განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119003304938
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5658-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გ------- გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ მ----–-----ს

ბრალდებულ _ გ------- ს----–---–ის

ადვოკატ - გ------- ჭ--–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------- ს----–-------ს ძე ს----–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ.------–--–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------–---–------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ს----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).

გ------- ს----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

დ--–- მ----–-–---–ი და გ------- ს----–---–ი 22 წლის მანძილზე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ს----–---–მა ქ-------–--–------------------–-------------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, დ--–- მ----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ--–- მ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------- ს----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).

2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ქ-------–--–------------------–-------------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ს----–---–მა დ--–- მ----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა ორჯერ, გულმკერდისა და სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------- ს----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივლისის ეპიზოდი).

2019 წლის 14 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–------------------–-------------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ს----–---–მა დ--–- მ----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავისა და სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რა დროსაც დ--–- მ----–-–---–ი წაიქცა, ხოლო დაცემის შემდეგ გ------- ს----–---–მა მეუღლის მიმართ გააგრძელა ფეხების დარტყმა ტანის არეში. აღნიშნულის შედეგად დ--–- მ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთანავე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ--–- მ----–-–---–ის მიმართ გ------- ს----–---–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ე.ი. გ------- ს----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა გ------- ს----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ------- ს----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ოქმს ალკოტესტით შემოწმების თაობაზე და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ს----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ს----–---–ის მხრიდან მეუღლის - დ--–- მ----–-–---–ის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და ამასთან, თითოეულ შემთხვევაში გამოიხატა მრავალჯერად დარტყმაში, რაც ძალადობის დაუნდობელ ხასიათზე მიუთითებს და სასამართლოს არწმუნებს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაში.

დანაშაულის განმეორების რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- ს----–---–ი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, რაც იწვევს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მუდმივ კონფლიქტს, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „გ------- ს----–---–თან 10 წელია მაქვს ხშირი კონფლიქტი, ვინაიდან იგი სამსახურიდან მოსვლის შემდეგ ყოველთვის სვამს, რის შემდეგაც იგი ხდება აგრესიული, არაადეკვატური და მაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას..“ აღნიშნულიდან გამომდინარე, ალკოჰოლის მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების რისკი, რაც აღკვეთილი ვერ იქნება არასაპატიმრო სასჯელის პირობებში. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------- ს----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი). შესაბამისად, ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად ზემოაღნიშნული რისკებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ ბრალდებულის აღიარება (აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს სასამართლოს წინაშე არ გამოუხატავს სინანული მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო), ხოლო მეორეს მხრივ დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც იგი ადასტურებს შემრიგებლურ პოზიციას და ითხოვს გ------- ს----–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის წინაპირობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული წარმოდგენილ განცხადებაში ითხოვს ბრალდებულის მიმართ შეღავათიანი სასჯელის დანიშვნას, რათა ეს უკანასკნელი დაუბრუნდეს ოჯახს და აქვე ხაზს უსვამს, რომ გ------- ს----–---–ი „წარმოადგენდა ოჯახის ერთადერთ მარჩენალს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიმტევებლური დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული მატერიალური ინტერესით და სასამართლოს ვერ არწმუნებს მეუღლეებს შორის კონფლიქტის რეალურად ამოწურვასა და შესაბამისად, ძალადობის განმეორების რისკის შემცირებაში.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ გ------- ს----–---–ი არის ნასამართლობის არმქონე და აღიარებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ------- ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. გ------- ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ს----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

5. გ------- ს----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.

6. მსჯავრდებულ გ------- ს----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ს----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი