განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
190100119003023942
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-438-19

(№021020519002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

22.01.2020 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: თინათინ სტურუა, სტაჟიორ-პროკურორი: მარიკა ტყაბლაძე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი: იასონ ბესელია

 

ბრალდებული: თ--------–---ი

მამის სახელი: მ---------ი

დაბადებული: 09.08.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

განათლება: არასრული საშუალო განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, ფონიჭალა, დ-----------–-----–-----------------–-----------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

თარჯიმანი: ელნურ თაღიევი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:

 

2019 წლის 02 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში, დაახლოებით 21:30 საათზე, თ--------–---ი პირადად უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 12.32 გრამ "ჰეროინს".

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის, ბ----------–--ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ფონიჭალაში მცხ. თ--------–---ს თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და იმყოფებოდა რუსთავი-თბილისის ავტობანთან. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე 2019 წლის 02 მაისს, ორი ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფ. კ--–----ის გადასახვევთან იდგა პირი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა ანთებული ფარნით, იქვე გაჩერებული იყო ა/მანქანა, სადაც იჯდა ორი პიროვნება. გადამოწმების მიზნით ა/მანქანაში მჯდომ პირებს თავი წარუდგინეს და მოსთხოვეს პირადობის მოწმობები. აღმოჩნდა რომ ისინი იყვენენ საგარეჯოს რ-ნის სოფ. ლ-----–ოს მხოვრები პირები, რომელთაც გამოატანეს ტანსაცმელი, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის უნდა გადაეცათ. მათ გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაჩხრიკეს აღნიშნული პირები და ავტომანქანა, სადაც კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს. მათთან ერთად გასულმა პოლიციის მეორე ჯგუფმა გაჩხრიკა პირი, რომელსაც ხელში ეჭირა ფარანანთებული მობილური ტელეფონი. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა თ--------–---ი, რომელსაც ასევე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელის ვ-–-------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფ. ფონიჭალაში მცხ. თ--------–---ს თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და იმყოფებოდა ავტობანზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გავიდა გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად. ადგილზე მისვლისას სოფ. კ--–----ის გადასახვევთან შენიშნეს პირი, რომელსაც ხელში მართალაც ეჭირა მობილური ტელეფონი ანთებული ფარნით. პოლიციელთა ერთი ჯგუფი, 2 გამომძიებელი და თარჯიმანი მიუახლოვდა ფარანანთებულ პიროვნებას. იქვე იყო გაჩერებული მსუბუქი ა/მანქანა, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენათ. წარუდგინეს თავი ა/მანქანაში მჯდომ პირებს და მოსთხოვეს პირადობის მოწმობები. აღმოჩნდა, რომ ისინი იყვენენ საგარეჯოს რ-ნის სოფ. ლ-----–ოს მცხოვრები, რომელთაც გამოატანეს ტანსაცმელი და რომელიც უნდა გადაეცათ ფარანანთებული პირისთვის, რომელიც ავტობანზე ელოდებოდათ. გადაუდებელი აუცილებლობის გამო მათ გაჩხრიკეს ავტომანქანა, ასევე ამ პიროვნებებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდათ. მისივე განმარტებით, ჩხრეკის დროს გასაჩხრეკ პირებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არცერთ პირს არ უცდია გაქცევა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელის ბ----------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს პირადად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ--------–---ი ქვეითად გადაადგილდებოდა თბილისი-რუსთავის ავტობანზე სოფ. კ--–----ის გადასახვევთან და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–-------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფ. ფონიჭალაში მცხ. თ--------–---ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ქვეითად გადაადგილდებოდა თბილისი-რუსთავის ავტობანზე სოფ. კ--–----ის გადასახვევთან. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდა ორი ოპერატიული ჯგუფი. კ--–----ის გადასახვევთან, ხრეშიან გზაზე, გაჩერებული იყო მანქანა, რომელშიც ისხდნენ მძღოლი და მგზავრი, რომლებმაც განმარტეს, რომ მობილური ტელეფონის ფარნით უნდა დახვედროდა ახალგაზრდა ბიჭი, რომლისთვისაც უნდა გადაეცათ გამოტანებული ტანსაცმელი. მოხდა აღნიშნული ავტომანქანის და ამ ორი პიროვნების ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. გასაჩხრეკ პირებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პოლიციელთა მეორე ჯგუფი ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას ფარნით ხელში მყოფ პიროვნებასთან (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წლის 02 მაისს გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ორი ა/მანქანით. მათი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ვ-–------------–------ა. სოფ. კ--–----ის გადასახვევთან იდგა თ--------–---ი ანთებული ფარნით, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ორი შეკვრა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება, იგი ეროვნებით აზერბაიჯანელია და გაიგო, ჩხრეკის წინ თ-----მა აზერბაიჯანულ ენაზე რომ დაიყვირა, ,,დაღუპული ვარო“. ამოღებული ნივთიერება დაილუქა და ლუქზე ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა, გარდა თ--------–---ისა. მისივე განმარტებით,თ--------–---ს ჩხრეკის დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ნარკოტიკული საშუალების გადაგდება უცდია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის მოადგილის ვ-–------------–------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს მუშაობდა გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. მითითებულ დღეს, მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფ. ფონიჭალაში მცხ. თ--------–---ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ქვეითად გადაადგილდებოდა თბილისი-რუსთავის ავტობანზე, სოფ. კ--–----ის გადასახვევთან. ოპერაციაზე გასვლამდე პიროვნების ამოცნობის მიზნით შეამოწმეს მათ ბაზაში მონაცემები და ამოიღეს ფოტოები. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ორი ა/მანქანით. სოფ. კ--–----ის გადასახვევთან იდგა თ--------–---ი ანთებული ფარნით, რომელსაც წარუდგინეს თავი თარჯიმნის მეშვეობით. თ--------–---მა მათ მიერ თავის წარდგენისას აზერბაიჯანულ ენაზე გადასძახა ა/მანქანაში მყოფებს, როგორც თარჯიმანმა უთარგმანა, "დავიღუპეო". მათ მიერ თ--------–---ს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორი შეკვრა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება, რომელიც დაილუქა. შემდეგ მოხდა თ--------–---ის დაკავება და გადაყვანა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში. ჩხრეკის და დაკავების ოქმებზე ხელმოწერაზე ბრალდებულმა განაცხადა უარი(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წლის 02 მაისს გავიდნენ შემთხვევის ადგლზე, ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ვ-–------------–------ა, სოფელ კ--–----ის გადასახვევთან იდგა თ--------–---ი ანთებული ფარნით, რომელიც გაჩრეკილ იქნა და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ორი შეკვრა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება, ამოღებული ნივთიერება დაილუქა, და ლუქზე ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა, გარდა თ--------–---ისა. ჩხრეკის დროს თ--------–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს დილით ციხიდან დაურეკა ბიძაშვილმა კ------------------მა და სთხოვა ტანსაცმლის წაღება. მანქანაში იმყოფებოდნენ თვითონ და ა--------–-------ი. თბილისი-რუსთავის ავტობანზე, ე.წ. გაჩიანის ხიდებთან უნდა დახვედროდა პიროვნება, რომლის ტელეფონიც მისცა და რომლისთვისაც უნდა გადაეცა აღნიშნული ტანსაცმელი. კ------------------ის მიერ მიცემულ ნომერზე დარეკვისას შეთანხმდნენ რომ პიროვნება, რომლისთვისაც ტანსაცმელი უნდა გადაეცათ, ავტობანზე ტელეფონის ფარანს აანთებდა და ამით იცნობდა. იგი საჭესთან იჯდა და შეთანხმებულ ადგილამდე მისვლამდე დაინახა, რომ ახალგაზრდა კაცს ტელეფონი ეჭირა ფარანანთებული. გააჩერა თუ არა ა/მანქანა, სამი პოლიციელი მივიდა, თავი წარუდინეს და გადაიყვანეს ხრეშიან გზაზე. ადგილი განათებული იყო გზის შუქით. პირველად მას და ა--------–-------ს ჩაუტარეს ჩხრეკა, მერე მათი ა/მანქანა გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად არაფერი არ ამოუღიათ, ტანსაცმელი ჯერ გადაცემული არ ჰქონდათ, ამის შემგომ წაიყვანეს ჯერ გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, შემდეგ ქ. რუსთავში ექსპერტიზაზე, რადგან არაფერი არ აღმოაჩნდათ, გაუშვეს. ჩხრეკის შემდეგ იმ ტელეფონზე აღარ დაურეკავს, ვისთვისაც უნდა გადაეცა ტანსაცმელი. მოგვიანებით მისმა ბიძაშვილმა, კ------------------მა დაურეკა და მოიკითხა, ტანსაცმელი გადასცა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ შარში გახვია და გაუთიშა ტელეფონი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა--------–------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს, ბ---------------ის ა/მანქანით მოძრაობდა სიღნაღიდან თბილისის მიმართულებით. გზაში მსვლელობისას ბ---------------ს ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე, რომელსაც ბ---------------ი შ----ით მიმართავდა და უთხრა, რომ გაჩიანში წაეღო ტანსაცმელი და უნდა გადაეცა ერთი პირისათვის. შემდეგ ბ---------------მა დაურეკა ამ პირს, ვისთვისაც უნდა გადაეცა ტანსაცმელი და შეთანხმდნენ, რომ კ--–----ში გზასთან იდგებოდა და ტელეფონის ფარანი ექნებაოდა ანთებული. უკვე შებინდებული იყო, რომ კ--–----ში გზაზე დაინახა ვიღაც კაცი ფარნით ხელში, მისი სახელი და გვარი არ იცის. მანქანის გაჩერებისთანავე მათთან მივიდნენ პოლიციელები და ჩაატარეს მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკებს ესწრებოდა თარჯიმანი. ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, 3-4 პოლიციელი კი ამოწმებდა იმ კაცს, რომელიც ანთებული ფარანით ელოდებოდათ (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2369/სქ-2188/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ--------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პოლიეთილენის ნაჭრებში ერთ ცალად გახვეული მოყავისფრო ფხვილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 34,98 გრამი და წონით მუდმივ წონამდე გამოძრობის შემდეგ - 22,75 გრამი, წარმოადგენს კუსტრაულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 12,32 გრამი.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტმა ინა თევზაიამ.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენება მისცეს გამომძიებლებმა თ----------------მა, ვ-–-----------------ემ, თარჯიმნებმა რ----–------------ამ, ა---------------ამ და ჰ---–-------–--–---მა, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული თითოეული მოქმედების ავთენტურობა; ასევე გამოქვეყნებული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–--------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის ძმა. ცხოვრობენ სოფ. ფონიჭალაში. 2019 წლის 02 მაისს, დილით დაახლოებით 10:00 საათზე, მისი ძმის თ--------–---ის მეგობარი დ-----------–---ი მივიდა დედამისთან ორჯერ და სთხოვა ფული, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დ-----------–---მა მისი ძმა წაიყვანა და გავიდნენ სახლიდან. პერიოდულად ძმას, თ--------–---ს უკავშირდებდნენ და სთხოვდნენ სახლში მისვლას, რაზედაც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ დ-----------–---თან ერთად იყო. საღამოს საათებში მეზობლის, გ----–----------------ასგან გაიგეს, რომ მისი ძმა დააკავეს. ამ უკანასკნელმა აჩვენათ მისი ძმის დაკავების ადგილი. მოგვიანებით პოლიციამაც შეატყობინათ თ--------–---ის დაკავების თაობაზე (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----–----------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს სოფ. ფონიჭალაში, თ--------–---ის ოჯახის მეზობლად. 2019 წლის 02 მაისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა რუსთავის გზაზე, ავტობანთან ახლოს, "ჟორას" სახლთან, სადაც დაინახა, შეკრებილი ხალხი და 4-5 მანქანა. დაინახა ასევე მათი მეზობელი თ--------–---ი, რომელსაც ჰკითხა, რა ხდებოდა. ამ უკანასკნელისგან პასუხად მიიღო, რომ არ იცოდა პოლიციას რა უნდოდა მისგან. თ--------–---ის დაკავების თაობაზე შეატყობინა მისი ოჯახის წევრებს(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.3. ბრალდებულმა თ--------–---მა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს ოჯახთან ერთად სოფ. ფონიჭალაში. არის ა/მანქანების ხელოსანი. 2019 წლის 02 მაისს, დილით გაიგო, რომ მისი მეგობარი დ-----------–---ი დედამისთან ორჯერ ყოფილა ფულის სასესხებლად. დაახლოებით 13 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან კვლავ მივიდა დ-----------–---ი და უთხრა, რომ ციხეში გაიცნო ბიჭი, რომელიც მასზე ადრე გათავისუფლდა და უნდოდა იმ ბიჭის სანახავად მისი გაყოლა. იგი დაეთანხმა. საღამოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე გავიდნენ მასთან შესახვედრად. რუსთავი-თბილისის ავტობანთან დაელოდნენ, სადაც გაჩერდა თეთრი მანქანა, რომლისკენაც წავიდა დ-----------–---ი. ასევე გაჩერდა პოლიციის ა/მანქანა, გადმოვიდნენ პოლიციელები; პოლიციელი, ლ---------------ი გაედევნა დ-----------–---ს, ხელით შეეხო, მაგრამ არ დაუჭერია. შემდეგ მას მოჰკიდეს ხელი, გადაიყვანეს ხიდის ქვეშ. უკანა ჯიბეზე გრძნობდა, თუ როგორ ეხებოდნენ პოლიციელები და მოიშორა ხელით. შემდეგ ა/მანქანების შუქზე დაინახა, რომ პოლიციელებმა ა/მანქანის "კაპოტზე" დადეს რაღაც და აძალებდნენ ხელი დაედო, რაც არ შეასრულა. მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, პოლიციამ ჩაუდო. მისი აზრით, დ-----------–---ი იცნობდა იმ ხალხს, ვისი მანქანიდანაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებისას დ-----------–---ი არ ახსენა, რადგან იფიქრა, მისი დაჭერის შემდეგ თვითონ გამოცხადდებოდა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ თ--------–---ის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია:

 

5.1. ბრალდებულის არათანმიმდევრული განმარტება, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციის მუშაკებმა ჩაუდეს, შემდგომი განმარტებით კი, ა/მანქანის კაპოტზე დაუდეს და ცდილობდნენ ხელი დაედებინებინათ, მოგონილია მის მიერ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. საქმეზე დაკითხული პირების, შსს გარდაბნის რ-ნული სამმართველოს გამომძიებლების მ---------------–---–ის, ვ-–-------–---–ის, გრიგოლ როგავას, ლ---------------ის, გ--------------ას ჩვენებებით, რომელიც თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებული დაკავების და ჩხრეკის ოქმებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე გარდაბნის რ-ნის სოფ. კ--–----ის გადასახვევთან, თ--------–---ი, ინფორმაციის მიხედვით იდგა ანთებული ფარნით, რომელიც დაკავებული და გაჩრეკილ იქნა;

 

5.2. დაცვის მხარის განმარტება, რომ თ--------–---ი დააკავეს ფონიჭალაში და გადაიყვანეს ე.წ. მოხრეშილი გზაზე სოფ. კ--–----ის გადასახვევთან, რის დამადასტურებლადაც იშველიებს მისი შუამდგომლობით დაკითხული გ----–----------------ას განმარტებას, რომ სოფ ფონიჭალაში, ვინმე "ჟორას" სახლთან იყო დაკავებული თ--------–---ი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოკლებულია დამაჯერებლობას და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. პოლიციის თანამშრომელთა გარდა დაკითხული ნეიტრალური მოწმეების ბ---------------ის და ა--------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 02 მაისს თბილისი-რუსთავის ავტობანზე, ე.წ. გაჩიანის ხიდებთან დახვდა ახალგაზრდა კაცი ტელეფონის ფარანანთებული, სადაც გააჩერეს მათაც ა/მანქანა. პოლიციის თანამშრომლებმა გადააყენებინეს ა/მანქანა ავტობანიდან დაახლოებით 10-15 მ-ში, ხრეშიან გზაზე, სადაც განათებულ ადგილას მოხდა როგორც მათი, ასევე იმ ახალგაზრდა კაცის ჩხრეკაც.

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული თ--------–---ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ--------–---ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და უმართლობის ხარისხის, ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების მასშტაბების, სპეციფიკის და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

9.1. თ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და ნერწყვის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში).

 

- მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ--------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. თ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 02 მაისიდან.

 

4. თ--------–---ს, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:

 

03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში).

 

- მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი