გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 16021-019003272056
№ 2/848-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს ,,თე-–-–----------------ი“
წარმომადგენელი - აი-------------ი
მოპასუხე - რო-----------–---ი
წარმომადგენელი - მუ-----------–---ი
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
დავის საგანი: ნი---------------------–-----–--------------------ა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გამოთხოვილ იქნეს რო-----------–---ის უკანონო მფლობელობიდან შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს საკუთრებაში არსებული ქონება -,,F--------------------“ -ს მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A---------, გაცემული 04.02.2017წ, რეგისტრირებული ბოლნისი, ს------------------------.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს საკუთრებაში რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება -,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, A---------, გაცემული 04.02.2017წ. შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს დირექტორია თელლი ვალიევა. 2017 წლის ნოემბრის თვეში თელლი ვალიევამ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ავტომანქანა მიჰყიდა მოპასუხეს 1----- აშშ დოლარად, საიდანაც მოპასუხემ გადაუხადა 1700 აშშ დოლარი. ხოლო დანარჩენი უნდა გადაეხადა ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მოსარჩელე გადაუფორმებდა ავტომანქანას. მოსარჩელემ შეთანხმებისთანავე გადასცა აღნიშნული ავტომანქანა მოპასუხეს. მოპასუხემ არ გადაუხადა ავტომანქანის საფასური. მოპასუხე არც თანხას იხდის და არც მანქანას აბრუნებს. მოპასუხემ თვითნებურად მოხსნა ავტომანქანას საბურავები, ძრავა და სხვა ნაწილები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მოსარჩელეს. ამჟამად მოსარჩელე უარს აცხადებს ნასყიდობაზე და სურს რომ მოპასუხემ დაუბრუნოს მას ავტომანქანა. ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 0-- ლარს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რო-----------–---მა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით, ავტომანქანა რეგისტრირებულია შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე, რეალურად კი მესაკუთრეა რუსეთს მოქალაქე ზურაბ გეპერიძე, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მიჰყიდა მოპასუხეს და საფასური გადახდილი აქვს ნაწილობრივ. თელი ვალიევას არანაირი კანონიერი საფუძველი აღნიშნულ ავტომანქანასთან არ აქვს.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა რო-----------–---მა და მისმა წარმომადგენელმა მუ-----------–---მა მხარი დაუჭირეს შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება დროებით არის რეგისტრირებული შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე, მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე. შესაბამისად შპს ,,თე-–-–----------------ი“ არ წარმოადგენს ავტომანქანის მესაკუთრეს. მასზე დროებით არის რეგისტრირებული ავტომანქანა. ავტომაქანა მფლობელისგან შეიძინა 11 0-- აშშ დოლარად. მოსარჩელეს შეუთანხმდა მხოლოდ ხარჯებზე, მანქანის ხარჯებზე, რაც შეაკეთეს. გადაუხადა 1800 აშშ დოლარი, თავდაპირველად 1300, შემდეგ 500 აშშ დოლარი. შეთანხმება იყო რომ 500 აშშ დოლარი როდესაც გადაუხადა, იმ დღეს უნდა გაფორმებულიყო მანქანა. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ავტომანქანა რო-----------–---ის მფლობელობაში უკანონოდ იმყოფება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სატრანსპორტო საშუალება -,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A---------, გაცემული 04.02.2017წ, რეგისტრირებულია ბოლნისი, ს. სა------ი, მე-9 ქ. N 1--ში მდებარე შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 16),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. სატრანსპორტო საშუალება -,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A---------, იმყოფება რო-----------–---ის მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების -,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, სარეგისტრაციო მოწმობა A---------, მესაკუთრეა შპს ,,თე-–-–----------------ი“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე.
წარმოდგენილია ასევე ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალება -,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------, რეგისტრირებულია დროებით 20.01.2020 წლამდე შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე, სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე.
მოსარჩელის მიერ მოწმის სახით წარმოდეგნილი იქნა კამინ ვალიევი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის თელლი ვალიევას ბიძაშვილის მეუღლე. სატრანსპორტო საშუალება თელი ვალიევამ შეიძინა ქუთაისელი ქართველი პირისაგან, თანხა გადაიხადა. რო-----------–---ი შეუთანხმდა თელლი ვალიევას, რომ შეიძენდა მანქანას 1----- აშშ დოლარად. თელლიმ მანქანა გადასცა, რომანმა გადაუხადა 1800 აშშ დოლარი, დანარჩენი უნდა გადაეხადა თვენახევრის განმავლობაში, რაც არ გადაიხადა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენებით არ დასტურდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავაზე გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ნივთის (,,F--------------------“, სახელმწიფო ნომერი - X------, ფერი-ლურჯი 3/8, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------) მესაკუთრე არ არის მოსარჩელე შპს ,,თე-–-–----------------ი“. დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე სატრანსპორტო საშუალება აღრიცხულია მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე. განხორციელებულია სატრანსპორტო საშუალების შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე დროებითი რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სახელზე სატრანსპორტო საშუალება სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, რეგისტრირებულია 20.01.2020 წლამდე.
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N 475 დადგენილებით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის მე-3 მუხლი ითვალისწინებს რეგისტრაციის მოწმობის მონაცემებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, რეგისტრაციის მოწმობაში აისახება:
ა) (A) რეგისტრაციის ნომერი;
ბ) (B) სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი;
გ) (I) რეგისტრაციის თარიღი − გრაფაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციის თარიღი;
დ) რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი (ნომერი მიეთითება მოწმობის წინა მხარეს, ქვედა მარცხენა ნაწილში);
ე) (C.1) მონაცემები რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის შესახებ:
ე.ა) (C.1.1) გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება;
ე.ბ) (C.1.2) სახელი;
ე.გ) (C.1.3) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;
ე.დ) (C.1.4) პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი;
ვ) (C.4) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ასახული მოწმობის მფლობელის უფლება ნივთზე, რომელიც აღინიშნება შემდეგნაირად:
ვ.ა) (a) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (ან თანამესაკუთრე) – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე (ან თანამესაკუთრეზე) რეგისტრაციისას;
ვ.ბ) (b) არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – მიეთითება:
ვ.ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას;
ვ.ბ.ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას, რომლებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;
ვ.ბ.გ) ამ პუნქტის „ვ.ბ.ა“ და „ვ.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, პირისათვის სარგებლობაში გადაცემული სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას;
ვ.გ) (c) რეგისტრირებულია მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას;
ზ) (H) მოწმობის გაუქმების თარიღი – მიეთითება თარიღი, როდესაც მოწმობას ეწურება მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმობა გაიცემა მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, აღნიშნულ გრაფაში გაევლება მოკლე ჰორიზონტალური ხაზი;
თ) (D) სატრანსპორტო საშუალება:
თ.ა) (D.1) მარკა;
თ.ბ) (D.2) ტიპი;
თ.გ) (D.3) მოდელი;
ი) (E) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი;
კ) (F) სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები:
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე დროებით - 20.01.2020 წლამდე რეგისტრირებულია შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სახელზე. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო სადავო ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ მოპასუხემ მას შეთანხმებული თანხა არ გადაუხადა. ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ სურს ხელშეკრულების გაგრძელება და სურს, რომ ნივთი დაიბრუნოს უკან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, იგი ნივთის რეალურ მესაკუთრეს შეუთანხმდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის თაობაზე და არა მოსარჩელეს. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ ნივთზე გაწეული ხარჯების თანხა, ჯამში 1800 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით სატრანსპორტო საშუალებას იგი უკანონოდ არ ფლობს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლების და აღნიშნული ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობაში ყოფნის ფაქტის დადასტურება. ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისი მფლობელობიდან მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად სადავო ნივთის გასვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 360 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს ,,თე-–-–----------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე რო-----------–---ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე