განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
330100119003170814
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/4048-19

№0-----------

17 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--------------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი----------–-–---–-------------ში (პირადი №0----------)

 

ადვოკატი - ს---–--------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 0-------ს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, ა--–---–--------------------------------------ში გ--------------ემ ნ--------------ს დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ხელზე, რის შემდეგაც ორი ხელით უჭერდა კისრისა და ყელის მიდამოში, აგრეთვე რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ნ--------------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

1.2. 2019 წლის 0-------ს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, ა--–---–--------------------------------------ში მას შემდეგ რაც გ--------------ემ ნ--------------ს მიაყენა ჭრილობები, დანებით შეიარაღებული გ--------------ე გაეკიდა შემთხვევის ადგილზე მყოფ ნ-----------–---ს და უთხრა „სად მიდიხარ, მოდი აქო“. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ - ნ-----------–---ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ გ--------------ე დაეწეოდა, დაარტყამდა მის ხელთ არსებულ დანებს და მოკლავდა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბრალდებულმა გ--------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

2.2. მოწმე გ-------------–----მა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------–------------–---- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 0-------ს, შეტყობინების საფუძველზე, დაახლოებით 23:45 საათზე, თანამშრომელ ა-----–-----–-–---–თან ერთად გავიდა ქ. თბილისში, აბაშვილის ქუჩა N3, მე-9 კორპუსი, ბინა N128-ში. შემთხვევის ადგილზე მისვლისას სადარბაზოში დახვდათ ნ-----------–---, რომელმაც განუცხადა, რომ გ--------------ემ დაჭრა მისი მეგობარი ნ-------------- და დანით შეიარაღებული ამ უკანასკნელსაც გამოეკიდა. ბინის კარებზე დაკაკუნების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში, კარი გააღო გოგონამ, რომელსაც ხალათზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი და კანკალებდა. ბინაში იმყოფებოდა გ--------------ე, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით და ილანძღებოდა, მოწოდების მიუხედავად არ მშვიდდებოდა და აუცილებელი გახდა მისი დაკავება.

 

2.3 ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა-----–-----–-–---–მა.

 

2.4. სასამართლოს დასკვნა გ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ნ--------------ს და ნ-----------–---ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს და ამოღებულ ნივთმტკიცებებს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

 

2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

3.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის (სსკ-ის 151 მუხლი), რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.5. ამდენად, სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მივიდა დასკვნამდე, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გ--------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.

 

5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ--------------ეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული ნ-------------- შეურიგდა ბრალდებულს.

 

5.7. გ--------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ შეზღუდულ შერაცხადობას. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 0------------ს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ--------------ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) გართულებული ნარკოტიზაციით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზრუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავის ფსიქიკური მდგომარეობით ის იძულებით მკურნალობა არ საჭიროებს.

 

5.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

 

5.9. მოცემულ შემთხვევაში გ--------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება გ--------------ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

5.10. სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 06 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

სამედიცინო დოკუმენტაცია დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ხალათი, ჯინსის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, მოწითალო ფერის ანაწმენდები, ორი ცალი მოყავისფრო ტარიანი დანა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი