განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2039-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ-------------ის,ბრალდებულ ნ------------–---–ის,ადვოკატების მ------------ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ნ------------–---–ის (პ--------------) - დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ა-----–---------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენის საფუძველზე ნ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევმა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:
2019 წლის 7 მარტიდან ამავე წლის 14 მარტამდე დროის მონაკვეთში, ნ------------–---–მა უკანონოდ შეაღწია ე--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თბილისი, შ-----–--------------------------------------–-----------–-------------------------- სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2 ერთეულ ,,SAMSUNG“-ის ფირმისა და ,,SHARP”-ის ფირმის ტელევიზორს, 6 ერთეულ ნახატს, ერთ ცალ ოქროს ყელსაბამს, კულონსა და სხვადასხვა სახის სამკაულს, ერთიანობაში ღირებულს 30 300 (ოცდაათი ათას სამას) ლარად. აღნიშნული ქმედებით ე--------------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------------–---–ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ნ------------–---–მა ქურდობა ჩაიდინა დიდი ოდენობით. კერძოდ:
დაზარალებულმა ე--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს თბილისი, შ-----–--------------------------------------–-----------–--------------------------–-- რომელიც არის მეორე სართულზე. 2019 წლის 7 მარტიდან 19 მარტამდე დისშვილთან - დ---------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ისრაელში. როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ და სახლებში უნდა წასულიყვნენ, დ---------------–---–მა მას უთხრა, რომ მისი ბინა გაქურდული იყო. მას 15-16 მარტს მისმა მეზობელმა შეატყობინა ქურდობის შესახებ. როდესაც სახლთან მივიდნენ, პოლიცია გამოიძახეს და მათ მოსვლამდე არ შევიდნენ. როდესაც პოლიცია მივიდა, მან კარი გასაღებით ვერ გააღო, რადგან შიგნიდან ურდულით იყო ჩაკეტილი. პოლიციელი გადაძვრა ფანჯრიდან და კარი შიგნიდან გააღო. როდესაც ბინაში შევიდნენ, ნახეს, რომ ყველაფერი არეული იყო. ყველა ნივთი ძირს ეყარა და მიხვდა, რომ ბინა გაქურდული იყო. წაღებული იყო 700 ლარად შეძენილი ,,შარფის“ ფირმის და 1400 ლარად შეძენილი ,,სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორები, სამი ცალი ორიგინალი ნახატი, როგორც მისმა შვილმა უთხრა, მათი საერთო ღირებულება 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ასევე წაღებული იყო 600 ლარიანი ოქროს ცეპი და კულონი, ვერცხლის ცეპი კულონით და პატარა სუვენირები. ამის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში მან ამოიცნო საკუთარი ტელევიზორი, სამკაულები და ვაზა.
მოწმე დ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ე--------------–---–ის დისშვილი, რომელთან ერთადაც 2019 წლის 7 მარტიდან 19 მარტამდე იმყოფებოდა ისრაელში. ისრაელში ყოფნისას, 16 მარტს მას დაურეკა ე--------------–---–ის მეზობელმა მ-----------–---–მა და უთხრა, რომ სავარაუდოდ ე------ს ბინა იყო გაქურდული, რადგან აივნის კარები ღია იყო და ფარდები ფრიალებდა. მან ეს ინფორმაცია დეიდამისს დაუმალა, რადგან წნევები აწუხებდა და არ სურდა ენერვიულა. როდესაც თბილისში დაბრუნდნენ, მან მაშინ უთხრა ე--------------–---–ს ბინის გაქურდვის შესახებ. მათ გამოიძახეს პოლიცია. როდესაც ბინაში შევიდნენ, ნახეს, რომ სახლი არეული იყო. ბინიდან წაღებული იყო ტელევიზორები, სურათები და სამკაულები.
მოწმე მ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ე--------------–---–ის მეზობელი. ე--------------–---–ი 2019 წლის 7 მარტს გაემგზავრა ისრაელში. როდესაც ბინას ტოვებდა, მათ ერთად ჩაკეტეს და შეამოწმეს სახლის კარები. 16 მარტს მას მეზობელმა შეატყობინა, რომ ე--------------–---–ის აივნის კარები და ფანჯრები ღია იყო და ფარდები ფრიალებდა. მან დაურეკა ე------ს დისშვილს დ---------------–---–ს, რომელიც ე------სთან ერთად იმყოფებოდა ისრაელში და შეატყობინა ამის შესახებ. ე------ და დონარა 19 მარტს დაბრუნდნენ სახლში, რომლებსაც იგი ეზოში დახვდა. ე--------------–---–მა გასაღებით ვერ გააღო კარი, რადგან შიგნიდან ურდულით იყო დაკეტილი. როგორც გაიგო, ე--------------–---–ის ბინიდან მოპარული იყო ნახატები, ტელევიზორები და სამკაულები.
დეტექტივმა გ-----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2019 წლის 20 მარტს მიიღო ორი ოპერატიული ინფორმაცია, რაც ეხებოდა ე--------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე - თბილისი, შ-----–--------------------------------------–-----------–-------------------------- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წაღებულ ტელევიზორებს, ნახატებს, ოქროულობასა და ბიჟუტერიას. ინფორმაციის მიხედვით, ნივთები მოიპარეს გ----------------–---–მა და ნ------------–---–მა, ხოლო მოპარული სამკაულები ჩაბარებული იყო ვაგზალი 2-ის ტერიტორიაზე არსებულ ოქროს სავაჭრო ცენტრში, გ----------------–---–ის პირადობის მოწმობით, რომელიც ცხოვრობდა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №48-ში. ტელევიზორი წაღებული იყო ქ. რუსთავში. ამასთან დაკავშირებით მან მიმართა ხელმძღვანელობას, შემდეგ გამოკითხა ნივთების ჩამბარებელი პირები, რომლებმაც დაადასტურეს ნივთების ჩაბარების ფაქტი.
მოწმე ე-–------–----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ,,ოქროს ბირჟა“-ზე. 2019 წლის 14 მარტს მან ორი ახალგაზრდა ბიჭისგან ჩაიბარა ოქროს ცეპი და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მრგვალი კულონი. ერთ-ერთი იყო ბრალდებული ნ------------–---–ი. მათ ნივთების ჩაბარებისას წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ მან შეისწყიდა წარდგენილი ნივთები, კერძოდ, კულონში გადაიხადა 200 ლარი, ხოლო ცეპში - 500 ლარი. ამასთან დაკავშირებით გაფორმდა შესაბამისი შესყიდვის აქტი, რომელშიც ასახული იქნა როგორც ნივთის მონაცემები, ასევე ჩამბარებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. შემდეგ მასთან მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც მისგან ამოიღეს ხსენებული კულონი და ცეპი.
მოწმე გ--–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ ნ------------–---–ის ნათესავი, რომელთანაც აქვს ჩვეულებრივი ნათესაური ურთიერთობა. 2019 წლის გაზაფხულზე იგი შემთხვევით შეხვდა ნ------------–---–ს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რა დროსაც ბრალდებულმა მას უთხრა, რომ მისი ნაცნობი იაფად ყიდიდა ტელევიზორს და თუ ვინმეს სურდა შეეძლო ეყიდა. მან უპასუხა, რომ ბაბუამისისთვის სურდა ტელევიზორის ყიდვა და შეეძლო შეეძინა. იქვე მანქანაში ნახა შავი ფერის, ,,სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც გადაიტანა თავის მანქანაში, ხოლო ნ------------–---–ს გადაუხადა თანხის ნაწილი - 150 ლარი. აღნიშნული ტელევიზორი წაიღო ქ. რუსთავში, არაყიშვილის ქუჩაზე. რამდენიმე დღეში მასთან მივიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს ტელევიზორი იყო მოპარული, რომელიც ამოიღეს, ხოლო თვითონ გამოკითხვის მიზნით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე გ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ნ------------–---–ის მეზობელი ჯ----- ქუჩაზე, რომელთანაც აქვს ნორმალური მეზობლური ურთიერთობა. ერთხელ მან საკუთარი ბინის დალაგებისას კულონი და ცეპი იპოვა. მან ჩათვალა, რომ ეს ნივთები მისი ოჯახის კუთვნილება იყო, რის შემდეგაც წავიდა სადგურის მოედანზე ნივთების დასალომბარდებლად, რადგან ფული სჭირდებოდა. მას დედამისისგან ნებართვა არ აუღია ამ ნივთების დალომბარდებაზე. მას სადგურის მოედანზე შემთხვევით შეხვდა ნ------------–---–ი, რომელსაც სთხოვა დახმარება ნივთის დალომბარდებაში. ნიკა დაეხმარა მას დალომბარდებაში, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი აღარ ჰქონია.
მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ნ------------–---–ი არის მისი მეზობელი. იგი ცხოვრობს შვილთან - გ----------------–---–თან ერთად, რომელსაც ნ------------–---–თან არ აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. მას სოციალური დახმარების შეგროვებული თანხით მშრალ ხიდზე 150 ლარად ნაყიდი ჰქონდა ოქროს ცეპი და კულონი, რადგან მის შვილს ეს ნივთი დასჭირდა ბავშვის მოსანათლად. კულონს მაღლიდან ვერცხლივით ჰქონდა გადაკრული. ეს სამკაული დატოვა სახლში, რომელიც დალაგებისას იპოვა მისმა შვილმა. გ----------------–---–ს ნივთის დალომბარდებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უკითხავს.
მოწმეებმა დ---------------–---–მა, თ-------–---–---ემ, თ---------------მა, დ--------–--------–---–მა, რ------------–-–---–მა, ლ-–----------მა, ლ-------------ემ, გ-----------------ემ და მ-------–------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 მარტს, 04:35 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდში, დათვალიერდა ქ. თბილისი, ნ--–--------------------------------–-----------–-----------------–-, მეორე სართულზე მდებარე ე--------------–---–ის კუთვნილი ბ------- რიგით I საძინებელ ოთახში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ განთავსებულია სტანდარტული ზომის კარადა, რომლის შიგთავსის ნაწილიც გადმოყრილია იატაკზე. ოთახში ასევე განთავსებულია საშუალო ზომის დაბალი კარადა, რომლის ორივე კარიც არის ღია მდგომარეობაში. ოთახში არსებული მცირე ზომის სარკიანი კარადის ოთხივე უჯრა და შიგთავსი გადმოყრილია იატაკზე. ოთახში განთავსებული საწოლის გვერდით მდგარი ორი ტუმბოს უჯრები და შიგთავსი გადმოყრილია იატაკზე. რიგით II საძინებლ ოთახში განთავსებულია დიდი ზომის საწოლი, სარკიანი კომოდი, რომლის უჯრებიც არის გამოღებულ მდგომარეობაში და შიგთავსის ნაწილი ყრია იატაკზე. ოთახში ასევე დგას ტელევიზორის მაგიდა და დიდი ზომის კარადა, რომლის შიგთავსის ნაწილიც ასევე ხალიჩაზეა გადმოყრილი. საწოლის გვერდით დგას ორი ტუმბო, რომლის უჯრებიც ასევე არის ღია მდგომარეობაში და შიგთავსის ნაწილი გადმოყრილია იატაკზე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები და ხელის კვლები (ს.ფ. 3-20).
2019 წლის 20 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამოკითხვის დასრულებისთანავე ე--------------–---–ისგან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ტელევიზორ ,,SHARP“-ის საგარანტიო ტალონი და მოხმარების ინსტრუქცია, რომელიც გაცემული იქნა 2011 წლის 14 სექტემბერს თ--------------–---–ის სახელზე (ს.ფ. 25-30).
2019 წლის 20 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, სადგურის მოედანი №2-ში მდებარე ,,ო----------------“-ში, ინდ. მეწარმე ე-–------–----------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი ოქროს გრეხილი ე.წ. ,,ტროსი“ სინჯით ,,585“ და ერთი ცალი ოქროს კულონი, რომელსაც აქვს ოვალის ფორმა, ოვალში ჩასმულია თეთრი ოქროსგან დამზადებული ვერძის ფიგურა. ასევე ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთების შესყიდვის აქტი, რომელშიც იკითხება თარიღი - 2019 წლის 14 მარტი, პირი ვისგანაც მოხდა ნივთების შესყიდვა - გ----------------–---–ი პ-------------; ტელეფონის ნომერი 5-----------; ჩაბარებული ნივთების სახეობა და ფასი - იტალიური ტროსი 500 ლარი, კულონი ზოდიაქო ვერძი 200 ლარი (ს.ფ. 40-49).
2019 წლის 21 მარტის საგნის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ე--------------–---–მა ამოიცნო ე-–------–----------ისგან ამოღებული ოქროს კულონი, ოვალის ფორმის, რომელშიც მოთავსებულია მოვერცხლისფრო ფერის ვერძის ფიგურა (ს.ფ. 216-218).
2019 წლის 5 მაისის საგნის ამოცნობის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ე--------------–---–მა ამოიცნო ე-–------–----------ისგან ამოღებული ცეპი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ცეპი მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან (ს.ფ. 333-335).
2019 წლის 21 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. რუსთავში, ა-----–---–----------–--–-------ში გ--–--------ისგან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი (ს.ფ. 107-112).
2019 წლის 21 მარტის საგნის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ე--------------–---–მა ამოიცნო გ--–--------ისგან ამოღებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის ტელევიზორია აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის ტელევიზორია, რომელიც მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან (ს.ფ. 213-215).
2019 წლის 20 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაიჩხრიკა ქ. თბილისი, ა-------–-----------------------------------------------------------–--- მდებარე ნ------------–---–ის საცხოვრებელი ბინა, რის შედეგადაც საძინებელ ოთახში, საწოლის გვერდით იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი კულონი ცეპით, კულონის შუაში გამოსახული ქალის გამოსახულებით, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი ტანსაცმელზე დასამაგრებელი აქსესუარი და პატარა ზომის მწვანე ფერის შუშის ჭურჭელი (ს.ფ. 119-129).
2019 წლის 5 მაისის საგნის ამოცნობის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ე--------------–---–მა ამოიცნო ნ------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მწვანე ფერის, მცირე ზომის ვაზის მსგავსი ჭურჭელი, რომელსაც აქვს მრავალკუთხა სადგამი და გლუვი ზედაპირი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მცირე ზომის ვაზა მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან (ს.ფ. 327-329).
2019 წლის 5 მაისის საგნის ამოცნობის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ე--------------–---–მა ამოიცნო ნ------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეპი და კულონი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ცეპი და კულონი მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან (ს.ფ. 330-332).
2019 წლის 21 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------–---–მა გამოძიებას ნ--–--------------------------------–----------–------------------- მე-2 სართულზე მიუთითა ე--------------–---–ის კუთვნილ ბინაზე, სადაც ჩაიდინა ქურდობა. სწორედ ამ ბინის აივანზე ავიდა 2019 წლის 13 მარტს, რომლითაც შეაღწია ბინაში და მოიპარა ნივთები. ასევე მიუთითა იქვე არსებულ სკვერზე, სადაც მან ტაქსის მისვლამდე დააწყო მოპარული ნივთები და შემდეგ მიუთითა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე იმ სართაფზე, სადაც მან დამალა ეს ნივთები. ასევე ნ------------–---–მა გამოძიებას ,,ო----------------“-ში მიუთითა ე-–------–----------ის დახლზე, სადაც მან გ----------------–---–თან ერთად 700 ლარად ჩააბარა ოქროს კულონი და ჯაჭვი გ----------------–---–ის პირადი მონაცემებით (ს.ფ. 151-161).
2019 წლის 26 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქ.თბილისი, სადგურის მოედანი №2-ში მდებარე შპს ,,რინო“-ს დაცვის სამსახურის ცვლის უფროსის ბ-------------–---–ისგან გამოთხოვილი იქნა შპს ,,რინო“-ს შიდა პერიმეტრზე (№100 დახლთან) დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, 2019 წლის 14 მარტის 14:13 საათიდან 2019 წლის 14 მარტის 14:27 საათამდე დროის შუალედში, რომელიც გადატანილ იქნა ლაზერულ დისკზე (ს.ფ. 229-231).
2019 წლის 31 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შპს ,,რინო“-ს შიდა პერიმეტრზე (№100 დახლთან) დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, 2019 წლის 14 მარტის 14:13 საათიდან 2019 წლის 14 მარტის 14:27 საათამდე დროის შუალედში. 14:13:04 საათზე კადრში ჩნდება ორი მამაკაცი, რომლებიც მიდიან ერთ-ერთ დახლთან. ერთ-ერთი მამაკაცი არის მაღალი, ხოლო მეორე შედარებით დაბალი სიმაღლის, რომელსაც თავზე ახურავს მუქი ფერის ქუდი. 14:14:16 საათზე აღნიშნული მამაკაცი, რომელსც ახურავს ქუდი, დახლის მეორე მხარეს მდგომ ქალბატონს აწვდის რაღაც ნივთს. 14:14:19 საათზე აღნიშნული ქალბატონი მის მიერ აღებულ ნივთს აწვდის მის გვერდით მჯდარ ქალბატონს, რის შემდეგაც 14:14:28 საათზე ორივე მამაკაცი დგება იმ დახლის წინ, რომელთან მჯდომ ქალბატონსაც მიაწოდეს ბოლოს ხსენებული ნივთი. 14:16:23 საათზე მაღალი მამაკაცი შორდება დახლს და გადის კადრიდან 14:16:25 საათზე. 14:17:00 საათზე აღნიშნული მამაკაცი კვლავ ჩნდება კადრში, იგი მიდის მის თანმხლებ მამაკაცთან და ჩერდება დახლთან. 14:18:53 საათზე ორივე მამაკაცი შორდება დახლს და ისინი გადიან კადრიდან. 14:22:00 საათზე კადრში ჩნდება აღნიშნული მაღალი მამაკაცი, რომელიც ბრუნდება დახლთან და დგება მის წინ. 14:22:46 საათზე კადრში ჩნდება აღნიშნული შედარებით დაბალი სიმაღლის მამაკაცი, რომელიც ასევე ბრუნდება აღნიშნულ დახლთან და ჩერდება შედარებით მაღალი მამაკაცის გვერდით. 14:22:56 საათზე მაღალი მამაკაცი გადის კადრიდან. 14:23:05 საათზე დახლთან მჯდომი ქალბატონი, იღებს ბლოკნოტის მსგავს ნივთს და იწყებს მის ფურცვლას, ხოლო შედარებით დაბალი მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ქუდი, ჯიბიდან იღებს პასპორტის მსგავს საგანს და 14:23:20 საათზე აწვდის ხსენებულ ქალბატონს, რის შემდეგაც ქალბატონი იწყებს მის მიერ აღებული ბლოკნოტის მსგავსი საგნის ერთ-ერთ ფურცელზე წერას. 14:24:04 საათზე შედარებით მაღალი მამაკაცი ბრუნდება დახლთან და კვლავ გადის კადრიდან 14:25:06 საათზე, რის შემდეგაც 14:25:10 საათზე ისევ ბრუნდება დახლთან. ამ დროს, 14:25:10 საათზე აღნიშნული ქალბატონი, შედარებით დაბალი სიმაღლის მამაკაცს აწვდის ბლოკნოტის მსგავს ნივთს და კალამს, რის შემდეგაც მამაკაცი აღნიშნული საგნის ფურცელზე იწყებს წერას და 14:25:18 საათზე უბრუნებს ორივე ნივთს ქალბატონს. 14:26:14 საათზე შედარებით მაღალი მამაკაცი კვლავ გადის კადრიდან და ბრუნდება უკან 14:26:25 საათზე. 14:27:17 საათზე აღნიშნული ქალბატონი ხსენებული მამაკაცების წინ იწყებს სავარაუდოდ ფულადი კუპიურების გადათვლას და გადათვლის შემდეგ 14:27:26 საათზე აღნიშნულ სავარაუდოდ ფულად კუპიურებს აწვდის შედარებით დაბალ მამაკაცს, რის შემდეგაც ორივე მამაკაცი შორდება დახლს. ვიდეო ჩანაწერი სრულდება 14:27:35 საათზე (ს.ფ.232-235).
აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
2019 წლის 25 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მოქალაქე ე--------------–---–ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმე ნიკა გ-------ს ძე დავითაშვილისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია მოწმე გ------- გივის ძე მ-------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ს.ფ. 248-250).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დასტურდება, რომ ნ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს.ფ. 198-202).
ბრალდებულმა ნ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ნ------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. კერძოდ, დაზარალებულ ე--------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 მარტს ისრაელიდან თბილისში დაბრუნებულს, ბინა დახვდა გაქურდული, რა დროსაც წაღებული იყო ორი ცალი ტელევიზორი, ნახატები, სამკაულები და ვაზა. ბინის გაქურდვის ფაქტი ასევე დადასტურდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეების დ---------------–---–ისა და მ-----------–---–ის ჩვენებებით. მოწმე გ--–--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ნ------------–---–მა მას იაფად მიყიდა ,,სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც აღმოჩნდა მოპარული და ის მოგვიანებით ამოიცნო დაზარალებულმა ე--------------–---–მა, როგორც მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთი. მოწმე ე-–------–----------ის ჩვენებით, ნივთების შესყიდვის აქტით, ვიდეოჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმით, დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 მარტს ე-–------–----------ემ ნ------------–---–ისგან და გ----------------–---–ისგან, ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო მონაცემებით 700 ლარად ჩაიბარა ოქროს ცეპი და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მრგვალი კულონი, რომლებიც მოგვიანებით ამოიცნო დაზარალებულმა ე--------------–---–მა, როგორც მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები. სასამართლო როგორც არასარწმუნო მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს მოწმეების გ----------------–---–ისა და ლ-------------–---–ის ჩვენებებს, თითქოს ლ-------------–---–მა ოქროს ცეპი და კულონი უყიდა თავის შვილს, რომელსაც მეორე დღეს ნათლობისას უნდა ეჩუქებინა ნათლულისთვის (უცნაურია, რომელი რელიგიის ნათლობის წესია ნათლულისთვის ვერძის გამოსახულებიანი კულონის ჩუქება), ხოლო გ----------------–---–მა აღნიშნული კულონი და ცეპი შემთხვევით იპოვა სახლის დალაგებისას, რაც მაშინვე წაიღო დასალომბარდებლად სადგურის მოედანზე, სადაც შემთხვევით შეხვდა მეზობელ ნ------------–---–ს, რომელიც მისივე თხოვნით დაეხმარა კულონისა და ცეპის ჩაბარებაში. ნ------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი კულონი ცეპით და პატარა ზომის მწვანე ფერის შუშის ჭურჭელი ამოიცნო ე--------------–---–მა, როგორც მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ბ----------------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ე--------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ------------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------ამ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნ------------–---–ის მსჯავრდებისათვის.
სასამართლო დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშან ,,დიდ ოდენობასთან“ დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში ზიანის დიდ ოდენობასთან დაკავშირებით ჩვენებას იძლევა მხოლოდ დაზარალებული ე--------------–---–ი, რომელიც უთითებს, რომ როგორც მისმა შვილმა უთხრა, მოპარული სურათების საერთო ღირებულება შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. სხვა არც ერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულება ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით (ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ნ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის და არასაკმარისია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ------------–---–ი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და სასჯელი უნდა განესაზღვროს აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
ნ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. რაც შეეხება ბრალდებულის ნასამართლობას, ის წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რასაც სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებზე.
ნ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნ------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 29 მარტიდან.
გაუქმდეს ნ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
1) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები, ნ------------–---–ის სუნის ნიმუში, გ----------------–---–ის სუნის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2) ე--------------–---–ისგან ამოღებული ტელევიზორის მოხმარების ინსტრუქცია, გ--–--------ისგან ამოღებული ტელევიზორი, ნ------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული კულონი ცეპით, გულსაკიდი და მომწვანო ფერის ჭურჭელი, ე-–------–----------ისგან ამოღებული ოქროს ჯაჭვი და კულონი, - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
3) შპს ,,რინო“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი