განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
330100119003309005
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5701-19 (#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- გ-------–იძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ო------ს ძე მ------ძე - დაბადებული 1--- წლის 2-----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--------–----------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------------–------------------ში

 

ადვოკატი - ს---–--- ხ---–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 20 იანვარს, ქ. თბილისში, ჯ----------------–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ------- მ------ძემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს ნ---- კ------ძეს მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რითაც ნ---- კ------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, ჯ-----------------–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ------- მ------ძემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს ნ---- კ------ძეს მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ტანის არეში, რითაც ნ---- კ------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ჯ------------------–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ------- მ------ძემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს ნ---- კ------ძეს ხელები რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში და დანის დემონსტრირებით დაემუქრა მოკვლით. გ------- მ------ძის დარტყმების შედეგად ნ---- კ------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ექსპერტიზის №--------- დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ------ მ------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ------ძემ ჩაიდინა:

 

2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);

 

2.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. გ------ მ------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

3.2. გ------ მ------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად გ------- მ------ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ეპიზოდში გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით კი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა და ზომა სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- მ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ------- მ------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია