა და მათი შვილების განმარტებების საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ, 2019 წლის 2------------ს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 2------------ს 01:18 საათზე შევიდა შეტყობინება პოლიციაში, ადგილზე გამოცხადდნენ 01:30 საათზე, . ოქმის მიხედვით, 00:50 საათზე გ------- ბ----–-–---–მა ფსიქოლოგიურად იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე - ლ--–- ჯ--–----–---–ზე, კერძოდ, გ------- ბ----–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს -ლ--–- ჯ--–----–---–ს. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 2------------ს, გ------- ბ----–-–---–ის მიმართ (მსხვერპლი ლ--–- ჯ--–----–---–ი) გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებული იქნა მოძალადისაგან. შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემაკავებელი ორდერის ოქმი (ს/ფ 71-76)

- შემაკავებელი ორდერი (ს/ფ 69)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ------- ბ----–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ 2019 წლის 2------------ს გამოცემულია N0----- შემაკავებელი ორდერი გ------- ბ----–-–---–ის მიმართ მსხვერპლი ლ--–- ჯ--–----–---–ი. შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებული იქნა მოძალადისაგან. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 დღე. დადგენილია, რომ გ------- ბ----–-–---–სა და ლ--–- ჯ--–----–---–ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცალკ-ცალკე ცხოვრობენ.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქმის მასალების გაცნობის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სამხრე ვიდეო-კამერის ჩანაწერების დათვალიერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება გ------- ბ----–-–---–ის მიერ ლ--–- ჯ--–----–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

სამხრე ვიდეო-კამერის ჩანაწერით დგინდება, რომ გამოძახების საფუძველზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ ლ--–- ჯ--–----–---–ი, გ------- ბ----–-–---–ი და მათი საერთო შვილები. ლ--–- ჯ--–----–---–ი განმარტავს, რომ ყოფილმა მეუღლემ მას მიმართა უწმაწური სიტყვებით, თუმცა არ აკონკრეტებს სიტყვებს. იგი საუბრობს ზოგადად თანაცხოვრების პერიოდში არსებულ უთანხოებაზე და განმარტავს, რომ მან სთხოვა გ-------ს, რომ წასულიყო სახლიდან და როდესაც ის დაბრუნდებოდა ბელგიაში, ისევ შესულიყო სახლში. იგი ასევე განმარტავს, რომ მას არ სურს არც მისი დაჭერა, არც რაიმე ცუდი რამ მისთვის, მისი სურვილია მხოლოდ რომ სანამ საქართველოში იქნება, გ------- ბ----–-–---–მა იცხოვროს სხვაგან. ვიდეო ჩანაწერშივე გ------- ბ----–-–---–ი უარყოფს მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ამდენად, მსხვერპლს სხვა პრეტენზია არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ არ სურს სახლში იმყოფებოდეს გ------- ბ----–-–---–თან ერთად.

 

საქმის მასალებით და ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, თუმცაღა სადავო პერიოდში ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი არ დგინდება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება გ------- ბ----–-–---–ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლო მიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ, 2019 წლის 2------------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ბ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ნ----–------ს მიმართულების მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ლ---- კ-----–---–--ს მიერ, 2019 წლის 2------------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე